ინდოეთი. კასტებს შორის ქორწინების კუთხით არსებული ვითარება. აპრილი, 2021

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვითა საკითხების საბჭოს 2019 წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც ინდოეთში ე.წ. შერეულ ქორწინებებს ეხება, ინდოეთში პირთა შორის ქორწინება რეგულირდება მათი, ანუ ქორწინებაში მონაწილე პირთა მიმართ მოქმედი „პირადი სტატუსების შესახებ კანონით“. მაგალითად, თუ ორი ჰინდუსი, ბუდისტი, ჯაინი ან სიკჰი პირი ქორწინდება, მათი ქორწინება შესაძლებელია ჩატარდეს „ჰინდუსთა ქორწინების აქტის“ შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც ქორწინების მონაწილე ერთ-ერთი პირი ქრისტიანია, შესაძლებელია „ინდოელ ქრისტიანთა 1872 წლის ქორწინების აქტის“ გამოყენება. როდესაც ინდოეთში მუსლიმი მამაკაცი ქორწინდება, „მუსლიმთა პირადი სტატუსების შესახებ“ კანონის მიხედვით (რომელიც ისლამის ჰანაფის სწავლების მიხედვით ინტერპრეტაციას ეფუძვნება),  მას ცოლად  მხოლოდ „კიტაბია“ ანუ ისლამის, ქრისტიანობის ან იუდაიზმის მიმდევარი ქალის შერთვა შეუძლია. რაც შეეხება მუსლიმ ქალებს, მათ აღნიშნული კანონით, აკრძალული აქვთ არა-მუსლიმ მამაკაცთან ქორწინება.

გარდა ზემოხსენებული კანონებისა, ინდოეთში ასევე არსებობს ფედერალური კანონი – 1954 წელს მიღებული „სპეციალური ქორწინების აქტი“, რომელიც ნებას რთავს ნებისმიერი რელიგიისა თუ კასტის პირებს, ერთმანეთზე იქორწინონ სპეციალური, სამოქალაქო ქორწინების პროცედურის გამოყენებით.

ანგარიშის მიხედვით,  ინდოეთში ქორწინებების უმრავლესობა ოჯახების მიერ არის შეთანხმებული. ამის საპირისპიროდ, არსებობს ტერმინი – „სიყვარულით ქორწინება“, რომელიც აღნიშნავს სიტუაციას, როდესაც წყვილი საკუთარი ნებით, ოჯახის ჩარევის გარეშე იღებს ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას. წყაროთა მიხედვით, რელიგიათშორისი და კასტათშორისი ქორწინებები ინდოეთში არაა ფართოდ გავრცელებული. პირთა უმრავლესობა საკუთარი კასტის ან რელიგიის წარმომადგენელზე ქორწინება. კასტათშორისი ქორწინება ინდოეთში დარეგისტრირებული ქორწინებების დაახლოებით 9.9 %-ს შეადგენს და ყველაზე ხშირად ფიქსირდება შემდეგ შტატებში: პენჯაბი (22.5 %); მაგჰალაია (25 %); გოა (28.4) და ქერალა (21.3 %).

რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას კასტათშორისი ქორწინების მიმართ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ინდოეთში ინტერ-რელიგიურ და ინტერ-კასტულ ქორწინებებს “კეთილი თვალით არ უყურებენ“. ხოლო საზოგადოებრივი კუთხით, ყველაზე მიუღებელი ქორწინებებია: მუსლიმსა და ჰინდუსს, ღარიბსა და მდიდარს, და დალიტსა და არა-დალიტ ჰინდუსებს შორის. სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტიც, რომ, როგორც წესი, შერეულ წყვილებს შორის ძალადობას, ყველაზე ხშირად, სწორედ მუსლიმი და ჰინდუსი ან დალიტი და არა-დალიტი ჰინდუსი ცოლ-ქმარი აწყდებიან.

წყაროთა მიხედვით, კასტათშორისი ქორწინება უფრო მისაღებია, როდესაც ქალი პარტნიორი უფრო დაბალი ფენიდან არის, ხოლო მამაკაცი – შედარებით მაღლიდან. კვლევითი დირექტორატის მიერ გამოკითხული ანთროპოლოგის მიხედვით, წყვილის განსხვავება თემში და სოციო-ეკონომიკურ სტატუსში, განსაზღვრავს მათი წყვილისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას. კასტათშორის ქორწინებას ხშირად თან ახლავს სტიგმა, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ისეთ მოპყრობაში, როგორიცაა: ძალადობა; კოლექტიური სასჯელი და სოციალური გარიცხვა. ანთროპოლოგის მიხედვით, შერეულ ქორწინებაზე რეაქცია შესაძლებელია იყოს ისეთი მსუბუქი, როგორიცაა ოჯახის მხრიდან უარი ან მცდელობები, დააშორონ წყვილი და უფრო მძიმეც, მაგალითად – ოჯახის მხრიდან პირისთვის ზურგის შექცევა; ლინჩის წესით გასამართლება და მკვლელობა. წყაროს მიხედვით, შედარებით სერიოზული ძალადობა უფრო მოსალოდნელია, მაგალითად, ჰინდუსი-მუსლიმი წყვილის ან დალიტი-არა-დალიტი წყვილის ქორწინებისას. ყველაზე უფრო გავრცელებული რეაქცია, როგორც წესი, ოჯახის მხრიდან ქორწინებაზე უარი და წყვილისთვის ოჯახობრივი მხარდაჭერის შეწყვეტაა.[1]

რუმინეთის ლტოლვილთა საკითხების ეროვნული საბჭო ინდოეთში ქორწინებების შესახებ 2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ საუკუნეების მანძილზე, ინდოეთში მოქმედი კასტური წყობილება მართავდა ჰინდუსი პირის სოციალური თუ რელიგიური ცხოვრების ყველა ასპექტს, მათ შორის – ქორწინების საკითხსაც. მაგალითად, სოფლად მაცხოვრებელ თემში ყოველთვის არსებობდა ცალკეული დასახლებები, სადაც მხოლოდ კონკრეტული კასტის წარმომადგენლები ცხოვრობდნე; დაყოფილი და გადანაწილებული იყო წყლის ჭები; პირს მხოლოდ საკუთარი კასტის წარმომადგენელზე შეეძლო ქორწინება და ა.შ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სეკულარულმა განათლებამ და მზარდმა ურბანიზაციამ ახალ მასშტაბებს მიაღწია, კასტური სისტემის გავლენა, მეტ-ნაკლებად შემცირდა. ეს განსაკუთრებით სახეზეა დიდ ქალაქებში, სადაც სხვადასხვა კასტის წარმომადგენლები გვერდიგვერდ ცხოვრობენ და კასტაშტორისი ქორწინებები სულ უფრო და უფრო ხშირი ხდება. თუმცაღა, მიუხედავად ამისა, კასტური იდენტობა კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს და პირის გვარი თითქმის ყოველთვის ღიად მიუთითებს მის კასტურ კუთვნილებაზე.

ანგარიშის მიხედვით, კასტაშტორისი ქორწინებები, მაინც რჩება შედარებით იშვიათ მოვლენად. ზოგიერთ სოფლებში (განსაკუთრებით, ჩრდილოეთი ინდოეთის შტატებში: ჰარიანა; პენჯაბი და უტტარ პრადეში) დღემდე არსებობს ე.წ. კასტის საბჭოები (khap  panchayat), რომლებიც ხშირად წყვეტენ თემის წევრების ქორწინების საკითხებს და არის შემთხვევები, როდესაც პირს უკრძალავენ საკუთარი კასტის გარეთ ქორწინებას. თუმცა, ზოგიერთი ავტორის მიხედვით, კასტაშორისი ქორწინებები ნელი ტემპით, მაგრა მაინც იზრდება ზოგიერთ სოციო-ეკონომიკურ ჯგუფებში, მაგ. – ქალაქელ ახალგაზრდებში. ურბანულ დასახლებებში მცხოვრები ქალები, უფრო ხშირად ქორწინდებიან საკუთარ კასტას გარეთ, განსაკუთრებით, თუ ისინი ქრისტიანები არიან და აქვს მაღალი საგანმანათლებლო და ეკონომიკური სტატუსი. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ქორწინებების რაოდენობა იზრდება ქვე-კასტებში და არა – უშუალოდ ძირითადი 4 კასტის წარმომადგენლებს შორის.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კასტათშორისი ქორწინებების წასახლაისებლად, ბევრი შტატის მთავრობა გარკვეულ ფინანსურ ჯილდოსა თუ შეღავათებს აწესებს. მაგალითად, შტატ ორისსას მთავრობა, იმ შემთვევაში, თუ პირი დაქორწინება დაბალი კასტის წარმომადგენელზე, წყვილს ფულად ჯილოს სთავაზობს, რომლის რაოდენობაც, 2018 წლის 3 ივლისს 100 000 რუპიიდან 250 000 რუპიამდე გაიზარდა.ქერალას შტატის მთავრობის სოციალური სამართლის დეპარტამენტმა, თანასწორობის მხარდასაჭერად, შემოიღო კასტათშორისი ქორწინებების სქემა. სქემის ფარგლებში, ქერალას მთავრობა კასტათშორის წყვილებს ფინანსულ დახამრებას უწევს შემდგომი მიზნებისთვის: მცირე ბიზნესის დასაწყებად;  ნაკვეთების ან სახლების შესაძენად და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის კასტური სისტემა კვლავ რჩება ქვეყანაში დისკრიმინაციის და სოციალური გარიყვის მთავარ წყაროდ, ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, მის წინააღმდეგ ჩნდება სამი ძირითადი ფაქტორი: დივერსიფიცირებული საშუალო კლასი; ურბანიზაცია და ახალგაზრდების დემოგრაფიული მატება.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ინდოეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ინდოეთის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის მარტის გადაწყვეტილებით, შტატების მთავრობა უნდა შექმნან სპეციალური ქსელები შტატის ყველა დასახლებაში, სადაც პირებს საშუალება მიეცემათ, სათანადო უწყებებს შეატყობინონ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობისა და კასტათშორისი ქორწინებების შედეგად დაქორწინებული წყვილების მიმართ არსებული საფრთხეების შესახებ.[3]

მედია საშუალება Indiatoday 2021 წლის 9 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ, იმავე კვირის სამშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ინდოელ სრულწლოვნებს გააჩნიათ აბსოლუტური უფლება, თავისუფლად აირჩიონ საკუთარი პარტნიორი. სასამართლომ ასევე დამატებით ხაზი გაუსვა, რომ დროა „საზოგადოებამ ისწავლოს კასტათშორისი და რელიგიათშორისი ქორწინებების მიღება“. მოსამართლეებმა აღნიშნეს, რომ მშობლების მხრიდან გაუმართლებელი და საზოგადოებისთვის ნაკლებად სასურველი საქციელი საკუთარი შვილებისთვის ზურგის შექცევა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათ გადაწყვიტეს საკუთარი კასტის თუ თემის გარეთ ქორწინება.

სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუციელებლია საკონსულტაციო და ტრეინინგ სესიების მოწყობა პოლიციის თანამშრომელთათვის, რათა მათ ისწავლონ კასტაშტორისი ქორწინებებთან დაკავშირებული საქმეების მართვა.[4]

[1] Immigration and Refugee Board of Canada – India: Situation of inter-religious and inter-caste couples, including treatment by society and authorities; situation of children from such marriages (2017-May 2019) [IND106276.E]; published on 16 May 2019; available at

[accessed 8 April 2021]

[2] Romanian national council for refugees – Report on land litigation and marriage Issues in India (women and land ownership; legal framework; honour crimes; forced marriage; child marriage; domestic abuse; other topics); published in October 2018; available at https://www.portal-ito.ro/#/view/e241a4be-ffc3-4139-9cf5-eb5ffb18ef10 [accessed 10 April 2021]

[3] United States Department of State – 2019 Country Reports on Human Rights Practices: India; published in March 2020; available at

[accessed 10 April 2021]

[4] Indiatoday – article “Supreme Court: High time society learns to accept inter-caste, inter-faith marriages”; published on 9 February 2021; available at https://www.indiatoday.in/india/story/supreme-court-inter-caste-inter-faith-marriages-karnataka-couple-1767474-2021-02-09 [accessed 12 April 2021]