ერაყი. ინფორმაცია დაჯგუფების “Harakat Hezbollah al-Nujaba” შესახებ. აპრილი, 2021

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილი წყაროებით დასტურდება, რომ ერაყში მოქმედებს „სახალხო სამობილიზაციო ძალებში“ შემავალი ერთ-ერთი დაჯგუფება, სახელწოდებით – Harakat Hezbollah al-Nujaba (HHN).

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Wilson Center 2018 წლის აპრილში გამოქვეყნებულ კვლევაში წერდა, რომ Harakat Hezbollah al Nujaba („ღმერთის პარტიის დიდგვაროვანთა მოძრაობა“) წარმოადგენს ცნობილი შიიტური დაჯგუფებების Asaib Ahl al Haq (AAH) და kataib hezbollah (KH) ერაყულ განშტოებას. დაჯგუფება 2013 წელს ერაყში შეიქმნა და მისი თავდაპირველი მიზანი იყო სირიაში ასადის რეჟიმის მხარდაჭერა. 2014 წელს ჯგუფს ასევე დაეკისრა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა და ოფიციალურად გახდა ერაყში მოქმედი „სახალხო სამობილიზაციო ძალების“ (PMF) 12-ე ბრიგადა. HHN-ის ლიდერები ღიად აფიქსირებენ, რომ ტექნიკურ, ლოჯისტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას ირანისგან იღებენ.

HHN-ის მიზანია დაიცვას „სამშობლო და წმინდა ადგილები, განსაკუთრებით – სირიასა და ერაყში“… „ბოროტი ძალებისგან და Takfiri ტერორიზმისგან“ (იგულისხმება ISIS და მსგავსი ექსტრემისტული დაჯგუფებები).  ჯგუფის წევრებს სჯერათ velayat-e faqih დოქტრინის, რაც წარმოადგენს ირანში თეოკრატიული მმართველობის ფუნდამენტს. ჯგუფი აღიარებს ალი ხამენეის (რომლის სურათიც  დაჯგუფების ვებ-გვერდზე ფიგურირებს) როგორც უმაღლეს ხელისუფალსა და ლიდერს. HHN-ის ლიდერმა განაცხადა, რომ ის შეასრულებდა ნებისმიერ ბრძანებას – მათ შორის, ერაყის მთავრობის დამხობას და იემენში ჰოუტჰი აჯანყებულების მხარდამხარ ბრძოლას, თუ ამაზე მათ ხამენეი  მოუწოდებდა.  HNN ასევე ღიად აფიქსირებს ანტი-დასავლურ და ანტი-ებრაულ შეხედულებებს.

ჯგუფის ლოგოზე გამოსახულია მოღერებული მუშტი და AK-47 შაშხანა (მსგავსი ლოგოები გააჩნიათ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და ლიბანის „ჰეზბოლას“). ჯგუფის ლიდერია ცნობილი შიიტი ღვთისმეტყველი შეიხ აქრამ ალ ქააბი.

დაჯგუფების მიხედვით, მათ რიგები 9 000 მებრძოლს ითვლის, რომლებიც სამ კონტიგენტად არიან დაყოფილნი – ორი ერაყში ოპერირებს, ხოლო ერთი – სირიაში. 2013 წლიდან მოყოლებული, HNN-ის წევრები სირიაში იბრძოდნენ ირანული და ლიბანური „ჰეზბოლას“ მებრძოლების მხარდამხარ. 2016 წლის მონაცემებით, HNN-ის 3 000-მდე მებრძოლი ოპერირებდა ალეპოში.

დაჯგუფებას არ გააჩნია პოლიტიკური ფრთა.[1]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) ერაყის შესახებ 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ე.წ. „ნუჯაბას მოძრაობა“ არის ერაყული შიიტური დაჯგუფება, რომელსაც მართალია, გააჩნია გარკვეული გავლენა ერაყში, თუმცა, ის ძირითადად სირიაშია აქტიური. ჯგუფი გაერთიანებულია PMF ქოლგის ქვეშ და დაახლოებით 10 000 მებრძოლს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ერაყულია, ის ირანისადმი არის ლოიალურად განწყობილი და ზოგიერთი წყაროს მიხედვით, „ეხმარება თეირანს, რათა შექმნას მომარაგების დერეფანი ერაყიდან დამასკოში.

დაჯგუფება 2013 წელს შეიქმნა, რათა დახმარებოდა ერაყის უსაფრთხოების ძალებს. სხვა წყაროთა მიხედვით, Harakat al-Nujaba დაარსდა სირიაში ოპერაციების განსახორციელებლად. International Crisis Group მიხედვით, ჯგუფის მიზანია სირიაში ასადის რეჟიმის დახმარება და „ისლამური სახელმწიფოს“ შეჩერება.

2018 წელს ა.შ.შ. რელიგიის საერთაშორისო  თავისუფლების კომისია წერდა, რომ „სირიის მსგავსად, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის – ყასემ სულეიმანის დაქვემდებარებაში მყოფი ორი დაჯგუფება ერაყში – As-Saib Ahl Al-Haq და Harakat Hizballah AlNujaba ჩადიოდნენ სექტარული ხასიათის დანაშაულებს. მათ შორის იყო: სუნიტი მუსლიმების გაუპატიურების, მათზე თავდასხმებისა და მათი გატაცებების შემთხვევები.

2018 წლის ანგარიშში მკვლევარი რენად მანსური წერდა, რომ ნინევას პროვინციაში, PMF დაჯგუფებები (მათ შორის – ალ-ნუჯაბა) ცდილობდა, მოეპოვებინდა კონტროლი პროვინციის საბჭოებზე, ადგილობრივ პოლიციაზე, სასამართლოებზე და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებზე. იმავე წყაროს მიხედვით, ალ-ნუჯაბამ უკვე მოახერხა რამდენიმე არაფორმალური და კონტრაბანდული ბაზრის ხელში ჩაგდება ჩრდილო-დასავლეთ სირიაში.[2]

[1] Wilson Center – Part 2: Pro-Iran Militias in Iraq; published in April 2018; available at https://www.wilsoncenter.org/article/part-2-pro-iran-militias-iraq [accessed 22 April 2021]

[2] EASO – Country of Origin Information Report Iraq Targeting of Individuals; published in March 2021; available at

[accessed 22 April 2021]