ერაყი. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ქადისიის პროვინციაში. აპრილი, 2021

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ერაყის შესახებ 2020 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშის მიხედვით, ერაყში ქადისიას პროვინცია, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, წარმოადგენს ძირითადად შიიტი მუსლიმებით დასახლებულ რეგიონს. ანგარიშის მიხედვით, რეგიონში ასევე მოქმედებენ შიიტური შეიარაღებული ჯგუფები – ე.წ. „სახალხო სამობილიზაციო ძალები“ (PMF). ანგარიშში, სხვა დამატებითი ინფორმაცია, უშუალოდ ქადისიას პროვინციაში უსაფრთხოების კუთხით ინციდენტების, ასევე – შიიტი მუსლიმების მიმართ არსებული სამართალდარღვევების შესახებ, არ იძებნება.[1]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტირების ცენტრი (ACCORD) 2020 წლის 23 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ მთლიანი წლის მანძილზე, უშუალოდ ქადისიას პროვინციაში დაფიქსირდა 124 ინციდენტი, რომელთაგან 6-ს  27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევათა უმრავლესობა დაფიქსირდა შემდეგ ლოკაციებზე: აფაკი; ალ-მიჰნავია; აშ-შინაფიია; ჰამზა; ნაჰიიათ გჰამმას; ნაჰიიათ ად დეგჰარა; შამია.[2]

ჟურნალისტი  და მკვლევარი ჯოელ უინგი 2008 წლიდან მოყოლებული აწარმოებს ონლაინ-ბლოგს, სადაც ყოველკვირეული პერიოდულობით თავსდება ინფორმაცია ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა საკითხებზე.  ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში (იანვარი, მარტი, თებერვალი) უშუალოდ ალ ქადისიას პროვინციაში, უსაფრთხოების კუთხით ინციდენტები არ ფიქსირდება. [3][4][5]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერდა, რომ ქადისიას პროვინციას ISIS-ის ექსპანსიასთან დაკავშირებული, 2014 წელს დაწყებული და შემდგომი კონფლიქტური პროცესები თითქმის არ შეხებია. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, სამხრეთი ერაყი ითვლება „შედარებით უფრო უსაფრთხოდ“ ვიდრე ქვეყნის სხვა ნაწილები, თუმცა გვხვდება პრობლემებიც, კერძოდ: კრიმინალი, ნარკოტიკებით ვაჭრობა და ძალადობა შიიტურ შეიარაღებულ ჯგუფებსა და ტომებს შორის. 2018 წელს ადგილი ჰქონდა შიიტურ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის დაპირისპირებას მიწის ნაკვეთებისა და ნავთობის მოპოვების კონტროლთან დაკავშირებით. ადგილობრივი წყაროების მიხედვით, შიიტებს შორის დაპირისპირება ძირითადად გავლენას ახდენს იმ პირებზე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი შეიარაღებულ ჯგუფებში ან გვაროვნულ დაჯგუფებებში. 2019 წელს AL-Monitor წერდა, რომ სამხრეთი ერაყის პროვინციებში შიიტური ჯგუფებს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი წყლის ნაკლებობა იყო.

ანგარიშის მიხედვით, პროვინციაში ძირითადად ორი უსაფრთხოებრივი აქტორი მოქმედებს: ერაყის უსაფრთხოების ძალები და შიიტური „სახალხო სამობილიზაციო ძალები“ (PMF).

რაც შეეხება უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სტატისტიკას, UNAMI-ს მიხედვით, 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში, ქადისიას პროვინციაში სულ 14 უსაფრთხოების კუთხით ინციდენტი დაფიქსირდა, რომელთაგან ფატალური მსხვერპლი არც ერთს არ მოჰყოლია, ხოლო 4 ადამიანი – დაშავდა. ACLED მონაცემებით,  იმავე საანგარიშო პერიოდში ქადისიაში აღირიცხა: 5 ბრძოლა; დისტანციური ძალადობა/აფეთქებების 5 შემთხვევა; სამოქალაქო პირებზე ძალადობის 2 ფაქტი და არეულის 52 შემთხვევა. ამას გარდა, ქადისიაში ასევე  დაფიქსირებულ იქნა საპროტესტო დემონსტრაციების 207 შემთხვევა. [6]

[1] Australian Government DFAT  -DFAT COUNTRY INFORMATION REPORT IRAQ; published on 17 August 2020; available at

[accessed 22 April 2021]

[2] ACCORD – IRAK, JAHR 2019: KurzübersichtüberVorfälleausdem Armed Conflict Location & Event Data Project (ACLED); published on 23 June 2020; available at

[accessed 22 April 2021]

[3]Joel Wing – Blog “Musings on Iraq” – article “Violence Continues To Decline In Iraq Winter 2020-21”; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2021/02/violence-continues-to-decline-in-iraq.html [accessed 22 April 2021]

[4]Joel Wing – Blog “Musings on Iraq” – article “IS Winter Break Continues In Feb While Pro-Iran Groups Picking Up Attacks?”; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2021/03/is-winter-break-continues-in-feb-while.html [accessed 22 April 2021]

[5]Joel Wing – Blog “Musings on Iraq” – article “Violence In Iraq, March 2021”; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2021/04/violence-in-iraq-march-2021.html [accessed 22 April 2021]

[6] EASO – Iraq Security situation Country of Origin Information Report; published on October 2020; available at

[accessed 22 April 2021]