ბანგლადეში. პარტია ჯამაათ-ე-ისლამის წევრების და მხარდამჭერების მდგომარეობა. აპრილი, 2021

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი (DFAT) 2019 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ ჯამაათ-ე-ისლამი წარმოადგენს ყველაზე დიდი ისლამისტურ პარტიას ბანგლადეშში. მისი მიზანია  შექმნას ისლამური სახელმწიფო, რომელიც შარიათის სამართლებრივ სისტემაზე იქნება აგებული. პარტიას გააჩნია სტუდენტური ფრთა – Islami Chhatra Shibir (ICS), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისლამისტური, სტუდენტური ორგანიზაციაა სამხრეთ აზიაში.

ანგარიშის მიხედვით, ბანგლადეშის ხელისუფლება განსაკუთრებით დევნის და აპატიმრებს პარტიის მაღალ ეშელონებში მომუშავე ლიდერებს, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეა დარჩენილი საპატიმროს გარეთ და ჯერ კიდევ აქტიურია. ხელისუფლების სხვა სამიზნეებს წარმოადგენს პარტიის ცნობილი ლიდერები, ICS წევრები და, ზოგჯერ, მათი ოჯახის წევრებიც. ანგარიშის მიხედვით, პარტიის რიგითი წევრებისთვის სიტუაცია შედარებით მარტივია – მათ შეუძლიათ თავიდან აირიდონ ხელისუფლების ყურადღება ან Awami League (მმართველი პარტია) ლიდერებისთვის ქრთამების გადახდით ან ფიზიკური რელოკაციით სხვაგან. დირექტორატის მიხედვით, ჯამაათ-ე-ისლამის წევრების მდგომარეობა გაცილებით უფრო უკეთესია სოფლებში, ვიდრე – ურბანულ დასახლებებში. გავრცელებული ცნობებით, ის პირები, რომლების მიმართაც არსებობს ვარაუდი, რომ არიან ჯამაათ-ე-ისლამის მხარდამჭერები, ექვედებარებიან ზეწოლას და დაშინებას, მათ შორის – საზღვარგარეთ.

დირექტორატის შეფასებით, დაპატიმრების და სამართლებრივი დევნის მაღალი რისკის წინაშე დგანან ჯამაათ-ე-ისლამის წამყვანი ლიდერები და აქტიური წევრები, ასევე – ICS აქტიური წევრები, რომლებიც აგრძელებენ პოლიტიკურ აქტივობებსა და დემონსტრაციებში მონაწილეობას. ჯამაათ-ე-ისლამის და ICS რიგითი წევრები, რომლებიც ღიად არ ერთვებიან პოლიტიკურ აქტივობებსა და დემონსტრაციებში, დგანან დაპატიმრების დაბალი რისკის წინაშე, თუმცა, ეს მოპყრობა შესაძლებელია განსხვავდებოდეს სხვადასხვა გეოგრაფიულ ლოკაციაზე.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ბანგლადეშის შესახებ 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის კონსტიტუცია უკრძალავს რელიგიურ მოტივებზე დაფუძნებულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, ისლამისტური პარტია – Jamaat-e-Islami კვლავ ვერ იღებდა მონაწილეობას 2014 და 2018 წლების არჩევნებში. მიუხედავად ამისა, პარტიის წევრები, ზოგჯერ, კენჭს იყრიდნენ, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატები. ქვეყანაში მოქმედებს „ბანგლადეშის საერთაშორისო დანაშაულების ტრიბუნალი“, რომელიც 2010 წელს პრემიერ-მინისტრ ჰასინას მიერ დაფუძნდა და რომლის მიზანიცაა 1971 წელს, ბანგლადეშის პაკისტანისგან დამოუკიდებლობის ომის დროს პირთა მიერ  ომის დანაშაულების ჩადენის სავარაუდო შემთხვევების გამოძიება. ტრიბუნალის მიმართ არსებობდა კრიტიკული დამოკიდებულება, რადგან მიიჩნეოდა, რომ მისი ფუნქია იყო ჰასინას პოლიტიკური ოპონენტების, განსაკუთრებით კი – Jamaat-e-Islami-ს წევრების დევნა.[2]

Human Rights Watch 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერდა ბანგლადეშის მმართველი პარტიის აქტივისტების მიერ სტუდენტის სავარაუდო მკვლელობის ფაქტზე. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, 21 წლის სტუდენტი – აბრარ ფაჰადი ბანგლადეშის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთ-ერთი ოთახში დაიბარეს, რომელიც სტუდენტებში ცნობილი იყო, როგორც „საწამებელი საკანი“. ოთახს განკარგავდნენ მმართველი პარტია Awami League-ის სტუდენტური ფრთის – Chhatra League წევრები. რამდენიმე საათის შემდეგ, ფაჰადი მკვდარი იპოვეს.

Chhatra League-ს გენერალური მდივნის მოადგილმე განაცხადა, რომ სტუდენტთა ჯგუფი ფაჰადს ისლამისტური პარტია Jamaat-e-Islami-ის ახალგაზრდული ფრთის – Chhatra Shibir-თან კავშირის გამო კითხავდნენ. მისი თქმით, მათ იპოვეს ფაჰადის Chhatra Shibir-თან კავშირის დამადასტურებელი „მტკიცებულება“ მის Facebook პოსტებში.[3]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ბანგლადეშის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში ოპოზიციის აქტივისების მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას ჰქონდა ადგილი.  პარტია Jamaat-e-Islami-ის წევრები და ლიდერები ვერ ახორციელებდნენ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების კუთხით, სამართალდამცავების მხრიდან დევნის გამო. მიუხედავად იმისა, რომ პარტია ბანგლადეშის მთავრობის  ამოღებულია ქვეყანაში რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიათა სიიდან და, შესაბამისად, კანდიდატებს აკრძალული აქვს პარტიის სახელით არჩენებში მონაწილეობა, მისი ლიდრების და წევრების კონსტიტუციური უფლებები, კერძოდ, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები, კვლავ უსამართლოდ იზღუდებოდა.

16 სექტემბერს, დჰაკას დაჩქარებულმა ტრიბუნალმა ბრალი წაუყენა მმართველი პარტიის სტუდენტური ფრთის 25 წევრს აბრარ ფაჰად რაბბის მკვლელობისთვის. ეს უკანასკნელი ბანგლადეშის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, რომელიც Jamaaet-e-Islami-ის სტუდენტური ფრთის სავარაუდო წევრობისთვის ცემაში მოკლეს..[4]

Amnesty International 2020 წლის 17 მარტით დათარიღებულ ღია წერილში მიმართავდა ბანგლადეშის ხელისუფლებას და სთხოვდა მას, გაეუქმებინა პარტია Jamaat-e-Islami-ის ერთ-ერთი ლიდერის – ATM Azharul Islam-ის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი. წერილის მიხედვით, ისლამი 2014 წელს „ბანგლადეშის საერთაშორისო დანაშაულების ტრიბუნალმა“ დამნაშავედ ცნო 1971 წლის ბანგლადეშის დამოუკიდებლობის ომის დროს ჩადენილ მკვლელობებსა და გენოციდში. მას იმავე გადაწყვეტილებით სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ბანგლადეშის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო დივიზიამ, 2019 წლის 31 ოქტომბერს არ დააკმაყოფილა ისლამის სააპელაციო სარჩელიდა ძალაში დატოვა ტრიბუნალის განაჩენი. ხოლო, ბანგლადეშის მთავრობამ საპატიმროს ადმინისტრაციას განაჩენის სისრულეში მოყვანის შესახებ წერილი 2020 წლის  16 მარტს გაუგზავნა. შესაბამისად, ისლამი არის სიკვდილით დასჯის დაუყოვნებლივი საფრთხის წინაშე. ორგანიზაცია მოუწოდებს ბანგლადეშის პრეზიდენტს, გააუქმოს სასიკვდილო განაჩენი და პატისი სცეს სამართლაინი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს.[5]

[1] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT BANGLADESH; published on 22 August 2019; available at

[accessed 28 April 2021]

[2] Freedom House – Freedom in the World 2021 – Bangladesh; published in March 2021; available at

[accessed 28 April 2021]

[3] Human Rights Watch – Bangladesh Ruling Party Activists Kill Student after Facebook Post; published in October 2019; available at

[accessed 28 April 2021]

[4] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2020 – Bangladesh; published in March 2021; available at

[accessed 28 April 2021]

[5] Amnesty International – “Urgent Action – POLITICAL LEADER AT IMMINENT RISK OF EXECUTION” ; published on 17 March 2020; available at

[accessed 28 April 2021]