ირანი. ქვეყანაში დაბრუნებულ თავშეფარის მაძიებელთა მდგომარეობა. მაისი, 2021

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, ინფორმაცია საკვლევ კითხვაში მოცემული საკითხის შესახებ, შედარებით მწირი იყო. კანადის იმიგრაციის და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში ირანში დაბრუნებულ თავშესაფრის მაძიებელ მოქალაქეთა შესახებ (საანგარიშო პერიოდი – 2017-2020 წელი) წერდა, რომ ერთ-ერთი გერმანული გამოცემის მიხედვით, გერმანიის მთავრობამ, ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის ფარგლებში, 2016-2018 წლებში 1 120 ირანელი დააბრუნა ქვეყანაში საკუთარი ნების საფუძველზე. გერმანიის მთავრობის განცხადებით, არც ერთ დაბრუნებულს არ შექმნია „რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა“.

ერაყული ორგანიზაცია Jesuit Refugee Service (JRS)-მა, საკუთარ კონტაქტებზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე კვლევით დირექტორატს განუცხადა, რომ თუ ირანელი, რომელმაც სხვა ქვეყანაში მოითხოვა თავშესაფარი და დაბრუნდა სამშობლოში, ამ შემთხვევაში, როგორც წესი, პირის ოჯახი უკავშირდება შესაბამის სამსახურებს და მოლაპარაკებებს აწარმოებს დაბრუნების პირობებზე. არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ ირანის ხელისუფლება არ მიიღებს სადამსჯელო ზომებს აღნიშნული პირების წინააღმდეგ. „ჩვენს მიერ არსებული ინფორმაციით, ყველა ინდიკატორი ადასტურებს იმას, რომ დაბრუნების შემთხვევაში, გარანტირებული ვერ იქნება იმ  პირის უსაფრთხოება, რომელმაც დატოვა ირანი და გაემგზავრა საზღვარგარეთ ნებისმიერი სხვა მიზნით, გარდა უბრალოდ მუშაობისა“ – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

იმავე წყარომ ასევე განაცხადა, რომ ირანული ოპოზიციის აქტივისტები, რომლებიც ბინადრობენ საზღვარგარეთ, ირანში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა დაექვემდებარონ დაპატიმრებასა და „მკაცრ მოპყრობას“. თუმცა, უბრალოდ დაბრუნებული პირები, რომლებიც არ მიიჩნევიან „პოტენციურ საფრთხედ“ და მათ მიმართ არ არსებობს ვარაუდი, რომ გააჩნიათ ხელისუფლებისათვის საჭირო ინფორმაცია, „ არ ექვემდებარებიან შემდგომ დევნას“.

ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის 3 მარტს, ერთ-ერთი ირანელი, რომელმაც ვერ მოიპოვა ლტოლვილის სტატუსი ნიდერლანდებში, დაბრუნდა ირანში, სადაც 6 წლით დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა სხვადასხვა სამართალდარღვევა, მათ შორის – ოფიციალური თეირანის მიერ აკრძალული მოძრაობა – Arab Struggle Liberation Movement for Ahwaz (ASMLA)-ს წევრობა.

კვლევით დირექტორატს ახლო აღმოსავლეთში სექსუალური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია International Railroad for Queer Refugees (IRQR)-ის წარმომადგენელმა მიაწოდა ინფორმაცია იმაზე, რომ 2017 წელს გაერთიანებული სამეფოდან ირანში იძულებით დააბრუნეს ჰომოსექსუალი თავშესაფრის მაძიებელი, რომელიც მალევე დააკავეს „თავშესაფრის მოთხოვნისთვის“ და ბრალი დასდეს „ჰომოსექსუალიზმსა“ და „ამორალური საქციელის პროპაგანდაში“. აღნიშნული პირი არ გაუსამართლებიათ „ფორმალური სასამართლო პროცესის“ ფარგლებში. დაკავებიდან დაახლოებით 6 თვეში, ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც, მან მოახერხა თურქეთში „გაქცევა“.  საბოლოოდ, ანკარაში მდებარე გლუკ-ის ოფისმა ის ლტოლვილად სცნო.

ა.შ.შ.-ში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაცია – Iran Human Rights Documentation Center (IHRDC)-ის მიხედვით, მათ გააჩნიათ ინფორმაცია ერთ თავშესაფრის მაძიებელ პირზე, რომელმაც ვერ შეძლო თურქეთში ლტოლვილის სტატუსის მოპოვება, რის შემდეგადაც 2019 წლის დასაწყისში ის ირანში დეპორტაციას დაუქვემდებარეს. დაბრუნებისას, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს „უზენაესი ლიდერის შეურაცხყოფისა და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელებისთვის“. იმავე წყარომ ასევე განაცხადა, რომ ზემოხსენებული პირი 2017 წლის ზაფხულშიც იყო დაპატიმრებული „ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებისა და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელებისთვის“.

ანგარიშში ასევე მოცემულია ინფორმაცია ირანში დაბრუნებულ თავშესაფრის მაძიებელ მოქალაქეთა ოჯახის წევრების მიმართ არსებული დამოკიდებულების შესახებ. კერძოდ, ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, როგორც წესი, ასეთ პირების ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ხელისუფლების მხრიდან სამართლებრივი პრობლემები არ ექმნებათ, გარდა განსაკუთრებით გახმაურებული და მნიშვნელოვანი საქმეებისა.

სხვადასხვა წყაროთა მიხედვით,ირანელი თავშესაფრის მაძიებლების ოჯახის წევრები შესაძლოა დაექვემდებარონ შესაბამისი სამსახურების მხრიდან „დამაშინებელ“ ან „მუქარის შემცველ“ სატელეფონო ზარებს. კერძოდ, JRS წარმომადგენლის მიხედვით, მთავრობა ოჯახის წევრების მიმართ უშუალო მეთოდებს არ იყენებს. თუმცა, მათ შესაძლოა თვეში ერთხელ დაურეკონ ან გამოიძახონ დაზვერვის სამსახურში და დააშინონ. ზოგიერთ შემთხვევაში, ოჯახის წევრებს აწვდიან ცრუ ინფორმაციას, თითქოს მათი შვილი დააკავეს, რის შემდეგაც მას ირანში დააბრუნებენ და სიკვდილით დასჯიან. დაშინების ხარისხი განსხვავებულია ლოკაციიდან და საქმეზე მომუშავე ოფიცრების მიდგომებიდან გამომდინარე. იმ ოჯახებს, რომელთა შვილებიც ევროპაში გაემგზავრნენ, დამაშინებელი სატელეფონო ზარებით უკავშირდებიან. სხვებს კი პერიოდულად ურეკავენ და სთხოვენ, დაარწმუნონ შვილები, ირანში დაბრუდნენ, სადაც მთავრობა მათ დასაქმებას უზრუნველყოფს.[1]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ირანის შესახებ წერდა, რომ ირანის ხელისუფლება ქვეყანაში დაბრუნებულ ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ მოქალაქეებს განსაკუთრებულ ყურადღებას არ უთმობს. 1979 წელს მომხდარი რევოლუციის შემდგომ, ბევრმა ირანელმა დატოვა ქვეყანა და ირანის ხელისუფლებას გააზრებული აქვს, რომ ბევრი მიემგზავრება საზღვარგარეთ სამუშაოს საძიებლად. ისინი ვინც ბრუნდებიან დროებითი პასპორტით (ირანს და ავსტრალიას გაფორმებული აქვთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, ავსტრალიაში ირანელი თავშესაფრის მაძიებლის მიერ საიმიგრაციო სტატუსთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი პროცედურის ამოწურვის შემდგომ, პირს შეუძლია აიღოს დოკუმენტი სახელწოდებით – laissez-passer, რომლის მეშვეობითაც დაბრუნდება ირანში), აეროპორტში დაექვემდებარებიან დაკითხვას მათი ირანის წასვლის მიზეზისა და იმის შესახებ, თუ რატომ მგზავრობენ laissez-passer დოკუმენტის გამოყენებით. დაკითხვა როგორც წესი, 30 წუთს გრძელდება, თუმცა, შესაძლოა უფრო ხანგრძლივიც იყოს, თუ დაბრუნებული პირი პასუხებს თავს არიდებს ან საიმიგრაციო სამსახური ეჭვობს, რომ მას სისხლისსამართლებრივი დანაშაული აქვს ჩადენილი. როგორც წესი, აღნიშნული პროცესის ფარგლებში, არ ფიქსირდება დაპატიმრების ან არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, მას არ გააჩნია ინფორმაცია ირანში ნებაყოფლობით დაბრუნებული იმ პირების მიმართ სამართლებრივი დევნის შესახებ, რომლებიც საზღვარგარეთ ყოფნისას, აკრიტიკებდნენ ისლამურ რესპუბლიკას, კონვერტირდნენ ქრისტიანობაზე ან ეწეოდნენ პროზელიტიზმს. დეპარტამენტის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები არ ამოწმებენ საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ირანელის სოციალური მედიის ანგარიშებს.

საერთაშორისო დამკვირვებლები ასევე აცხადებენ, რომ ირანის ხელისუფლება დიდად არ არის დაინტერესებული, საზღვარგარეთ კონკრეტული აქტივობების გამო (მათ შორის – თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებული აქტივობების), სისხლისსამართლებრივი წესით დევნას დაუქვემდებაროს ის პირები, რომლებმაც ვერ მოიპოვეს ლტოლვილის სტატუსი საზღვარგარეთ. ასეთ ქმედებებში შედის: ირანის მთავრობის კრიტიკის შემცველი პოსტები და კომენტარები სოციალურ მედია პლატფორმებზე; ირანის დიპლომატიური მისიების შენობების მიმდებარედ გამართულ საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობა; კონვერტაცია ქრისტიანობაზე ან ლგბტი აქტივობებში მონაწილეობა. ასეთი შემთხვევების დროს, ინდივიდის მიმართ რისკები იგივე მასშტაბისაა, როგორიც ირანში მობინადრე იმავე პროფილის პირების შემთხვევაში.  მათ შემთხვევაში, რომელთა მიმართაც უკვე არსებობს კონკრეტული საქმეები, ბუნებრივია, არსებობს შედარებით მაღალი რისკი იმისა, რომ ირანში დაბრუნების შემთხვევაში, აღნიშნული პირების შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან (განსაკუთრებით, პოლიტიკური აქტივისტების შემთხვევაში). ირანში დაბრუნებულ პირთა (მათ შორის – საზღვარგარეთ თავშესაფრის მაძიებელთა) მიმართ მოპყრობა დამოკიდებულია კონკრეტული პირის პროფილსა და ინდივიდუალურ გარემოებებზე, მათ შორის – მათ ქმედებებზე ირანის დატოვების და დაბრუნების დროს. ადგილობრივ წყაროთა მიხედვით, ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც სამშობლოში დაბრუნებული, საზღვარგარეთ თავშესაფრის მაძიებელი ირანელები აწყდებიან, რეინტეგრაცია და სათანადო სამუშაო ადგილის პოვნაა.[2]

[1] Immigration and Refugee Board of Canada – Iran: Treatment by Iranian authorities of failed refugee claimants and family members of persons who have left Iran and claimed refugee status (2017-February 2020); published in March 2020; available at

[accessed 13 May 2021]

[2] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT IRAN; published in April 2020; available at

[accessed 13 May 2021]