ავღანეთი. ჰაზარათა მიმართ არსებული დამოკიდებულება. მაისი, 2021

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი 2019 წლის ანგარიშში ავღანეთის შესახებ წერდა, რომ ეთნიკურად ჰაზარათა უმრავლესობა შიიტი მუსლიმია და მათ გააჩნიათ გამოკვეთილი აზიური ნაკვთები, რის გამოც ვიზუალურად მარტივად განირჩევიან სხვა ეთნიკური ჯგუფებისგან. ანგარიშის მიხედვით, 2015-2016 წლების სტატისტიკით, Bamiyan და Daykundi-ის პროვინციებში, ეთნიკურად ჰაზარები მოსახლეობის დაახლოებით 75 %-ს შეადგენენ. ჰაზარები ასევე შეადგენენ Ghazniპროვინციის 40 %-ს. ამას გარდა, ავღანეთის ყველა დიდ ქალაქს გააჩნია ჰაზარებით დასახლებული საკმაოდ დიდი უბნები. მაგ. სხვადასხვა გათვლებით, ქ. ქაბულის მოსახლეობის 40-50 %-ს სწორედ ჰაზარები შეადგენენ. მათი უმრავლესობა ქაბულის დასავლეთ ნაწილში ბინადრობს.

ანგარიშის მიხედვით, ქაბულში მცხოვრები ჰაზარები სხვადასხვა ეკონომიკურ ასპექტებში მონაწილეობენ. განათლებაზე მათი ტრადიციული ფოკუსირებიდან გამომდინარე, ჰაზარები, როგორც წესი, აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, რათა დასაქმდნენ სამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციებში სხვადასხვა პოზიციაზე. თუმცაღა, პრაქტიკაში ჰაზარები სათანადოდ არ არიან წარმოდგენილნი მაღალ სამთავრობო პოზიციებზე. ეს მეტწილად განპირობებულია იმით, რომ ავღანეთში კვალიფიკაციაზე მეტად ოჯახობრივი, ეთნიკური თუ თემობრივი კავშირები ფასობს – გადაწყვეტილების მიმღები პირები სწორედ აღნიშნულ ფაქტორების გათვალისწინებით ასაქმებენ პირს როგორც საჯარო, ასევე – კერძო სექტორში. გამომდინარე იქიდან, რომ ჰაზარები ავღანეთში ტრადიციულად დაბალ სოციალურ სტატუსს ატარებენ, აღნიშნული მიდგომა მათ წინააღმდეგ მოქმედებს და ასევე, ჰაზარათა მიმართ იშვიათად აქვს ადგილი ე.წ. „პოზიტიური დისკრიმინაციის“ პრაქტიკის გამოყენებას.

ავღანელთა უმრავლესობა ჰაზარებს სამთავრობო მხარდამჭერებად აღიქვამს, რადგან სწორედ ის ასაქმებს აღნიშნული ეთნიკური ჯგუფის ბევრ წარმომადგენელს (თუმცაღა, დაბალ პოზიციებზე). ეს განსაკუთრებით ეხება ჰაზარა ქალებს, რომლებიც, გავრცელებული ცნობებით, პოლიციაში და არმიაში ქალ რეკრუტთა უმრავლესობას შეადგენენ (იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ სექტორებში ცოტა ქალია დასაქმებული). ავღანეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებშიც ბევრი ჰაზარა მუშაობს.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიხედვით, სახეზეა ჰაზარათა მიმართ საზოგადოებრივი დისკრიმინაციის არაერთი ფორმა, მათ შორის: უკანონო გადასახადების დაწესების მეთოდით ფულის გამოძალვა; იძულებითი რეკრუტირება და შრომა; ფიზიკური შეურაცხყოფა და დაკავება. წყაროებში არ არის მოცემული სხვა სპეციფიკური ინფორმაცია აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით (მათ შორის – გეოგრაფიულ ლოკაციასთან დაკავშირებით).  თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ  საზოგადოებრივი დისკრიმინაციის შემთხვევები, დიდი ალბათობით, სახეზეა ქვეყნის იმ ნაწილებში, სადაც ჰაზარები უმცირესობას წარმოადგენენ.

ამას გარდა, ანგარიშში საუბარია ავღანეთში შიიტი მუსლიმების მდგომარეობაზეც (რომელთა 90 % ეთნიკურად ჰაზარაა).  მართალია, არსებობენ შიიტები სხვა ეთნიკური ჯგუფებიდანაც, ავღანეთის ხელისუფლება, საკუთარ ოფიციალურ მიდგომებსა თუ განცხადებებში, შიიტებს ჰაზარებთან აიგივებს. მაგ. სამთავრობო კაბინეტში 2 შიიტი მინისტრია, რომელთაც ხელისუფლება ჰაზარად მიიჩნევს მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ისინი „ბაიათი“ და ტაჯიკი ეთნიკური წარმომავლობის არიან.

ქვეყნის კონსტიტუცია და კანონმდებლობა აღიარებს ცალკეულ უფლებებსა კონკრეტულად შიიტებისთვის. მაგალითად, კონსტიტუციის 131 მუხლის მიხედვით, სასამართლოები შიიტურ კანონმდებლობას გამოიყენებენ კონკრეტულ სამოქალაქო საქმეებზე, როდესაც მხარეები შიიტები არიან. 2009 წელს მიღებული კანონი პირადი სტატუსების შესახებ აღიარებს განსხვავებულ პრაქტიკებს შიიტებთან მიმართებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა ქორწინება, განქორწინება და მემკვიდრეობა.

ადგილობრივ წყაროთა მიხედვით, ტრადიციულად, ავღანეთში არ ყოფილა განსაკუთრებით რელიგიური ხასიათის შუღლი შიიტებსა და სუნიტებს შორის. როგორც წესი, მათ შორის დაპირისპირება ატარებდა ეთნიკურ თუ პოლიტიკურ ხასიათს. თუმცა, 2009 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის დეკემბრის თვემდე პერიოდში, UNAMA-მ (გაეროს ავღანეთის დახმარების ორგანიზაცია) აღრიცხა შიიტებზე თავდასხმის 5 შემთხვევა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზუსტად არ იყო გარკვეული ინფორმაცია თავდამსხმელთა ვინაობის ან მათი მოტივების შესახებ და საჯაროდ არავის არ აუღია შემთხვევებზე პასუხისმგებლობა.

2016 წლის შუა პერიოდიდან მოყოლებული, შეიარაღებული დაჯგუფებები ახორციელებენ მასშტაბურ თავდასხმებს შიიტურ სამიზნეებზე, მათ შორის – პოლიტიკურ დემონსტრაციებსა და თუ რელიგიურ თავყრილობებზე. ინციდენტთა უმრავლესობაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო – ხორასანი“ (ISKP) აიღო. პირველი ასეთი შემთხვევა 2016 წლის ივლისში, ქ. ქაბულში მოხდა, როდესაც ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა მშვიდობიანი დემონსტრაციის მიმდინარეობისას, რასაც 85 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო – 413 დაშავდა. როდესაც ინციდენტზე პასუხისმგებლობა აიღო, ISKP-მ განაცხადა, რომ თავდასხმა რელიგიურად იყო მოტივირებული. 2016 წელს UNAMA-მ კიდევ 4 მსგავსი ინციდენტი აღრიცხა, რომელთაც ჯამში 77 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო  205 – დაშავდა.

2017 წელს თავდასხმების რაოდენობა გაიზარდა – UNAMA-მ ამჯერად 8 რელიგიურად მოტივირებული თავდასხმა აღრიცხა შიიტურ სალოცავებსა თუ შიიტ მომლოცველებზე, რომელთაც ჯამში 161 პირი ემსხვერპლა, ხოლო 252 კი – დაშავდა. ISKSP-მ პასუხისმგებლობა 6 ინციდენტზე აიღო, ხოლო დანარჩენი ორი –  დაჯგუფება „თალიბანს“ მიეწერა. შემთხვევათა უმრავლესობა ქ. ქაბულსა და ქ. ჰერათში მოხდა (მათ შორის – ჰაზარებით დასახლებულ უბნებში).

ტრენდი შენარჩუნდა 2018 წელსაც – UNAMA-მ შიიტი სამიზნეების წინააღმდეგ მიმართული კიდევ 19 ინციდენტი დააფიქსრა, რასაც ჯამში 223 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 524 – დაშავდა. ISKP-მ მათგან 7-ზე აიღო პასუხისმგებლობა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოცემულ ინციდენტებს 212 პირის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 449 – დაშავდა. თუ გასულ ორ წელს თავდასხმათა უმრავლესობა შიიტურ სალოცავებზე მოდიოდა, 2018 წელს ასეთი მხოლოდ 2 ინციდენტი აღირიცხა. შიიტებზე თავდასხმათა უმრავლესობა ამჯერად სამოქალაქო ობიექტებზე, ძირითადად – ეთნიკურად ჰაზარების უბნებში მდებარე ობიექტებზე მოდიოდა. თავდასხმათა უმრავლესობა, სავარაუდოდ, ქ. ქაბულში მოხდა.

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის ექსპერტთა შეფასებით, შიიტები დგანან ISKP და სხვა შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან თავდასხმის მაღალი რისკის წინაშე, როდესაც ისინი იკრიბებიან სხვადასხვა სოციალური ღონისძიებების (დემონსტრაციები, ლოცვები მეჩეთებში, რელიგიური ფესტივალები და ა.შ.) ფარგლებში. აღნიშნული რისკი კიდევ უფრო იზრდება იმ პირთა შემთხვევაში, რომლებიც ბინადრობენ ეთნიკურად ჰაზარათა უბნებში ავღანეთის ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა – ქაბული და ჰერათი.

ამას გარდა, დეპარტამენტის შეფასებით, მართალია, ეთნიკურად ჰაზარა პირები უპრობლემოდ საქმდებიან როგორც სამთავრობო, ასევე – საერთაშორისო ორგანოებში, მათი შესაძლებლობა, მიაღწიონ მაღალ სამთავრობო თანამდებობებს შეზღუდულია მათივე ეთნიკური კუთვნილებით. ეს, შესაბამისად, გამოიხატება ჰაზარათა მიმართ საზოგადოებრივი დისკრიმინაციის საშუალო დონეში. ამას გარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჰაზარათა აბსოლუტური უმრავლესობა შიიტია, შიიტებთან მიმართებით ზემოთ აღნიშნული რისკ-პროფილი მათთაც მიესადაგება.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ავღანეთში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების შესახებ  2021 წლის მაისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში  (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომავღანეთის მოსახლეობა დაახლოებით 35.7 მილიონ პირს შეადგენს. რა არსებობს სანდო სტატისტიკა სუნიტი და შიიტი მუსლიმების პროცენტული გადანაწილების შესახებ. თუმცა, ერთ-ერთი წყაროს (Pew Forum) ცნობითავღანელი შიიტები ქვეყნის მოსახლეობის 10-15 %-ს შეადგენენ. ადგილობრივი სასულიერო ლიდერების ცნობით, შიიტ ავღანთა 90 % ეთნიკურად ჰაზარაა, რომლებიც ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ პროვინციებში, ასევე – ქ. ქაბულში ბინადრობენ.

ჰაზარათა თემის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ავღანეთის მთავრობის დაპირებები ჰაზარებით დასახლებულ უბნებში უსაფრთხოებისა და განვითარების კუთხით სიტუაციის გაუმჯობესების შესახებ არ იყო საკმარისი და წარმოადგენდა უბრალოდ სიმბოლურად მიღებულ ზომებს. ჰაზარები ასევე ექვემდებარებოდნენ დისკრიმინაციას საკუთარი ეთნიკური იდენტობისა და იმის გამო, რომ განეკუთვნებოდნენ ისლამის შიიტურ მიმდინარეობას. სხვადასხვა დამკვირვებელი წყაროების ცნობით, ავღანეთის მთავრობაში შიიტები არ იყვნენ სათანადოდ წარმოდგენილი არა საკუთარი რელიგიური, არამედ – ეთნიკური (ჰაზარა) კუთვნილების გამო.

ჟურნალისტების, ადგილობრივი დამკვირვებლებისა და UNAMA-ს მიხედვით,  „ისლამური სახელმწიფო – ხორასანი“ (ISIS-K) და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებები აგრძელებდნენ თავდასხმებს კონკრეტულ რელიგიურ და ეთნო-რელიგიურ ჯგუფებზე, მათ შორის –  ჰაზარებზე. UNAMA-ს მიხედვით, მიმდინარე წელს, 2019 წელთან შედარებით, დაფიქსირდა კლება სალოცავ ადგილებზე, რელიგიური ლიდერებსა და მომლოცველებზე თავდასხმების შედეგად სამოქალაქო დანაკარგების რაოდენობიეს კუთხით. ორგანიზაციამ აღწერა ზემოხსენებული ტიპის 19 თავდასხმა (20 თავდასხმა 2019 წელს), რასაც შედეგადაც 60 პირი გარდაიცვალა, ხოლო – 55 დაშავდა. 2019 წლის მონაცემებით, სახეზე იყო 236 სამოქალაქო დანაკარგი – 80 გარდაცვლილი და 156 დაშავებული. აბსოლუტურად ყველა თავდასხმა არა-სახელმწიფოებრივი შეიარაღებული აქტორების მიერ იყო ჩადენილი.

იმავე წყაროს მიხედვით, ISIS-K მხრიდან ადგილი ჰქონდა რელიგიურად მოტივირებული თავდასხმებს შიიტ მუსლიმებზე (უმრავლესობა – ეთნიკურად ჰაზარა); სუფიტ მუსლიმებსა და სიკჰებზე. სულ დაფიქსირდა 10 თავდასხმა, რასაც 112 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 196 კი – დაშავდა. 2019 წელსაც ადგილი ჰქონდა 10 ინციდენტს, რასაც 117 სიცოცხლე შეეწირა, ხოლო – 368 დაშავდა.

მნიშვნელოვან ინციდენტთა შორის იყო: 6 მარტს, შეიარაღებული პირი თავს დაესხა ქაბულში მიმდინარე ერთ-ერთ ცერემონიას, რომელსაც ძირითადად შიიტი ჰაზარები ესწრებოდნენ და მოკლა 32 პირი. ინციდენტზე პასუხისმგებლობა ISIS-K აიღო. 12 მაისს 3 დაუდგენელი შეიარაღებული პირი შეიჭრა ქაბულის ჰაზარათა უბანში მდებარე ერთ-ერთ სამშობიარო კლინიკაში, სადაც მოკლეს 24 პირი, მათ შორის – დედები, ჩვილები და მედ-მუშაკები. აღნიშნულ შემთხვევაზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუაღია პასუხისმგებლობა. 24 ოქტომბერს, თვითმკვლელი ტერორისტმა თავი აიფეთქა კაბულის ჰაზარათა უბანში მდებარე საგანმანათლებლო ცენტრში, რასაც 40 პირის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო კიდევ 72 – დაშავდა. მსხვერპლთა უმრავლესობა 15-დან 26 წლამდე ასაკის იყო. შემთხვევაზე პასუხისმგებლობა „ISIS-K” აიღო.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ავღანეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ  2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში  (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ეთნიკურ ხასიათზე შუღლი ზოგჯერ გამოიხატებოდა კონფლიქტსა და მკვლელობებში. ეთნიკურად ჰაზარა შიიტები ექვემდებარებოდნენ ისეთი ტიპის მოპყრობას, როგორიცაა: ფულის გამოძალვა; იძულებითი რეკრუტირება; იძულებითი შრომა; ფიზიკური შეურაცხყფოა და დაკავებები. არასამთავრობო ორგანიზაციათა მიხედვით, ხელისუფლება პოლიციაში მომუშავე ჰაზარა ოფიცებს ხშირად სიმბოლურ პოზიციებზე ნიშნავდა, რომელთაც თითქმის არ გააჩნდა რაიმე გავლენა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამას გარდა, იმავე წყაროების მიხედვით, შეიარაღებული ძალების ჰაზარა წევრებს უფრო ხშირად ამწესებდნენ ქვეყნის შედარებით ცხელ წერტილებში, არა-ჰაზარა ჯარისკაცებთან შედარებით. წლის განმავლობაში, ISIS-K („ისლამური სახელმწიფოს ხორასნის ფრთა“) აგრძელებდა შიიტებზე, ძირითადად – ეთნიკურად ჰაზარებზე თავდასხმების მოწყობას. მაგ. 6 მარტს, შეიარაღებული პირი თავს დაესხა ქაბულში მიმდინარე ერთ-ერთ ცერემონიას, რომელსაც ძირითადად შიიტი ჰაზარები ესწრებოდნენ და მოკლა 32 პირი. 24 ოქტომბერს, თვითმკვლელი ტერორისტმა თავი აიფეთქა კაბულის ჰაზარათა უბანში მდებარე საგანმანათლებლო ცენტრში, რასაც 40 პირის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო კიდევ 72 – დაშავდა. მსხვერპლთა უმრავლესობა 15-დან 26 წლამდე ასაკის იყო. შემთხვევაზე პასუხისმგებლობა „ISIS-K” აიღო.

ამას გარდა, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ეთნიკურად ჰაზარები, სიკჰები და ჰინდუსები ექვემდებარებოდნენ დისკრიმინაციას დასაქმების კუთხით. [3]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ 2018 წლის ოქტომბრის სპეციალურ ანგარიშში UNAMA აღნიშნავდა, რომ „განსაკუთრებით შეშფოთებულია სამოქალაქო მოსახლეობაზე განხორციელებული არაერთი თავდასხმით, რომელიც, როგორც ჩანს, მიმართულია კონკრეტულდ შიიტი მუსლიმი უმცირესობის წინააღმდეგ, რომელთაგან უმრავლესობა ეთნიკურად ჰაზარაა“. ორგანიზაცია აგრძელებდა მასშტაბური სექტარული ხასიათის ძალადობის შემთხვევების დოკუმენტირებას, რომელსაც ISKP/DAESH წევრები ჩადიოდნენ შიიტი მუსლიმი რელიგიური უმცირესობის წინააღმდეგ.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს შეიარაღებული დაჯგუფებების (განსაკუთრებით, ISKP) თავდასხმებმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ჰაზარა მოსახლეობაზე. აღნიშნული თავდასხმების სამიზნეს წარმოადგენდა ისეთი ადგილები, სადაც შიიტები/ჰაზარები იკრიბებიან – რელიგიური დღესასწაულები; პოლიტიკური დემონსტრაციები და ჰაზარებით დასახლებული უბნები დიდ ქალაქებში, მათ შორის – ქაბულსა და ჰერათში. ასეთი თავდასხმები, როგორც წესი, რელიგიური ნიშნით არის მოტივირებული. თუმცა, სხვა მიზეზებთან ერთად, ISKP ჰაზარებს ერჩის მათი ირანისადმი სავარაუდო სიახლოვისა და მხარდაჭერის გამო. არის შემთხვევები, რომელთა ფარგლებშიც ჰაზარა მოქალაქეებს იტაცებენ ან კლავენ გზებზე. ასეთ შემთხვევებში, ზოგჯერ იდენტიფიცირებულ იქნა თავდასხმის სხვა მიზეზებიც – თემობრივი ხასიათი დავა; პირის მიერ „ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წევრობა“; მთავრობაში ან არასამთავრობო სექტორში მუშაობა და ა.შ.[4]

მედია საშუალება BBC 2021 წლის 9 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ქ. ქაბულში, ძირითადად ეთნიკურად ჰაზარებით დასახლებულ უბანში სკოლასთან ახლოს აფეთქებები მოხდა, რასაც 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 100-მდე – დაშავდა. ავღანეთის მთავრობას მომხდარში „თალიბანს“ დასდო ბრალი, თუმცა, დაჯგუფებამ ყოველგვარი ჩართულობა უარჰყო.[5]

 

[1] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT AFGHANISTAN; published in June 2019; available at

[accessed 17 May 2021]

[2] United States Department of State – 2020 Report on International Religious Freedom: Afghanistan; published in May 2021; available at

[accessed 17 May 2021]

[3] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Afghanistan; published in March 2021; available at

[accessed 17 May 2021]

[4] UK Home Office – Country Policy and Information Note Afghanistan: Anti-government elements (AGEs); published in June 2020; available at

[accessed 17 May 2021]

[5] BBC – article “Kabul attack: Blasts near school leave more than 50 dead”; published on 9 may 2021; available at https://www.bbc.com/news/world-asia-57040713 [accessed 17 May 2021]