ეგვიპტე. ქრისტიანი კოპტების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ივნისი, 2021

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი (DFAT) ეგვიპტის შესახებ 2019 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ოფიციალურად 12 ქრისტიანული დენომინაციაა აღიარებული, ქრისტიანთა უმრავლესობა (დაახლოებით 90%) კოპტთა მართლმადიდებელ ეკლესიას მიეკუთვნება. ეგვიპტეში ქრისტიანები მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ბინადრობენ, თუმცა განსაკუთრებით კონცენტრირებულნი არიან სამხრეთ ეგვიპტეში და ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა კაირო და ალექსანდრია. ეგვიპტელი ქრისტიანები პოლიტიკურად და სოციო-ეკონომიკურად მრავალფეროვან ცხოვრებას მისდევენ: გააჩნიათ სხვადასხვა პროფესია; არსებობენ როგორც ღარიბი, ასევე – მდიდარი ქრისტიანები; გააჩნიათ სხვადასხვა დონის განათლება და ა.შ. ისევე როგორც ისლამისა და იუდაიზმის შემთხვევაში, ეგვიპტეში ქრისტიანთა ისეთ პირად საკითხებს, როგორიცაა – ქორწინება, განქორწინება; მემკვიდრეობა და ა.შ., განაგებს შესაბამისი რელიგიური ინსტიტუცია (ქრისტიანი კოპტების შემთხვევაში – კოპტთა მართლმადიდებლური ეკლესია).

როგორც წესი, ქრისტიანებს ისეთი სამოსი აცვიათ, როგორც მუსლიმ ეგვიპტელებს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქრისტიანი ქალები, მუსლიმებისგან განსხვავებით, საკუთარ თმას ჰიჯაბით არ ფარავენ. ეგვიპტელ ქრისტიანებს, როგორც წესი, მაიდენტიფიცირებული სახელები აქვთ.

ანგარიშის მიხედვით, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი ბარიერი, რომელიც ხელს შეუშლის ეგვიპტელ ქრისტიანს საჯარო ცხოვრებაში ჩართვაში და ბევრი მათგანი გამხდარა ცნობილი და გავლენიანი ფიგურა როგორც პოლიტიკურ, ასევე – ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროებში. დეპარტამენტის შეფასებით, ეგვიპტის საჯარო სამსახურში დასაქმებული ქრისტიანების პროცენტული მაჩვენებელი, ქვეყნის რელიგიური დემოგრაფიის გათვალისწინებით, საკმაოდ მაღალია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ როგორც წესი, ქრისტიანებს არ უკავიათ მაღალი თანამდებობები საჯარო სამსახურში, მათ შორის – სამხედრო და უსაფრთხოების უწყებებში. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეში არსებობს ანტი-დისკრიმინაციული კანონები და სამართლებრივი დაცვის სხვადასხვა საშუალებები, მათი აღსრულების საკითხი ზოგჯერ პრობლემურია და ქრისტიანი პირი, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა დაექვემდებაროს დისკრიმინაციას, განსაკუთრებით – ქალაქგარეთ დასახლებებში.

ანგარიშში მოცემული ინფორმაციით, ბევრი ქრისტიანი და თუ სხვა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის შესაძლებელია უკეთესი სიტუაცია იყოს, ისინი ზოგადად უფრო დაცულად გრძნობენ თავს პრეზიდენტი სისის ადმინისტრაციის ფარგლებში, წინა პრეზიდენტებთან შედარებით. ქრისტიანი რელიგიური ლიდერები ხშირად გამოხატავდნენ მადლობას სისის საჯარო მიმართვისადმი, რომლის ფარგლებშიც მან მოუწოდა ყველა ეგვიპტელს, ეროვნული ერთობა საკუთარ რელიგიურ განსხვავებებზე მაღლა დაეყენებინათ. ქრისტიანები ასევე აფასებენ პრეზიდენტი სისის პირად მაგალითს, როდესაც 2015 წელს ის პირადად დაესწრო საშობაო წირვას კაიროში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში და აქედან მოყოლებული ყოველწლიურად იგივეს აკეთებს. პრეზიდენტი ასევე აქტიურადაა ჩართული ქრისტიანულ თემთან უშუალოდ ურთიერთობაში: მაგალითად, ქრისტიანებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდგომ, მან ეროვნული გლოვის დღეები გამოაცხადა და პირადად მიუსამძიმრა პატრიარქ ტავადროსს. ადგილობრივი წყაროების მიხედვით, ქრისტიანები კვლავ რჩებიან სისის ერთგულ მხარდამჭერებად, თუმცა, როგორც სხვა ეგვიპტელების შემთხვევაში, მათი თავდაპირველი ენთუზიაზმი ეკონომიკურმა უკუსვლამ და მიმდინარე სოციალურმა გართულებებმა გაანელა.

ანგარიშში ასევე მოცემულია ბოლო პერიოდში, უშუალოდ ქრისტიანებზე განხორციელებული ერთეული ტერორისტული თავდასხმები. 2016 წლის დეკემბერში, კაიროშო მდებარე წმ. მარკოზის საკათედრო ტაძარში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 29 პირის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 49 – დაშავდა. 2017 წლის 9 აპრილს ორ თავდასხმას ჰქონდა ადგილი წირვებზე, რომლებზედაც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. პირველი თავდასხმა ტანტაში მოხდა, რომელსაც 27 ადამიანი ემსხვერპლა, 70 კი – დაშავდა, ხოლო მეორე ინციდენტს ალექსანდრიაში 16 პირის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 66 – დაშავდა. ამ უკანასკნელის დროს, მესაზე პატრიარქი ტავადროსიც იმყოფებოდა, თუმცა, არ დაშავებულა. 2017 წლის მაისში, მინიაში შეიარაღებულმა პირმა ცეცლი გაუხსნა ქრისტიანების ავტობუსს და მოკლა 29 პირი, რომლებმაც უარი განაცხადეს საკუთარი რწმენის უარყოფაზე. 2018 წლის ნოემბერში, შეიარაღებული პირები ჩაუსაფრდნენ კაიროს სამხრეთით მდებარე მონასტერში მიმავალი ქრისტიანი მომლოცველებით დატვირთულ 3 ავტობუსს. შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 19 – დაშავდა. აღნიშნული თავდასხმების გარდა, გავრცელებული ცნობებით, ადგილი ჰქონდა თავდასხმების კიდევ რამდენიმე მცდელობას, რომელთა პრევენციაც უსაფრთხოების ძალებმა მოახერხეს.

რაც შეეხება ქრისტიანთა მიმართ საზოგადოებრივ დამოკიდებულებას, ანგარიშის მიხედვით, ეგვიპტელთა უმრავლესობა, განსაკუთრებით – ურბანულ დასახლებებში ცხოვრობენ, მუშაობენ და ურთიერთობენ ერთმანეთთან და ამ პროცესში ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ ერთმანეთის რელიგიურ კუთვნილებას. თუმცაღა, მცირე-მასშტაბურმა დავებმა (მაგალითად, სამეზობლო დავა), ზოგჯერ შესაძლოა რელიგიური სარჩული მიიკრან და აღნიშნული გადაიზარდოს თემებს შორის დაპირისპირებაში, განსაკუთრებით – სასოფლო დასახლებებში. როგორც წესი, ასეთი ტიპის ძალადობა ეგვიპტეში იღებს ვანდალიზმისა და ქონების განადგურების ფორმას. 2011-2013 წლებში დაფიქსირებული ფართომასშტაბიანი ანტი-ქრისტიანული ძალადობის შემდგომ, უკანასკნელ ხანებში, ისეთი მაღალ-პროფილური ინციდენტები, რომელთა ფარგლებშიც ადამიანები მოკლეს, ან/და ეკლესიებს თავს დაესხნენ, თითქმის აღარ ფიქსირდება.

საზოგადოებრივი ძალადობის ბოლო წლებში მომხდარ ფაქტთა უმრავლესობა, ზემო ეგვიპტის (ქვეყნის სამხრეთი ნაწილი) პროვინციებში ფიქსირდებოდა. ამ კუთხით შედარებით აქტიური იყო პროვინცია მინია (Minya), სადაც ქრისტიანები მოსახლეობის 40 %-ს შეადგენენ და ასევე გვხვდება ისლამისტთა მაღალი კონცენტრაცია; სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი; განათლების დაბალი დონე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეგვიპტელი ლიდერები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ თემში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებას. მაგალითად, პრეზიდენტმა სისიმ რამდენჯერმე დაგმო ეგვიპტური საზოგადოების გახლეჩის მცდელობები და ეგვიპტელებს ეროვნული ერთიანობისკენ მოუწოდა. 2018 წლის დეკემბერში, ხელისუფლებამ დააანონსა გადაწყვეტილება უმაღლესი კომიტეტის შექმნის შესახებ, რომელსაც დაევალებოდა თემში ძალადობის პრევენციის კუთხით ზოგადი სტრატეგიის შემუშავება.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სახეზეა პრობლემები ქრისტიანული ეკლესიების შენების (ან აღდგენა/რემონტის) კუთხით. კერძოდ, ეკლესიების შენება ზოგადად წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ საკითხს, რადგან ისტორიულად, ეს წარმოადგენდა ძალიან რთულ და ჩახლართულ პროცესს, რომლის ფარგლებშიც, შესაბამისი სამსახურები ცდილობდნენ, პროცედურებისა თუ ბიუროკრატიის გამოყენებით, არ დაეშვათ ახალი ეკლესიების აშენება.

2016 წლის აგვისტოში, ეგვიპტის პარლამენტმა მიიღო კანონი N80/2016, რომელიც საშუალებას აძლევს ქრისტიანებს, ააშენონ ან შეაკეთონ ეკლესიები. ადგილობრივ წყაროთა მიხედვით, 2016 წლის კანონი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ზოგიერთ რეგიონში მისი აღსრულების კუთხით პრობლემები ფიქსირდება. აღნიშნულ წყაროები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ზემოხსენებული კანონის საფუძველზე, კოპტურმა ეკლესიამ დაახლოებით 2 500 განაცხადი შეიტანა უკვე აშენებული, არა-ლიცენზირებული ეკლესიების დაკანონების მოთხოვნით, თუმცა, 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მხოლოდ 200 განაცხადი იყო დაკმაყოფილებული. წყაროთა მიხედვით, ეგვიპტის ხელისუფლება უარს ამბობდა მშენებლობის ან შეკეთების ნებართვების გაცემაზე შედარებით უფრო სენსიტიურ რეგიონებში (მათ შორის, ქალაქები – მინია; ლუქსორი და ესნა), რაც განპირობებული იყო ადგილობრივი მუსლიმების მკაცრი წინააღმდეგობით. მეტიც, აღნიშნულ ქალაქებში, კანონის დარღვევით, მათ 12-მდე ეკლესია დახურეს.

ეგვიპტის მთავრობამ აღადგინა რამდენიმე ეკლესია თუ ეკლესიის მფლობელობაში მყოფი ქონება, რომელიც განადგურდა ან დაზიანდა 2013 წლის ძალადობისას. ამ კუთხით აღსანიშნავია კაიროში წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს ტაძრის შეკეთება, რომელიც 2016 წლის ტერაქტის დროს დაზიანდა. ამას გარდა, ეგვიპტის ხელისუფლებას დააფინანსა მინიას პროვინციის სოფელ ალ-ოურიში ეკლესიის აშენება. აღნიშნულ სოფელში, ლიბიიდან გადმოსულმა, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აფილირებულმა პირებმა 20 კოპტი მოკლეს.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2021 წლის მაისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ეგვიპტის კონსტიტუციის თანახმად, „რწმენის თავისუფლება აბსოლუტური უფლებაა“ და „წმინდა (აბრამისეული) რელიგიების მიმდევართა თავისუფლება, განახორციელონ რელიგიური რიტუალები და იქონიონ სალოცავი ადგილები, კანონითაა გარანტირებული“. ამას გარდა, კონსტიტუცია ასევე აწესებს ისლამს, როგორც, სახელმწიფო რელიგიას, ხოლო შარიათის პრინციპებს – როგორც კანონმდებლობის ძირითად წყაროს.

ანგარიშის მიხედვით, ეგვიპტის მოსახლეობა 101.8 მილიონ ადამიანს შეადგენს, რომელთაგან დაახლოებით 90 % სუნიტი მუსლიმია, ხოლო დაახლოებით 10 კი – ქრისტიანი (სხვადასხვა გათვლებით, 5-დან 15 %-მდე).  ქრისტიანთაგან თითქმის 90 % მიეკუთვნება კოპტთა მართლმადიდებელ ეკლესიას. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ებრაელებისა და ქრისტიანების შემთხვევაში, მათივე კანონიკური წესები და კანონები წარმოადგენს იმ სამართლებრივ ბაზას, რომელზე დაყრდნობითაც წყდება მათ პირად სტატუსებთან, რელიგიური თემებთან და სულიერი ლიდერების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხები. ზოგადად, ეგვიპტეში პირები ექვემდებარებიან პირადი სტატუსების შესახებ სხვადასხვა კანონმდებლოებას (ქორწინების, განქორწინების, მემკვიდრეობისა და ა.შ.), რასაც განაპირობებს მათი რელიგიური კუთვნილება.

ეგვიპტის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალულია და საკუთარ დეფინიციაში მოისაზრებს „ნებისმიერ ქმედებას ან უმოქმედობას, რასაც შედეგად მოჰყვა პირთა დისკრიმინაცია… მათი რელიგიის ან რწმენის გამო“. კანონის მიხედვით, აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ან/და ჯარიმა, რომლის ოდენობაც უნდა იყოს სულ მცირე 30 000 ფუნტი (1900 ა.შ.შ. დოლარი) და არაუმეტეს 50 000 ფუნტისა (3100 ა.შ.შ. დოლარი). როდესაც დამნაშავეს საჯარო მოხელე წარმოადგენს, კანონის მიხედვით, სასჯელად განსაზღვრულია სულ მცირე 3 თვის ვადით პატიმრობა და 50 000-დან 100 000 ფუნტის ოდენობით ჯარიმა.

რაც შეეხება სამთავრობო დამოკიდებულებას ქრისტიანთა მიმართ, ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 20 მაისს, შესაბამისმა სამსახურებმა ბეჰეირას პროვინციაში დააკავეს მღვდელი და 14 კოპტი პირი, რომლებიც მათი ეკლესიის დანგრევას აპროტესტებდნენ. მათმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ეკლესია 15 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, როდესაც აბუ ალ-მატამირს საქალაქო საბჭომ მისი დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციების მიხედვით, ადგილობრივმა მუსლიმებმა ეკლესიის გვერდით მალევე ააშენეს მეჩეთი, რათა ხელი შეეშალათ ეკლესიის დაკანონების პროცესისთვის.

27 ივნისს, კაიროს ადამიანის უფლებათა ინსტიტუტმა დაგმო უფლებადამცველი რამი კამელ საიედ სალიდის და სხვა აქტივისტების განგრძობადი დაკავება. კამელი თავდაპირველად ეგვიპტის ხელისუფლებამ 2019 წლის ნოემბერში დააკავა, რადგან მან შვეიცარიის ვიზაზე განაცხადი შეიტანა, რათა ჟენევაში მიმდინარე გაერო-ს ფორუმში მიიღო მონაწილეობა და ესაუბრა კოპტთა თემის პრობლემებზე. ეგვიპტის მთავრობამ მას ბრალად დასდო აკრძალული ჯგუფის წევრობა და ყალბი ცნობების გავრცელება. 6 დეკემბერს კაიროს სასამართლომ მისი წინასწარი პატიმრობა დამატებით 45 დღით გააგრძელა.

2019 წელს, ალექსანდრიისა და დამანჰურის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, კოპტთა მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანამშრომლობით, კოპტური კვლევების ცენტრი დააფუძნეს. ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს კურსებს კოპტური ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და ხელოვნების შესწავლის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას კოპტ ქრისტიანთა მიმართებით, პრესაში და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ცნობებით, 3 ოქტომბერს მინიას პორვინციის ქალაქ დაბბოუსში ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის კოპტური ქორწილის დროს, რომელსაც კიდევ დამატებითი ძალადობა მოჰყვა 2 დღის შემდგომ. პოლიციამ ორივე მხრიდან 12 პირი დააკავა.

აპრილში, ეგვიპტის შესაბამისმა სამსახურებმა გაანეიტრალეს და ჩაშალეს კოპტური აღდგომის დღესასწაულის წინააღმდეგ მიმართული არეულობის მცდელობა კაიროს ამირიაჰის უბანში.

16 მაისს, პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც, გავრცელებული ცნობებით, ალექსანდრიაში მდებარე ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა. შემთხვევას არანაირი ზიანი არ მოჰყოლია. მოგვიანებით, საქმეზე მომუშავე პროკურორებმა აღნიშნეს, რომ მოცემული პირი წარსულში ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იყო განმწესებული და მოითხოვეს მისთვის ფსიქიატრიული შემოწმების ჩატარება.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდებოდა ცნობები კოპტი გოგონებისა და ქალების გატაცების შესახებ, სამთავრობო პირები, ქრისტიანული თემის ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ ისინი აღნიშნულ შემთხვევებს „გატაცებას“ ვერ უწოდებდნენ. მაგ. მარტში, Minority Rights Group International წერდა, რომ 2019 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ფიქსირდებოდა კოპტი ქალების გატაცების 13 შემთხვევა.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) აღნიშნულია, რომ ქვეყანა განგრძობადი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში იმყოფება 2017 წლიდან, როდესაც ადგილი ჰქონდა ტერორისტულ თავდასხმებს კოპტურ ეკლესიებზე. ასევე, უბრალოდ ნახსენებია, რომ ზოგჯერ, ადგილი ჰქონდა საზოგადოების მხრიდან რელიგიურ ნიადაგზე ძალადობას კოპტი ქრისტიანების მიმართ. კოპტებთან მიმართებით სხვა აქტუალური საკითხების შესახებ, ანგარიშში ინფორმაცია არ იძებნება.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ეგვიპტის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ 2014 წლის კონსტიტუციის 64-ე მუხლით „რწმენის თავისუფლება აბსოლუტური უფლებაა“. ეგვიპტელთა უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია, თუმცა, კოპტი ქრისტიანები მნიშვნელოვან რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ. მათ გარდა, ქვეყანაში შედარებით მცირე რაოდენობით, ასევე ბინადრობენ შიიტი მუსლიმები და არა-კოპტური ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები.

ანგარიშის მიხედვით,  რელიგიური უმცირესობებისა და ათეისტების მიმართ, ზოგჯერ, ადგილი აქვს სამართლებრივ დევნასა და ძალადობას. განსაკუთრებით კოპტების შემთხვევაში, ბოლო წლების განმავლობაში, ადგილი ჰქონდა მასობრივი იძულებითი გადაადგილების შემთხვევებს (სინაის ნახევარკუნძულიდან), ფიზიკურ თავდასხმებს, მათი საცხოვრებლის  გადაწვასა და მათ მიერ ეკლესიების მშენებლობების ხელის შეშლას.[4]

[1] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT EGYPT; published in June 2019; available at

[accessed 14 June 2021]

[2] United States Department of State – 2020 Report on International Religious Freedom: Egypt; published in May 2021; available at

[accessed 15 June 2021]

[3] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Egypt; published in March 2021; available at

[accessed 15 June 2021]

[4] Freedom House – Freedom in the World 2020 – Egypt; published in March 2021; available at

[accessed 15 June 2021]

[5] UK Home Office – Country Policy and Information Note Egypt: Christians; published in October 2020; available at

[accessed 16 June 2021]