ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ირანის შესახებ 2020 წლის 14 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ … „ქალებს, რომლებიც არიან შედარებით რელიგიური ოჯახებიდან, ზოგადად, ესაჭიროებათ მამაკაცი „მეთვალყურის“ (Guardian) ნებართვა, რათა შეძლონ მარტო გადაადგილება და, ამ დროს, ისინი შესაძლოა დაექვემდებარონ საზოგადოების მხრიდან არასათანადო მოპყრობას, განსაკუთრებით – შედარებით კონსერვატულ რეგიონებში. ამას გარდა, პასპორტის მისაღებად და საზღვარგარეთ გასამგზავრებლად, დაქორწინებულ ქალებს ესაჭიროებათ საკუთარი ქმრების, ხოლო 40 წლამდე დაუქორწინებელი ქალების შემთხვევაში მამის ან სხვა მამაკაცი ნათესავის, წერილობითი ნებართვა“.[1] ანალოგიური ინფორმაციაა მოცემული გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისის უახლეს შესაბამის ანგარიშშიც.[2]
ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ირანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში კანონით გარანტირებულია როგორც შიდა, ასევე – საზღვარგარეთ გადაადგილების თავისუფლება, თუმცა, ამ კუთხით, სახეზეა გარკვეული შეზღუდვები ქალებისა და მიგრანტების შემთხვევაში. კერძოდ, დაქორწინებულ ქალებს არ აქვთ უფლება, დატოვონ ქვეყანა მათი ქმრების წინასწარი თანხმობის გარეშე. ასევე, ზოგადად ქალებს, ხშირად ესაჭიროებოდათ მოგზაურობისას მამაკაცი მეთვალყურის თანხლება და მარტო მგზავრობისას, ზოგჯერ აწყდებოდნენ დისკრიმინაციას როგორც სახელმწიფოს, ასევე – საზოგადოების მხრიდან.[3]
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ირანის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში გადაადგილების თავისუფლება შეზღუდულია, რაც განსაკუთრებით ეხება ქალებსა და მმართველი რეჟიმის სავარაუდო ოპონენტებს. კერძოდ, ქალებს არ აქვთ კონკრეტულ საჯარო ადგილებზე ყოფნის უფლება და ზოგადად, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად პასპორტის მიღება, თუ გააჩნიათ მამების ან ქმრების შესაბამისი ნებართვა.[4]
ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტირების ცენტრი (ACCORD) 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ეხება ირანში და მისი საზღვარგარეთი წარმომადგენლობების მიერ პასპორტის გაცემას, წერდა, რომ ირანში პასპორტების გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოა „იმიგრაციისა და საპასპორტო პოლიცია“. პასპორტის მისაღებად, 18 წელს მიღწეულმა მოქალაქეს უნდა წარადგინოს დაბადების მოწმობა, „Shenasnameh“ დოკუმენტი და პირადობის მოწმობა. ამას გარდა, არასრულწლოვანმა მოქალაქეებმა და 18 წელს მიღწეულმა დაუქორწინებელმა ქალებმა, დამატებით უნდა წარადგინონ მამის, ან მამაკაცი ახლო ნათესავის მიერ ხელმოწერილი წერილობითი ნებართვა.
რაც შეეხება ქორწინებაში მყოფ ქალებს, მათ ესაჭიროებათ ქმრის ნებართვა, რათა მათ სახელზე გამოიცეს პასპორტი. არსებობს 3 გამონაკლისი, როდესაც დაქორწინებულ ქალს პასპორტი მისაღებად არ ესაჭიროება ქმრის თანხმობა:
- თუ ამის შესახებ საქორწინო კონტრაქტშია აღნიშნული;
- თუ ქმარი საზღვარგარეთ ბინადრობს;
- თუ ქმარი არ არის ირანის მოქალაქე [5]
[1] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT IRAN; published on 14 April 2020; available at
[accessed 30 June 2021][2] United Kingdom Home Office – Country Policy and Information Note Iran: Women – Early and forced marriage; published in February 2021; available at
[accessed 30 June 2021][3] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Iran; published in March 2021; available at
[accessed 30 June 2021][4] Freedom House – Freedom in the World 2021 – Iran; published in March 2021; available at
[accessed 30 June 2021][5] ACCORD – Inquiry response on Iran: Requirements for the issuance of a travel document by the embassy, passport for relatives in Iran, confirmation that a passport has not been obtained; published in October 2019; available at
[accessed 30 June 2021]