კამერუნი. ანგლოფონების მიმართ დამოკიდებულება. ივლისი, 2021

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი კამერუნის კრიზისთან დაკავშირებით 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ კამერუნის ინგლისურენოვანი უმცირესობა 5 მილიონამდე პირს და ქვეყნის მოსახლეობის 20 %-ს წარმოადგენს. მათი უმრავლესობა ბინადრობს ორ „ანგლოფონურ“ რეგიონში – ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი (North-West and South-West – NWSW). თუმცა, ანგლოფონები ბინადრობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო დედაქალაქ იაოუნდესა და  ქ. დოუალაში არსებობს ანგლოფონებით დასახლებული უბნები. ისინი საკმაოდწარმოდგენილნი არიან კამერუნულ საზოგადოებასა და სხვადასხვა სფეროებში, ამ კუთხით, განსაკუთრებით აღსანიშნავია მოქმედი პრემიერ-მინისტრი – ჯოზეფ დიონ ნგუტე.

კამერუნის ზემოაღნიშნულ რეგიონებში 2016 წელს დაიწყო არეულობა მას შემდეგ, ანგლოფონმა იურისტებმა და მასწავლებლებმა გააპროტესტეს ანგლოფონურ რეგიონებში ფრაკოფონი მოსამართლეებისა და მასწავლებლების დანიშვნის მზარდი ტრენდი. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ გამოიყენა სამხედრო ძალა, მათ შორის – რეალური ტყვიები. 2017 წლის 1 ოქტომბერს, ამბოხებულმა სეპარატისტებმა გამოაცხადეს „ამბაზონიის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა.

შემდგომ მათ მოახდინეს სკოლების ბოიკოტირება. 2019 წლის შუა პერიოდისთვის, სკოლათა 80 % დაკეტილი იყო, რასაც სეპარატისტულმა ჯგუფებმა მასწავლებლებზე ძალადობითა და სკოლის შენობებზე თავდასხმების მიაღწიეს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, დაახლოებით 850 000 ბავშვს განათლებაზე წვდომა არ გააჩნია.

სეპარატისტები ძირითადად გაერთიანებულნი არიან ორი მთავარი პოლიტიკური ჯგუფის ქვეშ – „ამბაზონიის ფედერალური რესპუბლიკა“ და „ამბაზონიის მმართველი საბჭო“. ამ პოლიტიკურ პარტიებთან კი, 20-ზე მეტი შეიარაღებული დაჯგუფებაა დაკავშირებული. მათი რაოდენობა და ბრძოლის-უნარიანობის მაჩვენებელი უცნობია, ხოლო ბევრი სეპარატისტი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ბინადრობს.

ანგარიშის მიხედვით, NWSW რეგიონებში და ზოგადად, კამერუნის სხვა ნაწილებში მცხოვრები ანგლოფონები ექვემდებარებიან დისკრიმინაციას, მათ შორის – დასაქმებისა და განათლების კუთხით. თუმცა, საშინაო საქმეთა ოფისის ექსპერტთა მოსაზრებით, ხელისუფლება არ უქვემდებარებს ანგლოფონებს ისეთ მოპყრობას, როგორიცაა – დაპატიმრება; არასათანადო მოპყრობა და სხვა სერიოზული ხასიათის უფლებადარღვევები, მხოლოდო იმ მოტივით, რომ ისინი არიან NWSW რეგიონებიდან, ან არიან ინგლისურად მოლაპარაკე პირები. ზოგადად, ანგლოფონები არ ექვემდებარებიან ისეთ მოპყრობას, რომელიც საკუთარი ბუნებით ან/და განმეორებითობით, გაუტოლდება დევნას. თუმცა, წყაროთა მიხედვით, კამერუნის მთავრობა ზოგადად არ ეგუება ოპოზიციას და კრიტიკას და აგრძელებს იმ პირთა დაკავებას და დაპატიმრებას (მათ შორის – ტერორიზმის ბრალდებებით) რომლებსაც მიიჩნევს ანგლოფონ სეპარატისტებად. ზოგიერთი დაკავებულის შემთხვევაში, ადგილი აქვს არასათანადო მოპყრობასაც.

ამას გარდა, ანგლოფონები ცხოვროვენ ქვეყნის დიდ ქალაქებში: დოუალა და იაოუნდე. წყაროთა მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში ორენოვანი სკოლებიც მდებარეობს. 2018 წლის ანგარიშში კანადის იმიგრაციის საბჭო წერდა, რომ ანგლოფონი მოსახლეობა „დომინირებს“ დოუალასა და იაოუნდეს რამდენიმე უბანში. ICG-ს მიხედვით, დოუალას ბევრი მკვიდრი ინგლისურენოვანია და ფრანგულად თითქმის ვერ საუბრობს.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინირების ოფისი (UNOCHA) 2020 წლის ივნისში წერდა, რომ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია მძიმეა. თუმცა, კამერუნის სხვა ნაწილებში (Far North რეგიონის გარდა, სადაც ტერორისტული დაგჯუფება Boko Haram ოპერირებს) უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია შედარებით სტაბიულურია და ბევრი ლტოლვილი და იძულებიტ გადაადგილებული პირი თავშესაფარს სწორედ აქ პოულობს. თუმცაღა, აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს კამერუნში გახშირდა ურბანული დანაშაულები, გატაცებები, პირთა დაყაჩაღება და თემებს შორის დაპირისპირებების შემთხვევები.

ოფისის ექსპერტთა მოსაზრებით, შესწავლილ წყაროთა მიხედვით, ანგლოფონი პირების ან იმ პირების შემთხვევაში, რომელთა მიმართაც არსებობს ვარაუდი, რომ ეწინააღმდეგებიან მთავრობას, ითხოვენ ანგლოფონური რეგიონებისთვის მეტი ავტონომიის ან დამოუკიდებლობის მინიჭებას, ადგილი ექნება კამერუნის ხელისუფლების მხრიდან აქტიურ ინტერესს. თუ რამდენად დადგება ასეთი პირი დევნის რისკის წინაშე, დამოკიდებულია მათ პროფილსა და აქტივობებზე. საყურადღებო ფაქტორებია:

  • პირის მიერ მხარდაჭერილი ან მასთან დაკავშირებული ჯგუფისა თუ ორგანიზაციის ბუნება, მიზნები და მეთოდები;
  • ჯგუფის აქტივობა კამერუნში და ასევე საზღვარგარეთ.
  • თუ პირი არ არის რომელიმე ჯგუფის წევრი, მათი როლი და აქტივობა ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის – დემონსტრაციების ორგანიზება ან ხელისუფლების საჯარო კრიტიკა როგორც რეალურ ცხოვრებაში, ასევე – სოციალური ქსელების გამოყენებით, კამერუნში თუ საზღვარგარეთ.
  • დაინტერესებულან თუ არა კონკრეტული პირით კამერუნის შესაბამისი სამსახურები წარსულში და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ინტერესის მიზეზი.

ამას გარდა, ოფისის ექპერტთა შეფასებით, კამერუნში არსებობს ანგლოფონური დასახლებები NWSW რეგიონების გარეთ, მათ შორის – ქალაქებში დოუალა და იაოუნდე. პირი, რომელიც არის აღნიშნული რეგიონებიდან და არ აქვს მთავრობის მხრიდან დევნის საფუძვლიანი შიში, მარტივად შეძლებს კამერუნის სხვა ნაწილებში რელოკაციას. ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა განიხილონ შიდა-გადაადგილების ალტერნატივის რელევანტურობა და მიზანშეწონილება, პირის ინდივიდუალური მაჩვენებლების სრული გათვალისწინებით.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House კამერუნის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ კამერუნში ადგილი აქვსქვეყნის ანგლოფონი მოქალაქეების და ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა მიმართ დისკრიმინაციას. ქვეყნის ხელისუფლება ანგლოფონურ რეგიონებში ფრანგული ენის შემოღებას ცდილობს, ხოლო ანგლოფონ კამერუნელებს ხშირად უარს ეუბნებიან საჯარო სამსახურში მაღალ პოზიციებზე დასაქმებაზე.[2]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO)2021 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში კამერუნის ანგლოფონურ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ წერდა, რომ გაეროს 2021 წლის 1 ივნისის ანგარიშის მიხედვით, კამერუნის Far North, North-West და South-West რეგიონებში ძალადობა კვლავაც გრძელდებოდა. ამ კუთხით, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ანგლოფონური North-West და South-West რეგიონები, სადაც სეპარატისტული დაჯგუფებები თავს ესხმოდნენ სამთავრობო პირებს, თემის ლიდერებს და სკოლების პერსონალს. აღნიშნული თავდასხმების რაოდენობამ იმატა რეგიონალური არჩევნების მოახლოებისას და მას შემდეგაც გრძელდება.

2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 6 მაისის ჩათვლით, ორგანიზაცია ACLED-მა კამერუნში სულ 1 387 ძალადობრივი შემთხვევა აღრიცხა, რომელთაგან 552 კატეგორიზებული იყო, როგორც „შეიარაღებული შეტაკება“; 62 – „აფეთქება/დისტანციური ძალადობა“ და 773, როგორც „ძალადობა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ“.

Human Rights Watch 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, „სეპარატისტების თავდასხმებს უსაფრთხოების ძალებმა მკაცრი მეთოდების გამოყენებით უპასუხეს, რომლის ფარგლებშიც ხშირად სამიზნეს სამოქალაქო პირები წარმოადგენდნენ. შედეგად, ასობით მათგანი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში შეტაკებებისას. 2020 წლის განმავლობაში, აღირიცხა სეპარატისტული დაჯგუფებების მიერ განხორციელებული უფლებადარღვევები; მკვლელობები; წამებისა და გატაცების შემთხვევები. ამას გარდა, ისინი ასევე ხელს უშლიდნენ ჰუმანიტარულ მუშაკებსა და მასწავლებლებს საკუთარი მოვალეობის განხორციელებაში. 2020 წლის აპრილისთვის, OSAC წერდა, რომ სეპარატისტები იტაცებდნენ კამერუნის უსაფრთხოების ძალებისა და სამთავრობო ელიტის წევრებს. ისინი ასევე ახორიცელებდნენ მომაკვდინებელ თავდასხმებს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში.

2021 წლის აპრილში მედია საშუალება Al-Jazeera წერდა, რომ კამერუნის ანგლოფონურ რეგიონებში სიტუაცია კიდევ უფრო უარესდებოდა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ფიქსირდებოდა მზარდი დანაკარგები სამოქალაქო პირებში, განახლებული თავდასხმები სკოლებზე და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით (IEDs) თავდასხმები.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინირების ოფისი (UNOCHA) ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის აპრილში, კამერუნის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში 10 000 პირი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. იმავე ანგარიშის მიხედვით, აპრილში დაფიქსირდა ჰუმანიტარულ მუშაკებზე და ჯანდაცვის პროვაიდერებზე თავდასხმის სამი, ხოლო გენდერული ნიშნით ძალადობის 965 შემთხვევა. ამას გარდა, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გათვლებით, კამერუნის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში კრიზისმა 700 000 ბავშვი სკოლის გარეთ დატოვა.

რაც შეეხება უშუალოდ უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობას კონკრეტული რეგიონების მიხედვით, ACLED მონაცემებით, 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 6 მაისის ჩათვლით, კამერუნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში სულ 490 ძალადობრივი ინციდენტი დაფიქსირდა, რომელთაგან უმრავლესობა შეიარაღებულ შეტაკებას ან სამოქალაქო პირებზე ძალადობას წარმოადგენდა. ყველაზე ცხელი წერტილები იყო: მეზამი; ნგო-კეტუნჯია; ბუი და მომო. რაც შეეხება სამხრეთ-დასავლეთ რეგიონს, იმავე საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 290 ძალადობრივი შემთხვევა, რომელთაგან უმრავლესობა, ჩრდილო-დასავლეთის მსაგვსად, შეიარაღებულ შეტაკებებსა და სამოქალაქო პირებზე ძალადობის ინციდენტებზე მოდიოდა. ინციდენტები ძირითადად ფიქსირდებოდა შემდეგ ლოკაციებზე: ფაკო; ნდიანი; მემე; კოუფე-მენენგოუბა და მანიუ.[3]

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისმა 2021 წლის 14 ივნისს გამოაქვეყნა განახლებული რუქა, სადაც აღწერილიამოგზაურთათვის კამერუნში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.ორივე ანგლოფონური რეგიონი (South West და North West) წითელ ზონაში ხვდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქ. ლიმბე ხვდება არა წითელ, არამედ ყვითელ ზონაში და იქ მოგზაურობა რეკომენდირებული მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.[4]

[1] UK Home Office – Country Policy and Information Note Cameroon: North-West/South-West crisis; published in December 2020; available at

[accessed 9 July 2021]

[2] Freedom House – Freedom in the World 2021 – Cameroon; published in March 2021; available at

[accessed 9 July 2021]

[3] EASO – COI Query “Cameroon  -Latest developments on security situation in Anglophone region between 1 January 2020 and 31 May 2021”; published in  June 2021; available at

[accessed 9 July 2021]

[4] Government of UK; Foreign travel Advice; Cameroon; available at: https://www.gov.uk/foreign-travel-advice/cameroon [accessed on 14 June 2021]