პაკისტანი. უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება. ივლისი, 2021

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts)მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, პაკისტანში  საერთაშორისო ტიპის შეიარაღებული კონფლიქტიარ ფიქსირდება. თუმცა,სახეზეა არა-საერთაშორისო ტიპის კონფლიქტი, კერძოდ, პაკისტანის მთავრობა აქტიურად ებრძვის ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ რამდენიმე შეიარაღებულ დაჯგუფებას, მათ შორის – ტერორისტულ ორგანიზაცია „თალიბანთან“ ასოცირებულ ჯგუფებს და ბალოჩისტანის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს.[1]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის (EASO) მიერ 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც პაკისტანში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას ეხება, ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია რეგიონების მიხედვითა განსხვავებულია. მასზე ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კონკრეტული ფაქტორები, როგორიცაა – პოლიტიკური ძალადობა; არასახელმწიფო შეიარაღებული აქტორების მიერ ჩადენილი ქმედებები; ეთნიკური კონფლიქტები და კონფესიური ტიპის ძალადობა. ამას გარდა, საშინაო უსაფრთხოებაზე ზოგჯერ უარყოფითად აისახება მცირე შეტაკებები,  მეზობელ ქვეყნებთან (ინდოეთი და ავღანეთი), რომლებიც ზოგჯერ ძალადობის მაღალ მაჩვენებელს აღწევს.

ანგარიშის მიხედვით, ზოგადად, პაკისტანში ძალადობის მაჩვენებლის ზრდა უკავშირდება ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილში არასტაბილურ ვითარებას, რომელიც დაიწყო 2001 წელს, ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ. ავღანური თალიბანის ზოგიერთი წევრი, გაექცა რა აშშ-ის მეთაურობით შემოჭრილ საერთაშორისო კოალიციას, დასახლდა ორ ძირითად რეგიონში – FATA და ხიბერ პახტუნკხვა. დროთა განმავლობაში, აღნიშნულ რეგიონებში მათ გაზარდეს საკუთარი გავლენა და დაიქვემდებარეს ანალოგიურ იდეოლოგიურ მოტივებზე შექმნილი ადგილობრივი შეიარაღებული ჯგუფები. საბოლოოდ, აღნიშნული პროცესი გადაიქცა რეგიონის ერთგვარ „თალიბანიზაციად“. თალიბანის მიდგომები იყო საკმაოდ მკაცრი და კონსერვატიულ ისლამურ პრინციპებზე დაფუძნებული, რამაც შედეგად სამოქალაქო პირებზე ძალადობა და, საბოლოოდ, პაკისტანის ხელისუფლებასთან კონფლიქტი გამოიწვია. 2007 წლიდან მოყოლებული, ზემოხსენებულ 2 რეგიონში პაკისტანის მთავრობამ განახორციელა რამდენიმე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში, პირთა მასობრივი იძულებითი გადაადგილება გამოიწვია.

ანგარიშში საუბარია მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე და გასული წლების განმავლობაში, რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით სტაბილურობის დამყარების არაერთ მცდელობაზე. მათ შორის, იყო 2014 წლის სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც საბოლოო ჩაიშალა; 2014 წლის 20 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა; 2015-2016 წლებში განხორციელებული მასშტაბური სამხედრო ოპერაცია – Zarb-e-Azb; 2017 წელს – ოპერაცია „Radd-Ul-Fasaad“ და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო 4-5 წლის განმავლობა, პაკისტანში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის გაუმჯობესების ტრენდი შეინიშნება. ყოველწლიურად, წინა წელთან შედარებით, ნაკლები ინციდენტი და ნაკლები მსხვერპლი ფიქსირდება.

2020 წლის ივლისში, 2019 წელს უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ სატელეფონო ინტერვიუსას ექსპერტმა ასად ჰაშიმმა ოფისს განუხდა: „შეინიშნება ზოგადი ძალადობის კლება, რაც თავსებადია 2014 წლიდან დაწყებულ ტრენდთან. თუმცაღა, სერიოზული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს, 2019 წელს, ჯერ კიდევ ფიქსირდებოდა ისეთი ტიპის ძალადობრივი ინციდენტები, როგორიცაა: ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით, ხელყუმბარებით და სარაკეტო ბომბებით თავდასხმები; თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმები და გამიზნული მკვლელობები.

2020 წლის აგვისტოში, პაკისტანში 2020 წლის პირველ ნახევარში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ ექსპერტმა მაიკლ კუგელმანმა განაცხადა, რომ 2019 წელთან შედარებით, სიტუაცია შედარებით მშვიდი იყო. თუმცაღა, ერთ-ერთ სერიოზულ და საყურადღებო საკითხს წარმოადგენდასეპარატისტული შეიარაღებული დაჯგუფებების ქმედებები. 2019 წლის ბოლოდან მოყოლებული და 2020 წლის პირველი ნახევარშიც, ისეთი ჯგუფები, როგორიცაა მაგ. „ბალოჩისტანის გათავისუფლების არმია“ შედარებით გააქტიურდნენ და მოაწყვეს რამდენიმე თავდასხმა, მათ შორის – კარაჩიში მდებარე ერთ-ერთ სააქციო ბირჟაზე. 2020 წელს, უსაფრთხოების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა განცხადება ალიანსის შესახებ ბალოჩ სეპარატისტთა ჯგუფებსა და სინდჰის პროვინციაში მოქმედ ნაციონალისტთა დაჯგუფებებს შორის.აღნიშნული პროვინციათშორისი ალიანსი თავისი ხასიათით უპრეცედენტოა და მიანიშნებს არა-მუსლიმური, ანტი-სახელმწიფოებრივი აქტორების სურვილზე, საკუთარ ბრძოლას უფრო დიდი მასშტაბი მიანიჭონ.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი პაკისტანში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ პაკისტანი არის ფედერალური მოწყობის საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის სათავეშიც, 2018 წლიდან Tehreek-e-Insaf (PTI) პარტიაა, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრია აღნიშნული პარტიის ლიდერი – იმრან ხანი.

პაკისტანში  საშინაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ძირითადი ორგანო პოლიციაა, რომლის ადგილობრივი დანაყოფებიც ფედერალური ერთეულების მთავრობების იურისდიქციაშია. ამას გარდა, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში (მაგალითად, ბალოჩისტანი, ხიბერ პახტუნკხვა) ასევე მოქმედებენ გასამხედროებული ჯგუფები და რეინჯერები, რომლებიც ფედერალურ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებიან. ზემოხსენებულ ჯგუფთა ძირითადი მიზანია შეინარჩუნონ უსაფრთხოება პაკისტანი-ავღანეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურები ექვემდებარებიან სამოქალაქო სტრუქტურებს და მთავრობას, ზოგჯერ, ისინი მაინც მოქმედებენ დამოუკიდებლად, ყოველგვარი სამთავრობო მონიტორინგის გარეშე.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, პაკისტანში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან უფლებათა დარღვევათა შორის იყო:უკანონო და თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – სამთავრობო უწყებების მიერ ჩადენილი კანონგარეშე მკვლელობები; იძულებითი გაუჩინარების შემთხვევები; სამთავრობო ძალების მიერ ჩადენილი წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები თვითნებური დაკავება; პოლიტიკური პატიმრები;პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესალიები საზღვარგარეთ მყოფი პირების მიმართ; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; აზრის გამოხატვის, პრესის და ინტერნეტის თავისუფლების კუთხით არსებული შეზღუდვები, მათ შორის – ცენზურა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა; შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა; რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები; შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლების კუთხით; კორუფცია; ტრეფიკინგი და ა.შ. როგორც წესი, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე სამთავრობო პასუხისმგებლობის საკითხი, იშვიათად თუ დგებოდა. ამას გარდა, შესაბამისი სამსახურები თითქმის არ სჯიდნენ ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის დამნაშავე საჯარო მოხელეებს.

პაკისტანში, ზოგადად ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობას, აუარესებს ისეთი არასახელმწიფო აქტორების, როგორიცაა შეიარაღებული დაჯგუფებები და ტერორისტულ ორგანიზაციები, მიერ  ჩადენილი ძალადობა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ტერორისტული ძალადობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, რაც თანხვედრაშია უკანასკნელ წლებში დაფიქსირებულ, ზოგადი კლების ტენდენციასთან.უსაფრთხოების ძალები, პოლიცია და სამართალდამცავი ორგანოები ახორციელებდნენ მასშტაბურ კამპანიებს ტერორისტული და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი თუ უცხოური შეიარაღებული ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ძალადობასა და სოციალურ თუ სექტარულ შეუწყნარებლობას საკუთარ წვლილი შეჰქონდა უკანონობის განცდაში.  2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ზემოხსენებული არასახელმწიფო აქტორების ქმედებების შედეგად განხორციელებულ ძალადობას 499 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 365 იყო, ხოლო 2018 წელს – 697).[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom Houseპაკისტანის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ პაკისტანი რეგულარულად ატარებს არჩევნებს კონკურენტულ, მულტი-პარტიულ პოლიტიკურ გარემოში. თუმცა, ქვეყანაში სამხედრო ფრთა ფლობს უზარმაზარ გავლენას უსაფრთხოებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, ახორციელებს მედიის დაშინებას და არ ექვემდებარება არანაირ პასუხისმგებლობას ძალის კანონგარეშე ან/და განურჩეველი მეთოდით გამოყენების გამო. პაკისტანის ხელისუფლება აწესებს სელექციური ხასიათის შეზღუდვებს სამოქალაქო თავისუფლებებზე და ისლამისტი შეიარაღებული დაჯგუფებები ახორციელებენ თავდასხმებს რელიგიურ უმცირესობებსა და ოპონენტებად აღქმულ სუბიექტებზე. ორგანიზაციის მიერ 37/100 შეფასებით, პაკისტანი წარმოადგენს „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყანას.

მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის ხელისუფლების მიერ COVID-19 გავრცელების საწინააღმდეგო „ლოქდაუნი“ იყო დაწესებული, რამდენიმე ცნობილი იმამი იგნორირებას უწევდა დაწესებულ შეზღუდვებს და მოუწოდებდა მრევლს, არ დამორჩილებოდნენ სამთავრობო დირექტივებს. აღნიშნული პირები კი, თავის მხრივ, თავს ესხმოდნენ იმ პოლიციელებს, რომლებიც ცდილობდნენ მათ შეჩერებას. წლის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობით, პაკისტანში დადასტურებული იყო COVID-19-ით ინფიცირების 497 000 შემთხვევა, რასაც 10 000 პირზე მეტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ ვითარებას, ანგარიშის მიხედვით, პაკისტანის სასამართლო შტო პოლიტიზებულია და ისტორიულად ჩართულია სამხედროების, სამოქალაქო ხელისუფლებისა და ოპოზიციურ პოლიტიკოსებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლის პროცესში. 2020 წლის განმავლობაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფისა და სხვა წამყვანი ოპოზიციური პარტიების (PML-N; PPP) ლიდერთა წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით ახალი საქმეები აღძრეს. ორგანიზაციის შეფასებით, ამ პროცესების გამო, სასამართლომ დაუშვა საკუთარი თავის ჩართულობა და ინსტრუმენტად გამოყენება ეროვნულ პოლიტიკაში.

2020 წელს, მოსამართლე ქაზი ფაეზ ისა დაექვემდებარა კომპლექსურ სამართლებრივ დავას, რადგან მის მიმართ არსებობდა ეჭვი, რომ გააჩნდა დაუდეკლარირებელი ქონება გაერთიანებულ სამეფოში. იუსტიციის მოქმედმა მინისტრმა დროებით დატოვა საკუთარი თანამდებობა, რათა აღნიშნულ საქმეში ყოფილიყო მთავრობის წარმომადგენელი. უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ – უმარ ატა ბანდიალმა განაცხადა, რომ ისას წინააღმდეგ საქმე უსაფუძვლო იყო და საფრთხეს უქმნიდა მთლიანი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას.

ზოგადად, სასამართლო სისტემაში იყო ენდემური ხასიათის პრობლემები, მათ შორის – კორუფცია; დაშინებები; დაგროვილ საქმეთა დიდი რაოდენობა და მსჯავრდების დაბალი მაჩვენებელი სერიოზული დანაშაულებისას. სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მაჩვენებელი, ორგანიზაციის მიერ მაქსიმალური 4 ქულიდან 1-ით ფასდება.[4]

არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch პაკისტანის შესახებ 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ 2020 წელს, პაკისტანის ხელისუფლება დევნიდა და ზოგჯერ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც კი უქვემდებარებდა უფლებადამცველებს, ადვოკატებსა და ჟურნალისტებს, მათ მიერ სამთავრობო ჩინოვნიკებისა და მთავრობის კრიტიკის გამო.

შესაბამისი სამსახურები იყენებდნენ „დრაკონული“ ხასიათის კონტრ-ტერორისტულ კანონმდებლობას, რათა ჩაეხშო განსხვავებული აზრი და ხელისუფლება მკაცრ რეგულაციებს უქვემდებარებდა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებსა და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მისი კრიტიკით გამოირჩეოდნენ. ქალები, რელიგიური უმცირესობები და ტრანსგენდერი პირები კვლავ ექვემდებარებოდნენ ძალადობას, დისკრიმინაციასა და სამართლებრივ დევნას, ხოლო მთავრობა, რიგ შემთხვევებში, ვერ ახერხებდა მათ ადეკვატურ დაცვას ან დამნაშავეების სათანადო დასჯას. პაკისტანის ხელისუფლებამ ასევე ვერ მოახერხა დაეყენებინა სამართალდამცავი სააგენტოების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდებოდა მათ მიერ პირთა სავარაუდო წამებისა და კანონგარეშე მკვლელობის ახალი ბრალდებები. ისლამისტი შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმებს, რომლის სამიზნესაც როგორც წესი, რელიგიური უმცირესობები და სამართალდამცავები წარმოადგენდნენ,  ათობით პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხელისუფლება ასევე სადამსჯელო ღონისძიებათა კამპანიას ახორციელებდა ოპოზიციური პარტიების წევრებსა და მხარდამჭერებზე. ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი, მათ შორის – ყოფილი სახელმწიფო მეთაური თუ მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრები განსასჯელის სკამზე იმყოფებოდა პოლიტიკურად მოტივირებული კორუფციის ბრალდებების საფუძველზე.[5]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი პაკისტანის შესახებ 2019 წლის ანგარიშში წერდა, რომ პაკისტანის რეგიონალური პოლიციის ეფექტურობა და ის გამოწვევები, რომლებსაც ისინი ექვემდებარებიან, განსხვავებულია გეოგრაფიული ლოკაციის მიხედვით. თუმცა, ზოგადად, პოლიციელთა ეფექტურობა პაკისტანში შეზღუდულია, რაც დიდწილად განპირობებულია რესურსების ნაკლებობით, ტრენინგების დაბალი დონით, არასაკმაირი და მოძველებული აღჭურვილობითა და ზემდგომთა, პოლიტიკურ აქტორთა, უსაფრთხოების ძალებისა და სასამართლოს მხრიდან მათზე ზეწოლით. სექტარული ხასიათის ძალადობისა და შიდა ტერორიზმის გამო, საპოლიციო რესურსები მიმართულია არა ზოგადად, საზოგადოებაში საპოლიციო როლის შესრულებაზე, არამედ – კონკრეტული ძალადობრივ ინციდენტებზე რეაგირებაზე. პაკისტანელ ხალხში ფართოდ არის გავრცელებული აღქმა, რომ პოლიციაში კორუფციის მაღალი დონეა და პოლიციისადმი მათი ნდობა, დაბალია.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ის უკიდურესად გადატვირთულია დაგროვილი საქმეებით. დეპარტამენტს გააჩნია ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებმაც ორი ათწლეული გაატარეს წინასწარ დაკავებაში მანამ, სანამ უზენაესი სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო დარბაზიდან გაათავისუფლებდა. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიხედვით, სასამართლო სისტემაში ფიქსირდება როგორც კორუფცია, ასევე – მოსამართლეთა დაშინება რელიგიურად მგრძნობიარე საქმეების დროს. დეპარტამენტს ასევე გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაკისტანის სამხედრო ელიტა ახდენდა უზენაესი სასამართლოს ზოგიერთ მოსამართლეზე ზეწოლას მას შემდეგ, რაც ისინი ჩაერივნენ იძულებით გაუჩინარებებისა და სხვა, სამხედროთა ინტერესების საწინააღმდეგო საქმეებში.[6]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts – Pakistan; available at https://www.rulac.org/browse/countries/pakistan [accessed 20 July 2021]

[2] EASO – Pakistan Security situation; published in October 2020; available at

[accessed 20 July 2021]

[3] United States Department of State – “2020 Country Reports on Human Rights Practices: Pakistan”; published in March 2020; available at

[accessed 20 July 2021]

[4] Freedom House – Freedom in the World 2021 – Pakistan; published in March 2021; available at

[accessed 20 July 2021

[5] Human Rights Watch – World Report 2021 – Pakistan; published in January 2021; available at

[accessed 20 July 2021]

[6]Australian DFAT – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT PAKISTAN; published in February 2019; available at

[accessed 20 July 2021]