ლიბია. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ივლისი, 2021

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისმა 2021 წლის 14 აპრილს გამოაქვეყნა განახლებული რუქა, სადაც აღწერილიამოგზაურთათვის ლიბიაში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით. როგორც რუქიდან ჩანს, ლიბიის მთლიანი ტერიტორია წითელ ზონაში ხვდება.ოფისის მხრიდან ლიბიაში მოგზაურობასთან დაკავშირებით აღნიშნული მიდგომა ძალაშია 2014 წლიდან მოყოლებული.

[1]

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას” (Rule of Law in Armed Conflicts)პორტალისმიხედვით, 2011 წელს კადაფის რეჟიმის დამხობის შემდგომ, ლიბიაში ადგილი აქვს მუდმივ პოლიტიკურ უთანხმოებასა და შეიარაღებულ ძალადობას. ქვეყანაში არსებობს რამდენიმე მთავრობა და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც ხშირად იცვლიან მხარეებს და ზოგჯერ ოპერირებენ დამოუკიდებლად. შედეგად, ზოგადი სიტუაცია საკმაოდ ბუნდოვანია. 2014 წლიდან მოყოლებული, ლიბიაში მიმდინარეობს რამდენიმე, თანმკვეთი არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი საერთაშორისოდ აღიარებულ ლიბიის მთავრობას, „ლიბიის ეროვნულ არმიასა“ და სხვადასხვა შეიარაღებულ დაჯგუფებასა თუ საგარეო ძალას შორის.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ლიბიაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ზოგადი მდგომარეობის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების აქტიურ ფაზაშია. მოქმედი „ეროვნული შეთანხმების მთავრობა“, რომელიც წარმოადგენს 2015 წელს პოლიტიკური შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბებულ გარდამავალ ხელისუფლებას, ქვეყნის მხოლოდ მცირე ნაწილს აკონტროლებდა. ამის პარალელურად, აღმოსავლეთ ლიბიაში მოქმედი ინსტიტუციები და ჯგუფები, რომლებიც ხშირად აფილირებულნი იყვნენ გენერალ ხალიფა ჰაფთარის „ლიბიის ეროვნულ არმიასთან“, აგრძელებდნენ მთავრობისადმი დაუმორჩილებლობას და საკუთარ თავს მიიჩნევდნენ ლეგიტიმურ მთავრობად.

ანგარიშის მიხედვით, მოქმედ მთავრობას თითქმის არ გააჩნდა ეფექტური კონტროლი უსაფრთხოების ძალებზე და აღნიშნული დანაყოფები როგორც წესი, შედგებოდა არა-მუდმივი შენაერთებისგან, ტომობრივი არა-სამთავრობო შეიარაღებული დაჯგუფებებისა და სამოქალაქო მოხალისეებისგან. სამოქალაქო ინსტიტუციები მხოლოდ ნომინალურ კონტროლს ახორციელებდნენ პოლიციასა და უსაფრთხოების ძალებზე, რომლებიც ჩადიოდნენ არაერთ დანაშაულს.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მოქმედ ხელისუფლებასა და სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ აქტორებს (მათ შორის – „ლიბიის ეროვნულ არმიას“) შორის კონფლიქტი გრძელდებოდა, ხოლო ორივე მხარეს მხარს უჭერდნენ კონკრეტული საგარეო აქტორები. ლიბიის ეროვნული არმია ახორციელებდა სხვადასხვა დონის კონტროლს ქვეყნის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე. ივნისში, თურქეთის სამხედრო ჩარევის (მოქმედი მთავრობის სასარგებლოდ) და რამდენიმეთვიანი ინტენსიური ბრძოლის შედეგად, ლიბიის ეროვნულ არმიასთან აფილირებული ჯგუფები, მათ შორის – რუსული დაქირავებული მებრძოლები (Wagner Group) იძულებულნი გახდნენ, შეეჩერებინათ თავდასხმების ლიბიის დედაქალაქსა და ქვეყნის დასავლეთში მდებარე სხვა ცენტრებზე  და უკან დაეხიათ ცენტრალურ ლიბიაში. უცხოური სამხედრო ძალები, მებრძოლები და დაქირავებული ჯარისკაცები აგრძელებდნენ ოპერირებას მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, როგორც სამთავრობო, ასევე – ეროვნული არმიის მხარეს. „ისლამური სახელმწიფო-ლიბია“ ცდილობდა, შეენარჩუნებინა მცირე გავლენა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთის უდაბნოს რეგიონში. გაერო და საერთაშორისო პარტნიორები ცდილობდნენ ზავის მიღწევას, მათ შორის – მოახერხეს ოქტომბერში მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა და დაარწმუნეს მოქმედი მხარეები, დაბრუნებოდნენ მოლაპარაკების მაგიდას.

მიმდინარე საანგარიშო წელს დაფიქსირებულ მნიშვნელოვან უფლებადარღვევათა შორის იყო: უკანონო და თვითნებური მკვლელობები, განხორციელებული სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფების მიერ, რომელთა ნაწილი მხარს უჭერდა მოქმედ მთავრობას, ნაწილი კი – ლიბიის ეროვნულ არმიას; იძულებითი გაუჩინარებები; წამება, ჩადენილი ყველა მოქმედი მხარის მიერ; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში პირობები ციხეებსა და დაკავების ცენტრებში, რომელთა ნაწილიც სამთავრობო კონტროლს მიღმა იყო; თვითნებური დაკავებები და დაპატიმრებები; პოლიტიკური პატიმრები; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევას, მათ შორის – არასახელმწიფოებრივი აქტორების მხრიდან; შიდა კონფლიქტის დროს ჩადენილი სერიოზული დარღვევები, მათ შორის – სამოქალაქო პირების მკვლელობები და ბავშვთა რეკრუტირება; გამოხატვის თავისუფლების კუთხით სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის – ძალადობა ჟურნალისტების მიმართ; შეკრების თავისუფლების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი შეზღუდვები; ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებელთა არგაძევების პრინციპის დარღვევა; ფართოდ გავრცელებული კორუფცია; პირთა ტრეფიკინგი; იძულებითი შრომა და ა.შ.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ლიბიის შესახებ 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ 2019 წლის აპრილიდან მოყოლებული, გაეროს მიერ აღიარებული „ეროვნული შეთანხმების მთავრობა“ შეიარაღებულ კონფლიქტშია ჩართული კონკურენტ მთავრობასთან აღმოსავლეთ ლიბიაში, რომელიც აფილირებულია შეიარაღებულ დაჯგუფება „ლიბიის არაბთა შეიარაღებული ძალებთან“ (LAAF) გენერალ ხალიფა ჰიფთარის მეთაურობით. 2020 წლის 23 ოქტომბერს, მხარეებმა ჟენევაში მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ანგარიშის მიხედვით, კონფლიქტმა მნიშვნელოვნად ნეგატიური გავლენა იქონია ელემენტარულ სერვისებზე, მათ შორის – ჯანდაცვითი სერვისებისა და ელექტრო-ენერგიის მიწოდებაზე. ორივე მხარეს მოქმედი შეიარაღებული ჯგუფები აგრძელებდნენ პირთა უკანონო მკვლელობებსა და განურჩეველი მიზნით დაბომბვებს, რასაც შედეგად სდევდა სამოქალაქო მსხვერპლი და დანგრეული სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა.

აგვისტოში, ქ. ტრიპოლიში, მთავრობასთან აფილირებულმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა მძიმე იარაღი გამოიყენეს დემონსტრანტთა წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებდნენ კორუფციასა და ცხოვრების მძიმე პირობებს. სექტემბერში, ლიბიის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქებში; ბენგჰაზი, თობრუკი და ალ-მარჯი ასევე გაიმართა საპროტესტო დემონსტრაციები. LAAF-თან აფილირებულმა ძალებმა ზოგიერთი პროტესტი რეალური ტყვიების გამოყენებით ჩაახშეს.

ლიბიაში მყოფი მიგრანტებს, თავშესაფრის მაძიებლებსა და ლტოლვილებს  თვითნებურად აკავებდნენ, რომლის დროსაც ბევრი მათგანი ექვემდებარებოდა ისეთი ტიპის მოპყრობას, როგორიცაა: სექსუალური ძალადობა, იძულებითი შრომა, არასათანადო მოპყრობა და გამოძალვა. აღნიშნულ ქმედებებს ახორციელებდნენ მმართველის ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, შეიარაღებული დაჯგუფებების წევრები, კონტრაბანდისტები და ტრეფიკინგში ჩართული პირები.[4]

Amnesty International ლიბიის შესახებ 2021 წლის ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ ქვეყანაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები და სხვადასხვა აქტორები ჩადიოდნენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის რიგ დარღვევებს, მათ შორის – შესაძლო ომის დანაშაულებს. “ეროვნული შეთანხმების მთავრობის“ მხარდამჭერებს და „ლიბიის არაბთა შეიარაღებული ძალებს“ (LAAF) შორის ტრიპოლისა და სხვა დასავლეთით მდებარე ქალაქებთან მომხდარშეიარაღებულ შეტაკებებს შედეგად სამოქალაქო პირებში მსხვერპლი, მასობრივი იძულებითი გადაადგილება და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის – საავადმყოფოების ნგრევა მოჰყვა. გაეროს მიერ იარაღზე დაწესებული ემბარგოს დარღვევით, თურქეთი, რუსეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები აგრძელებდნენ საკუთარი მოკავშირეების მომარაგებას იარაღითა და სამხედრო აღჭურვილობით. ათასობით პირი თვითნებურად იყო დაკავებულ  ყოველგვარი სათანადო პროცესის გარეშე. შეიარაღებული დაჯგუფებები იტაცებდნენ პირებს მათი რეალური თუ სავარაუდო პოლიტიკური, რეგიონალური თუ თემობრივი კუთვნილების გამო, მათ შორის – ჟურნალისტებს, დემონსტრანტებს, ექიმებს, საჯარო მოხელეებს და სამოქალაქო აქტივისტებს. ქალები, გოგონები და ლგბტი თემის წარმომადგენლები ექვემდებარებოდნენ დისკრიმინაციასა და ძალადობას. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ვერ ახერხებდნენ ადექვატური ჯანდაცვითი თუ სხვა ძირითადი სერვისების მიღებას. საჯარო მოხელეები, შეიარაღებული დაჯგუფებების წევრები და კრიმინალური ბანდების სისტემატურად უქვემდებარებდნენ დაკავებულ ლტოლვილებს, თავშესაფრის მაძიებლებსა და მიგრანტებს წამებასა და სხვა ტიპის არასათანადო მოპყრობას, უკანონო მკვლელობას, სექსუალურ ძალადობას და იძულებით შრომას.[5]

[1] United Kingdom Foreign, Commonwealth and Development Office (FCDO) – Libya Travel Advice; published on 14 April 2021; available at https://www.gov.uk/foreign-travel-advice/libya [accessed 19 July 2021]

[2]Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts –Libya; last updated in April 2021; available at https://www.rulac.org/browse/conflicts/non-international-armed-conflicts-in-libya#collapse2accord [accessed 20 July 2021]

[3] United States Department of State – 2020 Country Reports on Human Rights Practices: Libya; published in March 2021; available at

[accessed 20 July 2021]

[4]Human Rights Watch – World Report 2021 – Libya; published in January 2021; available at

[accessed 20 July 2021]

[5] Amnesty International – Amnesty International Report 2020/21; The State of the World’s Human Rights; Libya 2020; published in April 2021; available at

[accessed 20 July 2021]