თურქეთი. პარტია HDP; წევრთა და მხარდამჭერთა მდგომარეობა. ივლისი, 2021

ინფორმაცია პოლიტიკური პარტია HDP-ის შესახებ – თურქეთის სახალხო დემოკრატიული პარტია (HDP) შეიქმნა 2012 წელს, როგორც სახალხო დემოკრატიული კონგრესის პოლიტიკური ფრთა.სახალხო დემოკრატიული კონგრესი შედგებოდა სხვადასხვა მემარცხენე პარტიისგან, რომლებმაც წარუმატებლობა განიცადეს  არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობისას და ბოლო არჩევნებისთვის სიები გააერთიანეს წარმატების მისაღწევად. აღნიშნული პარტიების სიაში შედიან რევოლუციური სოციალისტ მშრომელთა პარტია, ლეიბორისტული პარტია, სოციალისტური პარტია ხელახალი დაფუძნებისთვის, სოციალისტურ დემოკრატიული პარტია, მწვანეები, მშვიდობისა და დემოკრატიის პარტია და სხვა მემარცხენე, ფემინისტი და ლგბტ ჯგუფები, სავაჭრო კავშირები და ეთნიკური ინიციატივები.

პარტიის იდეოლოგიაა დემოკრატიული სოციალიზმი, ანტი-კაპიტალიზმი, ეგალიტარიანიზმი, პოლიტიკური პლურალიზმი. სახალხო დემოკრატიული პარტია განიხილება როგორც ბერძნული სირიზას ანალოგი. პარტია უარყოფს კაპიტალიზმს და შრომით ექსპლუატაციას თურქეთის ყველა მოქალაქის სარგებლისთვის, განურჩევლად რასის, რელიგიისა და გენდერული კუთვნილებისა. პარტია არის სეკულარული და ამ მხრივ იზიარებენ მუსტაფა ათათურქის პრინციპებს. სახალხო დემოკრატიული პარტია, ასევე, მიიჩნევა ქურთების, ალევისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების უფლებების დამცველად.HDP მხარს უჭერს ისეთ პრინციპებს, როგორიცაა: მშვიდობა; თვითმართველობა; გენდერული თანასწორობა და გარემოს დაცვა.

პარტიას ორი თანა-პრეზიდენტი ჰყავს. ამჟამად, აღნიშნულ თანამდებობებს იკავებენ პერვინ ბულდანი და მიტჰათ სანკარი. პარტიის სათაო ოფისის მისამართია – Barbaros Mah. Tahran Cad. Büklüm Sok. No: 117 06680 Çankaya/Ankara.[1]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ თურქეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP) საგარეო საქმეთა კომისრის ოფისის წევრის განცხადებით, თურქეთის სახალხო დემოკრატიული პარტია არ გასცემს წერილს, რომელიც პირის პარტიის წევრობას ან მხარდამჭერობას დაადასტურებს. იგივე წყაროს თქმით, თურქეთში ყველა პოლიტიკური პარტიის ყველა წევრი დარეგისტრირებულია უზენაეს სასამართლოში და აღნიშნული ჩანაწერი გენერალური პროკურატურის ინტერნეტ გვერდზეა ხელმისაწვდომი. გენერალური პროკურატურის ინტერნეტ გვერდის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის წევრობის დამადასტურებელი ჩანაწერის მოთხოვნა პირს შეუძლია, როგორც საიტიდან, ასევე მობილური აპლიკაციიდან.

თურქეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური პარტიის წევრს, რომელსაც სურს დაადასტუროს პოლიტიკური პარტიის წევრობა, შესაბამის დოკუმენტზე წვდომა შეუძლია „ელექტრონული მთავრობის“ (სახელმწიფო სერვისებზე წვდომის ინტერნეტ პორტალი) გამოყენებით და ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც პირის პოლიტიკური პარტიის წევრობა შეიძლება დადასტურდეს.[2]

2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, გაჩნდა კითხვები, პატივს სცემს და უჭერს თუ არა მხარს სახალხო დემოკრატიული პარტია თურქეთის ერთიანობას. აღნიშნული ეჭვი გააჩინა პარტიის ფარულმა კავშირებმა ქურთისტანის მშრომელთა პარტიასთან (PKK). ამას დაემატა ისიც, რომ სელაჰატინ დემიტრასის საარჩევნო კამპანიისას, ერთ-ერთ კონფერენციაზე არ იყო წარმოდგენილი თურქეთის რესპუბლიკის არცერთი დროშა. კანდიდატმა მაშინ განაცხადა, რომ სახალხო დემოკრატიული პარტია პატივს სცემს დროშას და რომ დროშა წარმოადგენს ყველა მოქალაქეს.[3]

სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ მხარი დაუჭირა სამშვიდობო პროცესს ამბოხებულ ქურთებთან და ასევე, პარტია მხარს უჭერდა მშვიდობიან პროტესტს. კულუარებში სახალხო დემოკრატიულ პარტიას ადანაშაულებდნენ კავშირების შენარჩუნებაში ისეთ სამხედრო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ქურთისტანის მშრომელთა პარტია (PKK) და ქურთისტანის თემთა ჯგუფი (KCK).[4]

შესწავლილ წყაროთა აბსოლუტური უმრავლესობა ადასტურებს, რომ HDP წარმოადგენს პრო-ქურთულ პარტიას.[5][6][7]

HDP პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ დამოკიდებულება – კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომთურქეთის მთავრობის ვარაუდით, HDP პარტიას გააჩნია კავშირები, მათ შორის, ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაცია შერაცხულ PKK-სთან (ქურთ მუშათა პარტია). პარტია და მისი წევრები აღნიშნულს უარყოფენ. თუმცა, ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, თურქი პროკურორები იყენებენ „ტერორიზმის ფართო განმარტებას“ და ზოგიერთ შემთხვევაში, მხედველობაში იღებენ „სამართლებრივად საეჭვო მტკიცებულებებს, რათა განახორციელონ პირთა ფართო წრის (მათ შორის – HDP პოლიტიკოსების) სამართლებრივი დევნა“.

2018 წლის ანგარიშში, Human Rights Watch ასევე ხაზს უსვამდა, რომ ტერორიზმით ბრალდებულთა სამართლებრივ პროცესებზე, ხშირად, არ ფიქსირდება სარწმუნო მტკიცებულებები და სახეზეა მოქმედი პრაქტიკა, როდესაც აღნიშნული მუხლით ბრალდებულები დიდი ხნით ჰყავთ წინასწარ პატიმრობაში.

2019 წლის მარტის სტატიაში, მედია საშუალება Associated Press წერდა, რომ HDP პარტიის მიერ გავრცელებული განცხადებით მიხედვით, მუნიციპალური არჩევნების წინა პერიოდში, პარტიის წევრები დააკავეს. კერძოდ, სტამბულში, ერთ ღამეში 53 პირი დააკავეს, რომელთა შორის არიან მუნიციპალური საბჭოს კანდიდატები. იმავე სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთის მთავრობა HDP-ს კანონგარეშედ გამოცხადებულ PKK-სთან კავშირში ადანაშაულებს და, შედეგად,  პარლამენტის 10 წევრი, 40 ქალაქის მერი და ათასობით აქტივისტი კვლავ პატიმრობაში იმყოფებიან. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ HDP „ტერორიზმის მოყვარულია“. წყაროთა მიხედვით, 2019 წლის აგვისტოში, PKK-სთან კავშირის გამო, 3 ქალაქის მერი გაათავისუფლეს თანამდებობიდან, ხოლო 400-მდე პირი დააკავეს ან დააპატიმრეს. მარტში არჩეული სამივე მერს ბრალი „ტერორიზმის პროპაგანდასა“ და „ტერორიზმის დაფინანსებაში“ დასდეს. სამივე მერი HDP პარტიის წევრია.

შესწავლილ წყაროთა მიხედვით, ფიქსირდება HDP-ს ოფისებში პოლიციის რეიდები და იმ პირთა დაკავებების შემთხვევები, რომლებიც შიმშილობის მეთოდით აპროტესტებდნენ კოლეგების დაპატიმრებას. მაგ. 2018 წლის დეკემბერში, თურქეთის პოლიციამ ბათმანში, დიარბაკირსა და ვანში რეიდები ჩაატარა, რომელთა ფარგლებშიც შევიდნენ ადგილობრივ HDP ოფისებში და დააკავეს ათობით პირი, უმრავლესობა – ქალი. პოლიციის სამიზნეს წარმოადგენდნენ ის პირები, რომლებიც შიმშილობის მეთოდით აპროტესტებდნენ HDP პარტიიდან პარლამენტის წევრის – ლეილა გუვენის დაპატიმრებას. თურქული გამოცემა Bianet მიხედვით, 2019 წლის ოქტომბერში, პოლიციამ HDP-ს მიერ ორგანიზებული ორი საპროტესტო დემონსტრაციის ბლოკადა მოახდინა იზმირსა და სტამბულში. შემდგომ ისინი თავს დაესხნენ დემონსტრანტებს ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით და დააკავეს რამდენიმე პირი.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა წყარომ გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისს განუცხადა, რომ „თუ HDP წევრი/მხარდამჭერი არის ეთნიკურად ქურთი და პოლიტიკურად აქტიური, შესაძლებელია, თურქეთის ხელისუფლებამ მას ბრალი დასდოს PKK-სთან სავარაუდო კავშირში. პირებმა, შესაძლოა, თურქეთის შესაბამისი სამსახურების ყურადღება მიიქციონ, თუ:

  • ისინი არიან HDP-ს არჩეული თანამდებობის პირები ან პარტიის რეგიონალური საბჭოს წევრები;
  • მმართველი კომიტეტის წევრები;
  • საარჩევნო პროცესების ორგანიზატორები და კოორდინატორები;
  • წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართული პირები;
  • მერები ან მუნიციპალიტეტის საბჭოს წევრები;

წყარომ ასევე დაამატა, რომ  HDP თურქეთში მესამე ყველაზე უფრო დიდი პარტიაა, რომელსაც ათასობით აქტივისტი ჰყავს, შესაბამისად, თურქეთის ხელისუფლება მას საფრთხედ მიიჩნევს.

ერთ-ერთმა ადგილობრივი უფლებადამცველმა კვლევით დირექტორატს განუცხადა, რომ HDP მხარდამჭერები შესაძლოა დააკავონ სააგიტაციო ბუკლეტების გავრცელებისთვის, სოციალურ ქსელებში აქტიურობის, დემონსტრაციაში მონაწილეობის ან HDP-სთან დაკავშირებულ შენობაში ყოფნის, შესვლის ან გამოსვლისთვის.  ასევე, HDP პარტიის წარმომადგენელთა ოჯახის წევრები შესაძლოა რისკის ქვეშ იყვნენ, „თუ ისინი ინტერესს გამოხატავენ მათი ნათესავის სასამართლოს საქმის მიმართ, გააკეთებენ პოლიტიკური ხასიათის განცხადებებს სოციალურ ქსელებში ან მონაწილეობას მიიღებენ საპროტესტო დემონსტრაციებში. ისინი შესაძლოა დაუქვემდებარონ ისეთ მოპყრობას, როგორიცაა: მუქარა; რეიდები; ცემა ან დაპატიმრება. ამის საწინააღმდეგოდ, თურქეთის სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა კვლევით დირექტორატს განუცხადა, რომ ოჯახის წევრებს არ დევნიან და  არ უქვემდებარებენ დაკავებასა თუ დაპატიმრებას.[8]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ წლის ბოლოსთვის არსებული სიტუაციით, HDP პარტიიდან 8 ყოფილი პარლამენტარი და 17 მერი იმყოფებოდა პატიმრობაში. თავად პარტიის მიხედვით, 2015 წლიდან მოყოლებული, 5000-ზე მეტი პარლამენტარი, მმართველი თუ პარტიის უბრალო წევრი იმყოფებოდა პატიმრობაში ტერორიზმთან კავშირის ან პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების გამო. თურქეთის ხელისუფლებამ ასევე თანამდებობებიდან გაათავისუფლა 48 არჩეული ოპოზიციური პოლიტიკოსი ქურთული რეგიონებიდან და შემდგომ, დააკავა 37 მათგანი. 2019 წლის აგვისტოში, მთავრობამ გაათავისუფლა სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში არჩეული თითქმის ყველა მერი, მათ შორის – HDP პარტიის წევრი მერები დიარბაკირში, მარდინსა და ვანში. უფრო მეტიც, 2019 წლიდან მოყოლებული, ზემოხსენებულ რეგიონში 65 არჩეული მერიდან, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 48 გაათავისუფლა ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებების გამო.

სექტემბერში, შესაბამისმა სამსახურებმა დააკავეს 101 პირი 7 პროვინციის მასშტაბით, მათ შორის – HDP პარტიის ყოფილი პარლამენტის წევრები და ლიდერები, მათ სავარაუდო ჩართულობაში 2014 წლის კობანეს საპროტესტო დემონსტრაციებთან. აღნიშნული დემონსტრაციები თურქეთის მასშტაბით გაიმართა, რომლის ფარგლებშიც აპროტესტებდნენ მთავრობის უმოქმედობას „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სირიაში მდებარე, ძირითადად ქურთებით დასახლებული ქ. კობანეს დაპყრობის დროს. თურქეთის პროკურატურამ, ტერორიზმთან დაკავშირებული მუხლების მოშველიებით, ამასთან დაკავშირებით დოკუმენტი გაასაიდუმლოვა, რის გამოც დაცვის მხარის ადვოკატებს არ გააჩნდათ წვდომა კლიენტთა მასალებზე. ჯამში, შესაბამისმა სამსახურებმა დააკავეს 17 HDP ლიდერი.

ანგარიშის მიხედვით, HDP პარტიის ყოფილი თანა-თავმჯდომარე და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი – სელაჰატტინ დემირტასი 2016 წლიდან მოყოლებული კვლავ პატიმრობაში რჩებოდა ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ 2016 და 2020 წლებში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ორჯერ ბრძანა მისი გათავისუფლება. ივნისში, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც დაადგინა, რომ დემირტასის ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობა არღვევდა მის უფლებებს. თუმცა, ხელისუფლებამ ის მაინც არ გაათავისუფლა, რადგან 2014 წლის კობანეს საპროტესტო დემონსტრაციებთან. ახალი ბრალდების საფუძველზე დატოვა წინასწარ პატიმრობაში.

სექტემბერში, HDP გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ თურქეთის პოლიციამ სამი სხვადასხვა ინციდენტის ფარგლებში დიარბაკირში, სტამბულსა და აგრიში, გაიტაცა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მოგვიანებით გაათავისუფლა HDP ახალგაზრდული ასამბლეის 6 წევრი. პარტიამ 4 მაისს ასევე განაცხადა, რომ პოლიციამ გაიტაცა და მუქარას დაუქვემდებარა HDP ასამბლეის წევრი ჰატიჩე ბუსრა კუიუნი. ის იმავე დღეს გაათავისუფლეს.

2018 წლის აპრილში ვადამდელი არჩევნების გამოცხადებიდან 2019 წელს უშუალოდ არჩევნებამდე პერიოდში, ფიქსირდებოდა თავდასხმები პოლიტიკური პარტიების ოფისებზე, დემონსტრაციებსა და წევრებზე. ზოგიერთი ინციდენტის ფარგლებში, დადგა ფატალური ან პირთა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგი. ძალადობა, ყველაზე უფრო ხშირად, მიმართული იყო HDP პარტიისა და მისი კოორდინატორების წინააღმდეგ. ოპოზიციური პარტიების წევრების მიმართ ვრცელდებოდა ბრალდებები ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის მთავრობის უმაღლესი ეშელონებიდანაც კი. აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ოპოზიციური საპარლამენტო კანდიდატების ნაწილი დაექვემდებარა სამართლებრივ დევნას, ხოლო HDP პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი – დემირტასი, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ციხეში იმყოფებოდა.[9]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House თურქეთის შესახებ 2021 წლის ანგარიშში წერდა, რომ მას შემდეგ, რაც 2015 წელს „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ (PKK) დადებული ზავი ჩაიშალა, თურქეთის ხელისუფლებამ ბრალი დასდო HDP პარტიას ზემოხსენებულ PKK-სთან კავშირში. 2016 წელს კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილება, რის შედეგადაც უფრო მარტივი გახდა პარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნა. მას შემდეგ, ბევრი HDP ლიდერი დააპატიმრეს ტერორიზმის ბრალდებებით. 2018 წლის სექტემბერში, HDP-ს საპრეზიდენტო კანდიდატს – სელაჰატტინ დემირტასს 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 2013 წელს სიტყვით გამოსვლის დროს, სამშვიდობო პროცესებში PKK-ს შექებისთვის. 2018 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება ბრძანა. 2020 წლის დეკემბერში, იმავე სასამართლოს დიდმა პალატამ კვლავ მიიღო მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება, თუმცა, დემირტასი ციხეში დარჩა ახალი ბრალდებების გამო. მასთან ერთად, ათასობით HDP წევრი ასევე პატიმრობაში იმყოფება.

2020 წლის ივნისში, HPD-ს 2 ხოლო, CHP პარტიის 1 პარლამენტარს საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილება შეუჩერა და დააკავეს ჯაშუშობისა და ტერორიზმის ბრალდებებით.[10]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი თურქეთშიHDP პარტიის წევრთა მიმართ დამოკიდებულების შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ თურქეთში კონტრ-ტერორისტულ კანონმდებლობას ფართოდ იყენებენ, მათ შორის – სამთავრობო ოპონენტების დევნისთვის. ზოგიერთი HDP წევრი, რომლებიც აქტიურად გამოხატავენ პარტიისადმი მხარდაჭერას ან მუშაობენ ადამიანის უფლებათა საკითხებზე, დააპატიმრეს ტერორიზმის ან ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებებით. ამას გარდა, იმ ადვოკატებს, რომლებმაც სამართლებრივი დახმარება შესთავაზეს ტერორიზმში ბრალდებულ პირებს და, ასევე, იმ პირებს, რომლებმაც სოციალური მედიის საშუალებით ქურთების უფლებებთან დაკავშირებით ხელისუფლება გააკრიტიკეს, ასევე ბრალი დასდეს ტერორიზმსა და PKK-სთან კავშირში. თურქეთის ხელისუფლება ასევე იყენებდა დეფამაციის შესახებ კანონებს იმ პოლიტიკოსთა და ჩვეულებრივ მოქალაქეთა წინააღმდეგ, რომლებიც აკრიტიკებდნენ მას. კანონით, პირებს, რომლებიც პრეზიდენტს შეურაცხყოფას მიაყენებენ, 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ და მას ხშირად იყენებდნენ HDP პარლამენტარების წინააღმდეგ.  2018 წლის ბოლოსთვის, HDP-ს 6 000-მდე წევრი (მათ შორის – 9 პარლამენტარი) იყო დაკავებული სხვადასხვა ბრალდებებით.

ამას გარდა, 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდგომ, ხელისუფლებამ გადააყენა ბევრი არჩეული მერი და ჩაანაცვლა რწმუნებულებით. 2018 წლის განმავლობაში, თურქეთის მთავრობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა 99 მუნიციპალიტეტის მერი, რომელთაგან 94 HDP ან DBP პარტიების წევრები იყვნენ. ხელისუფლების მტკიცებით, მათ კავშირი ჰქონდათ ტერორიზმთან. 2019 წლის მარტის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შემდგომ, HDP პარტიის წევრი 24  მერი გადააყენეს. კვლავაც, მათ ბრალი ედებოდათ PKK-სთან კავშირში.

2019 წლის ოქტომბერში, თურქეთმა წამოიწყო მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ქურტებით დასახლებულ ჩრდილო-დასავლეთ სირიაში. ამასთან დაკავშირებით,თურქეთში ასობით პირი დააკავეს, მათ შორის – HDP-ს პარლამენტარები და მხარდამჭერები, ასევე ის პირები, რომლებიც აკრიტიკებდნენ აღნიშნულ ოპერაციას.

ოფისის ექსპერტთა შეფასებით, ზოგადად, HDP პარტიის წევრობა ან მხარდამჭერობა ნაკლებად თუ წარმოადგენს პირის სამართლებრივი დევნისთვის დაქვემდებარების საშიშროებას. თუმცაღა, აღნიშნული რისკი დამოკიდებულია პირის პროფილსა და აქტივობებზე. შესაბამისი სამსახურები პარტიის რიგითი წევრებით ინტერესდებიან,  როგორც წესი, მაშინ, როდესაც: პირი მონაწილეობას ღებს საპროტესტო დემონსტრაციებში; ღიად აკრიტიკებს მთავრობასა და პრეზიდენტს;  ღიად საუბრობს ქურთთა პოლიტიკურ საკითხებზე ან გამოხატავს აქტიურ და ღია ინტერესს HDP პარტიის მაღალ-პროფილიანი წევრი ნათესავის სასამართლო საქმის მიმართ. სხვა შემთხვევაში, HDP პარტიის რიგითი, საკუთარი პოლიტიკური მრწამსის გამო, წევრი ნაკლებად თუ გახდება შესაბამისი სამსახურების ყურადღების ობიექტი.[11]

[1] Peoples’ Democratic Party / Official Web Page /available at http://www.hdp.org.tr/ / https://hdpenglish.wordpress.com/[accessed 22 July 2021]

[2]IRB – Immigration and Refugee Board of Canada: Turkey: The procedure by which the Peoples’ Democratic Party (Halkların Demokratik Partisi, HDP) verifies that a person is a member of the party and who is authorized to issue a letter attesting that a person is a member; the procedure by which the HDP verifies that a person is a supporter, but not a member, of the party and who is authorized to issue a letter attesting that a person is a supporter; the format of a letter attesting that a person is a member or a supporter of the HDP (2013-February 2020) [TUR200156.E], 2 March 2020

 (accessed on 19 July 2021)

[3] News Agency ZAMAN / Demirtaş’tan Türk Bayrağı mesajı / 2014 / http://www.zaman.com.tr/politika_demirtastan-turk-bayragi-mesaji_2231429.html [accessed 22 July 2021]

[4] Daily Sabah / Methodological differences of the PKK, KCK and HDP / 25.12.2014 / http://www.dailysabah.com/opinion/2014/12/25/methodological-differences-of-the-pkk-kck-and-hdp

[5]IRB – Query response on the situation of Kurds and of supporters or perceived supporters of the Peoples’ Democratic Party (HDP – Halkların Demokratik Partisi) (July 2018 – December 2019); published in 7 January 2020; available at

[accessed 22 July 2021]

[6] BBC – article “Turkey moves to ban pro-Kurdish HDP opposition party”; published on 17 March 2021; available at https://www.bbc.com/news/world-europe-56438070 [accessed 23 July 2021]

[7] Al Jazeera – article “Turkey: Court to put HDP on trial over alleged PKK links”; published on 21 June 2021; available at https://www.aljazeera.com/news/2021/6/21/turkeys-top-court-puts-pro-kurdish-third-largest-party-on-trial [accessed 23 July 2021]

[8]IRB – Query response on the situation of Kurds and of supporters or perceived supporters of the Peoples’ Democratic Party (HDP – Halkların Demokratik Partisi) (July 2018 – December 2019); published in 7 January 2020; available at

[accessed 22 July 2021]

[9] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Turkey; published in March 2021; available at

[accessed 23 July 2021]

[10] Freedom House – Freedom in the World 2021 – Turkey; published in Mach 2021; available at

[accessed 23 July 2021]

[11] UK Home Office – Country Policy and Information Note Turkey: Peoples’ Democratic Party (HDP); published in March 2020; available at

[accessed 23 July 2021]