ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ თურქეთის კონსტიტუცია არ ცნობს არც ერთ ეროვნულ, ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობას გარდა სამი არამუსლიმური რელიგიური უმცირესობისა: სომეხი მართლმადიდებელი ქრისტიანები, ებრაელები და ბერძენი მართლმადიდებელი ქრისტიანები. შესაბამისად, ბევრ ეროვნულ თუ ეთნიკურ უმცირესობებს (მათ შორის, ქურთებს) არ აქვთ საშუალება, სრულად ჰქონდეთ წვდომა საკუთარ რელიგიურ, ლინგვისტურ თუ კულტურულ უფლებებზე.
თურქეთში ქურთული წარმომავლობის და ქურთულ ენაზე თუ დიალექტებზე მოლაპარაკე დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. წლის განმავლობაში, უსაფრთხოების ძალების მიერ ქურთ მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებები არაპროპორციულ ნეგატიურ გავლენას ახდენდნენ ადგილობრივ თემებზე. რამდენიმე, ძირითადად ქურთული ადგილობრივი თემის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მთავრობა მათ უქვემდებარებდა ე.წ. კომენდანტის საათს, რაც ახსნილი იყო PKK-ს წინააღმდეგ მიმართული უსაფრთხოების ზომებით.
ქურთების და პრო-ქურთული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები აცხადებდნენ, რომ ფიქსირდებოდა მზარდი პრობლემები მათ მიერ შეკრების და მანიფესტაციის უფლებების განხორციელების კუთხით. მთავრობამ, 2016 წლის ჩაშლილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ასობით ქურთული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია და მედია საშუალება დახურა. არც ერთი აღნიშნული ორგანიზაცია არ გახსნილა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც.
კანონი საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, გახსნან კერძო სასწავლო დაწესებულებები, სადაც მოსწავლეები განათლებას მიიღებენ იმ ენასა თუ დიალექტზე, რომელზედაც ისინი ლაპარაკობენ. თუმცა, ქურთული ენა საჯარო სკოლებში არ ისწავლება. ამას გარდა, მართალია, ზოგიერთ უნივერსიტეტში არსებობს ქურთული ენის არჩევითი კურსები, ხოლო 2 კონკრეტულ სასწავლებელში – ქურთული ენის დეპარტამენტი, თუმცა, აღნიშნულ დეპარტამენტებში მომუშავე პერსონალის ბევრი წევრი იყო იმ ათასთა შორის, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის შედეგად მიღებული კანონების საფუძველზე დაითხოვეს, შესაბამისად, აღნიშნულ პროგრამებზე ლექტორი სპეციალისტების ნაკლებობაა.ივლისში, განათლების სამინისტრომ აუკრძალა სტუდენტებს თეზისებისა და დისერტაციების ენა ქურთულ ენაზე, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია იმ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობდნენ ქურთული ენის დეპარტამენტებში.ხელისუფლება არ კრძალავს ქურთული ენის საჯარო სივრცესა და კერძო განათლებაში გამოყენებას, თუმცა, ქურთული არ იყო დაშვებული საჯარო განათლებაში.
ანგარიშის მიხედვით, მედია საშუალებები ზოგადად, იყენებდნენ თვით-ცენზურას და თავს არიდებდნენ ისეთ თემებზე სტატიების გამოქვეყნებას, რომელსაც შესაძლოა სამართლებრივი დევნა მოჰყოლოდა. მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც პროკურატურამ მიიჩნია, რომ ზოგიერთი ქურთულ ენაზე დაწერილი წიგნის, ასევე, პრო-ქურთული ან გიულენისტური წიგნის ქონა უტოლდებოდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის სარწმუნო მტკიცებულებას. თითქმის ყველა კერძო, ქურთულენოვანი გაზეთები, სატელევიზიო და რადიო არხები კვლავაც დახურული იყო უსაფრთხოების ზომების გამო.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში პრო-ქურთული საპროტესტო დემონსტრაციებისას, მთავრობა და პოლიცია იყენებდა არაპროპორციულ ფიზიკურ ძალას.
ქვეყანაში კანონით აკრძალულია სამთავრობო და საჯარო სერვისებისას თურქულის გარდა სხვა ნებისმიერი ენის გამოყენება. მარტში, ბათმანის პროვინციის მთავრობის მიერ დანიშნულმა მერმა (მას შემდეგ, რაც არჩეული მერი HDP პარტიიდან ტერორიზმის ბრალდებით დააპატიმრეს) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდიდან აიღო ქურთულ ენაზე არსებული ინფორმაცია და ასევე გამოცვალა საფეხმავლო გზების ორენოვანი ნიშნები. ბათმანის პროვინციის მოსახლეობის 80 %-ზე მეტი ქურთია, ხოლო აღებული ინფორმაცია შეიცავდა, მათ შორის – COVID-19 საწინააღმდეგო ზომებს. აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია შეშფოთება, რადგან მოხუცი ქურთი მოქალაქეები ნაკლებად საუბრობენ თურქულად.
მაისში, თავდამსხმელებმა დანის დარტყმებით მოკლეს ანკარის მცხოვრები ბარის ჩაკანი, რადგან ის, ლოცვაზე მოწოდების დროს, სავარაუდოდ, ქურთულ მუსიკას უსმენდა საკუთარ მანქანაში. პოლიციამ დააკავა და შემდგომ დააპატიმრა 3 ეჭვმიტანილი.
სექტემბერში, ედირნეში მომსახურე ქურთი ჯარისკაცი, გავრცელებული ცნობებით, სხვა ჯარისკაცებმა ცემეს, სავარაუდოდ მისი ქურთული იდენტობის გამო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თურქეთის სახმელეთო ძალებმა გამოძიება დაიწყო.
ოქტომბერში, სტამბულის შესაბამისმა სამსახურებმა დახურეს თეატრალური კომპანია, მას შემდეგ, რაც მათ სტამბულის მუნიციპალურ თეატრში დადგეს იტალიური პიესა „საყვირები და ჟოლოების“ ქურთულ-ენოვანი ადაპტაცია. სტამბულის გუბერნატორმა – ალი იერლიკაიამ საკუთარ Twitter-ზე განაცხადა პიესა აიკრძალა იმის გამო, რომ შეიცავდა პრო-PKK პროპაგანდას და რომ ამასთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული. [1]
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House თურქეთის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2020 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს, წერდა, რომმიმდინარე წელსაც გრძელდებოდა ოპოზიციური პოლიტიკოსთა, სამოქალაქო საზოგადოების ცნობილ წევრთა, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა და თურქეთის მზარდად აგრესიული საგარეო პოლიტიკის კრიტიკოსთა სამართლებრივი დევნის შემთხვევები.დეკემბერში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოითხოვა პრო-ქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ (HDP) ლიდერის – სალაჰატტინ დემირტასის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. დემირტასი 2016 წლიდან საპატიმროშია პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების საფუძველზე. თურქეთის ხელისუფლებამ სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება მოახდინა.
ანგარიშის მიხედვით, მართალია, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები იყვნენ პარლამენტში წარმოდგენილნი, განსაკუთრებით HDP და CHP პარტიების რიგებში, თუმცა, ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ წამოწყებულმა სადამსჯელო ღონისძიებათა კამპანიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ქურთთა და სხვა უმცირესობათა პოლიტიკურ და საარჩევნო უფლებებს.
2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდგომ, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული წამება საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული. მ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები წამებასა და არასათანადო მოპყრობას უფრო ხშირად უქვემდებარებდნენ ეთნიკურად ქურთებს, გიულენისტებსა და მემარცხენეებს. 2020 წლის სექტემბერში, ორი ქურთი ფერმერი სავარაუდოდ გადმოყარეს სამხედრო თვითმფრინავიდან მას შემდეგ, რაც ისინი საკუთარ სოფელში ჯარისკაცებმა დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი, მოგვიანებით, მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
ქურთ მუშათა პარტიასთან (PKK) მიმდინარე კონფლიქტი გამოყენებული იყო ქურთი მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების გასამართლებლად. მაგალითად, აღნიშნული მიზეზით აკრძალეს ქურთული ფესტივალის ჩატარება და ქურთული ენისა და კულტურის პროპაგანდა. 2015 წლის შემდგომ, ბევრი ქურთული სკოლა თუ კულტურული ორგანიზაცია იქნა დახურული მთავრობის მიერ. [2]
ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი თურქეთის შესახებ 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდგომ, დაწესებული საგანგებო მდგომარეობისას მიღებული კანონმდებლობა ქურთი ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ და ბრალი დასდო მათ PKK (ქურთისტანის მუშათა პარტია) კავშირში. აღნიშნულმა შედარებით უფრო ნეგატიური გავლენა იქონია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებ ქურთებზე.
ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივი კანონმდებლობა არ ზღუდავს ქურთებს (ან სხვა ეთნიკურ უმცირესობებს) დასაქმდნენ საჯარო თუ კერძო სექტორებში, მონაწილეობა მიიღონ საჯარო ცხოვრებაში ან მიიღონ ისეთივე საჯარო ჯანდაცვითი თუ საგანმანათლებლო სერვისები, რასაც თურქეთის სხვა მოქალაქეები იღებენ. თუმცაღა, პრაქტიკაში არსებული სიტუაცია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პირის პირად მახასიათებლებსა და გეოგრაფიულ ლოკაციაზე. მაგ. დასავლეთ თურქეთში მცხოვრებ ქურთებს გაცილებით უკეთესი წვდომა გააჩნიათ სამთავრობო სერვისებზე, ვიდრე მათ, ვინც კონფლიქტურ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ბინადრობენ. მართალია, ქურთები მონაწილეობენ თურქეთის საჯარო ცხოვრებაში, მათ შორის – სამთავრობო, სამოქალაქო და სამხედრო სფეროებში, ისინი ტრადიციულად მაინც არასაკმარისად არიან წარმოდგენილი მაღალ პოზიციებზე. საჯარო სამსახურში დასაქმებული ზოგიერთი ქურთის მიხედვით, ისინი ერიდებიან საკუთარი ეთნიკური იდენტობის გამჟღავნებას, ეშინიათ რა, რომ ეს გავლენას იქონიებს მათი დაწინაურების შესაძლებლობებზე. დეპარტამენტის შეფასებით, ქურთები უფრო მეტად მიიღებენ საჯარო სექტორში დასაქმების საშუალებას ისეთ გეოგრაფიულ რეგიონებში, სადაც ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ.
დეპარტამენტის ექსპერტთა შეფასებით, ქურთები, საკუთარი ეთნიკური ნიშნის გამო, ექვემდებარებიან გარკვეულ დისკრიმინაციას სახელმწიფოსა და გაცილებით მცირე მასშტაბით – საზოგადოების მხრიდან. აღნიშნული დისკრიმინაციის ხარისხი და ფორმა დიდწილად განპირობებულია გეოგრაფიული ლოკაციითა და პირის პირადი მახასიათებლებით. ის ქურთები, რომლებიც ბინადრობენ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ან არიან პოლიტიკურად აქტიურნი, შედარებით უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ისინი, ვინც არ აქტიურობენ ან მხარს უჭერენ მმართველ AKP პარტიას. დეპარტამენტის შეფასებით, სირიასა და ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციები არ აუარესებს იმ ქურთთა მდგომარეობას, რომლებიც თურქეთში ბინადრობენ.[3]
[1]United States Department of State – “Annual report on human rights in 2020”; published in March 2021; available at
[accessed 4 August 2021][2]Freedom House – “Annual report on political rights and civil liberties in 2020”; published in March 2021; available at
[accessed 4 August 2021][3] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT TURKEY; published in September 2020; available at
[accessed 4 August 2021]