ეგვიპტე. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. აგვისტო, 2021

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას“ (Rule of Law in Armed Conflicts)მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით,ეგვიპტეში  ფიქსირდება არა-საერთაშორისო ტიპის შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლებატერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აფილირებული შეირაღებული ჯგუფის -„ვილაიათ სინაის“ წინააღმდეგ აწარმოებს. ამას გარდა, ეგვიპტის შეიარაღებული ძალები ჩართულნი არიან იემენის ტერიტორიაზე მიმდინარე არა-საერთაშორისო ტიპის შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელსაც საუდის არაბეთის მეთაურობით შემდგარი სამხედრო კოალიცია აწარმოებს.[1]

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) 2021 წლის 26 ივლისს გამოაქვეყნა განახლებული რუქა, სადაც აღწერილიამოგზაურთათვის ეგვიპტეშიმოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.ოფისი მოუწოდებს ბრიტანელ მოქალაქეებს, არ იმოგზაურონ ჩრდილოეთ სინაის პროვინციაში, რადგან აღნიშნულ რეგიონში ფიქსირდება სამხედრო შეტაკებები და ტერორისტული თავდასხმები. ამას გარდა, ოფისი ურჩევს ბრიტანელ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ეგვიპტის დანარჩენ ტერიტორიაზე მოგზაურობისგან COVID-19-თან დაკავშირებული უკანასკნელი რისკების შეფასების საფუძველზე.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ კონსტიტუციის თანახმად ეგვიპტე წარმოადგენს რესპუბლიკას, რომელსაც არჩეული პრეზიდენტი და ორ-პალატიანი პარლამენტი მართავს. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს გაიმართა, რომელშიც მოქმედმა პრეზიდენტმა – აბდელ ფატტაჰ ალ-სისიმ გაიმარჯვა. ქვეყანაში შიდა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ეგვიპტის შეიარაღებული ძალები, რომლებიც თავდაცვის მინისტრს ექვემდებარებიან, ეგვიპტის საგარეო უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებელნი. ანგარიშის მიხედვით,  ქვეყანაში არსებული სამოქალაქო ინსტიტუციები ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.

მიმდინარე წელს, ეგვიპტეში დაფიქსირებულ სერიოზულ უფლებადარღვევათა შორის იყო: უკანონო ან/და თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – კანონგარეშე მკვლელობები, ჩადენილი ეგვიპტის მთავრობის შესაბამისი სამსახურების ან ტერორისტების მიერ; იძულებითი გაუჩინარებები; წამებისა და არაადამიანური, ღირსების შემლახავი და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები; უკანონო დაკავებები; პოლიტიკური პატიმრები; საზღვარგარეთ მცხოვრებ პირთა პოლიტიკური ნიშნით დევნა; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; გამოხატვისა, ინტერნეტისა და პრესის თავისუფლების კუთხით დაწესებული უმკაცრესი შეზღუდვები, მათ შორის – ცენზურა, საიტების დაბლოკვა და ჟურნალისტების დაპატიმრება; მნიშვნელოვანი შეზღუდვები შეკრების და მანიფესტაციის უფლების კუთხით; სექსუალური უმცირესობების (ლგბტი თემი) მიმართ ძალადობა და აღნიშნული პირების თვითნებური სამართლებრივი დევნა და დაპატიმრებები და ყველაზე უარეს ფორმებში გამოხატული ბავშვთა იძულებითი შრომა.

მთავრობა იშვიათად ან არასაკმარისად იძიებდა, ან სათანადოდ სჯიდა აღნიშნულ უფლებადარღვევებში ბრალდებულ პირებს, მათ შორის – უსაფრთხოების ძალებისა და პოლიციის რიგებში, რაც ხელს უწყობდა დაუსჯელობის სინდრომის წარმოქმნას.

ტერორისტული ორგანიზაციების თავდასხმებს შედეგად სდევდა სიცოცხლის თვითნებური და უკანონო მოსპობა. აღნიშნული ჯგუფები ახორციელებდნენ მომაკვდინებელ თავდასხმებს სამთავრობო, სამოქალაქო და სამხედრო მიზნებზე მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის – თაყვანისცემის ადგილებზე. ეგვიპტის ხელისუფლება სათანადოდ იძიებდა ტერორისტთა თავდასხმების შემთხვევებს და სჯიდა სავარაუდო დამნაშავეებს. ტერორისტები და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებები იტაცებდნენ პირებს ჩრდილოეთი სინაის ნახევარკუნძულზე, რომელთაგან ნაწილს თავსაც კი კვეთდნენ. ასევე, ქვეყანაში ფიქსირდებოდა კოპტი ქრისტიანი მოქალაქეების მიმართ რელიგიური ნიშნით მოტივირებული, საზოგადოებრივი ძალადობის ფაქტებიც.

რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეგვიპტის კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო შტო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია და, მთავრობაც, ზოგადად, პატივს სცემდა და აღასრულებდა კანონის ამ დანაწესს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, კონკრეტული მოსამართლეები არ იჩენდნენ მიუკერძოებლობას, რის შედეგადაც დამდგარი განაჩენი ზოგჯერ პოლიტიკურად მოტივირებული ან არასაკმარისად დამტკიცებული იყო. [3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ეგვიპტის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ პრეზიდენტი აბდელ ფატტაჰ ალ-სისი განაგრძობდა ქვეყნის ავტორიტარული მეთოდით მართვას. ქვეყანაში თითქმის არ არსებობდა რეალური ოპოზიცია, რადგან წინააღმდეგობა და განსხვავებული აზრის ქონა ხშირად სისხლისსამართლებრივი დევნითა და პატიმრობით ისჯებოდა. სამოქალაქო თავისუფლებები, მათ შორის – გამოხატვის და პრესის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება, მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული. უსაფრთხოების ძალები განაგრძობდნენ სხვადასხვა ხასიათის უფლებადარღვევების ჩადენას ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე.  ქვეყანაში როგორც ქალთა, ლგბტი პირთა და სხვა ჯგუფთა მიმართ დისკრიმინაცია, ასევე – ოჯახში ძალადობა კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩებოდა.

ანგარიშის მიხედვით, აღამსრულებელ შტოს სასამართლოზე დიდი გავლენა გააჩნია, რის გამოც ის ხშირად სამთავრობო ინტერესებს იცავს და უგულებელყოფს ადამიანის უფლებათა ელემენტარულ საპროცესო სტანდარტებს, როდესაც საქმე ეხება ეგვიპტის მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებს. 2019 წელს მიღებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა გაზარდა სასამართლო შტოზე პრეზიდენტის სამეთვალყურეო როლი და კიდევ უფრო დააკნინა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი. ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია დანიშნოს სასამართლო ინსტიტუციების თავმჯდომარეები და ის ასევე ხდება „სასამართლო სტრუქტურათა უზენაესი საბჭოს“ (ორგანო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სასამართლო შტოში პირთა თანამდებობაზე დანიშვნას, ასევე – დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს) თავმჯდომარე, რომელსაც ვეტოს უფლება გააჩნია.

სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს Freedom Houseმაქსიმალური 4-დან 1 ინდექსით აფასებს. ზოგადად, ორგანიზაციის მიერ ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა მაქსიმალური 40-დან 6 ქულით არის შეფასებული, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებები – 60-დან 12 ქულით.[4]

არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watchეგვიპტის შესახებ 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ 2020 წლის განმავლობაში, ეგვიპტელები აგრძელებდნენ პრეზიდენტი აბდელ ფატტაჰ ალ-სისის მკაცრი ავტორიტარული ხელისუფლების ფარგლებში ცხოვრებას. ხელისუფლების მაკრიტიკებელი ათობით ათასი პირი, მათ შორის – ჟურნალისტები და უფლებადამცველები ექვემდებარებოდნენ პოლიტიკური ნიშნით პატიმრობას, ხოლო ბევრი მათგანი იმყოფებოდა ხანგრძლივ წინასწარ დაკავებაში. შესაბამისი სამსახურები ხშირად იყენებდნენ ანტი-ტერორისტულ კანონმდებლობას მშვიდობიანი აქტივისტების წინააღმდეგ და დევნიდნენ და აპატიმრებდნენ საზღვარგარეთ მცხოვრებ დისიდენტთა ნათესავებს.

ამას გარდა, ეგვიპტის ხელისუფლება იყენებდა ბუნდოვან „მორალის“ მუხლს, რათა სამართლებრივ დევნას დაექვემდებარებინა ქალი „ინფლუენსერები“ სოციალურ ქსელებში განთავსებული პოსტებისა და ფოტოებისთვის. ასევე, ანალოგიურ მოპყრობას უქვემდებარებდნენ გაუპატიურების თვითმხილველ პირებს, რომლებიც ავრცელებდნენ ინფორმაციას სექსუალური ძალადობის შემთხვევების შესახებ ონლაინ-სივრცეში. მთავრობასთან აფილირებული მედია საშუალებები ჩირქს სცხებდნენ გაუპატიურების თვითმხილველ პირებს, აქვეყნებდნენ რა მათ პირადი ხასიათის ფოტოებსა და ვიდეოებს.

COVID-19-ის გავრცელებამ გააუარესა დაკავების პირობები, რის შედეგადაც პოლიტიკური ნიშნით ათობით დაკავებული პატიმრობაში გარდაიცვალა, მათ შორის სულ მცირე 14 – სავარაუდოდ COVID-19-ით გამოწვეული გართულებების გამო. შესაბამისი სამსახურები აპატიმრებდნენ ჯანდაცვის სფეროს იმ მუშაკებს, რომლებიც აკრიტიკებდნენ ხელისუფლების მიერCOVID-19 პანდემიის მართვას. უსაფრთხოების ძალები აგრძელებდნენ ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე ოპერირებას ომის შედეგად განადგურებულ ჩრდილოეთი სინაის პროვინციაში.

ხელისუფლებამ 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან მთლიანი ქვეყნის მასშტაბით სკოლები დახურა და შემცირებული ცხრილის ფარგლებში, ოქტომბერში გახსნა, რამაც გავლენა იქონია 20 მილიონი მოსწავლის განათლებაზე.[5]

[1]Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts – Egypt; available at https://www.rulac.org/browse/countries/egypt [accessed 3 August 2021]

[2] United Kingdom FCDO – Foreign Travel Advice Egypt; updated on 26 July 2021; available at https://www.gov.uk/foreign-travel-advice/egypt [accessed 8 August 2021]

[3] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Egypt; published in March 2021; available at

[accessed 3 August 2021]

[4] Freedom House – Freedom in the World 2021– Egypt; published in March 2021; available at

[accessed 3 August 2021]

[5] Human Rights Watch – World Report 2021 – Egypt; published in January 2021; available at

[accessed 3 August 2021]