უიღურები – ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ წერს, რომ უიღურები თურქულენოვანი ხალხია, რომელიც შუა აზიაში ცხოვრობს. უიღურები ძირითადად ცხოვრობენ ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში, სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რეგიონში, მცირე ნაწილი კი ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ჩინეთში უიღურთა რაოდენობა 10 მილიონს აჭარბებს, ხოლო ცენტრალური აზიის ქვეყნებში – უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში – 300 ათასს. უიღურული ენა ალტაური ენების თურქული ჯგუფის ნაწილია და უიღურები ცენტრალური აზიის ყველაზე ძველი თურქულად მოსაუბრე ხალხია. ჩინურ ჩანაწერებში უიღურები მესამე საუკუნიდან ფიგურირებენ. უიღურები სოფლის სტილის დასახლებებად ცხოვრობენ ტიანშანისა და პამირსის და სხვა მთათა სისტემების ხეობებში ფორმირებული ოაზისების გარშემო. უიღურთა მთავარი ქალაქებია ურუმქი, რომელიც სინძიანის დედაქალაქია და კაშგარი – აბრეშუმის გზის ანტიკური სავაჭრო ცენტრი. სინძიანის უიღურები ძირითადად სუნიტი მუსლიმები არიან.[1]
მედია საშუალება BBC წერს, რომ უიღურები საკუთარ ენაზე საუბრობენ, რომელიც თურქულის მსგავსია და საკუთარ თავს კულტურულად და ეთნიკურად ცენტრალური აზიის ერებთან აახლოებენ. ჩინეთში, სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რეგიონში 12 მილიონამდე უიღური ცხოვრობს და ისინი რეგიონის მოსახლეობის ნახევარზე ოდნავ ნაკლებს შეადგენენ. სინძიანი ძირითადად უდაბნოს ტიპის ტერიტორიებისგან შემდგარი რეგიონია და მსოფლიოში წარმოებული ბამბის მეხუთედი სწორედ აღნიშნულ პროვინციაში იწარმოება. რეგიონი ასევე მდიდარია ნავთობითა და ბუნებრივი აირით.[2]
წყაროები აღნიშნავენ, რომ უიღურებში ისლამის გავრცელებასთან ერთად, დაიწყო არაბული სახელების გავრცელება, თუმცა ტრადიციული უიღურული სახელები ჯერ კიდევ გამოიყენება. უიღურულ კლასიკურ მუსიკალურ სტილს მუქამი ეწოდება, ზოლო სანამი უიღურ ხალხში პოპულარული ფოლკლორული ცეკვაა. ჩაპანი (ქურთუკი) და დოპა (ქუდი) უიღურ მამაკაცებში ფართოდ გავრცელებული სამოსია. ასევე, გავრცელებულია თავსაბურავის კიდევ ერთი სახეობა სალვა ტელპეკი. სინძიანის ქალაქი იენგისარი განთქმულია უიღურული ხელნაკეთი დანების წარმოებით. უიღურულად სიტყვა „პიჩაქ“, ხოლო მრავლობით რიცხვში – „პიჩაქჩილიქ“, ნიშნავს დანას. უიღურელი კაცი ასეთ დანას ატარებს თავისი მამაკაცურობის დემონსტრირებისათვის და როგორც კულტურის შემადგენელ ნაწილს. თუმცა, ბოლო წლებში დანის ტარებაზე შეზღუდვებია დაწესებული, რაც ტერორიზმის საფრთხესთან და ძალადობრივ თავდასხმებთანაა დაკავშირებული.
უიღურების მიმართ არსებული დამოკიდებულება – საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ჩინეთის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში გრძელდება მძიმე და ფართომასშტაბიანი რეპრესიები ეთნიკური უმცირესობების მიმართ სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რეგიონსა და ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში, რისთვისაც აქტიურად გამოიყენება ანტი-სეპარატისტული, ანტი-ექსტრემისტული და კონტრ-ტერორისტული კონტექსტი. სინძიანში, 2017 წლიდან მოყოლებული დაახლოებით ერთი მილიონი ან მეტი უიღური, ყაზახი და სხვა, ძირითადად მუსლიმი ხალხი, თვითნებურად დააკავეს ყოველგვარი სასამართლო პროცესის გარეშე და გაამწესეს „განათლების გზით ტრანსფორმაციის“ ცენტრებში, სადაც ისინი ექვემდებარებოდნენ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას და იძულებით კულტურულ ასიმილაციას.
ცნობილი უიღური ისტორიკოსი და გამომცემელი იმინიან სეიდინი, რომელიც 2017 წლიდან დაკარგული იყო, მოულოდნელად გამოჩნდა 2020 წლის მაისის დასაწყისში და ჩინეთის სახელმწიფო, ინგლისურენოვან ტელევიზიის ეთერში ჩინეთის ხელისუფლება შეაქო. 2016 წელს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიდერთა ტრენინგიდან სინძიანში დაბრუნების დროს გაუჩინარდა ეკპარ ასატი, უიღური მეწარმე და ფილანთროპი. იანვარში მისმა დამ გაარკვია, რომ ასატი საიდუმლოდ დაადანაშაულეს ეთნიკური შუღლისა და დისკრიმინაციის გაღვივებაში და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2020 წლის იანვარში დაკავებული უიღური მოდელი მარდან ღაპარის შესახებ აღარაფერია ცნობილი მარტიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ასახულია თუ როგორ მძიმე საპატიმრო პირობებში იმყოფება. მაჰირა იაკუბი, უიღური, რომელიც სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა ტერორისტული აქტივობის მატერიალურ ხელშეწყობაში დაადანაშაულეს, რადგან ავსტრალიაში მშობლებს ფული გადაურიცხა. იაკუბის დის განცხადებით, მაჰირამ მშობლებს თანხა 2013 წელს სახლის შესაძენად გადაურიცხა.
უიღურთა მრავალრიცხოვანი დიასპორა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და ყოველდღიურად იზრდება, ხელისუფლებას სთხოვენ, დაუდასტურონ, ცოცხლები არიან თუ არა სინძიანში მათი დაკარგული ნათესავები. საზღვარგარეთ მცხოვრები უიღურების მტკიცებით, ჩინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები უიღურებს ეუბნებიან, რომ მათ პასპორტების განახლება მხოლოდ სინძიანში დაბრუნების შემთხვევაში შეეძლებათ. ჩინეთის საელჩოებსა და საკონსულოებში ემუქრებიან და აშინებენ უიღურებსა და სხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს. საზღვარგარეთ მცხოვრები უიღური აქტივისტების გასაჩუმებლად და შესავიწროვებლად, სინძიანის ადგილობრივი ხელისუფლების სამიზნედ სინძიანში დარჩენილი ნათესავები ხდებიან. საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები შეტყობინების პროგრამის გამოყენებით უკავშირდებიან და მეუღლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას თხოვენ. ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრებს უიღურებს ურეკავენ პოლიციის თანამშრომლები და ჯაშუშობას და სხვა უიღურებზე ინფორმაციის შეგროვებას ავალებენ. სოციალური მედია პლატფორმამ „TikTok“ პლატფორმიდან წაშალა უიღურების ვიდეოები, სადაც უიღურები თავიანთი დაკარგული ნათესავების შესახებ საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას ითხოვდნენ.[1]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმანეტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ჩინეთის შესახებ წერს, რომ სინძიანში, მუსლიმი უიღურების მიმართ ადგილი აქვს გენოციდს და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს. აღნიშნული დანაშაულები გრძელდება და მოიცავს: თვითნებურ პატიმრობას ან თავისუფლების შეზღუდვის სხვა მძმე ფორმებს მილიონზე მეტი ადამიანის შემთხვევაში; იძლებითი სტერილიზაცია, აბორტი და შობადობის კონტროლი; გაუპატიურება; იძულებით დაკავებულთა წამება; იძულებითი შრომა; რელიგიის თავისუფლების, გამოხატვის და გადაადგილების უფლების მკაცრი შეზღუდვა.
უიღურების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ მიმართ ადგილი აქვს სისტემატურ წამებას და სხვა ღირსების შემლახავ მოპყრობას. გადარჩენილები ჰყვებიან, რომ საპატიმროებში მათ მიმართ იყენებდნენ ელექტროშოკს და წყლით მოგუდვას; მათ სცემენ და აუპატიურებენ; აიძლებენ სტერილიზაციას და პროსტიტუციას და ა.შ.
მედია საშალებების ცნობით, საჯახო უსაფრთხოების სამინისტრო იყენებს ათობით მილიონ სათვალთვალო კამერას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების მტკიცებით, ხელისუფლების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტებს წარმოადგენენ პოლიტიკური დისიდენტები, რელიგიური ლიდერები, ტიბეტელები და უიღურები. თვალთვალი მოიცავს სახის იდენტიფიცირების პროგრამას, რომელიც პოლიციას საშუალებას აძლევს არა მხოლოდ სიტუაციას დააკვირდეს, არამედ სწრაფად ამოიცნოს პირი ბრბოში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა შექმნეს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სათვალთვალო პროგრამა, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა, განსაკუთრებით უიღურთა იდენტიფიცირებას ახდენს და შეტყობინებას პოლიციას უგზავნის. ერთერთ ასეთ კომპანიად „ჰუავეი“ მოიხსენიებოდა. კომპანიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა და მსგავსი პროგრამის მათ პროდუქტში არსებობა უარყო. ტელეფონებისა და ინტერნეტ კავშირის მონიტორინგი და გათიშვა ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით სინძიანსა და ტიბეტში.
საზღვარგარეთ მცხოვრები უიღურების გაჩუმებისა და დაშინების მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლება სინძიანში მყოფ ოჯახის წევრებს ემუქრება და აშინებს. პატიმრობაში რჩება აშშ-ში მომუშავე უიღური ჟურნალისტების ათობით ნათესავი. ხელისუფლება განაგრძობს უიღური აკადემიური პერსონალისა და განათლებული ხალხის გაუჩინარებებს. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, პირველად, სინძიანის უნივერსიტეტის ხელმძღვანელად არა-უიღური პირი დაინიშნა. ბევრი დამკვირვებელი ფიქრობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეზღუდავს უიღური აკადემიური წრეების პროტესტის გამოხატვას. ამასთან, უიღურები აწყდებიან უპრეცედენტო შეზღუდვებს როგორც სინძიანის შიგნით, ასევე რეგიონს გარეთ გადაადგილებაზე.
უახლესი ოფიციალური სტატისტიკით (2015), 9.5 მილიონი (მოსახლეობის 40%) სინძიანში ჩინელია. უიღურები, ეთნიკური ყაზახები, ყირგიზები და სხვა უმცირესობები 14.1 მილიონს შეადგენენ. ჩინეთის ხელისუფლებმა მუდმივად ახდენს ზეწოლას სხვა ქვეყნების ხელისუფლებაზე უიღურების რეპატრიაციის თუ ვიზაზე უარის თქმის მოთხოვნით. ჩინეთში დაბრუნების შემთხვევაში კი უიღურები დაპატიმრების და არასათანადო მოპყრობის რისკის წინაშე დგანან. ოჯახებს, რომელთა წევრი საზღვარგარეთ სწავლობს, ავიწროვებენ, რათა მათ დაარწმუნონ საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრი, ჩინეთში დაბრუნდეს.[2]
საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ჩინეთის შესახებ წერს, რომ ქვეყნის მთავრობა განაგრძობს მცდელობებს გააქროს უნიკალური ეთნიკური ჯგუფი უიღურები. მედია საშუალების CNN საგამოძიებო ჯგუფმა სატელიტიდან გადაიღო ფოტო, სადაც ჩანს, რომ 100-ზე მეტი ტრადიციული უიღურული საფლავი არის განადგურებული. უიღური დიასპორის უდიდესი ნაწილი არანაირ ინფორმაციას ფლობს თავისი ოჯახის წევრების მდგომარეობის შესახებ.[3]
ადამიანის უფლებათა დამცველმა 20-ზე მეტმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ, მათ შორის „Amnesty International“, „Human Rights Watch“, „ადამიანის უფლებებისა და განვითარების აზიური ფორუმი“, „უიღურთა მსოფლიო კონგრესი“ და სხვა, 2021 წლის ივლისში ერთობლივი განცხადებით მიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს. ორგანიზაციები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, საბჭოს და კომისრის ოფისს სერიოზული ყურადღება დაუთმოს ჩნეთში, სიანძინში არსებულ ვითარებას, სადაც ორგანიზაციების შეფასებით უიღურების და სხვა თურქულენოვანი მუსლიმების მიმართ ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს კაცობრიობის წინაშე დანაშაულს.[4]
[1] AI – Amnesty International: Amnesty International Report 2020/21; The State of the World’s Human Rights; China 2020, 7 April 2021
(accessed on 10 August 2021)[2] USDOS – US Department of State: 2020 Country Report on Human Rights Practices: China, 30 March 2021
[3] HRW – Human Rights Watch: World Report 2021 – China, 13 January 2021
[4] AI – Amnesty International (Author), CSW – Christian Solidarity Worldwide (Author), HRW – Human Rights Watch (Author), FIDH – International Federation for Human Rights (Author), FORUM-ASIA – Asian Forum for Human Rights and Development et al. (Author): Statement at 47th session of the UN Human Rights Council; Item 2: Interactive Dialogue with the High Commissioner [ASA 17/4501/2021], 21 July 2021
[1] ენციკლოპედია ბრიტანიკა; უიღურები; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.britannica.com/topic/Uighur [ნანახია 2021 წლის 10 აგვისტოს]
[2] მედია საშუალება BBC; ვინ არიან უიღურები და რატომ ადანაშაულებენ ჩინეთს გენოციდში? 21 ივნისი, 2021; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-asia-china-22278037 [ნანახია 2021 წლის 10 აგვისტოს]