რუსეთი. ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების მდგომარეობა. სექტემბერი, 2021

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ რუსეთი კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმია, რომელიც სრულად აკონტროლებს განსხვავებულ აზრს და პოლიტიკურ ოპოზიციურ აზრს აღმასრულებელი ძალაუფლების, კანონმდებლობის კონტროლის და მართვადი დემოკრატიული ინსტიტუტების კომბინაციის გამოყენებით. არჩევნები მანიპულაციებით მიმდინარეობს და ფართოდ გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსი, ხელდასმული კანდიდატები და „სისტემური“ ოპოზიციური პარტიები (მოჩვენებითი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დე ფაქტოდ ეწინააღმდეგებიან კრემლის პოზიციას). მაღალი ხარისხის ფორმალური პოლიტიკური ბუნება ხელს უშლის ქვეყანაში სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კონტექსტის ცვლილებას.

სამოქალაქო სექტორი კვლავ სერიოზულ შეფერხებებსა და ზეწოლას აწყდება, თუმცა მაინც პოულობს გზებს, შეიკრიბოს და სხვადასხვა პოლიტიკური საკითხის გარშემო პოლიტიკური მოძრაობების ორგანიზება შეძლოს. ტაქტიკა, რომელსაც ხელისუფლება სამოქალაქო სექტორზე ზეწოლის მიზნით იყენებს, მოიცავს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა გამოძიებები და იურიდიული რეგისტრაციის შეზღუდვა უცხოელ აგენტებად გამოცხადების საფუძვლით; ასევე, პოლიციის მიერ ორგანიზაციების შევიწროვება, დაპატიმრებები ყალბი საფუძვლებით და კრემლის ერთგული კერძო პირების მიერ სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების ფინანსური ვალდებულებების გამოსყიდვაც კი. გარდა ამისა, რეჟიმთან დაკავშირებული დაინტერესებული პირები აფუძნებენ და აფინანსებენ სამოქალაქო სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებს, რათა საკუთარი ინეტერესების შესაბამისი გარემო და აქტიური სამოქალაქო ცხოვრების ილუზია შექმნან. მაგალითად, ხელისუფლებამ, პრეზიდენტის განკარგულებით, მოსკოვში შენობა გადასცა ახლად შექმნილ „ბავშვთა დაცვის ფონდს“. აღნიშნული ნაბიჯით ხელისუფლებამ დააკმაყოფილა ისეთი ინტერესთა ჯგუფების სურვილები, როგორიცაა მაგალითად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელსაც ხელისუფლება აქტიურად იყენებს საარჩევნოდ.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება კვლავ იზღუდება. ბოლო პერიოდში, პანდემიის საფუძვლით, საჯარო შეკრებებისა და ერთ-კაციანი პიკეტირების კანონებიც კი გამკაცრდა და რიგ რეგიონში მსგავსი ღონისძიებები საერთოდ აიკრძალა. მიუხედავად შეზღუდვებისა, საჯარო პროტესტი იყო მცირე, მაგრამ რეგულარული. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა ერთი კაცის პიკეტირებების შედეგად დაპატიმრებულთა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულთა რაოდენობა.

გარდა იმისა, რომ პოლიცია რუტინულად იყენებს გადამეტებულ არა საჭირო ძალას დემონსტრანტების წინააღმდეგ, ის ასევე თვალს ხუჭავს და, პირიქით, ახალისებს კიდეც დემონსტრანტების მიმართ სხვა ჯგუფების მხრიდან ძალადობას. მაგალითად, ბაშკირეთში, გარემოსდაცვითი მშვიდობიანი დემონსტრანტების ჯგუფს, რომლებიც წიაღისეულის მოპოვების ადგილობრივ პროექტს აპროტესტებდნენ, თავს დაესხნენ კერძო პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, პოლიციასთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. ინციდენტი გამოუძიებელი და დამნაშეევბი დაუსჯელნი დარჩნენ. 2020 წლის აგვისტოში, კერძო დაცვის სამსახურის 30-მდე თანამშრომელი და ასამდე ნიღბიანი პირი თავს დაესხა გარემოს დამცველთა აქტივისტების ბანაკს. პოლიცია გამოიძახეს, მაგრანმ სამართალდამცველები სიტუაციაშ არ ჩარეულან. მომხდარმა კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი პროტესტი გამოიწვია, რასაც საბოლოოდ წიაღისეულის მოპოვების პროექტის დახურვა მოჰყვა.

ოპოზიციური აქტივისტები და სხვა განსხვავებული აზრის მქონე პირები აწყდებიან მკაცრ რეპრესიებს. ოპოზიციური ლიდერის ალექსეი ნავალნის ანტი-კორუფციული ფონდის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში, გაიყინა ფონდთან დაკავშირებული 126 საბანკო ანგარიში, რასაც ნავალნისა და სხვათა მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმეების დაწყება მოჰყვა. 20 აგვისტოს, ნავალნი თვითმფრინავის ბორტზე გახდა ცუდად და გადაუდებელი წესით გადაყვანილ იქნა გერმანიის ერთერთ ჰოსპიტალში. მოგვიანებით დადგინდა, რომ ის სამხედრო ნერვული აგენტის გამოყენებით იყო მოწამლული. რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნის მოწამვლის ფაქტის გამოძიება ვერ შეძლო.

ციმბირელი შამანი ალექსანდრ გაბიშევი, რომელმაც დაიფიცა, რომ კრემლს პუტინისგან „გაასუფთავებდა“, კოვიდ ტესტზე უარის მოტივით, ფსიქიატრიულ კლინიკაში განათავსეს. ის ათი დღის შემდეგ გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც საქმე რეზონანსული გახდა და მომხდარს მწვავე კრიტიკა მოჰყვა როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ.

2020 წლის ივნისში, პოლიტიკური ბლოგერი ნიკოლაი პლატოშკინი, მას შემდეგ, რაც „მასობრივი არეულობისკენ მოწოდებებში“ და „წინასწარი შეცნობით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში“ დაადანაშაულეს, შინა პატიმრობაში გაამწესეს. რეალურად კი ნიკოლაი პლატოშკინი საკონსტიტუციო ცვლილებების საწინააღმდეგო მშვიდობიან პროტესტს გეგმავდა.[2]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ მრავალპარტიული სისტემა კარგად კონტროლდება კრემლის მიერ, რომელიც უშვებს მხოლოდ ფორმალურ შეჯიბრებითობას და ინარჩუნებს „ერთიანი რუსეთის“ პარტიის დომინანტურ როლს. 2012 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, გამარტივდა პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია, რამაც მრავალი ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა. მიუხედავად ამისა, არცერთი პარტია რეალურ საფრთხეს ხელუსფლებისთვის არ წარმოადგენს და მეტიც, ბევრი მათგანი პოლიტიკური ოპოზიციის გახლეჩვასა და დაყოფას ემსახურება. იუსტიციის სამინისტრო კვლავ უარს აცხადებს ნავალნის პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციაზე.

2020 წლის ადგილობრივ არჩევნებზე სამმა ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა ბარიერი, რომელიც 2021 წლის საკანონმდებლო არჩევნებში მონაწილეობისთვისაა საჭირო. ეს პარტიები არიან: ახალი ხალხი, სიმართლისთვის და მწვანე ალტერნატივა. რეალურად, სამივე პარტიას კავშირი აქვს მმართველ ძალასთან; ეს საშუალებას აძლევს კრემლის მეგობარ პოლიტიკურ ფიგურებს დისტანცია დაიჭირონ „ერთიან რუსეთთან“, რომელიც მზარდი ტემპით არაპოპულარული ძალაა, თუმცა მაინც დომინანტურ ძალად რჩება.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ სანდო ცნობები ვრცელდება, რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობის შესახებ. პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში, ძირითადად, ფიგურირებს ისეთი ბრალდებები, როგორიცაა „ტერორიზმი“, „ექსტრემიზმი“, „სეპარატიზმი“ და „ჯაშუშობა“. გავრცელებული ცნობებით, პოლიტიკური პატიმრები განსაკუთრებით მძიმე საპატიმრო პირობებში ჰყავთ გამწესებული და არიან ისეთი სადამსჯელო მოპყრობის ობიექტები, როგორიცაა სამარტოო საკანი და ფსიქიატრიულ განყოფილებაში განთავსება.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის „მემორიალი“ მიერ გამოქვეყნებული სია, რომელიც  2020 წლის დეკემბრის მდგომარეობას ასახავდა, მოიცავდა 358 პირს. ორგანზიაციის ცნობით, აღნიშნული პირები რუსეთში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შედეგად იყვნენ დაპატიმრებული. მათგან 295 პირის პატიმრობა რელიგიური პრაქტიკის აღსრულებით იყო გამოწვეული. ორგანიზაციის მტკიცებით, პოლიტიკურ პატიმართა რეალური რაოდენობა გაცილებით დიდია; შეიძლება ორჯერ და სამჯერ მეტიც კი. ორგანზიაციის მიერ გამოქვეყნებული სია, მათ შორის, მოიცავს ჟურნალისტებს, რომლებიც მათი პროფესიული საქმიანობის გამო დააპატიმრეს; მაგალითად, აბდულმუმინ გაჯიევი; მოიცავს, ასევე, ადამიანის უფლებათა აქტივისტებს და უკრაინელებს, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას აპროტესტებენ.[4]

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ 2018-2019 წლებში პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული პირები ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს – პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული პირები, როგორც ასეთი და ისინი, ვისი პოლიტიკური მოტივით დაპატიმრება დაკავშირებულია მათ მიერ რელიგიის თავისუფლების პრაქტიკასთან.

ზემოაღნიშნული კატეგორიებიდან პირველი ჯგუფის შემთხვევაში, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი არიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური აქტივისტები, რომლებიც, როგორც წესი, ოპოზიციური ბუნების არიან. პირველ რიგში, ესენი არიან ე.წ. „არა-სისტემური ოპოზიციის“ წევრები სხვადასხვა გაერთიანებიდან. მათ შრის არიან ოპოზიციური აქტივისტები შეხედულებების ფართო არეალით: ლიბერალები, სოციალისტები და კომუნისტები, ანარქისტები, ნაციონალისტები (როგორც რუსი, ასევე სხვა ეთნიკური ჯგუფები) და „ზოგადად“ ოპოზიციური აქტივისტები. ამასთან, პოლიტიკური მიზეზით რეპრესიების ობიექტები შეიძლება გახდნენ ასევე „სისტემური ოპოზიციის“ წევრებიც, რომლებიც განსაკუთრებით გავლენიანები არიან რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე.

ორგანიზაციის შეფასებით, 2018 წელს სიტუაცია განსხვავებული იყო და პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულთა შორის მხოლოდ ერთეულები იყვნენ ცნობილი პოლიტიკური აქტივისტები. სხვა პირები კონკრეტულად იმ დროს აქციაზე მყოფი პირები იყვნენ, რომელთა შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. 2019 წელს კი მშვიდობიანი აქციების დევნის პროცესში არა მხოლოდ რიგით დემონსტრანტებს, არამედ კარგად ცნობილ პოლიტიკურ აქტივისტებს აპატიმრებდნენ მასობრივად.

პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულთა შორის ძალიან მცირე რაოდენობით არიან ჟურნალისტები. „მემორიალის“ მიერ გამოქვეყნებულ სიაში მხოლოდ 4 ჟურნალისტია, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლნი გახდნენ. ბლოგერები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები გაცილებით მეტი საფრთხის წინაშე დგანან, ვიდრე მედია ორგანიზაციების თანამშრომლები. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული დამოკიდებულის ძირითადი გამომწვევი ფაქტორი არიას ის გარემოება, რომ ბლოგერები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც არ წარმოადგენენ რაიმე მედია ორგანიზაციას, უფრო ნაკლებად სარგებლობენ მედია სოლიდარობით და ორგანიზაციის რესურსით. გარდა ამისა, მედია ორგანიზაციების წარმომადგენელი ჟურნალისტები უფრო მეტად არიან მოქცეული პროფესიულ სტანდარტებში და გაშუქების დადგენილ წესებში. ბლოგერები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები კი გაცილებით მძიმე ფორმებით გამოხატავენ საკუთარ აზრს და ამიტომ, მათ მიმართ სამართალდამცავი სტრუქტურები უფრო აგრესიულები არიან.

სოციალური მედიის პოპულარობის ზრდა განაპირობებს რეალობას, სადაც დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე გაცილებით მეტი ოპოზიციური ბლოგერია სახეზე. რუსული კანონმდებლობით, ფორმალურად, განმარტებულია, რა შემთხვევაში ხდება სოციალური ქსელის მომხმარებელი ბლოგერი (მომხმარებლის გვერდის ნახვების რაოდენობა დღიურად უნდა აჭარბებდეს 3 ათასს). თუმცა, ბლოგერთა რეგისტრაციის პოტენციურად რეპრესიული ნორმა, რომელიც 2014 წელს შეიმუშავეს, პრაქტიკაშ არასდროს გატარებულა და საბოლოოდ, 2017 წელს გაუქმდა.[5]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ 2020 წელს გრძელდებოდა სივრცის შეზღუდვა ისეთი დამოუკიდებელი მედია საშუალებებისთვის, როგორიცაა გაზეთი, ტელევიზია და რადიო. ამასთან, ინტერნეტი კვლავ რჩება უფრო კრიტიკულ პლატფორმად. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტების წარსული პროფესიული საქმიანობა გავლენას ახდენს მათ სამომავლო დასაქმებაზე, როდესაც ისინი საქმიანობის სფეროს შეცვლას ცდილობენ.

„მედუზას“ ყოფილი რედაქტორი ილია აზარი მოსკოვში 15-დღიან პატიმრობაში გაამწესეს. 2019 წელს აზარი მუნიციპალურ დონეზე პოლიტიკური თანამდებობის პირი გახდა და აქტიურად აპროტესტებდა და ითხოვდა საეჭვო ბრალდებებით დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებას, მათ შორის ვლადიმირ ვორონცოვისა და ვიქტორ ნემიტოვის, რომლებიც მათი საქმიანობის გამო დააპატიმრეს. ისინი კრიტიკულ მოსაზრებებს აქვეყნებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებების ფაქტების შესახებ.[6]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ დევნა, შევიწროვება და ფიზიკური ანგარიშსწორება ჟურნალისტების მიმართ კვლავ გრძელდება. 2020 წლის 30 ივნისს, სანკტ პეტერბურგში, საარჩევნო უბანზე პოლიცია თავს დაესხა ჟურნალისტ დავიდ ფრენკელს და ხელი მოტეხა. 15 ოქტემბერს ჟურნალისტი ხაბაროვიდან, სერგეი პლოტნიკოვი, გაიტაცეს ნიღბიანმა პირებმა, წაიყვანეს ტყეში, სცემეს და მისი სიკვდილით დასჯა გაითამაშეს. პლოტნიკოვმა, გათავისუფლების შემდეგ მიმართა პოლიციას, თუმცა 2020 წლის ბოლოსთვის მას კვლავ არანაირი ინფორმაცია ჰქონდა გამოძიების დაწყების შესახებ. ჟურნალისტი ნიჟნი ნოვგოროდიდან, ირინა სლავინა, ხელისუფლების მხრიდან რუტინული ძალადობის ობიექტი გახდა. 2020 წლის პირველ ოქტომბერს მის სახლში რეიდი და ჩხრეკა ჩატარდა და გამოიძახეს მოწმედ სისხლის სამართლის საქმეში ერთერთი ადგილობრივი აქტივისტის წინააღმდეგ, რომელსაც „არასასურველი ორგანიზაციების“ კანონით ასამართლებდნენ. მომდევნო დღეს მან პროტესტის ნიშნად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა რეგიონული პოლიციის ოფისის წინ.

2020 წლის 6 ივლისს, პსკოვის სამხედრო სასამართლომ ჟურნალისტი სვეტლანა პროკოფიევა „ტერორიზმის საჯარო გამართლებაში“ დაადანაშაულა და 500 ათასი რუსული რუბლით დააჯარიმა. სვეტლანა პროკოფიევამ საჯაროდ განაცხადა, რომ რეპრესიული პოლიტიკა არხანგელსკში, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, 17 წლის ბიჭის მიერ თავის აფეთქების მოტივატორი იყო.[7]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ადგენს სიტყვის თავისუფლებას, თუმცა რეალურად, ექსტრემიზმის შესახებ კანონი ხელისუფლებას აძლევს დიდ დისკრეციას საკუთარი შეხედულებებისამებრ შეზღუდოს სტყვის თავისუფლების ნებისმიერი გამოხატულება, ასევე ორგანიზაცია ან აქტივობა, რომელიც ოფიციალური მხარდაჭერით არ სარგებლობს. მთავრობა, პირდაპირ ან სახელმწიფო კომპანიოებისა და მეგობარი ბიზნესების დამხრებით, აკონტროლებს ყველა ეროვნულ სატელევიზიო ქსელს და ბევრ რადიო და ბეჭდვით საშუალებებს, ისევე როგორც ბევრ მედია სარეკლამო კომპანიას. დამოუკიდებელი მედია საშუალებები მაინც განაგრძობენ საქმიანობას, ბევრი ონლაინ და ბევრიც წარმომადგენლობებით საზღვარგარეთ. ძალიან ცოტა ოპერირებს რუსეთიდან და ისინი აწყდებიან დიდ წინააღმდეგობებს სახელმწიფოს ინტერესებისგან დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ტელევიზიები ინფორმაციის ყველაზე პოპულარუი წყაროები არიან, თუმცა მათი გავლენა კლებულობს ახალგაზრდებში, ვინც უპირატესობას სოციალურ ქსელებს ანიჭებენ.

თავდასხმები, დაპატიმრებები, ოფისის რეიდები და მუქარები ჟურნალისტების მიმართ ფართოდაა გავრცელებული და ხელისუფლება აქტიურად ებრძვის ჟურნალისტებს მოსკოვს გარეთაც. ივან საფრონოვი, რომელიც „კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ კორესპონდენტად მუშაობდა, 2020 წლის ივლისში დააპატიმრეს და „დასავლეთისთვის ჯაშუშობაში“ დაადანაშაულეს. სექტემბერში, ინგუშეთის ხელისუფლებამ ჟურნალისტ რაშიდ მაისიგოვს, ნარკოტიკული საშულებების ქონის ბრალდებით, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მაისიგოვი ადგილობრივ პროტესტებსა და აქტივისტების დევნას აშუქებდა.

„როსკომნადზორმა“ – მედია და სატელეკომუნიკაციო ცენზურის ფედერალურმა სააგენტომ – შეწყვიტა დაშიფრული საკომუნიკაციო პროგრამის „ტელეგრამის“ აკრძალვისკენ მიმართული მცდელობები და 2020 წლის ივნისში პლატფორმას ორ-წლიანი აკრძალვა მოუხსნა.[8]

[1] Freedom House: Nations in Transit 2021 – Russia, 28 April 2021

 (accessed on 3 September 2021)

[2] AI – Amnesty International: Amnesty International Report 2020/21; The State of the World’s Human Rights; Russian Federation 2020, 7 April 2021

 (accessed on 3 September 2021)

[3] Freedom House: Freedom in the World 2021 – Russia, 3 March 2021

 (accessed on 3 September 2021)

[4] USDOS – US Department of State: 2020 Country Report on Human Rights Practices: Russia, 30 March 2021

 (accessed on 3 September 2021)

[5] Memorial: Political Repression and Political Prisoners in Russia 2018–2019, October 2020

 (accessed on 3 September 2021)

[6] Freedom House: Nations in Transit 2021 – Russia, 28 April 2021

 (accessed on 3 September 2021)

[7] AI – Amnesty International: Amnesty International Report 2020/21; The State of the World’s Human Rights; Russian Federation 2020, 7 April 2021

 (accessed on 3 September 2021)

[8] Freedom House: Freedom in the World 2021 – Russia, 3 March 2021

 (accessed on 3 September 2021)