შრი-ლანკა. მუსლიმთა მიმართ დამოკიდებულება – ოქტომბერი, 2021

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი შრი-ლანკაში რელიგიურ უმცირესობათა მიმართ დამოკიდებულების შესახებ 2021 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ შრი-ლანკა ბუდისტურ ქვეყანას წარმოადგენს. რელიგიური უმცირესობები ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 30 %-ს შეადგენენ (6.8 მილიონი პირი). რაც შეეხება უშუალოდ მუსლიმებს, ისინი მოსახლეობის 9.7 %-ს შეადგენენ და ძირითადად ბინადრობენ შემდეგ რეგიონებში: ამპარა, ბატტიცალოა და ტინცომალეე აღმოსავლეთში და მანნარისა და პუტტალამის რეგიონები დასავლეთში.

ქვეყნის კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კოდექსით დაცულია რელიგიის თავისუფლება და აკრძალულია დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით, ხოლო კანონით აღიარებულია 4 ძირითადი რელიგია: ბუდიზმი, ისლამი, ქრისტიანობა და ჰინდუიზმი. თუმცაღა, კონსტიტუციის მე-9 მუხლით ბუდიზმი ქვეყნის „უპირველეს რელიგიად“ არის აღიარებული და სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ბუდას სწავლებები.

2019 წლის ნოემბერში, ქვეყნის პრეზიდენტა გოტაბაია რაჯაპაკსა აირჩიეს, რომელმაც პრემიერ მინისტრად საკუთარი ძმა დანიშნა. მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ეთნიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები შემოირეს, რამაც, ზოგიერთის აზრით, შესაძლოა გაზარდოს ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირებები. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გასული წლების განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ შემოღებულ იქნა არაერთი ინიციატივა, რათა გაეუმჯობესებინათ რელიგიური უმცირესობების მდგომარეობა. მაგალითად, 2018 წელს შეიქმნა საპარლამენტო კომიტეტი, რომელიც შეისწავლის და იმუსავებს შრი-ლანკაში რელიგიური ჰარმონიის გაზრდის კუთხით.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში არც ერთი კანონი არ უშლის ხელს პირებს, მიმართონ სახელმწიფოს დაცვისთვის, როდესაც მათ მიმართ ადგილი აქვს უფლებადარღვევას ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით. ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს როგორც პოლიციასა და სასამართლოს, ასევე – შრი-ლანკას ადამიანის უფლებათა კომისიას. თუმცა, ზოგადად, პოლიციის ოფიცრებს ხშირად არ გააჩნიათ სათანადო რესურსი ან არ არიან შესაბამისად გადამზადებულები, ხოლო სასამართლო სისტემა გადატვირთულია, რის შედეგადაც სახეზეა ხანგრძლივი სამართლებრივი პროცედურები. ამას გარდა, ფართოდ გავრცელებული კორუფცია უარყოფითად მოქმედებს პოლიციის ეფექტურობაზე.

რაც შეეხება კონკრეტულად მუსლიმთა მდგომარეობას შრი-ლანკაში, ანგარიშის და ბრიტანელ ექსპერტთა მიხედვით, მათ ზოგადად თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი რწმენის რეალიზება: უპრობლემოდ დადიან მეჩეთებში, აქვთ წვდომა დასაქმებაზე და სათანადოდ არიან წარმოდგენილნი პოლიტიკურ სფეროში ორი პოლიტიკური პარტიით. კერძოდ,  „შრი-ლანკას მუსლიმთა კონგრესს“ (SLMC) პარლამენტში 7 დეპუტატი ყავს, ხოლო „სრულიად ცეილონის მაკკალის კონგრესი“ (ACMC) 5 მანდატითაა წარმოდგენილი.

თუმცაღა, ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს, აღდგომისას მომხდარი ტერაქტების („ისლამურ სახელმწიფოსთან“ აფილირებული ტერორისტული დაჯგუფება National Thowheeth Jama’ath’ (NTJ) მიერ კოორდინირებული თავდასხმები ქრისტიანულ თემზე, რის შედეგადაც 253 პირი დაიღუპა, ხოლო 500 დაშავდა) შემდგომ, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის კანონების საფუძველზე, ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი 2300-მდე პირი (უმრავლესობა მუსლიმი) დააკავა. 2019 წლის ივლისის მდგომარეობით, 1655 პირი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, 423 პატიმრობა შეეფარდა, ხოლო 211 წინასწარ დაკავებაში დარჩა. ტერაქტებთან კავშირში ბრალდებულ პირებს პრობლემები ჰქონდათ ადეკვატური სამართლებრივი დაცვის მოპოვების კუთხით, რადგან ადვოკატები ერიდებოდნენ მუსლიმთა ინტერესების დაცვას, საზოგადოებისგან ძალადობის შიშით. თავდაპირველი დაპატიმრებების მაღალი ტალღის შემდგომ, გავრცელებული ცნობებით, ახლა მხოლოდ 42 ეჭვმიტანილის საქმეთა გამოძიება მიმდინარეობს.

2019 წლის აღდგომის ტერაქტების შედეგად, მუსლიმთა მიმართ საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციის და ფიზიკური თავდასხმების შემთხვევებმა იმატა. აღნიშნული ძალადობისას პოლიციის ქმედებები ზოგადად არაადეკვატური იყო და მხოლოდ რამდენიმე დაკავება განხორციელდა. არ ყოფილა დამნაშავეთა დასჯის შემთხვევები და ხელისუფლებასაც სრულად არ მოუხდენია ძალადობის შედეგად დაზარალებულთა კომპენსირება.

COVID-19 პანდემიის დროს, შრი-ლანკის ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ ახალი რეგულაციის გამო, რომლის მიხედვითაც, ვირუსით გარდაცვლილი ყველა პირი სავალდებულო კრემაციას უნდა დაქვემდებარებოდა. აღნიშნული მეთოდი ეწინააღმდეგება გარდაცვლილის დამარხვის ისლამურ ტრადიციას და აღქმული იყო, როგორც მუსლიმებისადმი დისკრიმინაციულად. 1 წლის შემდგომ, 2021 წლის თებერვალში, ხელისუფლებამ გააუქმა აღნიშნული ვალდებულება.

2021 წლის ივნისში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ COVID-19 ლოქდაუნის წესების დარღვევისთვის არმიის ოფიცრებმა, სასჯელის სახით, აიძულეს მუსლიმების ჯგუფი, გზებზე დაეჩოქათ. სამხედრო ძალების მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებენ.

ამას გარდა, 2021 წლის მარტში, ხელისუფლებამ, „ეროვნული უსაფრთხოების“ მიზნებით, სცადა შემოეღო კანონი, რომელიც კრძალავდა საჯარო სივრცეში ბურქას და სხვა სახის საფრების გამოყენებას და ასევე, დახურავდა 1 000-მდე „მადრასსას“ (ისლამური სასწავლებელი). აღნიშნული კანონი, ანგარიშის მომზადების დროისთვის, პარლამენტს არ დაუმტკიცებია, თუმცა, არაერთხელ იქნა გაკრიტიკებული გაეროს მიერ, როგორც საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა.

ოფისის ექსპერტთა შეფასებით, მართალია, 2019 წლის აღდგომის მოვლენების შემდგომ სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმთა დისკრიმინაციის შემთხვევებმა იმატა, თუმცა, ზოგადად, აღნიშნული საკუთარი ბუნებით ან/და განმეორებითი ხასიათით არ არის არის იმდენად სერიოზული, რომ უტოლდებოდეს დევნას ან სერიოზულ ზიანს.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი შრი-ლანკაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის მაისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ა.შ.შ. მთავრობის გათვლებით, ქვეყნის მოსახლეობა 22. 7 მილიონი ადამიანია. 2012 წლის მონაცემებით, პოპულაციის 70.2 % ბუდისტია, 12.6 % – ჰინდუ; 9.7 % – მუსლიმი და 7.4 % ქრისტიანი. მუსლიმთა უმრავლესობა საკუთარ თავს ეთნიკურად  არც თამილად და არც სინჰალესად არ მიიჩნევს, თუმცა, ისინი თამილურ ენაზე საუბრობენ. მათი უმრავლესობა სუნიტია, თუმცა, გვხვდებიან სუფიტური, აჰმადია და შიიტური დენომინაციების წარმომადგენლებიც.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის მარტში ჯანდაცვის სამინისტრომ COVID-19-ით გარდაცვლილი პირების კრემაცია სავალდებულო გახადა, რის გამოც მუსლიმებს არ მიეცათ საშუალება, ისლამური ტრადიციის თანახმად, საკუთარი გარდაცვლილები დაემარხათ. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, რომელიც აკვირდებოდა ონლაინ-სივრცეში „სიძულვილის ენას“, ყველა ეროვნულ ენაზე (სინჰალურ, თამილური და ინგლისური) მარტი-ივნისი პერიოდში გამოხატული „სიძულვილის ენის“ შემთხვევათა 58 % თავს ესხმოდა მუსლიმებს ან ისლამს. კონკრეტულად სინჰალურ ენაზე აღნიშნული მაჩვენებელი 79 %-მდეც ადიოდა.

მუსლიმური სამოქალაქო აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ფიქსირდებოდა ანტი-მუსლიმური რეტორიკისა და სიძულვილის ენის მასობრივი გამოვლინება სოციალურ ქსელებსა და მედიაში, რაც უკავშირდებოდა COVID-19 პანდემიას. Human Rights Watch-ის მიხედვით, აპრილსა და მაისში სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა მოწოდებები მუსლიმური მაღაზიების ბოიკოტირების შესახებ იმ მოტივით, რომ მუსლიმები ვირუსს მიზანმიმართულად ავრცელებდნენ.

წლის განმავლობაში, არ ფიქსირდებოდა 2019 წლის მაისში ანტი-მუსლიმური მასობრივი ძალადობის შედეგად გარდაცვლილი ერთი მუსლიმისა და მეჩეთებზე თავდასხმების ინციდენტებში დამნაშავე პირების გასამართლების შემთხვევები. წლის ბოლოსთვის არსებული სიტუაციით, ხელისუფლებამ არ გასცა სათანადო კომპენსაციები აღნიშნული ძალადობის დროს დაზიანებული ქონებების მეპატრონეებს.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International შრი-ლანკას შესახებ 2021 წლის ანგარიშში წერდა, რომ პანდემიის დროს გაიზარდა ანტი-მუსლიმური რეტორიკა როგორც სოციალური ქსელებში, ასევე – მედიაში, ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო მაღალჩინოსნების მხრიდან. შესაბამისი სამსახურები ახორციელებდნენ ვირუსით გარდაცვლილ მუსლიმთა იძულებით კრემაციას (რაც ისლამით აკრძალულია). აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინებით, პანდემიის პირობებში ნებადართული იყო როგორც კრემაცია, ისევე – მიცვალებულის დამარხვა.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House შრი-ლანკას შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ბუდიზმს განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს, მაშინ, როდესაც სხვა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები პერიოდულად ექვემდებარებიან დისკრიმინაციას და ზოგჯერ – ძალადობასაც. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს არ დაფიქსირდა ინტერ-რელიგიური ძალადობის სერიოზული შემთხვევები, მანამდე მომხდარმა ანტი-მუსლიმურმა გამოსვლებმა ბევრი მუსლიმი დააშინა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინსაარჩევნო პერიოდში, ზოგიერთი ბუდისტი პოლიტიკოსი დებდა პირობას, რომ გამარჯვების შემთხვევაში ბუდისტებს აეკრძალებოდათ მუსლიმთა მაღაზიებში ვაჭრობა, აიკრძალებოდა ბურქას ტარება, დაიხურებოდა მადრასსები (მუსლიმური სასწავლებლები) და მოახდენდნენ მუსლიმთა განათლებისა და ქორწინების კუთხით კანონმდებლობის იძულებით ცვლილებას.

როდესაც COVID-19 გავრცელებმა სერიოზულ ზღვარს მიაღწია, ზოგიერთმა სამთავრობო თანამდებობის პირმა ამაში მუსლიმური თემი დაადანაშაულა. ამას გარდა, ხელისუფლება იაძულებდა მუსლიმებს ვირუსით გარდაცვლილი ნათესავების კრემაციას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მეთოდი ეწინააღმდეგება ისლამს და რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, დასაშვები იყო ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა როგორც კრემაცია, ასევე – დასაფლავება.[4]

 

[1] UK Home Office – Country Policy and Information Note Sri Lanka – Religious Minorities; published in August 2021; available at

[accessed 5 October 2021]

[2] United States Department of State – 2020 Report on International Religious Freedom: Sri Lanka; published in May 2021; available at

[accessed 5 October 2021]

[3] Amnesty International – Amnesty International Report 2020/21; The State of the World’s Human Rights; Sri Lanka 2020; published in April 2021; available at

[accessed 5 October 2021]

[4] Freedom House – Freedom in the World 2021 – Sri Lanka; published in March 2021; available at

[accessed 5 October 2021]