ისრაელი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები. ოქტომბერი, 2021

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ისრაელის შესახებ წერს, რომ ისრაელელი ჯარისკაცები, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები კვლავ იყენებენ წამებას და სხვა არაადამიანურ მოპყრობას პალესტინელების მიმართ და ეს გრძელდება დაუსჯელად. აღწერილი მეთოდები მოიცავს ცემას, სილის გაწვნას, ბორკილების მტკივნეულად დადებას, ძილის დარღვევას, მტკივნეულ პოზიციებში გაჩერებას და ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარებს. სამარტოო საკანში ხანგრძლივი პერიოდით, ხანდახან თვეობითაც, მიღებული სადამსჯელო პრაქტიკაა. ისრაელის ძალები ხშირად უზღედავენ სამედიცინო დახმარებაზე წვდომას სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერაციებისას დაშავებულ პალესტინელებს.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ისრაელის შესახებ წერს, რომ უზენაესმა სასამართლომ წამება 1999 წელს აკრძალა, თუმცა დაადგინა, რომ ფიზიკური იძულება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დაკითხვებისას იმ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა გარდაუვალი საფრთხე. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ბრალს სდებენ ხელისუფლებას ფიზიკური ძალადობის და სხვა ისეთი მეთოდების გამოყენებაში, როგორიცაა იზოლაცია, ძირის დარღვევა, ფსიქოლოგიური დაშინება და ზეწოლა და დამცირება.

ისრაელის კანონმდებლობა, პოლიტიკური პრაქტიკა, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია ქმნის ისეთ გარემოს, სადაც მთავრობის გამჭვირვალობა სათანადო დონეზეა. ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის მიხედვით, ყველა მოქალაქესა და რეზიდენტს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია საჯარო უწყებისგან. მიუხედავად ამისა, კანონი უშვებს გამონაკლისებს, რომლის მიხედვითაც შეიარაღებულ ძალებს, დაზვერვის სამსახურს, ატომური ენერგიის სააგენტოს და პენიტენციურ სისტემას უფლება აქვს ინფორმაცია არ გაასაჯაროვოს; წყაროების შეფასებით, ასეთი დაშვება შესაძლოა, უწყებებმა დანაშაულების დაფარვის მიზნით გამოიყენონ.

ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ისრაელის საპატიმროებში 4 ათასზე მეტი პალესტინელი იმყოფება, მათ შორის 357 ადმინისტრაციულ პატიმრობაშია. სისხლის სამართლის კოდექსით, პირი, რომელიც ეჭვმიტანილია უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დანაშაულში, შესაძლოა, ოფიციალური პროცედურების დაწყების გარეშე დარჩეს პატიმრობაში 96 საათის განმავლობაში და 21 დღის განმავლობაშ შეეზღუდოს წვდომა ადვოკატთან.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ისრაელის შესახებ წერს, რომ კანონმდებლობა კრძალავს წამებას, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტკივილის მიყენებას, თავდასხმას ან ზეწოლას. ქვეყნის კანონმდებლობა უშვებს გამონაკლისს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული დაკითხვების შემხვევაში და ნებადართულად მიიჩნევს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომელსაც უწოდებენ „გამონაკლის ღონისძიებებს“. აღნიშნული მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარდაუვალი საფრთხის არსებობის დროს. 2018 წელს ისრაელის მთავრობამ დაადგინა, რომ დაკითხვის ასეთი მეთოდები, წესები და პროცედურები, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, არის საიდუმლო ინფორმაცია. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს, დაკითხვის მიზნებიდან გამომდინარე, იზოლაციაში ამყოფებს მხოლოდ გადაუდებელ შემთვევებში, როდესაც არ არსებობს სხვა ალტერნატივა და რომ უსაფრთხოების სამსახური იზოლაციას არ იყენებს დაკითხვის გახანგრძლივების, აღიარებითი ჩვენების იძულების ან დასჯის მიზნებით. სისხლის სამართლებრივ საქმეებში, რომელსაც პოლიცია წარმართავს, თუ სავარაუდო დანაშაული ისჯება მაქსიმუმ 10 წლის ვადით პატიმრობით, დაკითხვის ჩაწერა სავალდებულოა. ისრაელის წამების საწინააღმდეგო საჯარო კომიტეტის ცნობით, ხელისუფლება აღიარებს, რომ იყენებს „გამონაკლის ღონისძიებებს“, მაგრამ იუსტიციის სამინისტრო არ ასაჯაროვებს ინფორმაციას ასეთი საქმეების რაოდენობის შესახებ. ისრაელის წამების საწინააღმდეგო საჯარო კომიტეტის ცნობით, „გამონაკლისი ღონისძებები“ მოიცავს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ცემა, სტრესულ პოზიციაში გაჩერება ხანგრძლივი ვადით, გაუპატიურების ან ფიზიკური ზიანის მუქარა, ძილის დარღვევა და ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ ისრაელის კანონმდებლობა პატიმრებს და დაკავებულებს უზრუნველყოფს უფლებით, იმყოფებოდნენ ისეთ პირობებშ, რაც არ იქნება მათი ჯანმრთელობისა და ღირსებისთვის ზიანის მომტანი. ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები წერენ, რომ პალესტინელები, რომლებიც უსაფრთხოების საკითხებითან დაკავშირებით არიან დაკავებულები (ისინი, ვინც ბრალდებულები ან გასამართლებულები არიან ნაციონალისტური მიზეზებით მოტივირებული ძალადობისთვის), ხშირად, უფრო მკაცრ პირობებში არიან, ვიდრე ის პატიმრები, ვინც კრიმინალებად ხასიათდებიან. უფრო მკაცრი პირობები მოიცავს უფრო ხშირ ადმინისტრაციულ დაკავებებს, საოჯახო ვიზიტების შეზღუდვას და სამარტოო საკანში განთავსებას. 2019 წელს სახალხო დამცველის ოფისი, 42 ციხისა და დაკავების ცენტრის შესწავლის შემდეგ, წერდა, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, რაც გაწეულ იქნა საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობების გაუმჯობესებისთვის, დაკავებულთა უფლებების დარღვევებს მაინც აქვს ადგილი. ანგარიშის მიხედვით, ათასობით პატიმარი იმყოფება ექსპლუატაციის ვადაგასულ დაწესებულებაში, სადაც არსებული პირობები შეუსაბამოა. იგივე ანგარიშის მიხედვით, ბევრი პატიმარი, მათ შორის ბავშვებიც, იმყოფებიან სამარტოო საკნებში და მათ მიმართ არაპროპორციულად გამოიყენება ბორკილების დადება. სახალხო დამცველის ოფისის მტკიცებით, მსგავსი მეთოდები განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება მენტალური შეზღუდვების მქონე პატიმრების მიმართ.

2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მთავრობას არ ჰქონდა მიღებული 2015 წლის კანონი პატიმრების შიმშილობის დროს, გარკვეული პირობებით, იძულებითი კვების დასაშვებობის შესახებ. ისრაელის ექიმთა ასოციაციამ კანონი არა ეთიკურად მიიჩნია და ექიმებს მოუწოდა, არ დაიცვან ის. რეგულაციები აწესებს, რომ სამედიცინო პერსონალმა, სამედიცინო შეხედულებების შესაბამისად, პაციენტს უნდა უმკურნალოს მისაღები ხარისხით და გონივრულ ვადაში, ისრაელის პენიტენციური სისტემისთვის არსებული რესურსებისა და ფინანსების ფარგლებში. რეგულაციები, ასევე, უფლებას აძლევს ისრაელის პენიტენციურ სისტემას, პატიმარს უარი უთხრას მკურნალობაზე, თუ ბიუჯეტთან დაკავშირებული დაბრკოლებები იქნება სახეზე.

ადგილობრივი ორგანიზაციის „ექიმები ადამიანის უფლებებისთვის ისრაელში“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ისრაელის პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო კუთხით დიდი ჩავარდნებია. ანგარიშის მიხედვით, ცალკე ჯანდაცვის სისტემა, რომელიც მოქმედებს პატიმრებისთვის, ვერ ახერხებს იგივე სერვისის გაწევას, რასაც მოქალაქეები იღებენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის ორგანიზაციებისგან. პატიმრებისთვის გაწეული მომსახურება არ აკმაყოფილებს ქვეყანაში არსებულ ზოგად სტანდარტებს და გამოკვლეული შემთხვევების ნახევარში პატიმართა ჯანმრთელობა იდგა რისკის წინაშე არა სათანადო მკურნალობის ან მკურნალობაზე უარის თქმის გამო. ორგანიზაცია მოუწოდებდა ხელისუფლებას, პატიმრებისთვის აემოქმედებინა იგივე ჯანდაცვის სისტემა, რაც მოქმედებს ისრაელის დანარჩენი მოქალაქეებისთვის.

ხელისუფლება აცორხიელებს სათანადო საგამოძიებო ღონისძიებებს არა სათანადო მოპყრობის შესახებ სარწმუნო ცნობების შემთხვევაში. 2020 წლის 25 აგვისტოს კნესეტმა მიიღო კანონი, რომელიც აწესებს პატიმრებთან ვირტუალური მოსმენების ჩატარებას კოვიდ პანდემიის პირობებში. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ნებადართულია ადვოკატების ვიზიტები და არცერთ პატიმარს აღნიშნული უფლება არ ეზღუდება. ადგილობრივი არასამთავრობო როგანიზაციები, რომლებიც ციხეების მონიტორინგს ახორციელებენ, ამტკიცებენ, რომ პალესტინელების შემთხვევაში აღნიშნული უფლება ირღვევა. მთავრობა შეზღუდულად უშვებს საოჯახო ვიზიტებს პატიმრებთან დასავლეთ სანაპიროდან და უფრო მკაცრად ზღუდავს ვიზიტებს ღაზის სექტორიდან.

მიუხედავად კოვიდ პანდემიისა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციამ მოინახულა ისრაელის საპატიმრო დაწესებულებები, მათ შორის დაკითხვის ცენტრები და შეამოწმა დაკავების პირობები, პატიმართა მიმართ დამოკიდებულება და საოჯახო ვიზიტებზე წვდომა. კომიტეტის ოჯახზე წვდომის პროგრამა, რომელიც პალესტინელებს ძლევს საშუალებას ოჯახის წევრებს შეხვდნენ, კოვიდ პანდემიის ფარგლებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვების ფარგლებში, შეჩერებულია ღაზის სექტორის მცხოვრებლებისთვის.

2018 წელს კნესეტმა მიიღო დროებითი კანონი (სამი წლის ვადით), რომელიც პატიმრების (გარდა უსაფრთხოების პატიმრებისა) ვადამდე გათავისუფლებას უშვებდა, რათა აღსრულებულიყო უზენაესი სასამართლოს დადგენილება, რომ საპატიმრო დაწესებულებებში, პატიმრისთვის გამოყოფილი უნდა იყოს 48 კვადრატული ფუტი საცხვორებელი ფართი. არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, პატიმარზე გამოყოფილი იყო 33 კვადრატული ფუტი და პატიმართა 40% იკავებდა 32 კვადრატულ ფუტზე ნაკლებს.[3]

[1] AI – Amnesty International: Amnesty International Report 2020/21; The State of the World’s Human Rights; Israel and the Occupied Palestinian Territories 2020, 7 April 2021

 (accessed on 7 October 2021)

[2] Freedom House: Freedom in the World 2021 – Israel, 3 March 2021

 (accessed on 7 October 2021)

[3] USDOS – US Department of State: 2020 Country Reports on Human Rights Practices: Israel, West Bank and Gaza (Israel), 30 March 2021

 (accessed on 7 October 2021)