ისრაელი. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. ოქტომბერი, 2021

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ისრაელის შესახებ წერს, რომ ისრაელი მრავალპარტიული საპარლამენტო დემოკრატიაა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას არ აქვს კონსტიტუცია, 120-მანდატიანი პარლამენტი „კნესეტის“ მიერ მიღებულია „ძირითადი კანონების“ სერია, რომელიც აერთიანებს ფუნდამენტურ უფლებებს. ფუნდამენტური კანონების, ბრძანებულებებისა და რეგულაციების მოქმედება დამოკიდებულია საგანგებო მდგომარეობის არსებობაზე, რომელიც ქვეყანაში ძალაშია 1948 წლიდან. მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტი უფლებამოსილია დაითოვოს საკუთარი თავი და დანიშნოს არჩევნები. 2020 წლის 2 მარტს ისრაელში ჩატარდა მესამე არჩევნები უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში და ჩამოყალიბდა კოალიციური მმართველობა. 2020 წლის 23 დეკემბერს პარლამენტმა, მას შემდეგ, რაც ბიუჯეტის შესახებ კანონი ვერ მიიღო, კიდევ ერთხელ დაითხოვა საკუთარი თავი და ხელახალი არჩევნები 2021 წლის 23 მარტს ჩანიშნა.

პრემიერის დაქვემდებარების ქვეშ, ისრაელის უსაფრთხოების სამსახური ებრძვის ტერორიზმს და შპიონაჟს ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში. ეროვნული პოლიცია, მათ შორის სასაზღვრო პოლიცია და საიმიგრაციო პოლიცია ექვემდებარება საჯარო უსაფრთხოების სამინისტროს. ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია საგარეო უსაფრთხოებაზე, მაგრამ ასევე აქვს გარკვეული პასუხისმგებლობა შიგა უსაფრთხოებაზე და ანგარიშვალდებულია თავდაცვის სამინისტროს წინაშე. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ძალები, რომლებიც მოქმედებენ დასავლეთ სანაპიროზე, ფუნქციონირებენ თავდაცვის ძალების დაქვემდებარებაში. სამოქალაქო ხელისუფლება ახორციელებს უსაფრთხოების სამსახურების ეფექტიან კონტროლს.

ანგარიშს მიხედვით, ისრაელშ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენს: ცნობები უკანონო და თვითნებური მკვლელობების შესახებ, მათ შორის ისრაელის სამოქალაქო პირებისა და სამხედროების მკვლელობები; თვითნებური დაკავებები პალესტინელებისა დასავლეთ სანაპიროდან და ღაზიდან; პალესტინელების იერუსალიმში განსახლებაზე დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის უკანონო ჩარევა პირად, ოჯახისა და საშინაო საქმეებში; მნიშვნელოვანი შეზღუდვებია დაწესებული გადაადგილების თავისუფლებაზე; ასევე, ყურადსაღებია ძალადობა თავშესაფრის მაძიებლებისა და უკანონო მიგრანტების მიმართ; ძალადობა და ძალადობის მუქარა ეროვნული, რასობრივი ან ეთნიკური უმცირესობების მიმართ; და შრომითი უფლებების დარღვევები უცხოელი მუშა ხელის და დასავლეთ სანაპიროელი პალესტინელების მიმართ.

ანგარიშის მიხედვით, ისრაელის ხელისუფლება დგამს ქმედით ნაბიჯებს, რათა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩაიდენენ ადამიანის უფლებებს დარღვევებს; ისრაელის ხელისუფლება აღნიშნულს ახორციელებს ყველას მიმართ, განურჩევლად იმის, თუ რა თანამდებობა და გავლენა აქვს ამა თუ იმ დანაშაულის ჩამდენ პირს.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ისრაელის შესახებ წერს, რომ ისრაელის ხელისუფლება 2020 წლის განმავლობაში სისტემატურად ავიწროვებდა და დისკრიმინაციულად ექცეოდა პალესტინელებს; და ასეთი დამოკიდებულება ხშირად ცდებოდა უსაფრთხოების დასაბუთების კონტექსტს, რასაც, როგორც წესი, ემყარება ხოლმე ისრაელის განმარტებები.

ზედიზედ მეცამეტე წლის განმავლობაში, ისრაელის ხელისუფლებამ აამოქმედა გადაადგილების შეზღუდვა პალესტინელებზე ღაზის სექტორში და მკაცრად ზღუდავდა ტვირთის შეტანა-გატანას. აღნიშნული შეზღუდვა არ არის დაფუძნებული უსაფრთხოების რისკის ინდივიდუალურ შეფასებაზე და 2 მილიონამდე პალესტინელს უზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და ტოვებს მათ ელექტროენერგიისა და წყლის რესურსის შეზღუდულ პირობებში, რაც ანგრევს ეკონომიკასაც. ღაზის სექტორის მოსახლეობის 80% დამოკიდებულია ჰუმანიტარულ დახმარებაზე.[2]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ისრაელის შესახებ წერს, რომ ისრაელი თავისუფალი ქვეყანაა და მისი რეიტინგი 100-დან 76 ქულით ფასდება. ქვეყანაში არსებული ვითარება პოლიტიკური უფლებების კუთხით 40-დან 33 ქულითაა შეფასებული; სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით კი 60-დან 43 ქულით. ორგანიზაცია წერს, რომ ისრაელი მრავალპარტიული დემოკრატიაა ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტებით, რაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დაცვის გარანტიაა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემა შედარებით აქტიურია უმცირესობათა უფლებების დაცვის მიმართულებით, პოლიტიკური ლიდერები და საზოგადოების გარკვეული ნაწილი დისკრიმინაციულია არაბი და სხვა ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობების მიმართ.[3]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ისრაელის შესახებ წერს, რომ ისრაელი განაგრძობს ინსტიტუტიოცანილებული დისკრიმინაციული მიდგომის გატარებას პალესტინელების მიმართ, რომლებიც ისრაელის მმართველობის ქვეშ ცხოვრობენ პალესტინის ტერიტორიაზე. გრძელდება პალესტინელთა გადაადგილება და მათი სახლების დანგრევა. ისრაელის ძალები კვლავ იყენებენ გადამეტებულ ძალას სამართალდამცავი ორგანოების ოპერაციების დროს პალესტინის ტერიტორიაზე. ისრეალის ძალებმა 2020 წელს 31 პალესტინელი მოკლეს აღნიშნული ოპერაციების დროს. ისრაელის ინარჩუნებს ღაზის სექტორის ბლოკადას და ზღუდავს პალესტინელების გადაადგილების თავისუფლებას. ხელისუფლება თავშესაფრის მაძიებლებს უზღუდავს წვდომას ლტოლვილის სტატუსის დადგენის სათანადო პროცედურებზე.[4]

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ადგილი არ აქვს საერთაშორისო ხასიათის ან შიგა შეიარაღებულ კონფლიქტს. თუმცა, ისრაელი ჩართულია ე.წ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში. აღნიშნული კონფლიქტის ფარგლებში, პერიოდულად, ღაზის სექტორიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით ხდება საჰაერო იერიშების განხორციელება. აღნიშნული წყაროს მიხედვით, ისრაელი ეწევა პალესტინის ტერიტორიის ოკუპაციას და რეალური ძალაუფლება დასავლეთ სანაპიროზე, ღაზის სექტორსა და ასევე აღმოსავლეთ იერუსალიმზე ისრაელის სახელმწიფოს ხელშია. წყარო აღნიშნავს, რომ ისრაელი ჩართულია სამ შეიარაღებულ კონფლიქტში, როგორც მხარე, რომელსაც ოკუპირებული აქვს: 1. გოლანის სიმაღლეები (სირია), 2. მაზარია შაბა (Shebaa Farms – ლიბანი) და 3. პალესტინის ტერიტორია.[5]

[1] USDOS – US Department of State: 2020 Country Reports on Human Rights Practices: Israel, West Bank and Gaza (Israel), 30 March 2021

 (accessed on 6 October 2021)

[2] HRW – Human Rights Watch: World Report 2021 – Israel and Palestine, 13 January 2021

 (accessed on 6 October 2021)

[3] Freedom House: Freedom in the World 2021 – Israel, 3 March 2021

 (accessed on 6 October 2021)

[4] AI – Amnesty International: Amnesty International Report 2020/21; The State of the World’s Human Rights; Israel and the Occupied Palestinian Territories 2020, 7 April 2021

 (accessed on 6 October 2021)

[5] The Rule of Law in Armed Conflicts project RULAC; Geneva Academy of International Humanitarian Law and Human Rights; Israel; available at: https://www.rulac.org/browse/map [accessed on 7 October 2021]