პაკისტანი. სამართალდამცავი სისტემის ეფექტურობა – ოქტომბერი, 2021

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი პაკისტანის შესახებ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ 2018 წლის მონაცემებით, პაკისტანის პოლიციის მოცულობა 530 000-მდე პირს შეადგენს. პოლიცია ექვემდებარება რეგიონულ მთავრობებს, გარდა ისლამაბადის პოლიციისა, რომელიც ფედერალური ხელისუფლების იურისდიქციაში და მისი ძირითადი მოვალეობაა შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამართალდაცვითი ფუნქციები. ამას გარდა, ქვეყანაში არის გასამხედროებული ძალები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებიან. კერძოდ, Frontier Corps, რომლებიც ბალოჩისტანისა და ხიბერ პახტუნტხვას რეგიონებში ოპერირებს და რეინჯერები, რომლებიც იმავე ფუნქციას სინდჰისა და პენჯაბის პროვინციებში ასრულებენ. ორივე ზემოხსენებული ერთეული გარდა შიდა უსაფრთხოების დაცვისა, ასევე აწარმოებენ სასაზღვრო უსაფრთხოებით ოპერაციებს.

ანგარიშის მიხედვით, პოლიციის ეფექტურობა და მათ მიმართ არსებული გამოწვევები პაკისტანში განსხვავებულია პროვინციის მიხედვით. სამხედრო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციების შედეგად, შემცირდა ტერორისტულ ინციდენტთა რაოდენობა. ზოგიერთ პროვინციაში არსებობს საექსპერტო-კრიმინალისტური დანაყოფები, რომლებიც შეისწავლიან დანაშაულის ადგილს და ნივთმტკიცებებს. თუმცა, პაკისტანის დიდი მოსახლეობის გამო, ზოგიერთ რეგიონებში აღნიშნულ ფუნქციას ადგილობრივი პოლიცია ასრულებს, რომელსაც არ გააჩნია სათანადო გადამზადება ან/და აღჭურვილობა. ზოგადად, პოლიციის ეფექტიანობა შეზღუდულია, რაც განპირობებულია განპირობებულია რესურსების ნაკლებობით, გადამზადების დაბალი დონით, არასაკმარისი და მოძველებული აღჭურვილობით, რის გამოც გამოძიებების ხარისხიც იკლებს. პოლიციის მუშაობას ხელს ასევე უშლის გარეშე ფაქტორები: პოლიტიკური აქტორები, უსაფრთხოების ძალები, სასამართლო და ა.შ. პოლიციაში ასევე ფართოდ არის გავრცელებული კორუფცია და მცირე ქრთამები. საკმაოდ გავრცელებულია ქრთამის მიღება რეალური ან ყალბი საჩივრების წარმოებაში მიღების ანდა პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნითაც. პოლიციის მიმართ საჯარო ნდობა, გავრცელებული ცნობებით, დაბალია.[1]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი პაკისტანის შესახებ 2019 წლის ანგარიშში წერდა, რომ ქვეყანაში სამართალდაცვით ფუნქციებს ძირითადად ფედერალური და რეგიონალური პოლიცია ასრულებენ. აღნიშნული ორგანოები უშუალოდ პასუხისმგებელი არიან წესრიგის შენარჩუნებაზე მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო ფედერალურ მთავრობას გააჩნია უშუალოდ იურისდიქცია ისლამაბადის პოლიციასა და FATA-ს რეგიონში მოქმედ უსაფრთხოების ძალებზე. პაკისტანის პოლიციის თანამშრომელთა რაოდენობა 2005-დან 2015 წლამდე 220 000-დან 430 000-მდე გაიზარდა. 2018 წლისთვის არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში დაახლოებით 530 000 პოლიციელი მსახურობს.

ანგარიშის მიხედვით, პაკისტანის რეგიონალური პოლიციის ეფექტურობა და მათ მიმართ არსებული გამოწვევები განსხვავებულია ლოკაციის მიხედვით. თუმცა, ზოგადად, პაკისტანში პოლიციის უნარიანობა და ეფექტურობა შეზღუდულია, რაც განპირობებულია რესურსების ნაკლებობით, გადამზადების დაბალი დონით, არასაკმარისი და მოძველებული აღჭურვილობით და სხვადასხვა ფაქტორების (ზემდგომები, პოლიტიკური აქტორები, უსაფრთხოების ძალები) ზეწოლითა და გავლენით. სექტარული ხასიათის ძალადობის შემთხვევებისა და შიდა ტერორიზმის საფრთხეების გამო, პოლიციის რესურსები ძირითადად მიმართულია კონკრეტულ ინციდენტებზე რეაგირებასა და უსაფრთხოების/დაცვის როლზე, ვიდრე – საზოგადოებაში პოლიციის ტრადიციული როლის შესრულებაზე. მოქალაქეების  აღქმით, პოლიციელთა რიგებში ფართოდ გავრცელებულია კორუფცია და ზოგადად, პოლიციის მიმართ ნდობა დაბალია.

პოლიციელებს არ გააჩნიათ სათანადო ანაზღაურება და მუშაობენ მძიმე სამუშაო პირობებში, მაღალი პირადი უსაფრთხოებრივი რისკებისა და კლებადი რესურსების ფონზე. კონკრეტული პოლიციელები ხშირად ზრდიან საკუთარ შემოსავალს ქრთამის აღებით. ზოგიერთ პროვინციაში, პოლიციის განყოფილებების ოპერირებენ დღეში 24 საათი, სადაც მხოლოდ 8-დან 16-მდე ოფიცერი თუ მუშაობს. პოლიციის ოფიცრები ხშირად არიან შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან თავდასხმის სამიზნეები, რაც უარყოფითად აისახება მათ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.

ანგარიშის მიხედვით, რეგიონალური პოლიცია ოპერირებს დამოუკიდებლად და ქვეყანაში არ არსებობს ეროვნული მაკოორდინირებელი მექანიზმი ან გადასამზადებელი სტანდარტები. რეგიონალური ძალები ასევე ხშირად მოქმედებენ კონკურენტულად, როდესაც საქმე ეხება გამოძიებებს, რომელთა მასშტაბიც ერთ პროვინციას ცდება, რის გამოც ეფექტურობის დონე იკლებს.

გაერო, Human Rights Watch და Amnesty International ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ფიქსირდებოდა პოლიციის მხრიდან ისეთი უფლებადარღვევები, როგორიცაა: წამება და არასათანადო მოპყრობა; თვითნებური დაკავება; კანონს მიღმა პირტა სიკვდილით დასჯა; იძულებითი გაუჩინარებები და ა.შ.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი პაკისტანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ქვეყნის მასშტაბით, შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ძირითადი ორგანოა პოლიცია. პროვინციებში ადგილობრივი პოლიცია ექვემდებარება რეგიონალურ მთავრობებს. პაკისტანის საგარეო უსაფრთხოებაზე ზრუნავს სამხედრო ძალები, თუმცა, გარკვეულ როლს თამაშობს შიდა უსაფრთხოებაშიც. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო და სადაზვერვო სამსახურები ფორმალურად ექვემდებარებიან სამოქალაქო ინსტიტუციებს, ისინი, როგორც წესი, მოქმედებდნენ დამოუკიდებლად და სამოქალაქო ორგანოების მონიტორინგის გარეშე.[3]

[1] UK Home Office – Country Policy and Information Note Pakistan: Actors of protection; published in June 2020; available at

[accessed 7 October 2021]

[2] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT PAKISTAN; available at

[accessed 7 October 2021]

[3] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Pakistan; published in March 2021; available at

[accessed 7 October 2021]