მსოფლიო. ინფორმაცია იეზიდიზმის შესახებ – ოქტომბერი, 2021

მსოფლიო ისტორიის ონლაინ-ენციკლოპედიის მიხედვით, იეზიდიზმი წარმოადგენს სინკრეტულ, მონოთეისტურ რელიგიას, რომელიც გავცელებულია იეზიდებსი (ეთნო-რელიგიური ჯგუფი, რომელიც ძირითადად ჩრდილოეთ ერაყში, სირიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ბინადრობს. იეზიდიზმი საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და მოახდინა ისეთი რელიგირების ინკორპორირება, როგორიაა: ზოროასტრიზმი, მანიქეიზმი, გნოსტიციზმი, ქრისტიანობა და ისლამი.

იეზიდიზმის ფუძემდებლად ითვლება შეიხი ადი (XII ს.), რომელსაც იეზიდები თავიანთ წინასწარმეტყველად მიიჩნევენ. ის იყო ცნობილი სუფიტი მისტიკოსი, რომელიც ბაღდადში ისლამურ მისტიციზმს სწავლობდა. მე-12 საუკუნის დასაწყისში, შეხმა ალიმ ბარდადი დატოვა და ერაყში, ლალიშის ხეობაში დაარსა დერვიშთა (სუფიტი ასკეტები) ორდენი. ის 1162 წელს გარდაიცვალა და მისი საფლავი მიმდევრებისთვის თაყვანისცემისა და მოსალოცი ადგილი. საბოლოოდ, ადის მიმდევრებმა მუსლიმური „ქიბლას“ (ლოცვის დროს მექას მიმართულებით შეტრიალება) ტრადიცია შეცვალეს და ლოცულობდნენ ლალიშის მიმართულებით. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი მომენტი იეზიდური რელიგიის ისლამისგან განყენებისა და სწორედ ამის შემდგომ უწოდეს ადის მიმდევრებმა საკუთარი თავს იეზიდები. მათ ასევე დაიწყეს ღვინის სმა.

იეზიდები ერთ ღმერთს აღიარებენ და თაყვანს სცემენ მთავარანგელოზ მალაქ-ტაუსს, რომელიც ფარშევანგის სახით ყავთ წარმოდგენილი; თაყვანს სცემდნენ აგრეთვე შამსს, რომელიც მზის ღვთაებაა იეზიდთა მითოლოგიაში. განსაკუთრებით პატივს სცემენ აღმოსავლეთ მხარეს, ანუ მზის ამომავალ მხარეს. საზოგადოება იყოფა საერო (მიურიდები) და სასულიერო (თარიყები, რუჰანი) კასტებად. სასულიერო კასტაში, თავის მხრივ, განასხვავებენ მაღალ (ემირი, შეიხი, ფირი) და დაბალ (ყავალი) წოდებებს. იეზიდების ერთადერთი საკულტო ნაგებობაა შეიხ ადის ტაძარი (ლალეში (ერაყი), სადაც მათი წინასწარმეტყველის საფლავია).

იეზიდებს სჯერათ ერთი ღმერთის არსებობის, რომელსაც Xwede სახელით იცნობენ. იეზიდური ზეპირი ტრადიციების მიხედვით, რომლითაც იეზიდიზმის შესახებ ინფორმაცია თაობიდან თაობას გადაეცემა, Xwede-მ სამყარო თეთრი მარგალიტის ფორმით შექმნა. შემდგომ მან შექმნა პირველი ჩიტი – ანფარი და მარგალიტი ზურგის მხარეს 40 000 წლით შეატრიალა. აღნიშნული პროცესის შემდგომ, გაჩნდა დედამიწა.

Xwede-ს შესახებ ინფორმაცია მოცემულია ორ ძირითად იეზიდურ წმინდა წიგნში „Kitab al-Jilwah“ და „Mishefa Resh“. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წიგნები დასავლელი სწავლულების მიერ შექმნილი კომპილაციებია, მათი შინაარსი შესაბამება იეზიდურ ზეპირ ტრადიციებს და ბევრის აზრით, ავთენტურია. მიუხედავად იმისა, რომ იეზიდიზმსა და ისლამს ბევრი საერთო გააჩნიათ, ისინი განსხვავდებიან ღმერთის აღქმის კუთხით. მართალია, იეზიდიზმი მონოთეისტური რელიგიაა, მაგრამ აღიარებს წმინდა სამებას, რომელიც შედგება მალაქ-ტაუსის, შეიხი ადისა და სულთანი ეზისგან. მალაქ-ტაუსი ანუ ანგელოზი ფარშევანგი ითვლება წმინდა სამების მთავარ წევრად და ღმერთის განსახიერებად, რომელიც კაცობრიობისთვის წარგზავნილ მაცნეს წარმოადგენს და მისი მიზანია ყოველ 1 000 წელიწადში ერთხელ იეზიდი ხალხისთვის ღვთებრივი სიბრძნის გაზიარება. როგორც შვიდი ანგელოზის (Heft Sir) მეთაური, ფარშევანგი ანგელოზისა და მისი დაქვემდებარებულების მოვალეობაა მომავლის წინასწარ განსაზღვრა. იეზიდები მას რწმენის მთავარ სიმბოლოდ აღიქვამენ.

სტატიის მიხედვით, იეზიდები საკუთარი ტრადიციისა და რელიგიური რწმენის საიდუმლოს განსაკუთრებით უფრთხილედებიან, რომელიც ზეპირი წესით გადაეცემა თაობიდან თაობას, კონკრეტული სასულიერო კასტის „ყავალების“ მიერ. იეზიდები ასევე არ უშვებენ უცხოელების მიერ მათი წმინდა ტრადიციების შესწავლას ან მათში მონაწილეობის მიღებას. ამას გარდა, იეზიდები აუცილებლად ერთმანეთზე ქორწინებდებიან, რათა შეინარჩუნონ რწმენის, ტრადიციებისა და თემის უსაფრთხოება. თუ იეზიდი იქორწინებს არა-იეზიდზე, ის მიიჩნევა უცხოდ და გაძევებული იქნება იეზიდური რწმენიდან.[1]

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ეზიდიზმის წარმომავლობისა და ჩამოყალიბების შესახებ ჯერ კიდევ არ არსებობს ერთიანი აზრი მეცნიერებს შორის. ზოგიერთი მეცნიერი სიტყვა ეზიდს და ეზიდების წარმომავლობას ირანულ ქალაქ იეზდს უკავშირებს, ზოგი კი ძველ ირანულ სიტყვას – იაზატას, ზოგი ომაელ ხალიფა იაზიდ იბნ მუავის და ა.შ.

მრავალსაუკუნოვანი განვითარების შედეგად ეზიდიზმი საბოლოოდ მონოთეისტურ რელიგიად ჩამოყალიბდა. ეზიდები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ერთი ღმერთი არსებობს, რომელმაც შექმნა სამყარო და მის გარეშე არაფერი ხდება ქვეყნად. ღმერთი – ხუდე ან იაზდანი (ეზიდი) არის ყველგან და ყველაფერში, ის არის სიყვარული და სინათლე, რომელიც სხადასხვანაირად ევლინება ადამიანებს. მაგალითად, მზის სითბოსა და სხივებში ეზიდები ღვთის სინათლეს ხედავენ და ამიტომ ლოცვისას მზის მიმართულებით იყურებიან. ეზიდები ღმერთს და მის ანგელოზებს ეთაყვანებიან და მიიჩნევენ, რომ ანგელოზები ღვთის ნებას აწვდიან მათ. ანგელოზებს სათავეში მალაქ ტაუსი უდგას, რომელიც ღმერთის ნებით მართავს სამყაროს (ანგელოზთა სიმბოლოდ ეზიდიზმში ფარშევანგი ითვლება, რომლის სპილენძის გამოსახულება ეზიდთა რელიგიური ნიშანია.

მკვლევართა უმრავლესობა ეზიდიზმსა და ზოროასტრიზმში ბევრ საერთოს ხედავს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ ორ რელიგიას შორის ფუნდამენტური განსხვავება არსებობს. საქმე ის არის, რომ ეზიდიზმი ძველი არიული და მესოპოტამიური წარმოდგენების ბაზაზე შეიქმნა. ეზიდიზმის თანახმად, ღმერთი ერთია და ის ყოვლისშემძლეა. კეთილიც და ბოროტიც, ბნელიც და ნათელიც, დღე და ღამეც და ა.შ., მისი ნებით არსებობს. ეზიდები თვლიან, რომ ყველაფერი მისი ნებით ხდება და შეუძლებელია, რომ ბოროტების ღმერთი ან ღვთაება არსებობდეს, რომელიც ყოვლის შემოქმედ ღმერთს შეიძლება წინ აღუდგეს. მაგრამ ღმერთმა ეს სამყარო მრავალფეროვანი შექმნა, რათა ადამიანს შეეძლოს კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა. ეს უძველესი წარმოდგენები მითრაიზმში, ზურვანიზმსა და შემდეგ ეზიდიზმში გადაიზარდა. ამის საპირისპიროდ ზარატუშტრა (ზოროასტრი) ქადაგებდა, რომ არსებობს ნათელი ღვთაება აჰურა მაზდა და ბნელი ღვთაება ანხრა მანიუ, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან. ცნობილია, რომ ზოროასტრი წინაპართა ძველ რელიგიას დაუპირისპირდა და ირანის სამხრეთით გადაიხვეწა. აქედან გამომდინარე, ეზიდიზმსა და ზოროასტრიზმს მრავალი საერთო, მაგრამ მრავალი ერთმანეთისგან განსხვავებული ელემენტიც აქვთ.

როცა ქურთისტანის ტერიტორია არაბთა სახალიფოს საზღვრებში მოექცა, ეზიდები იძულებულნი გახდნენ ახალ რეალობას მორგებოდნენ და ამ მისიის შესრულება შეიხმა ადი იმბნ მუსაფირმა შეძლო. XII საუკუნეში შეიხმა ადიმ მოახერხა ეზიდთა გაერთიანება, ხოლო მისმა მიმდევრებმა ეზიდური საზოგადოების რეფორმირება მოახდინეს და ისეთი სისტემა შექმნეს, რომელიც სხვადასხვა რაიონში დასახლებულ ეზიდებს ერთმანეთთან დააკავშირებდა (შეიხი ადი წმინდა ტრიადაში შედის და ის მთავარანგელოზის გამოვლენად ითვლება: მალაქ გაუსი, ეზიდი, შეიხი ადი).

ეზიდური რელიგია წმინდა რელიგიურ ტექსტებს – ყავლებს (სიტყვა), ანუ ღვთაებრივ მეცნიერებას ეფუძნება, რომელთა ავტორიტეტი ურყევია მორწმუნე ეზიდისათვის. ეზიდთა მსოფლმხედველობა, კოსმოგონია, მცნებები, ზნეობრივი კოდექსი, ისტორია და სხვა ამ ტექსტების მეშვეობით არის წარმოდგენილი. ეს ტექსტები, ძირითადად, ზეპირად გადაეცემოდა მცოდნე ოსტატებისაგან (ჰოსტა) მომდევნო თაობას. თუმცა ირკვევა, რომ ისინი წერილობითი ფორმითაც არსებობდნენ, მაგრამ ეზიდებზე ხანგრძლივი თავდასხმების შემდეგ ხელნაწერები განადგურდა და XIII საუკუნიდან ზეპირგადმოცემა ტრადიციად იქცა. ამ ტექსტებს არაერთი ავტორი ჰყავს, რომელებიც ეზიდთა წმინდანები არიან. მაგალითად, დარვეშ ყათანი, შეიხ ფახრი, ფირ რაშე ჰაირანი, პესე ჯამი, ჰასად თაური და ა.შ. ესენი, ძირითადად, შეიხ ადის მოსწავლეები არიან, რომლებმაც მდიდარი პოეტური ხასიათის რელიგიური ლიტერატურა შექმნეს, სადაც შეიხ ადის და სხვა წმინდანთა ცხოვრება არის აღწერილი. მათ მოახდინეს, აგრეთვე, უძველესი ტექსტების რედაქტირება და ისინი იმდროინდელი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი ფორმით გამართეს. ეზიდური ტექსტები, ძირითადად, ქურთულად (კურმანჯიზე) არის შექმნილი.

გარდა ყავლებისა, არსებობდა ორი ცნობილი წიგნი – „მასჰაფა რაშ“ და „ქეთება ჯელვა“ („შავი წიგნი“ და „გამოცხადების წიგნი“), რომელთა დედანი დაკარგულია და ჩვენამდე მხოლოდ მათმა ფრაგმენტებმა მოაღწია. ეზიდთა სასულიერო პირები მათ არ აღიარებენ, ვინაიდან თვლიან, რომ ეს ფრაგმენტები არ შეიძლება სანდო იყოს. ცნობილია, რომ ეს წიგნები, განსაკუთრებული ეზიდური ანბანით, ქურთულ ენაზე იყო დაწერილი. ამ ორი წიგნის გარდა, არსებობს არაბულ ენაზე ტყავზე დაწერილი წიგნები „მშურ“, რომლებშიც წმინდანთა ცხოვრება და მათი ხალხთან ურთიერთობა არის აღწერილი. ეს ხელნაწერები ეზიდთა სასულიერო გვარების წარმომადგენლებს – ფირებს ეკუთვნის და დღემდე მათ ოჯახებში ინახება. ის წიგნები XIII საუკუნით თარიღდება.

ერთ-ერთი მცნება ის არის, რომ ეზიდმა ყველა გაჭირვებულ ადამიანს, მისი რჯულისა და აღმსარებლობის მიუხედავად, დახმარების ხელი უნდა გაუწოდოს. ეზიდებს სწამთ, რომ ყველა სხვა რელიგია ღმერთის ნებით არსებობს, მაგრამ ისინი მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნის ცალკეული ნაწილებია. ღვთის სრულყოფილი ცოდნა (ზანინა ხუდე, ან „ილმე ხუდე“) მხოლოდ ეზიდთა წმინდანებმა მიიღეს ღმერთისგან ყავლების სახით. ეზიდები პატივისცემით ეპყრობიან სხვა რელიგიის მოციქულებსა და დამაარსებლებს: აბრაამს, მოსეს, იესოსა და ა.შ., თუმცა მათი ცხოვრების შესახებ თავიანთი ვერსიები აქვთ. ისინი თვლიან, რომ ეზიდთა ღმერთმა (ხუდემ) ეს მოციქულები გაუგზავნა სხვადასხვა ხალხს, რომ ისინი ჭეშმარიტ გზაზე დააყენოს. ეს ეპიზოდები სულიერი შინაარსისაა და თითოეული მათგანი გარკვეულ თეოლოგიურ ცოდნას შეიცავს, რომლის ამოკითხვა და გააზრება რჯულის მეცნიერთა, განსწავლულ ღვთისმსახურთა ქადაგებებშია მოცემული. ეს ის ლიტერატურაა, რომელსაც ებრაულ და ქრისტიანულ ტრადიციაში ეგზეგეტიკა ჰქვია. მეცნიერებისათვის მნიშვნელოვანია ეზიდური ტექსტების შესწავლა და სხვა რელიგიების ტექსტებთან მათი შედარებითი ანალიზი. სამწუხაროდ, ეზიდთა საზოგადოების კარჩაკეტილობის გამო, მათი მრავალი წმიდა ტექსტი დღემდე არ იყო ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის.

ზიდიზმში, სხვა მრავალი რელიგიის მსგავსად, არსებობს ვალდებულებები, რომლებიც ორი სახისაა: ფარზე თარიყატე და ფარზე ჰაყიყატე. ფარზე თარიყატე მრავალ ვალდებულებას მოიცავს: ლოცვას (დუა), მარხვას (როჟი), სიცოცხლეში ერთხელ მაინც ლალიშში ჩასვლას (ზიარატ ან ჰაჯი), წინადაცვეთას (სუნატ), ორი სახის ნათლობას (ბისკ) და სალოცავში წმინდა წყაროს წყლის სხურებას (მორკერენ), შეწირულებას (ხერატ, ფეტუ, რესმ, ზაქათ), საკლავის შეწირვას (სარბერ, ყურბან, ხერ), აკრძალული საკვების მიუღებლობას (ღორის ხორცი, კომბოსტო, სალათი) და ა.შ.

ეზიდიზმში მხოლოდ მშრალი მარხვა არსებობს, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანმა დღისით არ უნდა ჭამოს. ყოველი ეზიდი ვალდებულია დეკემბრის პირველ პარასკევამდე (აღმოსავლური კალენდრით) მარხვა სამ დღეს დაიცვას. მეოთხე დღეს კი (პარასკევს) დღესასწაულს აღნიშნავენ, რომელსაც უწოდებენ აიდა ეზიდ. ეს დღესასწაული მზის კულტთანაა დაკავშირებული. ასევე არსებობს სამდღიანი მარხვა თებერვლის მეორე ნახევარში, რომელიც ორ წმინდანს – ხიდირ ნაბისა და ხიდირ აილასს – ეძღვნება. ამ მარხვის დაცვა აუცილებელია მათთვის, ვისაც ხიდირი ან აილასი ჰქვია. გარდა ამ ორი მარხვისა, უმაღლესი სასულიერო პირები და ის ეზიდები, რომლებიც ასკეტურ ცხოვრებას მისდევენ, წელიწადში ორჯერ (ზამთარსა და ზაფხულში) ორმოცდღიან მარხვას იცავენ (ჩელე ზევესტანე და ჩელე ჰავინე), რაც ისევ ასტრალურ კულტებს უკავშირდება.

ერთ-ერთი უმთავრესი დღესასწაულია ახალი წელი – ჩარშამა სორ (ოთხშაბათის დღესასწაული) ან სარსალ (ახალი წელი), რომელიც აპრილის პირველ ოთხშაბათს (აღმოსავლური კალენდრით) უნდა დაემთხვეს. ამ დღეს ეზიდები კვერცხებს ღებავენ ნაირფრად და მათ ნაჭუჭებს მოხნულ მინდორში ფანტავენ. სახლში შემოსასვლელ კარს თავს გარედან მინდვრის წითელი ყვავილებით მორთავენ და ქადებს აცხობენ. ამ დღეს ქალები საფლავზეც გადიან. ახალი წლის ღამეს მრავალი ეზიდი ლალიშის ტაძარში ხვდება, სადაც დაბნელებისთანავე სასულიერო პირები ღვთაებრივ ცეცხლს გამოიტანენ ტაძრიდან და მრავალი ეზიდი ზეთით გაჟღენთილ ფითილებს უკიდებს ცეცხლს. აღსანიშნავია ისიც, რომ აპრილის თვე წმინდა თვედ ითვლება, რის გამოც აპრილში დაქორწინება იკრძალება.

ოქტომბრის 6-13 რიცხვები პილიგრიმობის დღეებია (ჯამაია შიხადი). სხვადასხვა ქვეყნიდან ეზიდები ლალიშში ჩადიან, სადაც მრავალი რელიგიური რიტუალი იმართება.

რელიგიური სიმბოლოებიდან (მრწამსიდან) უპირველესია შაჰადა დინ (მოწმობა ეზიდობის შესახებ), რაც წმინდა ტექსტის წაკითხვაში გამოიხატება, რომელშიც გადმოცემულია ეზიდთა სარწმუნოების ძირითადი არსი. ამასთანავე, მამაკაც ეზიდს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ულვაში, უნდა ეცვას თეთრი პერანგი (კრას), რომლის საყელო მრგვლად უნდა იყოს ამოჭრილი. საყელოზე თეთრი კანტი (თოკ, გრივან) ეკერება, რომელიც მორჩილების სიმბოლოა. ეზიდებს ეკრძალებათ ლურჯი ფერის (რანგე შინ) ტანისამოსის ჩაცმა, ვინაიდან ეს ზეციური ფერია და, ამავე დროს, შუა საუკუნეებში ახლო აღმოსავლეთში სამგლოვიარო ფერად ითვლებოდა.

გარდა ამისა, ეზიდიზმში არსებობს სამი ბურჯი „სე ჰარფ“ (სამი მცნება) და ერთი მათგანის დარღვევის შემთხვევაში, ეზიდი ავტომატურად კარგავს ეზიდობას. მათ ეწოდებათ: შარიათ, თარიყათ, დარბა ხარყა.

  • შარიათ ან, როგორც სხვანაირად უწოდებენ, დიზკა დანე (ჭურჭელი ლურჯი საღებავით), გულისხმობს, რომ ეზიდმა არ უნდა იქორწინოს სხვა რჯულის ადამიანზე.
  • თარიყათ ან, როგორც უწოდებენ, შარბკე ზერინ (ოქროს თასი), კასტებს შორის ქორწინების აკრძალვას გულისხმობს.
  • დარბა ხარყა (ჯვალოსთვის დარტყმის მიყენება), გულისხმობს სასულიერო პირებისადმი პატივისცემას.

ეზიდები რელიგიურ საზოგადოებას წარმოადგენენ და ეზიდის ყოველდღიური ცხოვრება რელიგიასთან არის დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, ეზიდებს ეკრძალებათ სხვა სარწმუნოების ადამიანთან ერთად ოჯახის შექმნა. ეზიდური რელიგიის თანახმად, ეზიდი დედითაც და მამითაც ეზიდი უნდა იყოს. ეზიდები სამ შტოდ („კასტად“) იყოფიან: შეიხები, ფირები და მურიდები (მურიდი მიმდევარს ნიშნავს). ინდური კასტებისაგან განსხვავებით ეზიდური „კასტები“ რელიგიის წინაშე თანასწორნი არიან. აქ არ მოქმედებს სოციალურ-ეკონომიკური პრინციპი და ეზიდური საზოგადოება მხოლოდ სულიერ კავშირებზეა აგებული. შ

ეიხები და ფირები სასულიერო ფენას მიეკუთვნებიან, ხოლო მურიდების ძირითადი ნაწილი ერისკაცები არიან. ერთი კასტიდან მეორეში გადასვლა შეუძლებელია. მურიდებისათვის, რომლებიც ღრმა რელიგიურ ცხოვრებას ეწევიან, არსებობს სხვადასხვა რელიგიური წოდებები: ხლმატქარ, ყავლბეჟ, ქოჩაკ, ფაყირ, ყავალ და ა.შ. ეზიდური რელიგიის თანახმად, ყოველი ეზიდი თავისი შეიხისა და ფირის მურიდია, ანუ მიმდევარია. ეს შეიხებსა და ფირებზეც ვრცელდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინიც თავიანთი შეიხისა და ფირის მურიდები არიან.

უბრალო მურიდებისაგან განსხვავებით მათ კიდევ თავიანთი მურიდები ჰყავთ. რელიგიის თანახმად, ამ სამი შტოს წარმომადგენელთა შორის ქორწინება იკრძალება, ვინაიდან მათ მხოლოდ სულიერი კავშირი აქვთ ერთმანეთთან. მათ შორის ქორწინება დისა და ძმის ერთმანეთზე ქორწინების ტოლფასია.

ეზიდებს მართავს ეზიდთა სასულიერო კრება, სადაც სხვადასხვა თანამდებობა არსებობს. სასულიერო კრების შეკრების ადგილი შეიხანშია (ერაყის ქურთისტანი). შეიხანი და ბაადრი ეზიდთა სამთავროს ადმინისტრაციული ცენტრები იყო.  ეზიდებს სათავეში მირი (ამირა) უდგას. ვინაიდან ეზიდები რელიგიურ საზოგადოებას წარმოადგენენ, მირი როგორც რელიგიური, ასევე საერო მეთაურია. მას ეზიდთა და მათი წმინდა ადგილების დაცვა ევალება. ეზიდთა სულიერი მამა არის ახტიარე მარგაჰი (მარგაჰი – უხუცესი, მარგაჰ – ადგილი, სადაც იეზიდთა მთავარი ტაძარია). ისინი, ძირითადად, შეიხთა ფახრადინის (შამსანის) გვარიდან ირჩევიან და მათი მეორე წოდებაა ბავე შეხ, რაც შეიხთა მამას ნიშნავს.

სასულიერო კრებაში შედიან აგრეთვე: ბავე გავანი, პეშიმამი, ბავე ჩავიში, ყავალთა მეთაური, ფაყირები და სხვა მღვდელმსახურები. ეზიდთა სასულიერო კრება („დივანა დინ“ ან „ჯვატა რუჰანი“) თავის გადაწყვეტილებას ეზიდებს შორის ყავალების მეშვეობით ავრცელებს. სასულიერო კრების ნებას ფარშევანგის სპილენძის გამოსახულება ადასტურებს, რომელსაც ყავალები წელიწადში ერთხელ ეზიდთა სოფლებში ატარებენ წმინდა ტექსტების გალობის ფონზე.[2]

[1] World History Encyclopedia – Yazidism; available at https://www.worldhistory.org/Yazidism/ [accessed 8 October 2021]

[2] საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა – სტატია „იეზიდიზმი“; ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%98%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98 [accessed 8 October 2021]