სომხეთი. იეზიდების მიმართ დამოკიდებულება – ოქტომბერი, 2021

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის მაისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ 2011 წლის სახელმწიფო აღწერის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 35 000-ზე მეტი იეზიდი ბინადრობს. უფრო თანამედროვე გათვლებით, აღნიშნული რიცხვი დღესდღეისობით 50 000-ს უტოლდება. იეზიდები სომხეთში ძირითადად ერევნის ჩრდილო-დასავლეთით, აგრიკულტურულ დასახლებებში ბინადრობენ.

წყაროთა მიხედვით, წლის განმავლობაში, მოძრაობა “Veto” დამფუძნებელი ნარეკ მალიანი და მისი მხარდამჭერები აგრძელებდნენ „ადამიანის უფლებათა იეზიდური ცენტრისა“და მისი დამაარსებლის  – საშლიკ სულთანიანის შევიწროებას. ისინი ასევე მიმართავდნენ ონლაინ-სივრცეში შევიწროების პრაქტიკას ზემოხსენებული ცენტრის დონორი ორგანიზაციის – „ღია საზოგადოება – სომხეთი“ მიმართ. 8 სექტემბერს, მალიანმა განაცხადა, რომ მიმართა „სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს“ (NSS) სულთანიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით. ის ბრალს დება სულთანიანს რელიგიური შუღლის გაღვივებაში, რის საფუძვლადაც უთითებდა ერაყულ ტელეარხისთვის მის მიერ მიცემულ ინტერვიუს, სადაც სულთანიანი სომხეთში იეზიდური თემის პრობლემებზე საუბრობდა. NSS-მა აღნიშნულთა დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, რაც სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, იყო ყალბი და უსაფუძვლო ბრალდება. მართალია, შესაბამის სამსახურებს არ აღუძრიათ ოფიციალური ბრალი სულთანიანის მიმართ, თუმცა, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, წლის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობით, NSS აგრძელებდა მისი და „ადამიანის უფლებათა იეზიდური ცენტრის“ მიმართ გამოძიებას, რაც აფერხებდა ორგანიზაციის აქტივობას.

ანგარიშის მიხედვით, იეზიდური თემის წარმომადგენლები კვლავ ჩიოდნენ სკოლებში სავალდებულო საგნად „სომხური ეკლესიის ისტორიის“ არსებობის შესახებ, რაც მათი შეფასებით „რელიგიურ ინდოქტრინირებას“ წარმოადგენდა.  მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად იეზიდი მოსწავლეებით დაკომპლექტებულ სკოლებს შეეძლოთ აღნიშნული საგნის სასწავლო გეგმიდან ამოღება, შერეული სკოლების შემთხვევაში, მიუხედავად იეზიდი მშობლების საწინააღმდეგო პოზიციისა, ეს შეუძლებელი იყო. ადგილობრივად გავრცელებული ცნობებით, ერევანში სულ მცირე ერთ და იეზიდურ სოფლებში მდებარე ორ საჯარო სკოლებში არ ასწავლიდნენ აღნიშნულ საგანს.

ა.შ.შ. ელჩი სომხეთში და საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად აწარმოებდნენ კონსულტაციებს რელიგიური უმცირესობების (მათ შორის – იეზიდების) წარმომადგენელთ მიმართ, რათა განეხილათ სომხეთში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ  2015 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, სომხეთის პარლამენტში 4 წევრი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი უნდა იყოს (მათ შორის ერთი – იეზიდი). 2018 წელს, აღნიშნული 4-ვე მანდატი პოლიტიკურმა პარტია My Step მოიპოვა.

კონსტიტუციის 18-ე მუხლით სომხეთის სამოციქულო ეკლესია აღიარებულია „ეროვნულ ეკლესიად“ და პასუხისმგებელია სომხეთის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე. მოსახლეობის 94 % სომეხი ქრისტიანია. რელიგიური უმცირესობები აცხადებდნენ, რომ წარსულში დისკრიმინაციას განიცდიდნენ. 2019 წელს, სოფელ აკნალიჩში გაიხსნა იეზიდთა, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი რელიგიური უმცირესობის – ტაძარი.[2]

ორგანიზაცია Human Rights Watch 2021 წლის 16 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში მოუწოდებდა სომხეთის ხელისუფლებას, შეეწყვიტა ადამიანის უფლებათა დამცველი საშიკ სულთანიანის სამართლებრივი დევნა. აღნიშნული ქმედება გამოიწვია სულთანიანის ონლაინ-ინტერვიუმ, სადაც ის საუბრობდა იმ პრობლემებზე, რომლებიც მისი აზრით, სომხეთში მცხოვრებ იეზიდურ თემს აწუხებს.

გამოძიება მიმდინარეობს ინტერვიუში სულთანიანის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, სადაც ის ამბობს, რომ იეზიდები სომხეთში დისკრიმინაციას ექვემდებარებიან; არ აქვთ საკუთარი ენის შესწავლისა და საკუთარი კულტურის განვითარების შესაძლებლობა და არ არიან სათანადოდ წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში. გამომძიებელი ასევე უთითებდა სულთანიანის ვარაუდებზე, რომ სომხებმა იეზიდებს ქონება წაართვეს, არ იცავდნენ მათ უფლებებს და რომ იეზიდები „შიშში“ ცხოვრობენ.

ორგანიზაციის შეფასებით, სულთანიანის მიმართ საქმის აღძვრა რადიკალური მოძრაობა „Veto“-ს ლიდერის მიერ შეტანილ საჩივარს უკავშირდება, რომელიც ცნობილია საკუთარი მტრული დამოკიდებულებით სომხური უფლებადამცველების მიმართ.[3]

[1] United States Department of State – 2020 Report on International Religious Freedom: Armenia; published in May 2021; available at

[accessed 8 October 2021]

[2] Freedom House – Freedom in the World 2021 – Armenia; published in March 2021; available at

[accessed 8 October 2021]

[3] Human Rights Watch – Armenia: Malicious Prosecution of Activist; published in June 2021; available at

[accessed 8 October 2021]