ისრაელი. სამართალდამცავი სისტემების ეფექტიანი მუშაობა. ოქტომბერი, 2021

2014 წელს გლობალურმა პოლიტიკის ანალიზის კორპორაციამ „RAND“ გამოქვეყნა კვლევა, რომელიც ისრაელის საჯარო უსაფრთხოების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და ისრაელის პოლიციის დაკვეთით განხორციელდა. ისრაელის სახელმწიფო უწყებებს სურდათ, შეესწავლათ ისრაელის პოლიციის ეფექტიანობა და ის თუ რამდენად კმაყოფილია ისრაელის მოსახლეობა პოლიციის საქმიანობით. კორპორაცია კვლევას 2 წლის განმავლობაში ახოცრიელებდა.

ისრაელის სახელმწიფოს პოლიცია პასუხისმგებელია შიგა პატრულირებასა და დანაშაულის პრევენციაზე; ასევე, საზღვრის, საგზაო მოძღაობის, ნარკოტიკული საშუალებების, ალკოფოლის და აალებადი საშუალებების პატრულირებაზე. ისრაელის პოლიცია პასუხისმგებელია დანაშაულის გამოძიებაზე, ანტი-კორუფციული დანაშაულის გამოძიებაზე; ასევე, ახორციელებს ეროვნული გადაუდებელი დახმარების ცხელი ხაზის ადმინისტრირებას. ისრაელის პოლიცია პასუხისმგებელია საშინაო კონრტ-ტერორისტულ ოპერაციებზე და მართავს ეროვნული გადაუდებელი დახმარების კრიზის ცენტრს. ისრაელის პოლიცია მართავს მოხალისეთა სამოქალაქო გვარდიას და მთლიანი სისხლის სამართლის სისტემაში, საქმეების 80%-ის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელია. ისრაელის პოლიციის საქმიანობის პოლიტიკას განსაზღვრავს საჯარო უსაფრთხოების სამინისტრო, რომელიც ასევე მეთვალყურეობს სახანძრო და საპატიმრო სერვისს, ისევე როგორც სხვადასხვა სათემო პროგრამას.

ისრაელის პოლიციის ავტორიზებული შემადგენლობა 29,300-ია, თუმცა რეალური ძალა შედარებით მცირეა. საერთო რაოდენობის დაახლოებით მეოთხედი მოკლევადიანი რეკრუტები არიან, ვინც ეროვნულ სამსახურს გადის; ასევე, მთლიანი ძალის ერთ მეოთხედს შეადგენს სასაზღვრო პოლიცია. ისრაელის პოლიცია აქტიურად იყენებს სამოქალაქო მოხალისეებს, რომლებიც პროფესიონალი პოლიციის მითითებების შესაბამისად ასრულებენ როგორც რუტინულ, ასევე სპეციალიზებულ ფუნქციებს. საერთო ჯამში საუბარია 36 ათასამდე მოხალისეზე. პოლიციაშ არის სამეთაური სისტემა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების ანალოგიურია და პოლიციის კომისრებს აქვთ იგივე რანგის წოდება, რაც ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსს.

კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოება ხედავს და აღიქვამს ბევრ დადებით და პოზიტიურ ელემენტს პოლიციის ქმედებებსა და ჩვევებში. ბევრი წყარო აღნიშნავს, რომ ისრაელის პოლიცია ეფექტურად ებრძვის ბევრი სახის დანაშაულს. ამავე დროს, საზოგადოებაში გამოიკვეთა უარყოფითი დამოკიდებულებებიც. ხალხში არის ისეთი აღქმაც, რომ პოლიცია ყოველთვის არ იქცევა პროფესიონალურად და ვერ უზრუნველყოფს შესაბამის დაცვას და უსაფრთხოებას. სხვადასხვა ფოკუს ჯგუფმა კვლევის დროს პოლიციის მიმართ შიშის ქონაზეც ისაუბრა. ნეგატიური დამოკიდებულების უმთავრესი გამომწვევი მიზეზი არის აღქმა, რომ პოლიცია განასხვავებს ეთნიკური ნიშნის მიხედვით.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ისრაელის შესახებ წერს, რომ სასამართლო სისტემა ისრაელში დამოუკიდებელია და სასამართლო რეგულარულად იღებს მთავრობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. უზენაესი სასამართლო ისტორიულად გადამწყვეტ როლს თამაშობს უმცირესობების უფლებების დაცვაში და მუდმივად აუქმებს მთავრობის და პარლამენტის ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს. სასამართლო პირდაპირი წესით განიხილავს პეტიციებს როგორც ისრაელის მოქალაქეებისგან, ასევე ღაზის სექტორისა და დასავლეთ სანაპიროს პალესტინელი რეზიდენტებისგან. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ძირითადად იცავს სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

ანგარიშის მიხედვით, საერთო ჯამში, სათანადო პროცედურული ნორმები გარანტირებულია ჩვეულებრივ საქმეებში; თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმეებში ეჭვმიტანილები სპეციალური სამართლებრივი რეგულაციების ობიექტები არიან. ასეთ დანაშაულებში ეჭვმიტანილების წინასწარი პატიმრობა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე და ეს ვადა განახლდეს მრავალჯერ. 2020 წლის ბოლოსთვის ისრაელის საპატიმროებში 4279 პალესტინელი იმყოფებოდა, მათ შორის 357 ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ანგარიშის მიხედვით, ებრაელი მოქალაქეები, კერძოდ, აშკენაზები, ზოგადად პრაქტიკული პრივილეგიებით სარგებლობენ, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა, მათ შორის საკანონმდებლო და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში. არაბი ან პალესტინელი მოქალაქეები აწყდებიან დე ფაქტო დისკრიმინაციულ მიდგომას განათლების, სოციალური მომსახურების და განსახლების საკითხებზე წვდომის მიმართულებებით.[2]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო, ისრაელში პოლიციაში საჩივრის შეტანის წესისა და ეფექტიანობის შესახებ, 2015 წლის მარტში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ ყველა მოქალაქეს შეუძლია შეიტანოს პოლიციაში საჩივარი, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ ქმედებას. საჩივრის შეტანის წესი მთელი ქვეყნის მასშტაბით სტანდარტულია და მსხვერპლს, მოწმეს ან სხვა პირს შეუძლია საჩივარი შეიტანოს პოლიციის განყოფილებაში. მძმე დანაშაულის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია ტელეფონით დაუკავშირდეს პოლიციას და განაცხადოს დანაშაულის შესახებ და პოლიცია საქმიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, ოქმი განყოფილებაში შეავსოს თუ დანაშაულის ადგილზე. დანაშაულის შესახებ შეიძლება განაცხადოს ასევე მესამე პირმაც და პოლიციას მსხვერპლის სახელით აცნობოს კანონდარღვევის ფაქტის შესახებ. ანგარიშს მიხედვით, საჩვრის შეტანის ეფექტიანობის შესახებ ინფორმაცია მწირია. 2012 წელს ერთერთი ადგილობრივი მედია საშუალება წერდა, რომ ახალგაზრდა ამერიკელ ქალს, რომელიც ისრაელში ცხოვრობდა, რამატ განის პოლიციის განყოფილებაში უარი უთხრეს საჩივრის მიღებაზე, რომელიც სექსუალურ შევიწროვებას ეხებოდა. მიზეზად კი განყოფილებაშ გადატვირთულობა დაასახელეს. სტატიაშ ნათქვამი იყო, რომ როდესაც რედაქციამ მომხდარის შესახებ აცნობა რაიონის უფროს კომისარს, მან სთხოვა ქალბატონს კვლავ გამოცხადებულიყო პოლიციის განყოფილებაში, სადაც მას პრიორიტეტულად მოემსახურნენ და საჩვარი დააწერინეს.[3]

[1] RAND Corporation; Effective Policing for 21st Century Israel; Jessica Saunders, Steven W. Popper, Andrew R. Morral, Robert C. Davis, Claude Berrebi, Kristin J. Leuschner, Shira Efron, Boaz Segalovitz, K. Jack Riley; Published: 14 February, 2014; available at:

[accessed on 12 October 2021]

[2] Freedom House: Freedom in the World 2021 – Israel, 3 March 2021

 (accessed on 12 October 2021)

[3] IRB – Immigration and Refugee Board of Canada: Israel: Requirements and procedures for a victim of crime to file a complaint with the police, including obtaining a copy of the complaint and effectiveness; mechanisms available to file a complaint against the police, including effectiveness (2012-February 2015) [ISR105088.E], 19 March 2015

 (accessed on 12 October 2021)