თურქმენეთი. მუსლიმთა მიმართ დამოკიდებულება – ოქტომბერი, 2021

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქმენეთში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2021 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ქვეყნის მოსახლეობა 5.5 მილიონ პირს შეადგეს. ა.შ.შ. მთავრობის გათვლებით, მოსახლეობის 89 % მუსლიმია, 9 % მართლმადიდებელი ქრისტიანი, ხოლო დანარჩენი 2 % სხვა რელიგიებს მიეკუთვნება.

ანგარიშის მიხედვით, 21 თებერვალს, პრეზიდენტმა ბერდიმუხამედოვი დაესწრო 3 000 ადამიანის ტევადობის ახალი მეჩეთის გახსნას თურქმენაბათში. ხელისუფლება აგრძელებდა მაღალი მუსლიმი ღვთისმსახურების თანამდებობებზე დანიშვნის პრაქტიკას. რელიგიური უმცირესობების ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობდა, რომ ფიქსირდებოდა საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტები იმ რელიგიური უმცირესობების წევრების მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენდნენ მუსლიმურ უმრავლესობას.

ანგარიშში საუბარი არ არის მუსლიმთა მიმართ რაიმე პრობლემაზე.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House თურქმენეთის შესახებ 2021 წლის ანგარიშში წერდა, რომ მაღალ მუსლიმ ღვთისმსახურებს თანამდებობაზე ხელისუფლება ნიშნავდა. ამას გარდა, ის მუსლიმები, რომლებიც არ მისდევენ ისლამის ხელისუფლებისეულ ინტერპრეტაციას, ექვემდებარებიან სამართლებრივ დევნას, მათ შორის – ხანგრძლივი პერიოდით პატიმრობას.[2]

არასამთავრობო ორგანიზაცია Forum 18 თურქმენეთში რელიგიის თავისუფლების კუთხით 2017 წლის ანგარიშში წერდა, რომ სუნიტური მუფთი ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა. მუფთი ფორმალურად ნიშნავს იმამებს რეგიონებში, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს საიდუმლო პოლიცია იღებს. ისინი იკვლევენ კანდიდატის წარმოშობას, ახლობლებს, პოლიტიკურ შეხედულებებსა და აქტივობებს. იმამი აუცილებლად ეთნიკურად თურქმენი უნდა იყოს. არა-თურქმენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, როგორც წესი, არ უჭირავთ ადგილობრივ რიგით მოლაზე მაღალი რელიგიური თანამდებობა. თავის მხრივ, მოლებს ნიშნავს იმამი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნულ კანდიდატებსაც ს.უ.ს. საიდუმლო პოლიცია შეამოწმებს.

პარასკევის ლოცვების დროს, იმამები ხელისუფლების მიერ „რეკომენდირებულ“ თემებს აჟღერებენ. ყველა ლოცვა მთავრდება პრეზიდენტის მოხსენიებით. ახალგაზრდა მუსლიმ მამაკაცებს, ზოგიერთ რეგიონებში, ხელისუფლება წვერის ტარებას უკრძალავს, ხოლო ქალებს – ჰიჯაბის ტარებას. დაშგუზის მკვიდრმა მუსლიმმა ორგანიზაციას განუცხადა, რომ ადგილობრივმა პოლიციამ „პრევენციული დიალოგის“ მიზნით გამოიძახა წვეროსანი ახალგაზრდები და, მათ შორის, მოუწოდა წვერის გაპარსვისკენ.[3]

იგივე ორგანიზაცია 2021 წლის 4 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ამა წლის 21 ივლისს, ყურბან-ბაირამის დღესასწაულის პირველ დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს საიდუმლო პოლიციის წევრებმა ლებაპის რეგიონის 4 ქალაქის სახლებში რეიდები მოაწყვეს. მათ კონფისკაციას დაუქვემდებარეს ის რელიგიური ლიტერატურა, რაც მათი თქმით, პირებს სახლებში არ უნდა ჰქონდეთ. ოფიცრებმა ასევე მოსთხოვეს მეჩეთებში რეგულარულად მოსიარულე მუსლიმებს, შეეწყვიტათ ყურანის გარდა სხვა ლიტერატურის კითხვა.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა ორგანიზაციას განუცხადა, რომ როდესაც პოლიცია რელიგიური ხასიათის წიგნს პოულობს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის თავსებადია თურქმენეთის რელიგიური ლიტერატურის სტანდარტებთან, ოფიცრები პირების დაკითხვას იწყებენ. ზოგჯერ, ისინი უფრო მკაცრ მეთოდებსაც მიმართავენ და მორწმუნეებს აიძულებენ, არაყი დალიონ, რაც მძიმედ ლახავს მათ უფლებებს.[4]

Forum 18-ის 2021 წლის 16 მარტის, ანგარიშის მიხედვით, იანვარში, ლებაპის პოლიციის რეგიონალურმა პოლიციამ ქუჩაში წვერიანი მამაკაცები დააკავა. ოფიცრებმა ისინი განყოფილებაში გადაიყვანეს, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ ისინი ზედმეტად რელიგიურები იყვნენ (მაგ. ლოცულობდნენ ყოველ დღე). ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ მათ ეპყრობოდნენ უხეშად და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცყოფა. მისი თქმით,  პოლიციას სურდა გაეგო, რამდენად რელიგიურები იყვნენ ისინი და სვამდნენ თუ არა ალკოჰოლურ სასმელს. ოფიცრებმა ერთ-ერთ დაკავებულს წვერი იძულებით გაპარსეს და ასევე იძულებით მიაღებინეს არაყი.

ამას გარდა, ფარაპში, 15 იანვარს პოლიციამ რეიდი მოაწყო სახლში, სადაც დაახლოებით 10 პირი იყო შეკრებილი ყოველდღიური „ნამაზისთვის“. პოლიციამ ყველა მათგანი დააკავა წინასწარი დაკავების ციხეში, „ლოქდაუნის“ რეგულაციების სავარაუდო დარღვევისთვის. უცნობია, რა ბედია ეწიათ დაკავებულებს შემდგომ. [5]

[1] United States Department of State – 2020 Report on International Religious Freedom: Turkmenistan; published in May 2021; available at

[accessed 13 October 2021]

[2] Freedom House – Freedom in the World 2021 – Turkmenistan; published in March 2021; available at

[accessed 13 March 2021]

[3] Forum 18 – TURKMENISTAN: Religious freedom survey, January 2017; published in January 2017; available at https://www.forum18.org/archive.php?article_id=2244 [accessed 13 October 2017]

[4] Forum 18 – publication “”The right to acquire and use religious literature .. of their choice”?”; published in August 2021; available at

[accessed 13 October 2021]

[5] Forum 18 – Police detain, threaten, swear at Muslims; published in March 2021; available at

[accessed 13 October 2021]