აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ტაჯიკეთის შესახებ წერს, რომ ტაჯიკეთი ავტორიტარული ქვეყანაა, სადაც პოლიტიკური დომინაცია პრეზიდენტ ემომალი რაჰმანისა და მისი მხარდამჭერების ხელშია 1992 წლიდან. ქვეყნის კონსტიტუცია ადგენს მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას, მაგრამ მთავრობა ისტორიულად უშლის ხელს პოლიტიკურ პლურალიზმს და ასეთი პრაქტიკა წლიდან წლამდე უცვლელად გრძელდება. 2016 წლის რეფერენდუმით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ტაჯიკეთში აიკრძალა რელიგიური ნიშნით პოლიტიკური პარტიების დაფუძნება და გაუქმდა შეზღუდვები საპრეზიდენტო ვადებზე, რამაც პრეზიდენტ რაჰმონს საშუალება მისცა, მართოს განუსაზღვრელი ვადით. რუსტამ ემომალი, დედაქალაქ დუშანბეს 33 წლის მერი და პრეზიდენტის უფროსი ვაჟი, 2020 წლის 17 აპრილს პარლამენტის ზედა პალატის სპიკერად დაინიშნა, რამაც განსაზღვრა მისი, როგორც მემკვიდრის როლი. 2020 წელს ჩატარდა როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნები. ემომალი რაჰმონი ხელახლა იქნა არჩეული ტაჯიკეთის პრეზიდენტად მომდევნო 7 წლით. ორივე არჩევნები შეფასდა, როგორც დაბალი ჩართულობის და რეალური არჩევანის ნაკლებობის მქონე პროცესი. არა ძალოვანი სახელმწიფო ინსტიტუტები მხოლოდ ნაწილობრივ ახორციელებენ ეფექტიან კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე. უსაფრთხოების ძალების წევრები სჩადიან სხვადასხვა სახის დარღვევებს.
ადამიანის უფლებების დარღვევების მნიშვნელოვან ფაქტებს წარმოადგენს გატაცებები და მოქალაქეების იძულებითი რეპატრიაცია უცხო ქვეყნებში, რასაც მათი მხოლოდ ციხეებში გამოჩენა ახლავს თან; იძულებითი გაუჩინარებები და დაკავებულთა მიმართ ძალადობა უსაფრთხოების ძალების მხრიდან; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; თვითნებური დაკავებები; პოლიტიკური პატიმრების არსებობა; თვითნებური და უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით; ცენზურა და ინტერნეტ გვერდების აკრძალვა; შეკრების თავისუფლების შეზღუდვა; არასამთავრობო სექტორის საქმიანობის შემზღუდველი კანონმდებლობა; მკაცრი შეზღუდვები რელიგიის თავისუფლების კუთხით; გადაადგილების თავისუფლების მნიშვნელოვანი შეზღუდვები; ბარიერები პოლიტიკური ჩართულობის წინააღმდეგ, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების არ არსებობა; კორუფცია და ნეპოტიზმი; ძალადობა სექსუალური უმცირესობების მიმართ და იძულებითი შრომა.
ძალიან ცოტაა იმ შემთვევების რაოდენობა, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის დაისაჯნენ. როგორც წესი, უსაფრთხოების ძალების და სხვა ინსტიტუტები დაუსჯელად არღვევენ ადამიანის უფლებებს.[1]
საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ტაჯიკეთის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება აკონტროლებს მედიას და ინფორმაციის ნაკადს და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. სასამართლოები იყენებენ კონტრ-ტერორისტულ კანონმდებლობას და ზღუდავენ წვდომას საერთაშორისო მედიაზე. საერთაშორისო მონეტარული ფონდის შეფასებით, ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია კოვიდ პანდემიის გამო. ფულადი გზავნილები, რაც ქვეყნის მშპ-ის მესამედს შეადგენს, თითქმის განახევრდა, რამაც საკვების დეფიციტი გამოიწვია. პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი კი უკონკურენტოდ იქნა არჩეული ხელახალი 7 წლის ვადით.[2]
საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ტაჯიკეთის შესახებ წერს, რომ 2020 წელს ხელისუფლება განაგრძობდა მთავრობის კრიტიკოსების, მათ შორის ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებებს ხანგრძლივი ვადით და პოლიტიკურად მოტივირებული საფუძლებით. ხელისუფლებამ, ასევე, გააძლიერა საზღვარგარეთ მყოფი მშვიდობიანი დისიდენტების ოჯახის წევრების შევიწროვება. მთავრობა მკაცრად ზღუდავს გამოხატვის, შეკრების და რელიგიის თავისუფლებას; მათ შორის, აწესებს მკაცრ ცენზურას ინტერნეტ რესურსზე.[3]
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, ტაჯიკეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ადგილი არ აქვს საერთაშორისო ხასიათის ან შიგა შეიარაღებულ კონფლიქტს. ასევე, ტაჯიკეთი არ არის ჩართული საერთაშორისო ან სხვა სახის შეირაღებულ კონფლიქტში რომელიმე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.[4]
[1] USDOS – US Department of State: 2020 Country Report on Human Rights Practices: Tajikistan, 30 March 2021
(accessed on 13 October 2021)[2] AI – Amnesty International: Amnesty International Report 2020/21; The State of the World’s Human Rights; Tajikistan 2020, 7 April 2021
(accessed on 13 October 2021)[3] HRW – Human Rights Watch: World Report 2021 – Tajikistan, 13 January 2021
[4] The Rule of Law in Armed Conflicts project RULAC; Geneva Academy of International Humanitarian Law and Human Rights; Tajikistan; available at: https://www.rulac.org/browse/map [accessed on 13 October 2021]