იორდანია. მევალეობის საკითხი და საპატიმრო პირობები – ოქტომბერი, 2021

ვალის გაუსტუმრებლობის საკითხი – წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილი წყაროების მიხედვით, იორდანიაში ვალის გაუსტუმრებლობა ისჯება სისხლისსამართლებრივი წესით და სასჯელის სახით, ითვალისწინებს პატიმრობასაც.  კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში იორდანიის შესახებ წერდა, რომ იორდანია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ჯერ კიდევ არსებობს ვალის გადაუხდელობის გამო პირთა დაპატიმრების პრაქტიკა. სულ მცირე რაოდენობის ვალის გადაუხდელობაც კი შესაძლოა 90 დღემდე პატიმრობით დასრულდეს, ხოლო – ყალბი ჩეკის გამოწერის შემთხვევაში – 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.  სასამართლოები რუტინულად, ყოველგვარი პროცესის გამართვის გარეშე უსჯიდნენ პირებს სასჯელებს. კანონი არ ითვალისწინებს არანაირ გამონაკლისს, რის გამოც მოვალე შესაძლოა ვერ ახერხებდეს ვალის დაბრუნებას და საპატიმრო ვადის მოხდის შემდეგ, ვალი კვლავაც რჩება. 2019 წლის მონაცემებით, იორდანიის საპატიმროებში მყოფ პირთა 16 % (2 630 პირი) სასჯელს სწორედ ვალის გადაუხდების გამო იხდიდა.

რაც შეეხება კონკრეტულად კანონმდებლობას, ანგარიშის მიხედვით, პირი ვალის გადაუხდელობის გამო პატიმრობას შესაძლოა დაექვემდებაროს 2 რეგულაციის საფუძველზე. პირველი არის იორდანიის აღსრულების შესახებ კანონის 22-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს სასამართლოების მიერ ვალებთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების საკითხს. აღნიშნული კანონი საშუალებას აძლევს კრედიტორებს, სასამართლოს მოსთხოვონ ვალის გადახდის უუნარო პირის დაკავება. კანონის მიხედვით, გადახდის უუნარო პირი, წლის განმავლობაში შესაძლოა დაკავებულ იქნას 90 დღემდე ვადით, თითოეული ვალის შემთხვევაში. შესაბამისად, თუ პირს გააჩნია 4 გადაუხდელი ვალი, ის შესაძლოა მთლიანი წლის განმავლობაში იქნეს დაპატიმრებული. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ პატიმრობა არ ითვალისწინებს ვალის გადახდის ვალდებულების მოშლას და კრედიტორს შეუძლია, მომდევნო წელს კვლავ მოითხოვოს პირის დაპატიმრება, მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა უკვე მოხდილი ჰქონდეს ამის გამო სასჯელი.

რაც შეეხება მეორე კანონს, რომლის საფუძველზეც პირი შესაძლოა პატიმრობას დაექვემდებაროს, ესეა იორდანიის სისხლის სამართლის კოდექსის 421-ე მუხლი, რომელიც აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საბანკო ჩეკის გამოწერისთვის მაშინ, როდესაც ბანკის ანგარიშზე პირს არასაკმარისი თანხა გააჩნია. ამ შემთხვევაში, სანქციის სახით გათვალისწინებულია 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის შემდგომ, თუ პირი ვერ გადაიხდის ჩეკით გათვალისწინებულ თანხას, ის შესაძლოა დაექვემდებაროს 90 დღით პატიმრობას ზემოხსენებული  „იორდანიის აღსრულების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე. რამდენიმე გადაუხდელი ვალის არსებობის შემთხვევაში, კრედიტორს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს და მოითხოვოს სასჯელთა შეკრება. Human Rights Watch გაესაუბრა ერთ-ერთ პირს, რომელსაც 6 „ყალბი“ ჩეკის გამოწერის გამო, სასჯელის სახით 42 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

იუსტიციის სამინისტრომ და ადვოკატებმა ორგანიზაციას განუცხადეს, რომ მოსამართლე საკუთარი დისკრეციის ფარგლებში უფლებამოსილია, გადაავადოს სასჯელი ან მიმართოს უფრო ნაკლებად მკაცრ სასჯელს (მაგ. მოგზაურობის შეზღუდვა ან ქონების დაყადაღება). მიუხედავად იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა მტკიცებისა, რომ მოსამართლეები იძიებდნენ მოვალის პირად გარემოებებს, ვიდრე სასჯელის სახით პატიმრობას შეუფარდებდნენ, Human Rights Watch-ის მიერ გამოკითხული 11 პირიდან 10 აცხადებდა, რომ მოსამართლემ მათ პატიმრობა პირველივე ცდაზე, ყოველგვარი სხვა, უფრო მსუბუქი ზომის განხილვის გარეშე მიუსაჯა. [1]

2. საპატიმრო პირობები

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი იორდანიაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ქვეყანაში მოქმედ 18 საპატიმროში არსებული პირობები განსხვავებული იყო. ძველ ციხეებში პირობები გაუარესებული იყო, მაშინ როდესაც ახალი საპატიმროები თავსებადი იყო საერთაშორისო სტანდარტებთან. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ზოგიერთ ციხეში სახეზე იყო ისეთი პრობლემები, როგორიცაა: გადავსებულობა, შეზღუდული წვდომა ჯანდაცვაზე, პატიმართა არაადექვატური წვდომა სამართლებრივ დახმარებაზე და პატიმართა და მათი ოჯახის წევრთა შეზღუდული სოციალური დაცვა. საჯარო უსაფრთხოების დირექტორატმა (ადგილობრივი შინაგან საქმეთა სამინისტრო) გახსნა 1050 პირის ტევადობის ახალი ქაფქაფას საპატიმრო, რათა მიეღო პატიმრები გადავსებული ციხეებიდან.

დირექტორატი ასევე დგამდა ნაბიჯებს, რათა მონიტორინგი ეწარმოებინა დაკავების ცენტრებზე და უზრუნველეყო მათი თავსებადობა დაკავების კუთხით შემუშავებულ პოლიტიკასთან. ამასთანავე, 2019 წლის ბოლოდან მოყოლებული, იყენებდა ელექტრონულ ბაზებს, სადაც ინახებოდა ინფორმაცია ყველა დაკავებულისა და საქმის შესახებ. დირექტორატის მიხედვით, 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, მათთან შევიდა 39 საჩივარი ციხეებში და სარეაბილიტაციო ცენტრებში პირთა წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების შესახებ. საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობოები აცხადებდნენ, რომ ისლამისტი პატიმრები ციხეებში ექვემდებარებოდნენ შედარებით მკაცრ პირობებს.  ქალთა საპატიმროებში, ზოგადად, გაცილებით უკეთესი პირობები იყო, ვიდრე მამაკაცთა დაწესებულებათა უმრავლესობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ელემენტარული ჯანდაცვითი სერვისები ხელმისაწვდომი იყო ყველა გამოსასწორებელ დაწესებულებაში, სამედიცინო მუშაკები ჩიოდნენ, რომ ქვეყნის მასშტაბით საპატიმროებში არ იყო ადექვატური სამედიცინო მოწყობილობები, მარაგები და საკმარისი რაოდენობის სტაფი. სამედიცინო განყოფილებათა უმრავლესობას არ გააჩნდა სათანადო შესაძლებლობა, ჩაეტარებინა სისხლის ანალიზები და  რენტგენული კვლევა. როდესაც პატიმრის კონდიცია იყო ზედმეტად მძიმე, ექიმები იძლეოდნენ რეკომენდაციას მისი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ.

პროკურორები ახორციელებდნენ დაკავებულთა მდგომარეობაზე მონიტორინგს. 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების დირექტორატის შესაბამისმა სამსახურმა ციხეებში როგორც ადგილობრივ, ისე – საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად  519 ვიზიტი განახორციელა. ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც COVID-19 პანდემიამდე, ასევე  – უშუალოდ პანდემიისას, ხელისუფლება მკაცრად ზღუდავდა პატიმრებთან ვიზიტორის დაშვებას.

მარტში, ორ გამოსასწორებელ დაწესებულებაში ბუნტს ჰქონდა ადგილი მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ გადადებდა სასამართლოში გამოცხადების პროცედურებს (რის გამოც გახანგრძლივდებოდა ზოგიერთი პირის დაკავება) და გააუქმებდა ოჯახის ვიზიტებს ციხეებში, რის საფუძვლადაც COVID-19 პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს ასახელებდა. განვითარებული მოვლენების შედეგად, Bab al-Hawa-ს ციხეში 2 პირი დაიღუპა.

შესაბამისი სამსახურები ზოგჯერ არ ატყობინებდნენ დაკავებულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მათ ოჯახებს ან უგვიანებდნენ აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომას 24 საათიდან 10 დღემდე პერიოდით. საჯარო უსაფრთხოების დირექტორატმა შეიმუშავა ელექტრონული არქივის ახალი სისტემა, რათა გადაეწყვიტა აღნიშნული პრობლემა.

ხელისუფლება ნებას რთავდა ზოგიერთ ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებადამცველ დამკვირვებლებსა და ადვოკატებს, განეხორციელებინათ ციხეებში ვიზიტები და ჩაეტარებინათ კერძო გასაუბრებები. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გააჩნდა ფართო წვდომა ქვეყნის ყველა ციხეში დაკავებულ თუ დაპატიმრებულ პირებთან ვიზიტებზე.

ანგარიშში ასევე საუბარია იორდანიის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ გაუმჯობესებებზე პენიტენციურ სექტორში. კერძოდ, საჯარო უსაფრთხოების დირექტორატმა გაარემონტა 6 საპატიმრო, რის შედეგადაც გაუმჯობესდა სანიტარული პირობები, ვენტილაცია და ტემპერატურის კონტროლო. ამას გარდა, გაიზარდა წვდომა სასმელ წყალზე, მზის შუქზე და ჯანდაცვაზე. ბეირენის და აქაბას ციხეებში გაუმჯობესდა ზოგადი პირობები და გაიზარდა საწოლების რაოდენობა. ჯუვეიდაჰის დაკავების ცენტრს დაემატა ბაღი გარე სივრცეში, რაც გათვალისწინებულია ოჯახის ვიზიტებისთვის. დირექტორატი ასევე საშუალებას აძლევდა 7 ციხეში განთავსებულ დაკავებულებს, დასწრებოდნენ სასამართლო სხდომებს ვიდეო-კონფერენციის ფორმატის მეშვეობით. ხელისუფლება ასევე დგამ ნაბიჯებს, გამოეყენებინა პატიმრობის ალტერნატიული სანქციები არა-ძალადობრივი დანაშაულებისას. 2018 წლის აგვისტოდან მოყოლებული, იუსტიციის სამინისტრომ მსვლელობა მისცა 326 დამნაშავისთვის პატიმრობის ალტერნატიული სანქციის დაწესებას.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House იორდანიის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ საპატიმროებში არსებული პირობები, ზოგადად, ცუდი იყო. ამასთან, გავრცელებული ცნობებით, პატიმრები ბადრაგისგან ექვემდებარებოდნენ ისეთ მოპყრობას, როგორიცაა ცემა და ფიზიკური ძალადობა.[3]

[1] Human Rights Watch – publication “We Lost Everything” Debt Imprisonment in Jordan; published in March 2021; available at https://www.hrw.org/report/2021/03/16/we-lost-everything/debt-imprisonment-jordan [accessed 15 October 2021]

[2] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Jordan; published in March 2021; available at

[accessed 15 October 2021]

[3] Freedom House – Freedom in the World 2021 – Jordan; published in  March 2021; available at

[accessed 15 October 2021]