ალჟირი. დასაქმება – სამუშაო პირობები და უმუშევრობის დონე. ოქტომბერი, 2021

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ სამმხრივი შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია ალჟირის მთავრობას, ბიზნეს სექტორსა და პროფესიულ კავშირს შორის, აწესებს ეროვნულ, ყოველთვიურ მინიმალურ ხელფასს, რომელიც უნდა აღემატება ქვეყანაში არსებულ სიღარიბის ზღვარს. 2020 წლის ივნისში, პრეზიდენტი ტებუნეს მითითებით, შრომის სამინისტრომ მინიმუმალური სახელფასო ზღვარი გაზარდა 18-დან 20 ათას ალჟირულ დინარამდე (155 აშშ დოლარი). ასევე, გაუქმდა საგადასახადო ვალდებულებები დაბალი შემოსავლის მქონე დასაქმებულებისთვის.

ალჟირში სტანდარტული სამუშაო კვირა 40 საათს გრძელდება და მოიცავს ერთ საათს ყოველდღიურად, რომელიც ლანჩისთვისაა განსაზღვრული. დასაქმებულები, ვინც ზეგანაკვეთურ შრომას ეწევიან, იღებენ დამატებით ანაზღაურებასერთნახევარი ან ორმაგი ოდენობით, იმის გათალისწინებით, ზეგანაკვეთურ შრომას ადგილი ჰქონდა ჩვეულებრივ სამუშაო დღეს თუ დასვენების ან უქმე დღეებში.

კანონმდებლობა ითვალისწინებს შრომით ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც სრულად არ ტარდება პრტაქტიკაში. არ გავრცელებულა ცნობები იმის შესახებ, რომ დასაქმებული დაითხოვეს იმის გამო, რომ თავიდან აირიდა საშიშ სამუშაო პირობები. თუ დასაქმებულები აწყდებიან ასეთ პირობებს, მათ შეუძლიათ ხელახალი მოლაპარაკებები წარმართონ საკუთარი კონტრაქტის შესახებ და საჭიროებისამებრ, მიმართონ სასამართლოსაც. მიუხედავად ასეთი სამართლებრივი მექანიზმებისა, დასაქმებაზე არსებული მაღალი მოთხოვნა, დამსაქმებლებს მუშა ხელის ექსპლოატაციის საშუალებას აძლევს. მთავრობა დამსაქმებლებს ავალდებულებს, შრომის სამინისტროში წარადგინოს დასაქმებულთა მონაცემები და გადაიხადოს სოციალური უსაფრთხოების ბენეფიტები. ანგარიშის მიხედვით, შრომის სამინისტროს არ ჰყავს სათანადო რაოდენობის ინსპექტორები, დარღვევებზე შესაბამისი რეაგირებისთვის.

2020 წლის 20 მარტს მთავრობამ საჯარო მოხელეებისა და კერძო სექტორში დასაქმებულების 50% სავალდებულო შვებულებაში გაუშვა. შვებულება გამოწვეული იყო კოვიდ რეგულაციებით და სრულად იყო ანაზღაურებული. მთავრობის პრიორიტეტს, განსაკუთრებული შვებულების კუთხით, წარმოადგენდნენ ფეხმძიმეები და ის ქალები, რომლებიც შვილებს ზრდიან, ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. მთავრობამ განსაკუთრებული შვებულება 24 მარტს კერძო სექტორისთვისაც აამოქმედა. 2020 წლის 2 აგვისტოს მთავრობამ აამოქმედა კანონი, რომლის მიზანიც იყო ჯანდაცვის სექტორის მუშაკთა დაცვა ფიზიკური და ვერბალური თავდასხმებისგან, კოვიდ პანდემიის პირობებში. კანონი აწესებდა სანქციებს ისეთი ძალადობის ფაქტებისთვის, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფო ქონებისა და სამედიცინო აღჭურვილობის დაზიანებისკენ. სასჯელის მაქსიმალური ზომად სამუდამო პატიმრობა განიზაღვრა.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ შრომითი კანონმდებლობა კვლავ აწესებს შეზღუდვებს პროფესიული კავშირების შექმნაზე. კანონი პროფესიული კავშირების შექმნის უფლებას აძლევს მხოლოდ ალჟირში დაბადებულ ან ბოლო 10 წლის განმავლობაში ალჟირის მოქალაქობის მქონე პირს; ასევე, იკრძალება პროფესიული კავშირების საზღვარგარეთიდან დაფინანსება. ხელისუფლება კვლავ არ არეგისტრირებს დამოუკიდებელ „ალჟირელ მშრომელთა გენერალურ ავტონომიურ კონფედერაციას“, რომელმაც რეგისტრაციაზე პირველი განაცხადი 2013 წელს გააკეთა.[2] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ ქვეყნის მთავარი პროფესიული კავშირი „ალჟირელთა გენერალური კავშირი“ კრიტიკის ობიექტია მთავრობასთან ახლო კავშირების გამო. კავშირს ადანაშაულებენ მშრომელთა ინტერესების უგულებელყოფაში.[3]

ბიზნესისა და ეკონომიკის გლობალური მონაცემთა ბაზის „The Global Economy“ მონაცემებით, ალჟირში უმუშევრობის დონე 12.8%-ია, რაც ერთი პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. კონკრეტულად მამაკაცთა უმუშევრობის ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემი 2019 წლით თარიღდება და 9.6%-ია. 2019 წელს მსოფლიოს 181 ქვეყანაში მამაკაცთა უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 6,4% იყო.[4]

[1] USDOS – US Department of State: 2020 Country Reports on Human Rights Practices: Algeria, 30 March 2021

 (accessed on 18 October 2021)

[2] AI – Amnesty International: Amnesty International Report 2020/21; The State of the World’s Human Rights; Algeria 2020, 7 April 2021

 (accessed on 18 October 2021)

[3] Freedom House: Freedom in the World 2021 – Algeria, 3 March 2021

 (accessed on 18 October 2021)

[4] The Global Economy; Business and economic data for 200 countries; Algeria: unemployment and male unemployment; available at: https://www.theglobaleconomy.com/Algeria/Male_unemployment/ [accessed on 18 October 2021]