ტაჯიკეთი. ინფორმაცია გენერალი აბდულჰალიმ ნაზარზოდას შესახებ. ოქტომბერი, 2021

გენერალ-მაიორი აბდუხალიმ ნაზარზოდა, რომელიც ცნობილია როგორც ხოჯი ხალიმი, ერთერთია იმ მცირე ჯგუფიდან, ვინც ყოფილი გაერთიანებული ტაჯიკური ოპოზიციის წევრი იყო და შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მოახერხა ტაჯიკეთის რესპუბლიკის ხელისუფლებაში მუშაობა. ნაზარზოდას არ დაუმთავრებია სამხედრო სასწავლებელი, ის ტაჯიკეთის სამოქალაქო ომის წლებში ბოევიკი იყო.

ნაზარზოდა დაიბადა მუშათა ოჯახში, 1964 წელს რუდაკის რაიონში და გაიზარდა დუშანბეში, კარატეგინის ქუჩაზე. 1981 წელს დაამთავრა დუშანბეს #63 სკოლა და 1983 წლამდე მუშაობდა წინდების ფაბრიკაში. 1983-1985 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. 1985-1986 წლებში სარემონტო-სამშენებლო განყოფილებაში, ხოლო 1986-1992 წლებში ერთერთი საწყობის გამგედ მუშაობდა.

1997 წლის 7 სექტემბერს დაინიშნა სამხედრო ნაწილის #31001 მეთაურად და ამის შემდეგ იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში. 2005-2007 წლებში ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების ქვეითი ჯარის მეთაურის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2006-2009 წლებში სწავლობდა ტაჯიკეთის ეროვნულ უნივერსიტეტში. 2007-2014 წლებში სამხედრო და სამხედრო ძალების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი იყო. 2014 წლის იანვარში დაინიშნა ტაჯიკეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ.

ნაზარზოდას სახელმა პირველად 1992 წელს გაიჟღერა. შახიდონისა და ოზოდის მოედნებზე მიმდინარე მიტინგების პარალელურად, მან ორგანიზება გაუწია დუშანბელი ახალგაზრდების მიტინგს სადბარგას რაიონში, სადრიდინუ აინის ძეგლთან. შახიდონის მოედანზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ნაზარზოდამ ისლამის წმინდა ადგილები მოილოცა და ამის შემდეგ ცნობილი გახდა ხოჯი ხალიმის სახელით.

მისი ყოფილი თანამებრძოლები ამტკიცებენ, რომ ხოჯი ხალიმი მეთაურობდა დაჯგუფებას, რომლის შემადგენლობაში დუშანბეში, კარატეგინის ქაუჩს მცხოვრებლები შედიოდნენ. ის მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ვახშის ხეობაში და მეთაურობდა დუშანბეს დაცვას ეროვნული ფრონტის ბოევიკების წინააღმდეგ. ხოჯი ხალიმი მონადირე იყო და 1992 წელს სანადირო თოფით იბრძოდა და ძალიან სწრაფად იხვეჭდა ავტორიტეტს. ხელისუფლებაში ემომალი რახმონის მოსვლის შემდეგ, ნაზარზოდა ყაზახეთში გაიქცა და ბიზნეს საქმიანობით დაკავდა. 1997 წელს, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, დაბრუნდა დუშანბეში და ეროვნული შერიგების კომისიას, რომელსაც საიდ აბდულო ნური ხელმძღვანელობდა, საჩუქრად გადასცა ჯიპის ტიპის 10 ავტომობილი.

ხოჯი ხალიმმა გაერთიანებული ტაჯიკური ოპოზიციის ყოფილი ბოევიკებისგან ჩამოყალიბებული 25-ე ბატალიონის მეთაურად დაინიშნა. მას მაშინვე მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება. მის დანიშვნას განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა ყოფილი გაერთიანებული ტაჯიკური ოპოზიციის ბოევიკებს შორის. ბევრი მიიჩნევდა ნაზარზოდას მეთაურად დანიშვნას არასწორად, რადგან ნაზარზოდა 5 წლის განმავლობაში იყო ქვეყნიდან გაქცეული. ხოჯი ხალიმს, როგორც მისი თანამებრძოლები ამბობენ, არ ჰქონდა სამხედრო განათლება და დიდი საბრძოლო გამოცდილებითაც არ გამოირჩეოდა, მაგრამ მას მოლაპარაკებების ძალიან კარგი ნიჭი აღმოაჩნდა და ამის დამსახურებით, ბევრთან დამეგობრდა და ბევრი ოპოზიციონერი თავის მხარეს გადაიყვანა. ბევრი სხვა ოპოზიციონერისგან განსხვავებით, ვინც ან დააპატიმრეს ან მოკლეს, ნაზარზოდა დიდი ხნის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში და მაღალ თანამდებობებსაც იკავებდა. 25-ე ბატალიონი, მოგვიანებით დაიშალა და შეუერთდა თავდაცვის სამინისტროს, როგორც სამხედრო ნაწილი 31001, რის შემდეგაც ნაზარზოდა თავდაცვის სამინისტროში დარჩა.

2007 წელს ნაზარზოდამ დაამთავრა რუსეთის ფედერაციის საერთო სამხედრო აკადემია. მოგვიანებით მიიღო გენერალ-მაიორის წოდება და 2014 წლის იანვარში ტაჯიკეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.[1]

2015 წლის 4 სექტემბერს შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებს და ხელში ჩაიგდო დიდი ოდენობით იარაღი, რის შემდეგაც მათ მოაწყვეს თავდასხმები რიგ სახელმწიფო შენობებზე ვახდატში (20 კმ დუშანბედან). ოფიციალური მონაცემებით, მაშინ 8 პოლიციელი და 9 თავდამსხმელი დაიღუპა. უსაფრთხოების ძალებმა თავდასხმებში მაშინ თავდაცვის მინისტრის მოადგილე აბდულხალიმ ნაზარზოდა დაადანაშაულა და პრეიზდენტმა ემომალი რაჰმონამ ის თანამდებობიდან გადააყენა. ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში პარტია ისლამის აღორძინების პარტიაც მონაწილეობდა. შედეგად, პარტიის 13 ხელმძღვანელი პირი დააპატიმრეს; თავად გენერალი ნაზარზოდა 2015 წლის 16 სექტემბერს მოკლეს.[2]

[1] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“; მეამბოხე გენერალი. ვინ იყო აბდუხალიმ ნაზარზოდა? გამოქვეყნებულია 2015 წლის 7 სექტემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://rus.azattyk.org/a/27231216.html [ნანახია 2021 წლის 19 ოქტომბერს]

[2] მედია საშუალება „ანადოლუ“; ტაჯიკეთის ისლამის აღორძნების პარტია კანონგარეშედაა გამოცხადებული; გამოქვეყნებულია 2015 წლის 29 სექტემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.aa.com.tr/ru/%D0%BC%D0%B8%D1%80/%D0%BF%D0%B0%D1%80%D1%82%D0%B8%D1%8F-%D0%B8%D1%81%D0%BB%D0%B0%D0%BC%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B3%D0%BE-%D0%B2%D0%BE%D0%B7%D1%80%D0%BE%D0%B6%D0%B4%D0%B5%D0%BD%D0%B8%D1%8F-%D1%82%D0%B0%D0%B4%D0%B6%D0%B8%D0%BA%D0%B8%D1%81%D1%82%D0%B0%D0%BD%D0%B0-%D0%BE%D0%B1%D1%8A%D1%8F%D0%B2%D0%BB%D0%B5%D0%BD%D0%B0-%D0%B2%D0%BD%D0%B5-%D0%B7%D0%B0%D0%BA%D0%BE%D0%BD%D0%B0/364721 [ნანახია 2021 წლის 13 ოქტომბერს]