ტაჯიკეთი. მუსლიმთა მიმართ არსებული დამოკიდებულება. ოქტომბერი, 2021

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ტაჯიკეთის შესახებ წერს, ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 8.9 მილიონია. ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, მოსახლეობის 90 პროცენტი მუსლიმია, რომელთა უმეტესობა სუნიტური ისლამის მიმდევარია (ჰანაფის სკოლა). მუსლიმთა დაახლოებით 4 პროცენტი შიიტია, რომელთა უმრავლესობა გორნო-ბადახშანის ავტონომიურ რეგიონში ცხოვრობს, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. უმსხვილესი ქრისტიანული ჯგუფი რუსი მართლმადიდებლები არიან. ტაჯიკეთში ცხოვრობენ, ასევე, ევანგელისტ ქრისტიანთა, ბაპტისტთა, კათოლიკთა, იეჰოვას მოწმეთა და სხვა მიმდინარეობების მცირე ჯგუფები.

ტაჯიკეთის კონსტიტუცია აწესებს უფლებას, ინდივიდუალურად ან ჯგუფის მიერ, ხალხმა აღასრულოს ნებისმიერი რელიგია ან იყო არელიგიური, ასევე, მონაწილეობა მიიღოს რელიგიურ ცერემონიებსა და დღესასწაულებში. კონსტიტუცია ამბობს, რომ რელიგიური ასოციაციები და სახელმწიფო განცალკევებული უნდა იყოს და არ უნდა ერეოდნენ ერთმანეთის საქმეში. კანონმდებლობა ზღუდავს ისლამურ ლოცვას კონკრეტულ ადგილებში, არეგულირებს მეჩეთების ადგილმდებარეობის რეგისტრაციას და უკრძალავს 18 წლამდე პირებს საჯარო რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობას. რელიგიის, ტრადიციების, დღესასწაულებისა და ცერემონიების სამთავრობო კომიტეტი ფართო მანდატით სარგებლობს და მისი მანდატის ქვეშაა რელიგიური ასოციაციების რეგისტრაცია, სალოცავების მშენებლობის, რელიგიურ სწავლებებში ბავშთა ჩართულობის და რელიგიური ლიტერატურის გავრცელების საკითხები.

მთავრობა კვლავ განაგრძობს ისეთი ქმედებების გატარებას, რაც დააბრკოლებს ისეთ რელიგიურ ორგანიზაციებში პირთა გაწევრიანებას, რომელთაც თავად მიიჩნევს ექსტრემისტულად, მაგალითად „მუსლიმთა საძმო“. აკრძალული ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრობის გამო, პატიმრობაში რჩება დაახლოებით 20 იმამი სუგჰდის რეგიონიდან.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ტაჯიკეთის შესახებ წერს, რომ 2020 წლის 2 იანვარს ტაჯიკეთში ძალაში შევიდა კანონი ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ, რამაც ხელისუფლებას დამატებითი საშუალება მისცა, გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს. კანონის ამოქმედებიდან მოყოლებული, წლის ბოლომდე, 113 პირი დააპატიმრეს ქვეყნის მასშტაბით; მათ შორის იყვნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, სტუდენტები, მეწარმეები და საჯარო სექტორში დასაქმებულები; ყველა მათგანს ბრალად ედებოდა ტაჯიკეთში აკრძალული მოძრაობის „მუსლიმთა საძმო“ წევრობა.[2]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ 2021 წლის 21 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერდა, რომ დუშანბეს შოჰმანსურის რაიონის მეჩეთის იმამი აბდულჰაქ ობიდოვი ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც სასულიერო პირმა ერთერთი მუსლიმი სასულიერო პირი „ქვეყნის ერთერთ დიდებულ ლიდერად“ მოიხსენია. იმამს ბრალი დასდეს სალაფიტური ისლამის მიმდევრობაში, რაც ტაჯიკეთში ექსტრემისტულ მიმდინარეობად მიიჩნევა და აკრძალულია.[3] იმამი ორ თვეში გაათავისუფლეს. ქალაქ ვაჰდათის პოლიციის ოფიცერმა „რადიო თავისუფლებას“ აცნობა, რომ აბდულჰაქ ობიდოვმა საპატიმრო დატოვა. საპატიმრო დატოვეს ასევე მასთან ერთად დაკავებულმა ორმა პირმაც, აზიზ ტურკოვმა და აჰმადხოჯა ტაბაროვმა. მედია საშუალების ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ობიდოვს იმამის მოვალეობები ჩამოართვეს. უცნობია, მას ბრალდებები მოუხსნეს თუ სისხლის სამართლის საქმისწარმოება კვლავ გაგრძელდა.[4]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ 2021 წლის 16 ივნისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ ტაჯიკეთის 18 მოქალაქის მიმართ დახურული სასამართლო პროცესი დაიწყო. 18-ვე პირი ეჭვმიტანილია აკრძალული „სალაფია მოძრაობის“ წევრობაში. სტატიაში ნათქვამია, რომ სხვა რაიმე ინფორმაცია ან დაკავებულების ან წაყენებული ბრალის შესახებ საჯაროდ არ ვრცელდება. სასამართლო პროცესი დაიწყო ორი თვის შემდეგ, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ დაახლოებით 120 პირს გამოუტანა სასჯელი კიდევ ერთი აკრძალული მოძრაობის „მუსლიმთა საძმო“ წევრობის გამო.[5]

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „ფორუმი 18“ 2021 წლის 30 ივლისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, რომ ტაჯიკეთში უკვე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე კამპანია ჰიჯაბის წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაძლიერდა. წყაროების ცნობით, როდესაც პოლიციელები ან სხვა ოფიციალური პირები ქუჩში ხედავენ მუსლიმ ქალს, რომელიც ჰიჯაბს ატარებს, აჩერებენ მას და აიძულებენ ჰიჯაბი მოიხსნას. მათ, ვინც ჰიჯაბის მოხსნაზე უარს იტყვის, უხეშად ელაპარაკებიან და ავიწროვებენ. დუშანბეს შოჰმანსურის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილემ, ვისმა დაქვემდებარებულებმაც დააკავეს ქალი, რომელიც ჰიჯაბს ატარებდა, უარი თქვა, რაიმე განმარტება გაეკეთება მომხდართან დაკავშირებით. წყაროს ცნობით, ქალი, რომელიც ჰიჯაბს ატარებდა, ასევე არ შეუშვეს სკოლაში, სადაც მშობელთა შეკრება იმართებოდა.[6]

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „ფორუმი 18“ 2021 წლის 10 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, რომ ტაჯიკეთის საიდუმლო პოლიციამ დააპატიმრა იმამი მაჰმადსოდუკ საიდოვი, რომელმაც პარასკევის ლოცვისას უარი თქვა, სახელმწიფოს მიერ მიწოდებული ქადაგების წაკითხვაზე და საკუთარი სიტყვებით იქადაგა. სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ორგანიზაციის ცნობით, ასევე დააპატიმრეს ორი პირი, რომლებიც იმავე მეჩეთში დადიოდნენ. აბდუგაფორ რაჯაბოვსა და ასლამხორ კარიმოვს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ რელიგიურ ექსტრემისტულ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართულობის ბრალდებით. ადგილობრივ მოსახლეობაზე დარყდნობით, ორგანიზაცია წერს, რომ რაჯაბოვისა და კარიმოვის დაპატიმრება ისლამის აღორძინების პარტიასთანაა დაკავშირებული.[7]

[1] USDOS – US Department of State: 2020 Report on International Religious Freedom: Tajikistan, 12 May 2021

 (accessed on 15 October 2021)

[2] HRW – Human Rights Watch: World Report 2021 – Tajikistan, 13 January 2021

 (accessed on 15 October 2021)

[3] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Tajik Imam Detained On Extremism Charges After Speech At Funeral, 22 April 2021

 (accessed on 15 October 2021)

[4] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Tajik Authorities Release Imam Detained On Extremism Charges, 22 June 2021

 (accessed on 15 October 2021)

[5] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: After Clampdown On ‘Muslim Brotherhood,’ Tajikistan Goes After Alleged Salafiya Members, 16 June 2021

 (accessed on 15 October 2021)

[6] Forum 18: Male police continue targeting women wearing hijabs, 30 July 2021

 (accessed on 15 October 2021)

[7] Forum 18: Imam jailed for preaching his own sermon, 10 August 2021

 (accessed on 13 October 2021)