ალჟირი. ჰირაკის მოძრაობის პროტესტი და დემონსტრანტთა მდგომარეობა. ოქტომბერი, 2021

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ 2019 წელს ქვეყანაში, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან (1962) მოყოლებული ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოეწყო ხელისუფლების წინააღმდეგ. 2019 წლის 22 თებერვლიდან მოყოლებული ალჟირელები ყოველ პარასკევს ავსებდნენ ქუჩებს ალჟირის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში. თავდაპირველად დემონსტრანტები აპროტესტებდნენ აბდელაზიზ ბუტეფლიკას გადაწყვეტილებას, მეხუთე ვადით დაეყენებინა კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე. ბუტეფლიკა, მას შემდეგ რაც 2013 წელს ინსულტი გადაიტანა, იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ. დემონსტრაციების შედეგად, ბუტეფლიკამ პოსტი 2019 წლის 2 აპრილს დატოვა, რის შემდეგაც, დემონსტრაციები დემოკრატიული მმართველობის მოთხოვნით გაგრძელდა.

ბუტეფლიკას გადადგომის შემდეგ, სენატის პრეზიდენტი აბდელკადერ ბენსალეჰი გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვიდრე თავდაცვის მინისტრის მოადგილე და შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი გენერალი აჰმედ გაიდ სალეჰმა ეფექტური კონტროლი საკუთარ ხელში აიღო. გაიდ სალეჰმა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 4 ივლისისთვის ჩანიშნა და შემდეგ 12 დეკემბრამდე გადადო. ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის საპასუხოდ, ხელისუფლებამ დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების შევიწროვება, აქციის მონაწილეების თვითნებური დაკავებები, აკრძალა ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და პოლიტიკური ჯგუფების შეკრებები და დააპატიმრა კრიტიკულად განწყობილი პირები. ალჟირის ქალაქებში, ყოველკვირეულად მიმიდნარე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების პარალელურად, პოლიციის ძალების მობილიზება ხდებოდა დედაქალაქის ქუჩებში და აწესებდა საკონტროლო გამშვებ პუნქტებს და ზღუდავდა დემონსტრანტების გადაადგილების თავისუფლებას; რათა ისინი ვერ შეერთებოდნენ საპროტესტო მსვლელობებს. ხოლო მათ, ვინც მაინც ახერხებდა დემონსტრაციებზე მისვლას, მკაცრად აკონტროლებდა. ხელისუფლებამ ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა; ბევრი მათგანი რამდენიმე საათში ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლა, თუმცა ათობით პირის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო და საპატიმროში გაამწესა.[1]

ჰირაკის მოძრაობის საპროტესტო აქციების მეორე კვირას, 2019 წლის 1-7 მარტს, საპროტესტო მსვლელობები გაიმართა ალჟირის ქალაქებში. დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი გამოვიდა ქუჩეწბში და მოაწყო საპროტესტო მსვლელობები. ამ პერიოდში, საპროტესტო მსვლელობები უკვე სახელმწიფო ტელევიზიამაც გააშუქა. პროტესტი მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ალჟირის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, მათ შორის ქალაქ სეტიფში. ჰირაკის მოძღაობის პროტესტის საწყისი მიზნები იყო, რომ ბუტეფლიკას მეხუთე ვადით აღარ ეცადა პრეზიდენტობა და გადამდგარიყო პრემიერი აჰმედ ოიაჰია. შემდეგ მოთხოვნები უფრო ზოგადი გახდა და დემონსტრანტები მთავრობის კლანური მმართველობისგან გათავისუფლებას და საფუძვლიან დემოკრატიულ ცვლილებებს ითხოვდნენ. ჰირაკის მოძრაობის პროტესტის განმავლობაში გაიჟღერა ბევრმა სლოგანმა, სიმღერამ და სლოგანმა, მათ შორის იყო: „ბუტეფლიკა წადი და გაიდ სალაჰი გაიყოლე თან“, „მოისროლეთ ყველა“, „თავისუფლება ალჟირს“, „სისტემის შეცვლა… 99 პროცენტი ჩატვირთულია“ და სხვა. წყაროების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში დემონსტრაციები იყო მშვიდობიანი, ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა არეულობებს, რაც გამოიხატებოდა, დემონსტრაციების საღამოს, მანქანების დაწვასა და მაღაზიების დარბევებში.[2] [3]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება განაგრძობდა მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტების და იმ მოქალაქეების დაკავებებს და სისხლისსამართლებრივ დევნას, ვინც ჰირაკის სახელით ცნობილი საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ჰირაკის მოძრაობა, რომელიც 2019 წლის თებერვალში დაიწყო, აქტიურად მიმდინარეობდა მარტის ჩათვლით, ვიდრე გადაწყდებოდა პროტესტის შეჩერება კოვიდ 19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ 70 დემონსტრანტზე მეტი გაათავისუფლა, მაგრამ, ჰირაკის პროტესტში მონაწილეობისა და ინტერნეტში განთავსებული კრიტიკული პოსტების გამო, პატიმრობაში დატოვა მინიმუმ 93 პირი, მათ შორის ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური აქტივისტები.[4]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ ათეიზმისა და ღვთისგმობის ბრალდებები სისხლის სამართლის დანაშაულია და ხშირად ასეთი ბრალდებები პოლიტიკური მიზნებით შეიძლება იყოს გამოყენებული. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში, ჰირაკის მოძრაობის აქტივისტი იასინე მებარკის, მას შემდეგ, რაც პოლიციამ მის სახლში ყურანის დაზიანებული წიგნი აღმოაჩინა, ბრალი დასდეს ისლამის შეურაცხყოფასა და ათეიზმის მხარდაჭერაში და 10 წლით პატიმრობა და 10 მილიონი დინარის (77 ათასი აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმა მიუსაჯეს. ხელისუფლებამ ასევე აქტიურად მიჰყო ხელი სოციალური მედიის მომხმარებლების, კერძოდ ჰირაკის მოძრაობის აქტივისტების, სისხლის სამართლებრივ დევნას 2020 წლის განმავლობაში. აპრილში, ვალიდ კეჩდა დააპატიმრეს პრეზიდენტისა და ისლამური მორალის შეურაცხმყოფელი „მემეების“ გამოქვეყნებისთვის. მაისში, აქტივისტ სოჰეიბ დებაღის, სოციალურ ქსელში Facebook გამოქვეყნებული ანტი-სახელისუფლებო პოსტების გამო, ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ლაბრი ტაჰარსა და ბოუსიფ მოჰამედს ბუდიაფს 18 თვით პატიმრობა მიუსაჯეს სოციალურ ქსელში Facebook პრეზიდენტ ტებუნეს საწინააღმდეგო პოსტის გამოქვეყნების გამო. სექტემბერში, პოლიციის ყოფილი ოფიცერს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში Facebook დაგმო პოლიციის მხრიდან ძალადობა ჰირაკის მოძღაობის პროტესტის მიმართ. ჰირაკის კიდევ ერთ აქტივისტ ბრაჰიმ ლაალამის სამი წლით პატიმრობა, ხოლო ადვოკატ ხალედ ტაზაგარტს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჰირაკის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო.[5]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ალჟირის შესახებ წერს, რომ ჰირაკის მოძრაობის ასობით დემონსტრანტი დააკავეს. დაკავებულთა უმეტესობა იმავე დღეს გაათავისუფლეს, თუმცა სხვები გაასამართლეს და საპატიმროში გაამწესეს „უკანონო შეკრების“, „ეროვნული ერთობისთვის ზიანის მიყენებისა“ და „შეიარაღებული ძალების დემორალიზაციის“ ბრალდებებით. 24 მარტს ალჟირის (დედაქალაქი) სააპელაციო სასამართლომ ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა ცნობილ პოლიტიკოსს და ჰირაკის მოძრაობის მხარდამჭერ კარიმ ტაბუს. 2020 წლის 21 აგვისტოს პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩაახშო დემონსტრანტების მცდელობა, განეახლებინათ საპროტესტო მსვლელობები. პოლიციამ დააკავა დემონსტრანტები ალჟირში, ბილდაში, ტიზი ოზუისა და სეტიფში. ასევე, სეტიფში, 27 აპრილს, დააპატიმრა პოლიციამ სატირული გვერდის „ჰირაკის მემეები“ ადმინისტრატორი ვალიდ კეჩიდა.[6]

[1] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ალჟირში – 2019 წელი; გამოქვეყნებულია 2020 წლის 14 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 25 ოქტომბერს]

[2] მედია საშუალება „La Tribune“; მასობრივი პროტესტი ალჟირში ბუტეფლიკას მეხუთე ვადის გამო; გამოქვეყნებულია 2019 წლის 2 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.latribune.fr/economie/international/manifestations-massive-en-algerie-contre-un-cinquieme-mandat-de-bouteflika-809355.html [ნანახია 2021 წლის 25 ოქტომბერს]

[3] მედია საშუალება BBC; როგორ გაწირა ალჟირის არმიამ ქვეყნის პრეზიდენტი ძალაუფლების შესანარჩუნებლად; გამოქვეყნებულია 2019 წლის 6 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-africa-47821980 [ნანახია 2021 წლის 25 ოქტომბერს]

[4] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ალჟირში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 25 ოქტომბერს]

[5] საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების პრაქტიკის შესახებ ალჟირში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 25 ოქტომბერს]

[6] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ ალჟირში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 25 ოქტომბერს]