თურქმენეთი. სექსუალური უმცირესობის მიმართ არსებული დამოკიდებულება. ნოემბერი, 2021

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვყენბულ ანგარიშში თურქმენეთის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში რეჟიმი კვლავ ღრმად ავტორიტარულია და ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები რუტინულ ხასიათს ატარებს. თურქმენეთი ეფექტურადაა ჩაკეტილი ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. მედია ფუნქციონირებს სახელმწიფოს მკაცრი კონტროლით და თვითცენზურა ფართოდაა გავრცელებული.

თურქმენეთში მამაკაცებს შორის სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 2020 წლის მაისში, გასართობი შოუების ცნობილი ანიმატორი გაასამართლეს იმავე სქესის წარმომადგენელთან სექსუალური კავშირისთვის და ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გასართობი ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებიც [ზუსტი რაოდენობა უცნობია] იგივე მიზეზით გაასამართლეს. საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ჰომოფობია და სტრანსფობია ლგბტი თემს აქცევს მაღალი ხარისხით მოწყვლად ჯგუფად, პოლიციისა და სხვათა ხელით, წამებისა და სხვა არაადამიანური მოპყრობის, სექსუალური ძალადობის და გამოძალვის მიმართ. ლგბტი ხალხი მძიმე ზეწოლას აწყდება ოჯახის მხრიდანაც, რომელიც „ოჯახის ღირსების დაცვაზე“ ფიქრობს და ხშირად მიმართავს იძულებით ქორწინებას.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქმენეთის შესახებ წერს, რომ ჰომოსექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია და ორ წლამდე პატიმრობით ისჯება. 2019 წლის ოქტომბერში კარდიოლოგისტი აშხაბადიდან კასიმბერდი გარაევი, მას შემდეგ, რაც გაასაჯაროვა საკუთარი სექსუალური ორიენტაცია, ერთი თვის განმავლობაში იყო დაკარგული. შემდეგ ის მოულოდნელად გამოჩნდა მედიაში, სადაც უარყო რომ იყო გეი და კვლავ გაუჩინარდა. 2019 წლის ოქტომბერშივე, ჯანდაცვის რეგიონულმა დეპარტამენტებმა შეხვედრა გამართეს და დაგმეს „ამორალური ქმედებები“ ექიმებში. გავრცელებული ინფორმაციით, ერთერთ რეგიონში, სამედიცინო პერსონალს გეების გამოაშკარავება დაავალეს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს შორის; და მათ, ვინც გეებს ვერ გამოააშკარავებდა, სავარაუდოდ, სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრნენ.[2]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქმენეთის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა არ იცავს ლგბტ+ ხალხს დისკრიმინაციისგან და ერთსქესიანთა სექსუალური კავშირი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქმენეთის შესახებ წერს, რომ ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი მამაკაცებს შორის სისხლის სამართლის დანაშაულია. ანგარიშში ნათქვამია, რომ სექსუალური კავშირი მამაკაცებს შორის დანაშაულია და ისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით; რასაც შესაძლოა, მოჰყვეს დამატებით ორიდან 5 წლამდე ვადით გამწესება სამუშაო ბანაკში. კანონი დამატებით აწესებს 20 წლამდე პატიმრობას პედერასტიის განმეორებითი აქტებისთვის, არასრულწლოვანთან ერთსქესიანი კავშირისთვის ან აივ ინფექციისა ან სექსუალური გზით გადამდები ინფექციის გავრცელებისთვის ერთსქესიანი კავშირის გზით. კანონმდებლობა არაფერს ამბობს ერთსქსიანთა კავშირზე ქალებს შორის. ანტიდისკრიმინაციული კანონი არ იცავს ლესბოსელებს, გეებს, ბისექსუალებს, ტრანსგენდერებს და ინტერსექს ხალხს. საზოგადოებისთვის მიუღებელნი არიან ასევე ტრანსგენდერები და ხელისუფლება არ აწესებს არანაირ სამართლებრივ დაცვას ან ამ პირების გენდერული იდენტობის აღიარების სამართლებრივ მექანიზმს.[4]

[1] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ თურქმენეთში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 9 ნოემბერს]

[2] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ თურქმენეთში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 9 ნოემბერს]

[3] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ თურქმენეთში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 9 ნოემბერს]

[4] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ თურქმენეთში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 9 ნოემბერს]