კოტ-დივუარი. შიიტი მუსლიმების მიმართ დამოკიდებულება. ნოემბერი, 2021

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში კოტ-დივუარში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ადგენს რელიგიური რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას [კანონთან და წესრიგთან შესაბამისობაში] და კრძალავს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას. კონსტიტუცია ამბობს, რომ რელიგიური შემწყნარებლობა ერის ერთობის, ეროვნული გაერთიანების და მშვიდი სოციალური თანაცხოვრების საფუძველია. კონსტიტუცია კრძალავს რელიგიური სიძულვილის გამაღვივებელ რიტორიკას. ეროვნული ისლამური რადიო სადგურისა და ტელევიზიის ქსელის დირექტორმა, იმამმა, განაცხადა, რომ მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს ქრისტიან ლიდერებთან, მათ შრის აბიდჯანის არქიეპისკოპოსთან. კათოლიკე სასულიერო პირმა, რომელიც აბიდჯანის საეპისკოპოსოს სპიკერია, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სხვადასხვა კონფესიის რელიგიური თემებს შორის, ზოგადად, „თბილი“ ურთიერთობაა; განსაკუთრებით მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის. რელიგიური ლიდერები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მუდმივად აცხადებენ, რომ ფართო სპექტრის რელიგიური ლიდერები ერთიანები არიან სურვილში, იმუშაონ ერთად მშვიდობისა და ერთიანობისთვის.

კოტ-დივუარის მოსახლეობა, დაახლოებით, 27.5 მილიონია. მოსახლეობის, დაახლოებით, 43% მუსლიმია, ხოლო, დაახლოებით, 34% – ქრისტიანი. დაახლოებით, 4% მკვიდრი რელიგიური რწმენების მიმდევარია. ბევრი, ვინც თავს ქრისტიანად ან მუსლიმად მიიჩევს, პარალელურად, ძირძველი რელიგიური რწმენების მიმდევარიცაა. მუსლიმური თემის უდიდესი უმრავლესობა სუნიტური ისლამის [სუფიზმი] მიმდევარია. დანარჩენი მუსლიმური საზოგადოება შიიტები [ლიბანური საზოგადოების წევრები] და აჰმადიები არიან. მუსლიმები, ძირითადად, ქვეყნის ჩრდილოეთში, ხოლო ქრისტიანები – სამხრეთში ცხოვრობენ; ამასთან, მუსლიმებისა და ქრისტიანების, როგორც სხვა რელიგიების წარმომადგენლები, მთალი ქვეყნის მასშტაბით არიან განსახლებულები. ზოგიერთი მუსლიმი ლიდერის განცხადებით, საზოგადოება თავადაც დგამს ნაბიჯებს ქვეყანაში ისლამის შეუწყნარებელი [არატოლერანტული] ფორმების გავლენის ზრდის პრევენციისთვის; მათ შორის, იგულისხმება იმამებისთვის ქადაგების თემების მიწოდება; ასევე, იმამებს ურჩევენ, კარგად შეისწავლონ მოწვეული სტუმრები და ამის შემდეგ დაუშვან ქადაგებაზე.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში კოტ-დივუარის შესახებ წერს, რომ სამართლებრივი გარანტიები რელიგიის თავისუფლების კუთხით დაცულია და ნებისმიერი პირი თავისუფლად აღასრულებს საკუთარ რელიგიას როგორც კერძოდ, ასევე საჯაროდ. მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის იყო განხეთქილება 2002 – 2011 წლებში, მაგრამ, ამჟამად, დაძაბულობა, ძირითადად, დასრულებულია. კოტ-დივუარში 60-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობენ; ქვეყნის პოლიტიკური პარტიები არ არიან ეთნიკურად ჰომოგენური ხასიათის.[2]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე არსებული ინფორმაციით, ნათლად ჩანს, რომ კოტ-დივუარში რელიგიის თავისუფლების კუთხით, არ ფიქსირდება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები. რელიგიის თავისუფლება გარანტირებულია საკანონმდებლო დონეზე და, ძირითადად, აღიარებული და დაცულია პრაქტიკაში. არ ვრცელდება ცნობები კონფესიებს შორის რელიგიური ნიშნით დევნისა თუ დისკრიმინაციის შესახებ; მათ შორის, შიიტი მუსლიმების მიმართ.

[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ კოტ-დივუარში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 17 ნოემბერს]

[2] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების პრაქტიკის შესახებ კოტ-დივუარში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 17 ნოემბერს]