თურქული მედია საშუალება „Anadolu Agency“ 2019 წლის 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ სირიის თავისუფალი არმია [Free Syrian Army – al-Jays as-Suri al-Hurr], სირიის სამოქალაქო ომის დროს, ოპოზიციის ოფიციალურ შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენდა. ჯგუფი აქტიური იყო ქვეყნის ყველა ფრონტზე და ძალაუფლება დაკარგა მას შემდეგ, რაც სირიაში მიმდინარე პროცესებში გარე ძალები ჩაერივნენ, რომელთაც მხარი დაუჭირეს სირიის პრეზიდენტის რეჟიმს. ამჟამად, დაჯგუფება ძალებს იკრებს ახალი სახელწოდებით – სირიის ეროვნული არმია.[1]
2016 წლის 26 ნოემბერს, ბრუკინგის პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ნაშრომში „სირიის თავისუფალი არმია: დეცენტრალიზებული ამბოხებულთა ბრენდი“, ჩარლზ ლისტერი წერს, რომ სირიის თავისუფალი არმია 2011 წლის ივლისში შეიქმნა. მისი დამფუძნებელი ლიდერი, პოლკოვნიკი რიად ალ-ასადი აცხადებდა, რომ შეიარაღებული ძალების ფორმირებას ორი მიზანი ჰქონდა – პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგე მშვიდობიანი დემონსტრანტების დაცვა და რეჟიმის უსაფრთოხების ძალების წინააღმდეგ გამათავისუფლებელი ოპერაციების ინიცირება.[2]
სირიის თავისუფალმა არმიამ შექმნა ოპოზიციის ლეგიტიმური სამხედრო ხერხემალი, გაერთიანდა სირიის დროშის ქვეშ და დაიკავა 2013 წლის მარტში შექმნილი სირიის რეგიონული მთავრობის სამხედრო ფრთის პოზიცია. სირიის თავისუფალი არმია, 2015 წლამდე, აქტიური იყო ქვეყნის უმეტეს ნაწილში და იბრძოდა ალეპო-იდლიბის, რაქა-დეირიზორ-ჰასეკეს, ჰამა-ლატაკიას, ჰომსის და დამასკო-დერა-კუნეიტრა-სევეიდას ფრონტებზე. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერის შედეგად, სირიის თავისუფალმა არმიამ, 2016 წელს, ყველა ფრონტზე დაკარგა სიძლიერე; და 2016 წლის აგვისტოში, თურქეთის მიერ ოპერაცია ევფრატის ფარის დაწყების შემდეგ დაიწყო ხელახლა გაძლიერება.
2017 წლის 30 დეკემბერს, ოპერაცია ზეთისხილის რტოს დაწყებამდე, სირიის თავისუფალ არმიასთან ასოცირებული 30 ჯგუფი, ჩრდილოეთ ალეპოში სირიის ეროვნული არმიის სახელწოდების ქვეშ გაერთიანდა. 2018 წლის 28 მაისს კი იდლიბის 11 ჯგუფის გაერთიანების შედეგად შეიქმნა ეროვნული გამათავისუფლებელი ფრონტი. 2018 წლის 4 ოქტომბერს, სირიის ოპოზიციური ჯგუფები, სირიის ეროვნული არმია და ეროვნული გამათავისუფლებელი ფრონტი დროებითი მთავრობის თავდაცვის სამინისტროს ქვეშ გაერთიანდნენ. სირიის ეროვნულმა არმიამ, ოპერაცია მშვიდობის გაზაფხულის ფარგლებში თურქეთის მხარდასაჭერად, სამხედრო წვრთნები გამართა.[3]
გლობალური კვლევისა და ანალიტიკური ორგანიზაცია „The Jamestown Foundation“ 2021 წლის 12 მარტს გამოქვეყნებულ ნაშრომში „სირიის ეროვნული არმია და თურქეთის სასაზღვრო სახმელეთი ძალების მომავალი“ წერს, რომ სირიის ეროვნული არმია თურქეთის ყველაზე ამბიციურ პროექტად რჩება ჩრდილოეთ სირიაში. მისი საბრძოლო შესაძლებლობები წლების განმავლობაში განვითარდა და არსებით დონეს მიაღწია ამ დროისთვის. თურქეთმა ნაწილი ძალები ლიბიის ფრონტზეც კი გადაისროლა. სირიის თავისუფალი არმიიის პირადი შემადგენლობა, შეიძლება სირიის არაბთა არმიასაც შეედაროს, თუმცა ისინი განიცდიან ისეთის ორგანული სტრატეგიული შესაძლებლობების ნაკლებობას, რითიც სირიის არაბთა არმია სარგებლობს; მათ შორის, უპირველესად საჰაერო ძალები, სარაკეტო ძალები, ქიმიური საბრძოლო შესაძლებლობები და მძიმე ჯავშან-ტექნიკა. ამჟამად, თურქეთის ძალისხმევამ, გააერთიანოს, აქციოს დისციპლინირებულ შენაერთად და გაწვრთნას შეიარაღებული ოპოზიცია, შესაძლოა შედეგები მოიტანოს თუ უსაფრთხოების სექტორის ომის შემდგომი რეფორმის პროცესი გონივრულად იქნება მართული.[4]
სტრატეგიული კვლევების ორგანიზაცია „Al Sharq“ 2021 წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ ნაშრომში „სირიის ეროვნული არმიის წასული, აწმყო და მომვალი“ წერს, რომ სამხედრო რესტრუქტურიზაცია და რეინტეგრაცია უსაფრთხოებისა და პოლიტიკური შეთანხმების ბოლო ეტაპი იქნება. მსგავსი მოლაპარაკებები, ითვალისწინებს შეიარაღებული ჯგუფების ან განიარაღებას ან ინტეგრირებას სხვა სამხედრო ინსტიტუტებში; ასევე, მებრძოლთა რეინტეგრაციას საზოგადოებაში. ასეთ დროს წარმატების მთავარი ფაქტორი ეკონომიკური განვითარება, კანონის უზენაესობა და გარდამავალი პერიოდის სასამართლოა. ამ ეტაპზე, სირიის ეროვნული არმიის ინტეგრირება რეჟიმის არმიაში არ განიხილება. ასეთი ვარიანტის დღის წესრიგში შემოტანა დამოკიდებულია საერთაშორისო ფაქტორებსა და შეთანხმებებზე, რომლებიც სირიაში პოლიტიკური გადაწყვეტისკენ იქნება მიმართული.[5]
[1] მედია საშუალება „Anadolu Agency“; სირიის თავისუფალი არმია სირიის ეროვნულ არმიად გადაიქცა; სტატიის ავტორი: დილარა ჰამიტი, ერდოღან ჩაგატაი ზონტური; გამოქვეყნებულია 2019 წლის 9 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.aa.com.tr/en/middle-east/free-syrian-army-transforms-into-syrian-national-army/1607384 [ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს]
[2] ბროკინგის პროექტის პუბლიკაცია; სირიის თავისუფალი არმია: დეცენტრალიზებული ამბოხებულთა ბრენდი; პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტის ავტორი: ჩარლზ ლისტერი; გამოქვეყნებულია 2016 წლის 26 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს][3] მედია საშუალება „Anadolu Agency“; სირიის თავისუფალი არმია სირიის ეროვნულ არმიად გადაიქცა; სტატიის ავტორი: დილარა ჰამიტი, ერდოღან ჩაგატაი ზონტური; გამოქვეყნებულია 2019 წლის 9 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.aa.com.tr/en/middle-east/free-syrian-army-transforms-into-syrian-national-army/1607384 [ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს]
[4] გლობალური კვლევისა და ანალიტიკური ორგანიზაცია „The Jamestown Foundation“; სირიის ეროვნული არმია და თურქეთის სასაზღვრო სახმელეთო ძალების მომავალი; ავტორი: ჩან კასაპოღლუ; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://jamestown.org/program/the-syrian-national-army-and-the-future-of-turkeys-frontier-land-force/ [ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს]
[5] სტრატეგიული კვლევების ორგანიზაცია „Al Sharq“; სირიის ეროვნული არმიის წარსული, აწმყო და მომავალი; ავტორი: ნავარ საბაჰი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 31 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://research.sharqforum.org/2021/08/31/the-past-present-and-future-of-the-syrian-national-army/ [ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს]