ეთიოპია. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვა. დეკემბერი, 2021

ეთიოპიის ადამიანის უფლებათა კომისია და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი 2021 წელს გამოქვეყნებულ ერთობლივ ანგარიშში ეთიოპიის  შესახებ წერენ, რომ ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა არის სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, სომალის ნახევარკუნძულზე. ის არის აფრიკის კონტინენტზე მეორე ყველაზე მეტად დასახლებული სახელმწიფო დაახლოებით 117.9 მილიონი მოსახლით [2021 წლის მდგომარეობით], რომელიც 80-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფისთვის წარმოადგენს სამშობლოს. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის 43.5 პროცენტი არის ეთიოპიურ მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევარი, 33.9 პროცენტი ისლამის, ხოლო 18.6 პროცენტი პროტესტანტიზმის. რაც შეეხება სხვა რელიგიურ ჯგუფებს (მათ შორის კათოლიკეებს და იეჰოვას მოწმეებს თუ სხვა ადგილობრივი რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს) ისინი შეადგენენ საერთო მოსახლეობის 5 პროცენტზე ნაკლებს.[1]

უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა – ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეთიოპიის შესახებ წერს, რომ ქვეყნაში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია 2018 წლის შემდეგ გაუარესდა. შიდა ეთნიკური დაპირისპირებები მიწასა თუ სხვა რესურსებზე არსებითად გაიზარდა, განსაკუთრებით ორომიის შტატში, კერძოდ ორომია-სომალის, ორომია-ბენიშანგულ-გუმუზისა და ამჰარა-ტიგრაის შტატების საზღვრების გასწვრივ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წელს წარსულში აკრძალული ჯგუფების, კონკრეტულად კი ორომიის გამათავისუფლებელი ფრონტის, დაბრუნებამ ორომიის შტატში შიდა შეტაკებები და არა-ორომელთა სახლების მიზანში ამოღება გამოიწვია.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ანგარიშში ასევე წერს, რომ უსაფრთხოების მხრივ არსებული სიტუაცია მეზობელი ქვეყნების საზღვრებთან საკმაოდ არასტაბილურია. არასახელმწიფო შეიარაღებული ჯგუფები მოქმედებენ ეთიოპიის საზღვრებთან სომალთან, სუდანთან, სამხრეთ სუდანთან და კენიასთან.[2]

ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადების მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით ტიგრაის, ამჰარასა და აფარის შტატებში (ჩრდილოეთ ეთიოპია) მიმდინარეობს სამხედრო შეტაკებები და მოგზაურობა ამ შტატებში მიზანშეწონილი არ არის.[3]

კონფლიქტი ტიგრაის რეგიონში – ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტში” (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, 2020 წლის ნოემბრიდან ეთიოპია ჩართულია არა-საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტში ტიგრაის გამათავისუფლებელ ფრონტთან.[5]

კონგრესის კვლევის სამსახური 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეთიოპიის შესახებ წერს, რომ 2020 წლის 4 ნოემბერს ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ტიგრაის რეგიონში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მას შემდეგ რაც, ტიგრაის გამათავისუფლებელმა ფრონტმა იერიში მიიტანა სამხედრო ბაზაზე.[6]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2021 წელს გამოქვეყნებულ კითხვაზე პასუხში ეთიოპიის შესახებ წერს, რომ 2020 წლის 28 ნოემბერს, კონფლიქტის დაწყებიდან უკვე 3 კვირაში სამთავრობო ძალები სრულად აკონტროლებდნენ რეგიონის დედაქალაქ მეკელეს. ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი ამავე ანგარიშში ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად სამთავრობო ძალების გამარჯვებისა, ტიგრაის რეგიონში სიტუაცია მაინც არასტაბილური დარჩა, სადაც კვლავ იყო ჰუმანიტარულ დახმარების საჭიროება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის 28 ივნისს ფედერალურმა ხელისუფლებამ ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, თუმცა მთავრობის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დეკლარაციამ ომი არ დაასრულა.[7]  გაერო იუწყება, რომ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ტიგრაის გამათავისუფლებელი ფრონტის მებრძოლები სამხრეთით, ქვეყნის დედაქალაქისკენ დაიძრნენ.[8]

ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა – ეთიოპიის ადამიანის უფლებათა კომისიისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის 2021 წელს გამოქვეყნებულ ერთობლივ ანგარიშში მითითებულია, რომ ტიგრაის რეგიონში შეიარაღებული  კონფლიქტის 2020 წლის ნოემბერში დაწყების შემდეგ, 50.000 მეტმა ადამიანმა შეაფარა თავი სუდანს, ხოლო 1.7 მილიონი ადამიანი იძულებით  იყო გადაადგილებული 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით. კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ტიგრაის რეგიონში იყო სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებები, მათ შორის დიდი რაოდენობით გაუპატიურებები ქალაქ მეკელეში.[10]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ადამიანის უფლებათა პრაქტიკაზე ეთიოპიაში წერს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევების მნიშვნელოვან ფაქტებს წარმოადგენს უსაფრთხოების ძალებისა და კერძო პირების მიერ უსაფუძვლო და უკანონო მკვლელობები; მთავრობის მხრიდან წამება და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი; უსაფუძვლო დაპატიმრებები და დაკავებები; გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა; სამოქალაქო პირთა მკვლელობები; დანაშაულები, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან ძალადობის მუქარას რასობრივი ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ; შიდა კონფლიქტში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები, როგორიც არის სექსუალური ძალადობა, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და წამება.

დამატების ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში უთითებს იმასაც, რომ ეთიოპიის ადამიანის უფლებათა კომისიამ და ადამიანის უფლებათა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ორომიელი მომღერლის მკვლელობის შემდეგ, ორომიის  გამომძიებლები სამსახურიდან გაუშვეს, იმისთვის, რომ გამოეძიათ ეთნიკური საფუძვლით ჩადენილი მკვლელობები.[11]

[1] გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი/ ეთიოპიის ადამიანის უფლებათა კომისია ერთობლივი ანგარიში ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

 (ნანახია 2021 წლის 15 დეკემბერს)

[2] ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი – 2020 წლის ანგარიში – ეთიოპია; გამოქვეყნებულია 2020 წლის 12 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

(ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს)

[3] https://www.gov.uk/foreign-travel-advice/ethiopia/safety-and-security

[4] https://www.hrw.org/news/2021/12/10/ethiopia-tigray-forces-summarily-execute-civilians

[5] RULAC – ჟენევის აკადემია – ეთიოპია; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/countries/ethiopia#collapse1accord [ნანახია 2021 წლის 15 დეკემბერს]

[6] კონგრესის კვლევის სამსახური – Ethiopia’s Transition and the Tigray Conflict;  გამოქვეყნებულია 2021 წლის 8 სექტემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს]

[7] ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი: უსაფრთხოების სიტუაცია ტიგრაის რეგიონში 2020 წლის 1 მარტიდან – 2021 წლის 28 თებერვლის შუალედში; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს 30

 [ნანახია 2021 წლის 15 დეკემბერს]

[8] https://news.un.org/en/story/2021/11/1105252

[9] https://www.crisisgroup.org/africa/horn-africa/ethiopia/b171-ethiopias-tigray-war-deadly-dangerous-stalemate

[10] გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი/ ეთიოპიის ადამიანის უფლებათა კომისია ერთობლივი ანგარიში ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

 [ნანახია 2021 წლის 15 დეკემბერს]

[11] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ანგარიში 2020 წლის ადამიანის უფლებათა პრაქტიკის თაობაზე – ეთიოპია; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

 [ნანახია 2021 წლის 16 დეკემბერს]