აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ტაილანდის შესახებ წერს, რომ ქვეყანა კონსტიტუციური მონარქიაა, რომელსაც მეფე მაჰა ვაირალონგკორნ ბოდინდრადებაიავარანგკუნი [რამა X], სახელმწიფოს მეთაურის რანგში, მართავს. 2019 წლის მარტში, ტაილანდში ჩატარდა პირველი ეროვნული არჩევნები მას შემდეგ, რაც ხუთი წლის განმავლობაში, ქვეყანა ხუნტის ხელმძღვანელობით მოქმედი მშვიდობისა და წესრიგის ეროვნული საბჭოს მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. ეროვნული საბჭოს მხარდაჭერით მოსარგებლე პჰალანგ პრაჩარატის პარტიამ და მისმა 18 მხარდამჭერმა პარტიამ ქვედა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს და პრემიერად დანიშნეს არმიის გადამდგარი გენერალი, 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების ლიდერი და ეროვნული საბჭოს ლიდერი პრაიუტ ჩან-ო-ჩა. არჩევნებმა მცირე დარღვევებით, საერთო ჯამში, მშვიდობიანად ჩაიარა; თუმცა დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ შემზღუდველი სამართლებრივი ჩარჩო და საარჩევნო კომისიის მხრიდან კამპანიის რეგულაციების შერჩევითი დაცვა ხელს აძლევდა პჰალანგ პრაჩარატის პარტიასა და მის მოკავშირეებს.
ქვეყნის შიგნით კანონის აღსრულებასა და წესრიგის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას ინაწილებენ ტაილანდის სამეფო პოლიცია და ტაილანდის სამეფო შეიარაღებული ძალები. პოლიცია ანგარიშვალდებულია პრემიერის მიმართ, ხოლო შეიარაღებული ძალები ემორჩილებიან თავდაცვის მინისტრს. სასაზღვრო საპატრულო პოლიციას აქვს განსაკუთრებული მანდატი და პასუხისმგებლობა სასაზღვრო რეგიონებში ამბოხებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი ძალაუფლება [ხელისუფლება] არჩევნების შემდეგ სამოქალაქო ხელისუფლების ხელშ გადავიდა, ის მაინც ვერ ახორციელებს სრულ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე. უსაფრთხოების ძალების წევრები სჩადიან სხვადასხვა სახის დარღვევებს.
ტაილანდში ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვანი ფაქტები, მათ შორის, მოიცავს უკანონო და თვითნებურ მკვლელობებს მთავრობისა და მისი აგენტების მხრიდან; წამებასა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის ფაქტებს ასევე მთავრობის მხრიდან. თვითნებურ დაკავებებსა და დაპატიმრებებს; პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებებსა და რეპრესიებს; გამოხატვის თავისუფლების, პრესისა და ინტერნეტის თავისუფლების კუთხით – ადგილი აქვს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების დაპატიმრებებს, გასამართლებებს, ცენზურასა და ინტერნეტ გვერდების დაბლოკვას; მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვას; ლტოლვილების დაბრუნებას იქ, სადაც მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე; კორუფციას, ტრეფიკინგსა და პროფკავშირების საქმიანობის სერიოზულ შეზღუდვას.
ხელისუფლებამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, გამოეძიებინა და დაესაჯა ის ოფიციალური პირები, ვინც სჩადიან ადამიანის უფლებების დარღვევებს. მიუხედავად ამისა, ოფიციალური პირების დაუსჯელობა კვლავ რჩება პრობლემად, განსაკუთრებით უკიდურესი სამხრეთის პროვინციებში, სადაც საომარი მდგომარეობა ძალაში რჩება იალაში, პატანში და ნარაზივატის პროვინციებში. უკიდურესი სამხრეთის პროვინციებში ამბოხებულები ასევე სჩადიან ადამიანის უფლებების დარღვებებს და ამავდროულად თავს ესხმიან სამთავრობო უსაფრთხოების ძალებსა და სამოქალაქო პირებს.[1]
საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] წერს, რომ ხელისუფლება განაგრძობს რეპრესიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ; აკავებს და იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას ადამიანის უფლებათა დამცველების, ოპოზიციური პოლიტკოსების და სხვა კრიტიკულად განწყობილი პირების მიმართ. 2020 წლის განმავლობაში, ბანგკოკსა და სხვა ქალაქებში, იმართებოდა სერიები დემონსტრაციებისა. სასამართლომ გააუქმა სიკვდილით დასჯის განაჩენები, მათ შორის მკვლელობისთვის; რიგი სასიკვდილო განაჩენებისა და კი, სამეფო ამნისტიის ფარგლებში, სამუდამო პატიმრობით შეიცვალა.[2]
საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ტაილანდს არა-თავისუფალი ქვეყნის სტატუსს ანიჭებს და განმარტავს, რომ სტატუსის ცვლილება ნახევრად თავისუფალიდან არა-თავისუფალზე განაპირობა სახალხო ოპოზიციური პარტიის დაშლამ; პარტიისა, რომელმაც 2019 წლის არჩევნებში დამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა; ასევე, ხელისუფლების მხრიდან ახალგაზრდული პროტესტის დარბევამ; ახალგაზრდა დემონსტრანტები დემოკრატიულ რეფორმებს ითხოვდნენ.[3]
საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ტაილანდის შესახებ წერს, რომ ქვეყანა 2020 წლის განმავლობაში განიცდიდა სერიოზულ კრიზისს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. პრემიერ პრაიუტ ჩან-ო-ჩას მთავრობა აწესებდა შეზღუდვებს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე, კერძოდ გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე; თვითნებურად აპატიმრებდა აქტივისტებს; მოაწყო მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის დაშლა პოლიტიკურად მოტივირებული საფუძლებით და კოვიდ პანდემია გამოიყენა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის.[4]
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, ტაილანდის მთავრობა ჩაბმულია არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტში ისლამისტური მოძრაობის „Barisan Revolusi Nasional Coordinate (BRN)“ წინააღმდეგ. BRN 1963 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავს ტაილანდის სამხრეთ პროვინციების გათავისუფლებას და დამოუკიდებელი ისლამური სახელმწიფოს დაარსებას. მოძრაობა ჩრდილოეთ ტაილანდში შეიქმნა და მოქმედებს სამხრეთ ტაილანდში.[5]
[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრაქტიკის შესახებ ტაილანდში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 6 დეკემბერს][2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრაქტიკის შესახებ ტაილანდში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 6 დეკემბერს][3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ტაილანდში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2021 წლის 6 დეკემბერს][4] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრაქტიკის შესახებ ტაილანდში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 6 დეკემბერს][5] საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტი „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ RULAC; ტაილანდი; არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი ტაილანდში; უკანასკნელად განახლებულია 2021 წლის 27 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/conflicts/non-international-armed-conflict-in-thailand#collapse4accord [ნანახია 2022 წლის 6 დეკემბერს]