აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] მიანმარის შესახებ წერს, რომ მიანმარი კვაზი-საპარლამენტო სისტემის მქონე ქვეყანაა, სადაც ეროვნული პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს და კონსტიტუცია პარლამენტის ერთ მეოთხედს ანიჭებს უფლებას, დანიშნოს აქტიური-მორიგე სამხედრო პერსონალი. შეიარაღებულ ძალებს ასევე აქვთ უფლებამოსილება, დანიშნონ თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სასაზღვრო საკითხთა მინისტრები და ასევე ორიდან ერთი ვიცე-პრეზიდენტი; ამასთან, ხელისუფლების ყველა შტოს ძალაუფლებაზე კონტროლის დასამყარებლად, საჭიროა, პრეზიდენტმა გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა. არჩევნები 2020 წლის 8 ნოემბერს გაიმართა და მიუხედავად მცირე სტრუქტურული ხარვეზებისა, შეფასდა, როგორც ხალხის ნების სრულად გამომხატველი პროცესი. შედეგები 14 ნოემბერს გამოქვეყნდა და პარტიამ „ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის“ უმრავლესობა მოიპოვა, ხოლო სამხედროებთან დაკავშირებულმა პარტიამ მანდატები დაკარგა. კონსტიტუციის მიხედვით, შეიარაღებულმა ძალებმა, პარლამენტის ზედა და ქვედა სახლებში, მანდატების 25% დანიშვნის წესით დააკომპლექტეს. პარტიის „ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის“ ლიდერი აუნგ სან სუუ კიი სამოქალაქო ხელისუფლების დე-ფაქტო ლიდერად რჩებოდა 2020 წლის ბოლოსთვის და რადგან კონსტიტუცია უკრძალავდა მას პრეზიდენტად არჩევას, იკავებდა სახელმწიფო მრჩევლის პოზიციას.
მიანმარის საპოლიციო ძალები პირდაპირ არიან პასუხისმგებელი შიდა უსაფრთხოებაზე. სასაზღვრო პოლიცია მიანმარის საპოლიციო ძალების ადმინისტრაციული ნაწილია, თუმცა სამოქმედო დონეზე განცალკევებულია. ორივე მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია, რომელსაც მოქმედი სამხედრო გენერალი ხელმძღვანელობს; შესაბამისად, ორივე ნაწილი შეიარაღებული ძალების სარდლობას ემორჩილება. თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი შეიარაღებული ძალები პასუხისმგებელნი არიან საგარეო უსაფრთხოებაზე, თუმცა აქტიურად მონაწილეობენ ასევე საშინაო უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის ეთნიკურ შეიარაღებულ ჯგუფებთან ბრძოლაში. კონსტიტუციის მიხედვით, სამოქალაქო ხელისუფლებას არ აქვს უსაფრთოების ძალების კონტროლის მექანიზმი. შეიარაღებული ძალების მეთაური უფროსი გენერალი მინ აუნგ ჰლაინგი ინარჩუნებს ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე. უსაფრთხოების ძალების წევრები კვლავ სჩადიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს.
რახინის პროვინციაში კვლავ ადგილი აქვს როჰინჯა უმცირესობის მიმართ განსაკუთრებულად მძიმე რეპრესიებსა და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას. ინტენსიურმა ბრძოლებმა შეიარაღებულ ძალებსა და რახინის არკანის არმიას შორის, რომელიც 2020 წლის იანვარში მიმდინარეობდა, ათასობით მოქალაქის იძულებითი გადაადგილება გამოიწვია, კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია მოწყვლადი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომის კუთხით და საბოლოოდ, გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სერიოზული უფლებადარღვევები. საბრძოლო მოქმედებებმა შეიარაღებულ ძალებსა და შეიარაღებულ ეთნიკურ ჯგუფებს შორის, ჩრდილოეთში მდებარე შანის შტატში, ისევე როგორც სხვადასხვა შეიარაღებულ ეთნიკურ ჯგუფს შორის ბრძოლებმა, ასევე, გამოიწვია ათასობით პირის იძულებითი გადაადგილება, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და იძულებითი რეკრუტირება ეთნიკური ჯგუფების მხრიდან.
ადამიანის უფლებათა დარღვევის სერიოზულ ფაქტებს წარმოადგენს უკანონო და თვითნებური მკვლელობები, მათ შორის უსაფრთხოების ძალების მხრიდან; იძულებითი გაუჩინარებები უსაფრთხოების ძალების მხრიდან; წამება და სხვა არა ადამიანური მოპყრობა უსაფრთხოების ძალების მხრიდან; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; თვითნებური დაკავებები და დაპატიმრებები; პოლიტიკური ნიშნით დაკავებები და დაპატიმრებები; სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით; ჩარევა პირად ცხოვრებაში; სერიოზული დარღვევები, რასაც იწვევს შიდა კონფლიქტები, მათ შორის, მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის, იძლებითი გაუჩინარებები, წამება, ბავშვთა რეკრუტირება სამხედრო მოქმედებებშ ჩართვის მიზნით, ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომის შეზღუდვა და კონფლიქტთან დაკავშირებული სხვა დარღვევები; ასევე, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული რელიგიის თავისუფლებაზე; კორუფცია და დაუსჯელობა ქალთა მიმართ ძალადობისთვის ფართოდაა გავრცელებული. თითქმის სრული დაუსჯელობა უსაფრთხოების ძალების მიერ წარსულში თუ ამჟამად, ყოველდღიურად ჩადენილი დანაშაულებისთვის. ადამიანის უფლებებს არღვევს ასევე ზოგიერთი შეიარაღებული ეთნიკური ჯგუფი.[1]
საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანაგარიშო პერიოდი 2020 წელი] მიანმარის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს შიდა კონფლიქტი მიანმარის შეიარაღებულ ძალებსა და შეიარაღებულ ეთნიკურ ჯგუფებს შორის, რაც იწვევს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს. შეიარაღებულმა ძალებმა განურჩეველი საჰაერო იერიშები მიიტანეს რახინისა და ჩინის შტატებზე, რამაც ათასობით მშვიდობიანი მოსახლის იძულებითი გადაადგილება გამოიწვია. ამავე შტატებში, ხელისუფლებამ დააწესა მკაცრი შეზღუდვები ინფორმაციის გავრცელებაზე.[2]
საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] მიანმარის შესახებ წერს, რომ მიანმარის სამხედრო დიქტატურიდან დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნის პროცესი შეჩერდა. შეიარაღებული ძალები, ცნობილი როგორც „ტატმადაუ“, ინარჩუნებს მნიშვნელოვან გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე და მთავრობამ მეტწილად კრახი განიცადა ადამიანის უფლებების დაცვისა და შეიარაღებული კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით. 2017 წლის სამხედრო ოპერაციამ და მიმდინარე კონფლიქტმა ასობით ათასი ეთნიკური როჰინჯა აიძულა, თავშესაფარი ბანგლადეშში ეძება.[3]
საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] მიანმარის შესახებ წერს, რომ 2020 წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება, ზოგადად, მკვეთრად გაუარესდა. საბრძოლო მოქმედებები შეიარაღებულ ძალებსა და შეიარაღებულ ეთნიკურ ჯგუფებს შორის კვლავ გრძელდება და იზრდება დარღვევები, რომელსაც სამთავრობო ძალები ეთნიკური კაჩნების, კარენების, რახინების, როჰინჯებისა და შანების უმცირესობაში მყოფი მოსახლეობის მიმართ სჩადიან.[4]
მედია საშუალება BBC 2021 წლის 1-ელ თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ სამხედროებმა ქვეყნის მართვაზე კონტროლი ხელში აიღეს და აუნგ სან სუუ კიი და სხვა დემოკრატიულად არჩეული ლიდერები დააკავეს. სამხედროები პატრულირებდნენ ქუჩებში და დაწესებული იყო კომენდანტის საათი; გამოცხადდა ერთ-წლიანი საგანგებო მდგომარეობა. აშშ-მა, გაერომ და გაერთიანებულმა სამეფომ დაგმეს სამხედრო გადატრიალება და სანქციების დაწესებით დაიმუქრნენ.[5]
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, მიანმარში ადგილი აქვს არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს მიანმარის შეიარაღებულ ძალებსა (ტატმადაუ) და რამდენიმე შეიარაღებულ ეთნიკური ორგანიზაციას შორის, ძირითადად, კაჩინის, შანისა და რახინის შტატებში.[6]
[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამაინის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ მიანმარში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 10 იანვარს][2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ მიანმარში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 10 იანვარს][3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ მიანმარში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 10 იანვარს][4] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ მიანმარში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 31 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 10 იანვარს][5] მედია საშუალება BBC; მიანმარის სამხედრო გადატრიალება: აუნგ სან სუუ კიი დააკავეს, შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი ხელში აიღო; გამოქვეყნებულია 2021 წლის 1-ელ თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-asia-55882489 [ნანახია 2022 წლის 10 თებერვალს]
[6] საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტი „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“; არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტი მიანმარში; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/conflicts/non-international-armed-conflict-in-myanmar#collapse1accord [ნანახია 2022 წლის 10 თებერვალს]