სომალი. უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. იანვარი, 2022

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომალიში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ სომალი არის ფედერალური მოწყობის რესპუბლიკა, რომელსაც 2017 წელს არჩეული პრეზიდენტი მოჰამედ აბდულლაჰი მოჰამედ „ფარმააჯო“ ხელმძღვანელობს.

სომალის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნაში უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგზე პასუხისმგებელი ორგანოა სომალის ეროვნული არმია, რომლის ყველაზე დიდი გამოწვევა, ამ ეტაპზე, ტერორისტული დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ წინააღმდეგ ბრძოლაა. აღნიშნული სამხედრო ოპერაციები, ქვეყნის უმრავლეს რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს. ანგარიშის მიხედვით, სომალის სამოქალაქო ინსტიტუტები, ზოგჯერ, ვერ ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.[1]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სომალიში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ წერს, რომ ქვეყანა უჩვეულოდ მაღალი პოლიტიკური მღელვარების პერიოდშია. ამის გამომწვევი მიზეზი კი გადადებული საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული უთანხმოებაა. იმის მიუხედავად, რომ არჩევნები შეიძლება გახდეს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი,  ქვეყანაში  დომინანტურ პრობლემად მაინც საფრთხის ენდემური [ადგილობრივი] ფორმები რჩება.

საფრთხის წყაროები

  • ალ-შაბააბი, შეიარაღებული ისლამისტურ-ექსტრემისტული ორგანიზაცია კვლავ საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. საგარეო საქმეთა საბჭოს განცხადებით, დაჯგუფება რჩება უსაფრთხოების პრინციპულ პრობლემად, რომელიც აგრძელებს ლეტალურ თავდასხმებს, როგორც დასავლური ძალების ასევე, სამოქალაქო პირთა მიმართ. აღნიშნული დაჯგუფების ზოგად მიზნად რჩება სომალიში ისლამური სახელმწიფოს შექმნა და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ანგარიშის მიხედვით, გარდა იმისა, რომ დაჯგუფება აკონტროლებს ტერიტორიის დიდ ნაწილს ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში, მისი გავლენა საზოგადოებაზე ბევრად ფართოა.
  • ქვეყანაში საფრთხის კიდევ ერთ წყაროს სომალილენდსა და პუნტლენდს შორის დაპირისპირება წარმოადგენს. აღნიშნული კონფლიქტი უკავშირდება სოლისა და სანაგის რეგიონებზე კონტროლის აღებას.
  • ისლამური სახელმწიფო რჩება საფრთხის წყაროდ სომალელებისთვის. 2020 წლის თებერვალი-მარტის პერიოდში დაფიქსირდა ისლამური სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისკენ მიმართული ინციდენტები ქანდალას რაიონში, ხოლო 2021 წლის მაისი – აგვისტოს პერიოდში ბოსასოსა და მოგადიშოში.[2]
  • კრიმინალი საფრთხის კიდევ ერთი სერიოზული წყაროა. გლობალური ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მიხედვით, სომალი კონტინენტზე მეთვრამეტე ადგილს იკავებს კრიმინალური მაჩვენებლით, ხოლო 54 აფრიკულ სახელმწიფოს შორის 53 ადგილზეა „სახელმწიფო მდგრადობის“ მაჩვენებლით. სახელმწიფო მდგრადობა მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა პოლიტიკური ლიდერობა და მმართველობა; მთავრობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება; ფულის გათეთრების მიმართ არსებული წინააღმდეგობა; ტერიტორიული მთლიანობა და ა.შ.[3]

მოქმედი პირები

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის  2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სომალიში მოქმედებს მრავალი სახელმწიფო და არასახელმწიფო შეიარაღებული ჯგუფი:

  • სომალის ეროვნული არმია; ეროვნული დაზვერვისა და უსაფრთხოების სააგენტო [NISA]
  • აფრიკის კავშირის მისია სომალში[AMISOM]
  • ალ-შაბააბი
  • ისლამური სახელმწიფო სომალიში
  • შეიარაღებული ფორმირებები
  • ეთიოპიის ეროვნული თავდაცვის ძალები და კენიის თავდაცვის ძალები

უსაფრთხოების ბოლოდროინდელი ინციდენტები და ტენდენციები

გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს არაერთი ანგარიში 2019 წლის 5 ნოემბრიდან 2021 წლის 7 მაისის პერიოდში  სომალიში არსებულ სიტუაციას აფასებს, როგორც არასტაბილურს.

ორგანიზაცია ACLED-ის მიერ მოპოვებული მონაცემების მიხედვით,  2020 წლის იანვრიდან 2021 წლის 30 ივნისის პერიოდში სომალიში ჯამში 3663 ძალადობრივი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ შემთხვევებიდან  2 212  დაკვალიფიცირებული იყო, როგორც ბრძოლა, 812 – აფეთქება, ხოლო 639, როგორც სამოქალაქო პირთა მიმართ არსებული ძალადობის შემთხვევა. ჯამში აღნიშულმა ინციდენტებმა 4820 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

*ორგანიზაცია ACLED-ის მონაცემებზე დაყრდნობით სომალიში 2020 წლის იანვარი 2021 წლის ივნისის პერიოდში მომხდარი უსაფრთხოების ინციდენტები (ბრძოლები, აფეთქებები/ შორეული ძალადობა, არეულობა და სამოქალაქო პირთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობები) რეგიონების მიხედვით.

მოგადიშო – უსაფრთხოების ინციდენტები, სამოქალაქო პირთა მიმართ არსებული ძალადობა და სამოქალაქო მსხვერპლი

ACLED-ის მონაცემების მიხედვით 2020 წელს და 2021 წლის პირველ ნახევარში ქალაქი მოგადიშო მეორე ადგილზე იყო უსაფრთხოების ინციდენტთა რაოდენობით ქვეყანაში. 2021 წლის პირველ ნახევარში რეგიონში 252 უსაფრთხოების ინციდენტი დაფიქსირდა, რომლის შედეგად 272 ადამიანი დაიღუპა.

2020-2021 წლებში დაფიქსირებული ინციდენტებიდან 380 დაკვალიფიცირდა, როგორც ბრძოლა; 193 – აფეთქება ან შორეული ძალადობა, ხოლო 168, როგორც სამოქალაქო პირთა მიმართ არსებული ძალადობა. 2020 წელს მოგადიშოში ასევე დაფიქსირდა სექსუალური ძალადობის 100 შემთხვევა.

*ბენადირი – უსაფრთხოების ინციდენტები რაიონების მიხედვით [2020 იანვარი – 2021 ივნისი]

სხვადასხვა წყარო მოგადიშოში არსებულ სიტუაციას აღწერს, როგორც დაძაბულს, არაპროგნოზირებადსა და სახიფათოს. გარდა ამისა მოგადიშოს მოიხსენიებენ, როგორც ყველა დაუცველ ტერიტორიას სომალიში.

აღნიშნული არასტაბილური სიტუაცია აფერხებს ხალხის გადაადგილებას ქალაქში. კერძოდ ისეთ ადგილებში გადაადგილება, როგორიც არის ბაზრები ითვლება მნიშვნელოვან რისკად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ისლამისტებმა მიზანში ამოიღეს ავიაცია, რომელიც მოგადიშოს ადენ ადეს საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებს.[4]

ფინეთის საიმიგრაციო სამსახურის 2020 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიში მოგადიშოში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ ადასტურებს, რომ სიტუაცია ქალაქში არასტაბილურია.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანახმად მოგადიშო უსაფრთხოების გარემოებების გათვალისწინებით სამ ზონად იყოფა. პირველ ზონას, რომელიც მოიცავს აეროპორტსა და მის სიახლოვეს არსებულ ტერიტორიას, იცავენ „სომალიში აფრიკის კავშირის მისის ძალები“ (African Union Mission in Somalia (AMISOM)). აღნიშნული ზონა დაცვის მიუხედავად, მაინც დაუცველია ალ-შაბააბის თავდასხმებისგან.

ანგარიშის მიხედვით ალ-შაბააბი საკმაოდ აქტიურია ქალაქის მეორე და მესამე ზონებში, სადაც ტერორიზმთან დაკავშირებული უსაფრთხოების ინციდენტი რეგულარულად ფიქსირდება. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი უთითებს, რომ ალ-შაბააბს შეუძლია მოგადიშოს ყველა ნაწილში შეღწევა, თუმცა პირველ ზონაში არსებული მჭიდრო უსაფრთხოების ზომები ამას შედარებით ართულებს.

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ მოგადიშოში მეტ-ნაკლებად ყველაზე უსაფრთხო ნაწილად ითვლება დეინილის (Dayniile) რაიონი, სადაც ჰაუიე/მურუსადეს (Hawiye/Murusade) თემებს მყარი პოზიცია უჭირავთ და შესაბამისად შეუძლიათ წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნება.[5]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სომალიში არსებული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის შესახებ წერია, რომ შეიარაღებული კონფლიქტი ჯერ კიდევ გრძელდება სომალის მთავრობასა და „ალ-შაბააბას“ შორის.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის თანახმად 2020 წლის  პირველ ნახევარში გაეროს შტაბბინას მოგადიშოში ექვსჯერ მოხვდა ნაღმტყორცნი ბომბა, ხოლო 4 თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც იმყოფებოდნენ ჰუმანიტარული მუშაკები ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, ან ხმელეთიდან გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა  ან ჩამოაგდეს.

ანგარიშის მიხედვით მოგადიშოში იძულებით გადაადგილებულ პირთა  ყველაზე დიდი რაოდენობაა, კერძოდ 497.000 ადამიანი. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ 2021 წლის აპრილში გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით ბენადირის რეგიონში 198.000 იძულებით გადაადგილებული პირი ჩავიდა.[6]

[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ანგარიში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ – სომალი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

 [ნანახია 2022 წლის 5 დეკემბერს]

[2] ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი – ანგარიში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ – სომალი; გამოქვეყნებულია 2021 წლის სექტემბერში:

[ნანახია 2022 წლის 5 დეკემბერს]

[3] გლობალური ორგანიზებული დანაშაულის ინდექსი – 2021 წელი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ocindex.net/country/somalia [ნანახია 2022 წლის 5 დეკემბერს]

[4] ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი – ანგარიში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ – სომალი; გამოქვეყნებულია 2021 წლის სექტემბერში:

[ნანახია 2022 წლის 5 დეკემბერს]

[5] ფინეთის საიმიგრაციო სამსახური: სომალი – ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიში ; გამოქვეყნებულია 2020 წლის 7 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 5 დეკემბერს]

[6] ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი – ანგარიში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის შესახებ – სომალი; გამოქვეყნებულია 2021 წლის სექტემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 5 დეკემბერს]