ირანი. შაჰის გვარდია; ნოჟეს სამხედრო გადატრიალების მცდელობა; აღა-სოლთანის მკვლელობა. იანვარი, 2022

საიმპერატორო არმია [Imperial Guard] იყო როგორც ირანის უკანასკნელი შაჰის, მოჰამმად რეზა ფაჰლავის პირადი გვარდია, ასევე ირანის საიმპერატორო არმიის ელიტური საბრძოლო დანაყოფი. ის 1942 წელს შეიქმნა და დაიშალა 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ. საიმპერატორო გვარდიის ბირთვს წარმოადგენდა, სრულად მოხალისეობრივ საწყისებზე აგებული, „ჯავიდანის გვარდია“ [Javidan Guard], უფრო ცნობილი როგორც „უკვდავები“. 1970-იანი წლების ბოლოს საიმპერატორო გვარდია 18 ათასამდე სამხედროს აერთიანებდა და იყო ერთადერთი შეიარაღებული დანაყოფი, რომელიც მუდმივად იმყოფებოდა თეირანში. საიმპერატორო გვარდია არმიის 6%-ს შეადგენდა.

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო, ჯავიდანის საიმპერატორო გვარდიისა და მათი წევრების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, 1996 წელს მომზადებულ ინფორმაციაში წერდა, რომ „ჯავიდანის გვარდია“ იყო დანაყოფი, რომელსაც შაჰის დაცვა ევალებოდა. გვარდია დაშალა ისლამური სახელმწიფოს ხელისუფლებამ მას შემდეგ, რაც 1979 წლის რევოლუციის შედეგად, ქვეყნის სათავეში მოვიდა. ზოგადად, გამომდინარე შაჰის მიმართ ერთგულებიდან, ირანის ამჟამინდელი ხელისუფლება ჯავიდანის გვარდიის ყოფილი წევრების მიმართ კეთილგანწყობილი არაა. ის ყოფილი წევრები, ვინც ბოლომდე შაჰის ერთგული დარჩა მის ჩამოგდებამდე, არასათანადო მოპყრობის ობიექტებად იქცნენ, ხოლო ისინი, ვინც შაჰის ჩამოგდებამდეც თანამშრომლობდნენ ირანის ამჟამინდელ ლიდერებთან, შაჰის ჩამოგდების შემდეგ, დაჯილდოვნდნენ კიდეც. არსებული ინფორმაციით, 1979 წლისთვის, რევოლუციამდე, ჯავიდანის გვარდია, დაახლოებით, 3 ათას სამხედროს აერთიანებდა, რომელთაც შაჰისა და მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრების უსაფრთხოება და დაცვა ევალებოდათ. იმის გამო, რომ ისინი შაჰის ერთგულები იყვნენ, ამჟამინდელი რეჟიმი არ ენდობა გვარდიის ყოფილ წევრებს. გვარდიის ზოგიერთი ყოფილი წევრი, განსაკუთრებით მაღალი რანგის ოფიცრები, სიკვდილით დასაჯეს, დააპატიმრეს ან დაითხოვეს. ზოგმა კი მოახერხა და ირანიდან გაიქცა. ჯავიდანის გვარდიის ყოფილმა წევრებმა უფრო მეტი არასათანადო მოპყრობა გადაიტანეს ირანის ახალი რეჟიმის მხრიდან, ვიდრე ირანის სხვა მოქალაქეებმა.[1] [2]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ საკითხის კვლევისას შესწავლილ წყაროებზე არ მოიძებნა სხვა დამატებითი ინფორმაცია შაჰის გვარდიის და შაჰის გვარდიის ყოფილი წევრების ოჯახის წევრების მიმართ არსებული დამოკიდებულების შესახებ.

 

ნოჟეს სამხედრო გადატრიალების მცდელობა [Kudeta-ye Nozeh] იყო ირანში ახლად ჩამოყალიბებული ისლამური რესპუბლიკისა და მისი მთავრობის [აბოლჰასან ბანისადრის მთავრობა და აიათოლა ხომენეი] დამხობის გეგმით. გეგმა მოიცავდა ოფიცრებს და მომსახურე პერსონალს ქვეითი და საჰაერო ძალებიდან, არმიიდან და საიდუმლო სამსახურიდან. გადატრიალების მცდელობა მეტწილად შეჩერდა ასობით ოფიცრის დაპატიმრებით, ჰამედანთან ახლოს, ნოჟეს საჰაერო ბაზაზე, 1980 წლის 9-10 ივლისს. თუმცა, ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანი ზიანი საბოტაჟს უკვე მოტანილი ჰქონდა – ხუზესტანის საბრძოლო ხაზზე 159-დან მხოლოდ 28 ტანკი იყო საბრძოლო მდგომარეობაში. სახელმწიფო გადატრიალების გეგმა ორგანიზებული იყო ჟანდარმერიის გადამდგარი ოფიცრის, პოლკოვნიკი მუჰამად ბაქირ-ამირის მიერ, რომელსაც შაჰის ბოლო პრემიერი შაპურ ბახტაირი ეხმარებოდა; ბახტაირის კონტრიბუცია იყო ფინანსური ხასიათის და ასევე ის უზრუნველყოფდა გადატრიალების მხარდაჭერას საკუთარი კონტაქტებისა და გავლენების გამოყენებით. გეგმის სამოქალაქო ნაწილს ბიზნესმენი მანუჩერ გორბანიფარი ხელმძღვანელობდა.

მაშინდელი პრეზიდენტი აბოლჰასან ბანისადრის თქმით, მთავრობამ აღმოაჩნა რვა მსხვილი ქსელი და გამოააშკარავა შეთქმულთა გეგმა, რასაც მოჰყვა დაპატიმრებები: „მათი გეგმა იყო, შაჰის რეჟიმის აღდგენის მოტივით, სამხედრო გადატრიალების შთაბეჭდილების შექმნა; სინამდვილეში კი მათი მიზანი იყო ერაყში შეჭრის პრეტქსტის დაფარვა. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, კონსპირატორებმა სულეიმანიაში სამხედრო ბანაკი დააფუძნეს და გეგმავდნენ ქურთების აჯანყებას და ირანში დემონსტრაციების ორგანიზებას. მათი სტრატეგია მარტივი იყო: შიდა არეულობა დაასუსტებდა ირანის შეიარაღებულ ძალებს და ეს სადამს საშუალებას მისცემდა, ქვეყნის მთელი დასავლეთი ნაწილის ოკუპაცია მოეხდინა“, – ამტკიცებდა ბანისადრი. სამხედრო გადატრიალების ჩავარდნის შემდეგ, აიათოლა ხომენეი სიტყვით გამოვიდა ჯამარნ ჰოსეინეჰში და თქვა, „ჩვენ რომც ვერ გამოგვეაშკარავებინა შეთქმულები, ამას ხალხი გააკეთებდა. ხალხს არ სძინავს, რომ რამდენიმე აჩრდილმა ის აკეთოს, რაც მოესურვება“.

აიათოლა ხომენეიმ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ყველა დაკავებულის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა; თუმცა, ბანისადრმა სხვადასხვა სამართლებრივი ხრიკი გამოიყენა და სიკვდილით დასჯის აღსრულება გააჭიანურა. საბოლოოდ, როდესაც ირანში ერაყი შეიჭრა, უმეტესობა გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ ისინი სამხედრო სამსახურში დაბრუნდებოდნენ. მიუხედავად ამისა, სამხედრო გადატრიალების მცდელობის 144 მონაწილე მაინც დასაჯეს სიკვდილით და მომდევნო თვეებში 2-4 ათასი სამხედრო მოსამსახურე შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს. 1980 წლის 18 ივლისს, პარიზში, შაპურ ბახტაირის მკვლელობა სცადეს; 22 ივლისს კი, ვაშინგტონში, ირანის ყოფილი პრეს ატაშე ალი ტაბატაბაეი აშშ-ში მოკლეს.[3]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ საკითხის კვლევისას შესწავლილ წყაროებზე არ მოიძებნა სხვა დამატებითი ინფორმაცია ნოჟეს სამხედრო გადატრიალების მცდელობისა და მისი მონაწილეების მიმართ არსებული დამოკიდებულების შესახებ.

 

ნედა აღა-სოლთანი [Neda Agha-Soltan] 2009 წლის 20 ივნისს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა. ამ დროს, ირანში არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა და აღა-სოლთანის მკვლელობამ, რომლის ვიდეოზე აღბეჭდვა და ინტერნეტით გავრცელება მოხერხდა, მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. აღა-სოლთანი ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო, რომელიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად, თავის მუსიკის მასწავლებელთან ერთად საკუთარი მანქანით მიდიოდა; საპროტესტო აქციასთან ახლოს, ის საკუთარ მანქანასთან იდგა, როდესაც მას მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

თვითმხილველები დასავლურ წყაროებთან საუბრისას ამტკიცებდნენ, რომ აღა-სოლთანს ესროლა შეიარაღებულმა პირმა, რომელიც ბასიჯების გასამხედროებულ ორგანიზაციას წარმოადგენდა. ვიდეოზე აღბეჭდილი მკვლელობა ოპოზიციის საარჩევნო ღერძად გადაიქცა. აღა-სოლთანის მკვლელობა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის სადავო არჩევნების წინააღმდეგ პროტესტის სიმბოლოდ იქცა.

მკვლელობის ამსახველ ვიდეოზე ჩანს, რომ სროლის შემდეგ, აღა-სოლთანი მიწაზე ეცემა; მის გარშემო თავს იყრის ხალხი, მათ შორის მისი მუსიკის მასწავლებელი [არაშ ჰეჯაზი]. ვიდეოში ისმის ხმა, რომელიც ყვირის – „მას ესროლეს, ვინმე მოდით და წაიყვანეთ“. არაშ ჰეჯაზმა, როგორც მოგვიანებით წყაროებმა გაარკვიეს, მთავრობისგან რეპრესიების შიშით, ქვეყანა დატოვა. ოპოზიციურმა წყაროებმა მკვლელობაში აბას კარგარ ჯავიდი დაადანაშაულეს, რომლის იდენტიფიცირებაც მოხდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტით მისი ბასიჯების ორგანიზაციის წევრობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი გავრცელდა.

22 ივნისს, ირანის პრეზიდენტობის კანდიდატებმა – მეჰდი კარუბიმ და მირ-ჰოსეინ მოუსავიმ – ვინც არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, ხალხს მოუწოდეს, აღა-სოლთანისთვის პატივის მისაგებად, საპროტესტო აქცია გაემართათ. მოგვიანებით, აქცია თეირანის ჰაფტ-ე ტირის სკვერში, რომელზეც 200-დან 1000 კაცამდე იყო შეკრებილი, პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და სხვა სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით დაშალა. 2009 წლის 30 ივნისს, დაზვერვის სამინისტრომ ინტერპოლში არაშ ჰეჯაზის დაპატიმრების მოთხოვნა გაგზავნა. მოგვიანებით, ნოემბერში ირანის მთავრობის მხარდამჭერებმა აღა-სოლთანის საფლავი დაარბიეს.[4] [5]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ კვლევის კითხვაზე მუშაობის პროცესში შესწავლილ წყაროებზე არ მოიძებნა ინფორმაცია ნედა აღა-სოლთანის მკვლელობასთან დაკავშირებით, 2009 წელს, ქალაქ დუბაიში გამართული საპროტესტო აქციის შესახებ.

[1] ინტერნეტ რესურსი „სამხედრო ისტორია“; ირანის საიმპერატორო გვარდია; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://military-history.fandom.com/wiki/Imperial_Guard_(Iran) [ნანახია 2022 წლის 14 იანვარს]

[2] კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო; ირანი: ინფორმაცია ჯავიდანის საიმპერატორო გვარდიის შესახებ და მათი წევრების ამჟამინდელი მდგომარეობა; გამოქვეყნებულია 1996 წლის 1-ელ სექტემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 14 იანვარს]

[3] ინტერნეტ რესურსი „სამხედრო ისტორია“; ნოჟეს სამხედრო გადატრიალების მცდელობის გეგმა; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://military-history.fandom.com/wiki/Nojeh_coup_plot [ნანახია 2022 წლის 14 იანვარს]

[4] მედია საშუალება BBC; ქალი გასამხედროებული შენაერთის სამიზნე, სიკვდილის ამსახველი ვიდეო; გამოქვეყნებულია 2009 წლის 22 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://news.bbc.co.uk/2/hi/middle_east/8113552.stm [ნანახია 2022 წლის 14 იანვარს]

[5] მედია საშუალება The New York Times; სიკვდილი, რომელიც მსოფლიომ ნახა; ირანული პროტესტის სიმბოლო; სტატიის ავტორი: ნაზილა ფათჰი; გამოქვეყნებულია 2009 წლის 22 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.nytimes.com/2009/06/23/world/middleeast/23neda.html [ნანახია 2022 წლის 14 იანვარს]