ეგვიპტე. ათეისტებისა და ლესბოსელების მიმართ არსებული დამოკიდებულება. თებერვალი, 2022

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია რწმენის აბსოლუტურ თავისუფლებას აღიარებს. რელიგიური რიტუალების პრაქტიკის თავისუფლება და სალოცავი ადგილების დაფუძნება [ე.წ. აბრაამისეული რელიგიის მიმდევრებისთვის] კანონით რეგულირდება. კონსტიტუციის მიხედვით, ეგვიპტის მოქალაქეები კანონის წინაშე თანასწორნი არიან და დისკრიმინაციული მოპყრობა და სიძულვილის გაღვივება რაიმე, მათ შორის რელიგიური, ნიშნით, კანონით დასჯადი ქმედებაა. ისლამი სახელმწიფო რელიგიია და ისლამური შარიათის პრინციპები კანონმდებლობის მთავარი წყაროა. ხელისუფლება ოფიციალურად აღიარებს სუნიტურ ისლამს, ქრისტიანობას და იუდაიზმს და მხოლოდ აღნიშნული რელიგიების მიმდევრებს აძლევს უფლებას, ააშენონ სალოცავები და საჯაროდ აღასრულონ რელიგიური რიტუალები.

2020 წლის მარტში მუსლიმმა მეცნიერმა, დოქტორი ჰაითამ ტალაატი, გამოქვეყნა ვიდეო, სადაც ათეისტებს სოციალურად გარიყულებს, ურწმუნოებს და განდგომილებს უწოდებდა და ამბობდა, რომ ისინი ტერორისტებსა და შეიარაღებულ მძარცველებზე უარესები არიან. ეგვიპტეში ათეისტების რაოდენობის შესახებ სარწმუნო ცნობები ხელმისაწვდომი არაა. 2020 წლის 21 ივნისს, ალექსანდრიის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო ათეისტი აქტივისტი და ბლოგერი ანას ჰასანის საჩივარი. მას 27 თებერვალს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და 300 ათასი ფუნტის [19,100 აშშ დოლარი] ოდენობის ჯარიმა დაეკისრა სოციალურ ქსელში „Facebook“ გვერდის „ეგვიპტელი ათეისტები“ მართვისთვის. ხელისუფლებამ ჰასანი 2019 წელს ათეისტური იდეებისა და „ღვთაებრივად გამოცხადებული რელიგიების“ კრიტიკისთვის დააპატიმრა.

2018 წელს ეგვიპტის პრეზიდენტი ალ-სისიმ განაცხადა, რომ ყველას აქვს უფლება სწამდეს ღმერთი ისე, როგორც ამას თავად ხედავს ან საერთოდაც არ სწამდეს არაფრის. მიუხედავად ამისა, ძალისხმევა, რომელიც ათეიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენაა მიმართული, ხშირად სარგებლობს ოფიციალური პირების მხარდაჭერით. 2019 წელს, ალ-აზჰარის მეჩეთმა, თავის ელექტრონული ფატვის ცენტრში, დააფუძნა „ათეიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა“ და „ახალგაზრდების ურწმუნობაში ჩავარდნისგან“ დაცვის მიმართულება [Bayan]. აღნიშნული მიმართულება სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა ათეიზმის კრიტიკულ განცხადებებს და 25 აგვისტოს, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მოაწყო სამუშაო შეხვედრა ათეიზმისა და ათეიზმის იდეების მიმდევართა მიმართ მოპყრობის მთავარი მეთოდების შესახებ.

2020 წლის 6 თებერვალს უსაფრთხოების სამსახურმა დააპატიმრა აჰმედ საბაიე [ვიდეო პლატფორმის „Youtube“ რელიგიური თემატიკის არხის (404 ათასი გამომწერით) ადმინისტრატორი]. საბაიე აქვეყნებდა ვიდეოებს, სადაც ქრისტიანულ დოქტრინაზე მსჯელობდა, ტოვებდა კომენტარებს ათეიზმის შესახებ პოსტებზე და განიხილავდა ისლამს. 29-დღიანი დაკავების შემდეგ, ხელისუფლებამ ის ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლა. 27 ნოემბერს ის ხელახლა დააპატიმრეს [მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის ბიბლიასა და ქრისტიანულ დოქტრინას განიხილავდა] და ბრალი წაუყენეს მცდარი ინფორმაციის წაკითხვისა და სოციალური მედიის არასათანადოდ გამოყენების გამო.

2020 წლის 16 ივნისს, ფატვის გამომცემი 4 ავტორიზებული დაწესებულებიდან ერთერთმა, რელიგიური განკარგულებების სახლმა „დარ ალ-იფტა“, ეგვიპტელი ლესბოსელი აქტივისტისა და მწერლის სარა ჰეგაზის [რომელიც, სავარაუდოდ, ათეისტიც იყო] თვითმკვლელობის შემდეგ, განცხადებების სერია გამოაქვეყნა. „დარ ალ-იფტა“ წერდა, რომ „ყველა ღვთიური რელიგია“ გმობს ჰომოსექსუალიზმს და რომ ათეიზმი „ინტელექტუალური პრობლემა“ და „ფსიქოლოგიური დაავადებაა“, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. განცხადებაში ასევე ეწერა, რომ მუსლიმები, ვინც „დარწმუნებით“ ამბობენ ვინმეზე, რომ ის სამოთხეში ვერ მოხვდება, ცდებიან, რადგან მხოლოდ ალაჰს შეუძლია განსაჯოს, ვინ მოხვდება სამოთხეში და ვინ არა.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ეგვიპტის შესახებ წერს, რომ მიუხედავად კონსტიტუციით აღიარებული რელიგიის თავისუფლების აბსოლუტური უფლებისა, ათეისტები და რელიგიური უმცირესობები აწყდებიან დევნას და ძალადობას, კერძოდ კი ქრისტიანი კოპტები, რომლებიც იძულებითი გადაადგილების, ფიზიკური თავდასხმების, ასაფეთქებელი მოწყობილობებით იერიშებისა და სალოცავების აშენების აკრძალვების ობიექტები ხდებიან.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ეგვიპტის შესახებ წერს, რომ მუსლიმი უმცირესობა, ათეისტები და ქრისტიანები სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტები ხდებიან ღვთისგმობის ან ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით.[3]

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული წყაროები, მიუხედავად იმისა, რომ ათეიზმის მიმდევრებს ახსენებენ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე საუბრისას, ანგარიშებში არ არის აღწერილი არცერთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტულად ათეიზმის მიმდევარი გახდა ფიზიკური ძალადობის ან სამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი.

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კანონმდებლობაში არ არის მკაფიო ჩანაწერი, რომელიც კონკრეტულად ჰომოსექსუალიზმს აკრძალავს; თუმცა, აღნიშნული თემა მკაცრ სოციალურ ტაბუს წარმოადგენს. ლგტბ თემის თითქმის სრული უმრავლესობა საკუთარ იდენტობას მალავს, რამდენადაც ეს შეუძლია; თუ პირის იდენტობა გამჟღავნდება ან მის მიმართ ეჭვი გაჩნდება, როგორც ურბანულ, ასევე პერიფერიულ რაიონებში, მნიშვნელოვანი მტრული დამოკიდებულების წინაშე აღმოჩნდება.[4]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ეგვიპტის შესახებ წერს, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა ქალების, ლგბტ თემის და სხვა ჯგუფების მიმართ, სერიოზულ პრობლემად რჩება. ქალები, ქრისტიანები, შიიტი მუსლიმები და ლგბტ პირები აწყდებიან დისკრიმინაციას და შეზღუდვებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით. 2017-2020 წლებში ლგბტ თემის 13 წარმომადგენელი მისცეს პასუხისგებაში. პოლიციის ოფიცრების მიერ დაკავების შემდეგ, ისინი გახდნენ წამების მსხვერპლნი, მათ მიმართ გამოიყენეს „ქალწულობის ტესტი“ და სხვა სახის სექსუალური ძალადობა; უარი უთხრეს სამედიცინო დახმარებასა და სამართლებრივ კონსულტანტთან შეხვედრაზე.[5]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება არ იყენებს ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობას ლგბტ თემის დასაცავად. სამართლებრივი დისკრიმინაცია და სოციალური სტიგმა ლგბტ პირებს საკუთარი უფლებების საჯაროდ დაცვის საშუალებას არ აძლევს. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო დასაქმების, განსახლების, მოქალაქეობის, განათლებისა და თუ ჯანდაცვის კუთხით დისკრიმინაციის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა; თუმცა, მთავრობა შესაძლო დიკრიმინაციის წინააღმდეგ ძალისხმევას არ იჩენს. წყაროების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ლგბტ პირების დაპატიმრებებსა და შევიწროვებებს. დაპატიმრების თავიდან აცილების სანაცვლოდ, ლგბტ პირებს აიძულებენ, სხვა ლგბტ პირების შესახებ ინფრომაციის მიწოდებას.

წყაროების ცნობით, ხელისუფლება იყენებს სოციალურ მედიას, გაცნობის საიტებს და სატელეფონო აპლიკაციებს ლგბტ პირებად მიჩნეულთა მახეში გასაბმელად. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი საჯარო სივრცე, სადაც ლგბტ თემისთვის უსაფრთხო გარემო იყო შექმნილი, უკანასკნელ წლებში დაიხურა, როგორც თავად ლგბტ პირები აღნიშნავენ, აღნიშნული მეთოდი ეფექტურად მუშაობს. ლგბტ უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, 2019 წელს, ეგვიპტეში 92 ლგბტ პირი დააპატიმრეს, რომელთაგან შვიდი იძულებითი გამოკვლევის მსხვერპლი გახდა.[6]

[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლირი ანგარიში რელიგიის თავისუფლების პრაქტიკის შესახებ ეგვიპტეში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 8 თებერვალს]

[2] საერთშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ ეგვიპტეში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 8 თებერვალს]

[3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ეგვიპტეში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 8 თებერვალს]

[4] გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი; წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია – ეგვიპტე; გამოქვეყნებულია 2020 წლის დეკემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 8 თებერვალს]

[5] საერთშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ ეგვიპტეში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 8 თებერვალს]

[6] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ეგვიპტეში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 8 თებერვალს]