ავღანეთი. სამთავრობო ძალებთან ასოცირებული პირების მიმართ დამოკიდებულება. თებერვალი, 2022

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო [ყოფილი ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი] 2021 წლის ნოემბერში და 2022 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშებში ავღანეთის შესახებ წერს, რომ ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების მოქმედი ან ყოფილი პირადი შემადგენლობა დაჯგუფება „თალიბანისთვის“ პრიორიტეტულ სამიზნეს წარმოადგენს. 2020 წლის თებერვალში, დოჰაში გამოფორმებული შეთანხმების შემდეგ, „თალიბანმა“ გაზარდა იერიშები სამთავრობო ძალების წინააღმდეგ, განსაკუთრებით პერიფერიულ ზონებში. „თალიბანის“ წევრებს ჰქონდათ დავალება, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების წევრები დანებებულიყვნენ და/ან შეერთებოდნენ დაჯგუფებას. იმამებს, იმამების მოადგილეებს, პროვინციების მოსამართლეებს და მათი არყოფნის შემთხვევაში, პროვინციის მმართველებს დელეგირებული აქვთ უფლება, სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანონ დამნაშავედ მიჩნეული ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების წევრებს ან „თალიბანის“ მიერ დაპატიმრებულ, მთავრობის ნებისმიერ სხვა ოფიციალურ პირს ან თანამშრომელს.

ხელმისაწვდომი წყაროების ინფორმაციით, ავღანეთის უსაფრთხოების ეროვნული დირექტორატის ოფიცრები, მთავრობის მომხრე შეიარაღებული დაჯგუფებების წევრები და პოლიციის უფროსები „თალიბანის“ ყველაზე ხშირ სამიზნეს წარმოადგენდნენ. ამბოხებულთა სამიზნეს, ასევე, წარმოადგენდნენ უსაფრთხოების ძალების ოჯახის წევრები. უფრო მეტიც, ოჯახის წევრებს ხშირად ავიწროვებდნენ, რათა მათ დაერწმუნებინათ თავიანთი ნათესავები, დაეტოვებინათ საკუთარი პოზიციები უსაფრთხოების სამსახურში. გავრცელებული ცნობებით, სამიზნეები ხდებოდნენ ასევე უსაფრთხოების ძალების ყოფილი წევრებიც; მას შემდეგ, რაც მათ დატოვეს ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები.

თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც არ იყვნენ ამბოხებულებთან ბრძოლის წინა ხაზზე, რეგულარულად ხდებოდნენ „თალიბანის“ სამიზნეები. სხვა სამინისტროების თანამშრომლებიც, ვინც პირდაპირ არ მონაწილეობდნენ ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაში, უფრო ნაკლები სიმწვავით, მაგრამ მაინც ხდებოდნენ ამბოხებულთა სამიზნეები. პირადი მტრობა ან „თალიბანის“ საწინააღმდეგო ღია განცხადება პირისთვის იგივე შედეგების მომტანია.

ქაბულზე კონტროლის დამყარების შემდეგ გამართულ პირველ პრეს-კონფერენციაზე, 2021 წლის 17 აგვისტოს „თალიბანმა“ გამოაცხადა გენერალური ამნისტია და განაცხადა, რომ პატიებდა ყველას, „ვინც მათ წინააღმდეგ იბრძოდა“. გაიმართა შეხვედრები დაჯგუფების წევრებსა და წამყვან პოლიტიკურ ფიგურებს [ყოვილი პრემიერი ჰეკმატიარი, ყოფილი პრეზიდენტი კარზაი და ეროვნული შერიგების საბჭოს თავმჯდომარე აბდულა აბდულა]; თუმცა, 2021 წლის 26 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, კარზაი და აბდულა „თალიბანმა“ შინა პატიმრობაში გაამწესა. წყაროების ინფორმაციით, თალიბანმა ავღანელთა შავი სია შეადგინა იმ პირებისგან, ვისაც მიიჩნევდა ყოფილ ადმინისტრაციასთან ან აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალებთან კავშირის მქონედ; განსაკუთრებით დიდი რისკის წინაშე იყვნენ პირები წამყვანი პოზიციებით შეიარაღებულ ძალებში, პოლიციასა და საგამოძიებო დანაყოფებში. წყაროების ცნობით, მინიმუმ ოთხი პროვინციის დედაქალაქში, დაჯგუფების წევრები კარდაკარ ეძებდნენ შავ სიაში შეყვანილ პირებს.[1] [2]

დანიის იმიგრაციისა და ინტეგრაციის სამინისტროს იმიგრაციის სამსახური 2021 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ავღანეთის შესახებ წერს, რომ ქაბულზე კონტროლის დამყარების შემდეგ, „თალიბანმა“ განაცხადა, რომ ყოვილი მთავრობის თანამშრომლებს შეეძლოთ, შიშის გარეშე დაბრუნებოდნენ სამუშაო ადგილებს დედაქალაქსა და მთელ ქვეყანაში. თუმცა, პრაქტიკაში, წყაროების შეფასებით, იმ ავღანელთა მიმართ დამოკიდებულება, ვინც ასოცირდება წინა მთავრობასთან, განისაზღვრება იმ საქმიანობით, რასაც ისინი წინა ხელისუფლების დროს ეწეოდნენ. წყაროები აღნიშნავენ, რომ, ზოგადად, ის ავღანელები, ვინც ადრე უსაფრთხოების ძალებში იყვნენ დასაქმებული, უფრო დიდი რისკის წინაშე დგანა, ვიდრე ისინი, ვინც წინა მთავრობაში სამოქალაქო პოზიციებზე იყვნენ დასაქმებულნი.

2021 წლის 30 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში „Human Rights Watch“ წერდა, რომ ორგანიზაციამ აღწერა 47 ავღანელის [ვისაც, კავშირი ჰქონდათ უსაფრთხოების ძალებთან] სიკვდილით დასჯა ან იძულებითი გაუჩინარება ქვეყნის ოთხ პროვინციაში [ღაზნი, ჰელმანდი, კანდაჰარი და კუნდუზი]. ორგანიზაციის ცნობით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან კავშირის მქონე პირთა ოჯახის წევრები, ასევე, იყვნენ „თალიბანის“ წევრთა სამიზნეები. ყველა ხელმისაწვდომი წყაროს შეფასებით, „თალიბანის“ მხრიდან დამოკიდებულება იმ ავღანელების მიმართ, ვინც მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში ან უცხო ქვეყნის წარმომადგენლობებში, ანალოგიურია იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დაჯგუფებას აქვს ავღანეთის ყოფილ მთავრობაში მომუშავე პირთა მიმართ. წყაროები, ასევე თანხმდებიან, რომ ის ავღანელები, ვინც დასავლური სამხედრო ძალების, განსაკუთრებით ამერიკული სამხედრო ძალების მიერ იყვნენ დასაქმებული, რისკის წინაშე მყოფთა იერარქიის უმაღლეს მწვერვალს იკავებენ.[3]

[1] ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი; საერთო ანალიზი და სახელმძღვანელო პრინციპები ავღანეთის შესახებ; გამოქვეყნებულია 2021 წლის ნოემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 16 თებერვალს]

[2] ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი; წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია – ავღანეთი; გამოქვეყნებულია 2022 წლის იანვარში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 16 თებერვალს]

[3] დანიის იმიგრაციისა და რეინტეგრაციის სამინისტროს იმიგრაციის სამსახური; წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია – ავღანეთი; გამოქვეყნებულია 2021 წლის დეკემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 16 თებერვალს]