ირანი. ინფორმაცია ქალების მიერ განქორწინების მოთხოვნის უფლების შესახებ. მარტი, 2022

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქალები აწყდებიან დისკრიმინაციას პირად სტატუსთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას; მათ შორის, ქორწინების, განქორწინების, მემკვიდრეობისა და ბავშვებთან დაკავშრებული გადაწყვეტილებების კუთხით.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქალები არ სარგებლობენ თანაბარი უფლებებით განქორწინებისა და ბავშვზე მეურვეობის საკითხებში დავებისას.[2]

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ წარდგენილი მეოთხე პერიოდული ანგარიშის მიხედვით, ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციით დადგენილია, რომ ყველა რელიგიის მიმდევარი სამართლებრივი სტატუსის საკითხებს, როგორიცაა, მათ შორის, განქორწინება, განიხილავს თავისი რელიგიის იურისპრუდენციისა და სამართლებრივი საკითხების შესაბამისად.[3]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ 2022 წლის 8 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ირანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ აჰვაზში, საჯად ჰეიდარმა თავი მოკვეთა თავის 17 წლის ცოლს, რის შემდეგაც ის დემონსტრაციულად გადაადგილდებოდა ქალაქის ქუჩებში მოკვეთილი თავით ხელში; ამით ის ცდილობდა, დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ ღირსეული მამაკაცია. მონა ჰეიდარის მკვლელობა 2022 წლის 5 თებერვალს მოხდა და ის „ღირსების სახელით მკვლელობის“ უახლესი შემთხვევაა ირანში. ღირსების სახელით მკვლელობის მსხვერპლი, როგორც წესი, ქალები ხდებიან, რომელთაც „მიუღებელი საქციელის“ გამო, თავიანთი მამაკაცი ნათესავები კლავენ. ასეთი „მიუღებელი საქციელი“ შეიძლება იყოს ნებისმიერი საქციელი, რომელსაც ოჯახის რეპუტაციისთვის საზიანოდ ჩათვლიან; ასევე, ოჯახის თანხმობის გარეშე დაქორწინების მიზნით გაქცევა, მრუშობა და განქორწინების მოთხოვნა.

გავრცელებული ინფორმაციით, მონა ჰეიდარი, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე თურქეთში გაიქცა, სადაც სირიელ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც მან ონლაინ სივრცეში გაიცნო. მონა ჰეიდარი ირანში დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც ოჯახმა დაარწმუნა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ირანში დაბრუნების შემდეგ, ის მისმა ქმარმა მოკლა. მისი ქმარი და ქმრის ძმა, რომელიც, სავარაუდოდ, დანაშაულის თანამონაწილე იყო, საპატიმროში იმყოფებიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მონა ჰეიდარი იძულებითი ქორწინების მსხვერპლი იყო; ის თავის ნათესავზე ადრეულ ასაკში დააქორწინეს და მხოლოდ 14 წლის იყო, როდესაც შვილი გააჩინა. ირანული მედიის ცნობით, ქმარი მასზე რეგულარულად ძალადობდა და უარს აცხადებდა განქორწინებაზე.[4]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 4 მარტს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 28 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 4 მარტს]

[3] გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი; ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ წარდგენილი მეოთხე პერიოდული ანგარიში; გამოქვეყნებულია 2021 წლის 23 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 4 მარტს]

[4] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“; ქმრის მიერ მონა ჰეიდარის მკვლელობამ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საუბრები განაახლა; გამოქვეყნებულია 2022 წლის 8 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 4 მარტს]