ირანი. სოციალური ქსელების მომხმარებლების მიმართ დამოკიდებულება. მარტი, 2022

ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ 2022 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში – „ირანელები სოციალურ მედიაში“ – ანგარიშს ავტორი ჰოლი დაგრესი წერს, რომ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არაა ხელმისაწვდომი; თუმცა, Iranian Student Polling Agency 2021 წლის თებერვალში აცხადებდა, რომ 18 წელს ზევით ასაკის ირანელების 74 პროცენტი სოციალური მედიისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების აპლიკაციების მომხმარებელია. ისეთი პოპულარული პლატფორმები, როგორიცაა – ფეისბუქი (Facebook), ტვიტერი (Twitter),  იუთუბი (Youtube) – ირანში დაბლოკილია, მაგრამ სხვადასხვა საშუალებით ირანელები ახერხებენ, წვდომა ჰქონდეთ აღნიშნულ პლატფორმებთან. სოციალური მედიის მომხმარებელთა 64 პროცენტი აქტიურად იყენებს მოკლე ტექსტური შეტყობინებების აპლიკაციას – ვოთსაპი (WhatsApp); 45% ინსტაგრამის, 36% ტელეგრამის (Telegram), 3% ფეისბუქის და 2% ტვიტერის მომხმარებელია. ირანის სახელმწიფო მედიის იფნორმაციით, 2018 წლიდან მოყოლებული, მიუხედავად აკრძალვებისა, სოციალური მედიის მომხმარებელი 45 მილიონი ირანელი, ტელეგრამის არხებზე, ყოველწლიურად 500 მილიონ პოსტს აქვეყნებს. მედია საშუალება BBC წერს, რომ ინსტაგრამზე აქტიურია 50 ისეთი სპარსულენოვანი ანგარიში, რომელთა [თითოეულის] მიმდვრების რაოდენობა 3 მილიონს აჭარბებს; 600 ანგარიშზე მეტს კი მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. მაგალითად, ცნობილი მსახიობი ქალი ტარანე ალიდოსტის ინსტაგრამ ანგარიშის მიმდევართა რაოდენობა 7 მილიონია. თითქმის 8 მილიონამდე მიმდევარი ჰყავს ფეხბურთის ირანელი ლეგენდა ალი დაიეს.

ირანის მოქალაქეები, როგორც ნებისმიერი სხვა, სოციალურ მედიას სხვადასხვა გზით, მათ შორის კომერციული, გასართობი, პოლიტიკური და კულტურული დანიშნულებით იყენებენ. ირანელებს შორის ყველა პოპულარული სოციალური მედია პლატფორმა ინსტაგრამია, რომელიც რეჟიმის მიერ კვლავ დაშვებულია. ირანელი ინსტაგრამ ინფლუენსერები, დასავლელი ინფლუენსერების მსგავსად, საკუთარ ანგარიშებს იყენებს სპონსორობის, პროდუქტების მარკეტინგისა და სხვა სახის რეკლამებისთვის. კულინარიული ინფლუენსერი მაჰდის ფუდი [Mahdis Food (@mahdis_Food)], ვისაც 850 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს, აქვეყნებს პერსონალიზებულ ვიდეო რეკლამებს, სადაც სხვადასხვა სახის პროცედურებს [ლაზერული ეპილაცია, თმების დაგრძელება] უწევს რეკლამირებას. მისი გვერდის ძირითადი თემა კი კულინარიული რეცეპტებია. [წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კითხვაზე პასუხის ავტორის კომენტარი – აღნიშნულ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში ქალები, სხვადასხვა სახის თავსაბურავს ატარებენ (ძირითადად ჰიჯაბი და ქუდი) და შეიძლება ითქვას, რომ ისინი არ არღვევენ ირანში დაწესებულ ე.წ. ჰიჯაბის ტარების ვალდებულებას].

ზოგჯერ, წყვილები ერთად ქმნიან სოციალური მედიის ე.წ. კონტენტს [შინაარსს]. მაგალითად მოჰამადი და ფატიმა [@mohammad_vf და @1fatemeh__arjmandi], რომელთაც ერთად 3 მილიონი მიმდევარი ჰყავთ, აქვეყნებენ იუმორისტულ-პაროდიულ ვიდეოებს; პარალელურად, ისინი ვიდეოების საშუალებით რეკლამირებას უწევენ სხვადასხვა პროდუქტს – ვიდეო თამაშებისა და ზაფრანის ბრენდების ჩათვლით [წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კითხვაზე პასუხის ავტორის კომენტარი – @1fatemeh__arjmandi გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში ქალები, სხვადასხვა სახის თავსაბურავს ატარებენ (ძირითადად ჰიჯაბი და ქუდი) და შეიძლება ითქვას, რომ ისინი არ არღვევენ ირანში დაწესებულ ე.წ. ჰიჯაბის ტარების ვალდებულებას].

ზოგადად, ვიდეო თამაშები ირანელი ინფლუენსერების შემოსავლის პოპულარული წყაროა; რადგან, თავად ვიდეო თამაშები ირანელთა შორის ძალიან პოპულარული გასართობია. ინსტაგრამის საშუალებით შემოსავლების მიღების შესახებ ირანულ მედია რესურსებზე მრავალი სტატია იწერება. ყველა ინფლუენსერი თავად აწესებს საკუთარ ტარიფს. თეირანში მოქმედი სოციალური მედიის სააგენტოს ინფორმაციით, ირანელი ინფლუენსერების შემოსავალი 6 მილიონ რიალს აღწევს. ამასთან, ინსტაგრამი არის საშუალება ირანელი ქალებისთვის, ვისაც ხშირად არ შეუძლიათ სახლს გარეთ მუშაობა [ტრადიციებისა და ოჯახში ვალდებულებების გათალისწინებით], აწარმოონ ბიზნეს-საქმიანობა სახლიდან.[1]

ინტერნეტ რესურსი „Institute for Internet and the Just Society“ 2021 წლის 9 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ მიუხედავად ავტორიტარული რეჟიმისა, ირანელებს საინტერესესო ურთიერთობა აქვთ სოციალურ მედიასთან. მართალია, ირანის ხელისუფლება სოციალურ მედიაში საფრთხეს ხედავს, ირანელი პოლიტიკოსები [მათ შორის უზენაესი ლიდერი და ახლად არჩეული პრეზიდენტიც] მაინც მზარდი ტემპით იყენებენ სოციალურ მედია პლატფორმებს ამომრჩეველთან კონტაქტისთვის. ირანის ხელისუფლების მედია თავისუფლებისა და ინტერნეტის გამოყენების შემზღუდველი პოლიტიკა არაეფექტურია და მილიონობით ირანელი [სხვადასხვა Proxy და VPN სერვისების გამოყენებით] ახერხებს გვერდი აუაროს შეზღუდვებს და ისარგებლოს სოციალური მედიის პლატფორმებით.[2]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2020 წლის 21 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანში ჩაცმის დაშვებული სტილის შესახებ წერს, რომ ისლამური სისხლის სამართლის კოდექსის 638-ე მუხლის მიხედვით, ყველა, ვინც ცალსახად არღვევს რელიგიურ ნორმებს საჯაროდ, გარდა იმისა, რომ დაისჯება თავისი საქციელისთვის, ასევე, მას ემუქრება პატიმრობა 10 დღიდან 2 თვემდე ვადით ან გაროზგვა [74 როზგი]. ამავე მუხლის მიხედვით, ქალი, რომელიც საჯაროდ გამოჩნდება სათანადო ჰიჯაბის გარეშე, დაპატიმრებული იქნება 10 დღიდან 2 თვემდე ვადით ან დაეკისრება ჯარიმა 50 ათასიდან 500 ათასამდე რიალის ოდენობით. წყაროების შეფასებით, კანონმდებლობა არ განმარტავს სათანადო ჰიჯაბის მნიშვნელობას. ორაქტიკაში კი, ქალებმა, საჯარო სივრცეშ გამოჩენისას, სრულად უნდა დაფარონ თმა და ეცვათ ისეთი სამოსი, რომელიც ფარავს მკლავებსა და ფეხებს სრულად. წყაროების ინფორმაციით, ირანის ხელისუფლება იყენებს სისხლის სამართლის კოდექსს იმ ქალების სამართლებრივი დევნისთვის, ვინც ჰიჯაბის ტარებას აპროტესტებენ.[3]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭო“; შუა აღმოსავლეთის პროგრამები; ირანელები სოციალურ მედიაში; ავტორი: ჰოლი დაგრესი [Holly Dagres]; გამოქვეყნებულია 2022 წლის იანვარში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 4 მარტს]

[2] ინტერნეტ რესურსი „Institute for Internet and the Just Society“; სოციალური მედია და ირანი – ქაოტური ორთიერთობა?; სტატიის ავტორი: ლუკას პინო მარტინს ნასიფი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 9 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.internetjustsociety.org/social-media-and-iran-a-messy-relationship [ნანახია 2022 წლის 4 მარტს]

[3] კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო; ირანი: მიღებული ჩაცმის სტილი, მათ შორის, აღსრულება (2016 – თებერვალი-2020); გამოქვეყნებულია 2020 წლის 21 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 4 მარტს]