ირანი. ეთნიკური არაბების მიმართ არსებული დამოკიდებულება. მარტი, 2022

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყანა დიდი ხანია უსაფრთხოების კუთხით არსებული საფრთხეების წინაშე დგას ტერორისტული და ამბოხებული ჯგუფებისგან, რომლებიც საზრდოობენ ისეთი დაუცველი მოსახლეობისგან, როგორებიცაა ქურთული, არაბული და სუნიტური მუსლიმური მოსახლეობა.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დისკრიმინაციულად მოქმედებს რელიგიური უმცირესობების, მათ შორის სუნიტი მუსლიმების მიმართ, და კრძალავს კულტურულ და პოლიტიკურ საქმიანობას ქვეყნის აზერი, ქურთი, არაბი და ბალუჩი ეთნიკური უმცირესობებისთვის. უმცირესობათა უფლებების დაცველი აქტივისტები რეგულარულად ხდებიან დაპატიმრების ობიექტები. მათ მიმართ გამოიყენება ეროვნული უსაფრთხოების ბუნდოვანი ბრალდებები და სასამართლო პროცესები ძალიან შორსაა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

2021 წლის 15 ივლისს საპროტესტო აქციები გაიმართა ხუზესტანისა და ლორესტანის პროვინციების ქალაქებში, სადაც დიდი რაოდენობით ეთნიკური არაბები ცხოვრობენ. მოსახლეობა სუფთა წყლის არ ქონას აპროტესტებდა. უფლებადამცველების ცნობით, მინიმუმ 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 17 წლის ბიჭი. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ უსაფრთხოების სამსახურები იყენებდნენ სასროლ აღჭურვილობას და ცრემლსადენ აირს დემონსტრანტების წინააღმდეგ.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობა, მათ შორის აჰვაზი არაბები, აზერბაიჯანელი თურქები, ბალუჩები, ქურთები და თურქმენები აწყდებიან დამკვიდრებულ დისკრიმინაციულ მიდგომას; აღნიშნულ ჯგუფებს შეზღუდული აქვთ წვდომა განათლებაზე, დასაქმებაზე, ღირსეულ განსახლებასა და პოლიტიკურ თანამდებობებზე. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინვესტიციების ნაკლებობა ხელს უწყობს სიღარიბის გავრცელებას და რეგიონის მოსახლეობის მარგინალიზებას. მიუხედავად მოწოდებებისა, რომ უზრუნველყოფილი იყო ლინგვისტური მრავალფეროვნება, სპარსული ენა კვლავ ერთადერთი ენაა როგორც დაწყებით, ასევე საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აჰვაზი არაბების მიერ გავრცელებული ცნობებით, ხელისუფლება ზღუდავს არაბული კულტურის, მათ შორის ჩაცმულობისა და პოეზიის გამოხატვას.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის მარტსა და აპრილში ქვეყნის მასშტაბით შიმშილობა, საპროტესტო აქციები და გამოსვლები დაიწყო; დემონსტრანტები ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ხელისუფლებამ ხალხი ახალი კორონავირუსისგან სათანადოდ ვერ დაიცვა. ხელისუფლებამ დემონსტრაციებს უკანონო ძალის გამოყენებით უპასუხა და აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვა საბრძოლო ამუნიცია გამოიყენა და აქციები დაშალა. შედეგად, 31 მარტს, ხუზესტანის პროვინციაში, ქალაქ აჰვაზში, შეიბანის ციხეში რამდენიმე აჰვაზი არაბი პატიმარი მოკლეს; ბევრი კი დაშავდა. ხელისუფლებამ ბევრი დაკავებული, მათ შორის სინდისის პატიმრები გასაიდუმლოებულ ადგილებში გადაიყვანა და მათი როგორც ადგილმდებარეობა, ასევე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ოჯახებისთვის მიუწვდომელი გახადა. იძულებით გაუჩინარების მსხვერპლი, მათ შორის, გახდა რამდენიმე აჰვაზი არაბი პატიმარი.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ მამაკაცები მოსახლეობის შიიტური უმრავლესობიდან პოლიტიკურ სისტემაში დომინანტები არიან. ქვეყნის პარლამენტში 5 მანდატია გათვალისწინებული აღიარებული არა მუსლიმური უმცირესობებისთვის; ესენი არიან იუდეველები, სომეხი ქრისტიანები, ასირიელები, ქალდეანი ქრისტიანები და ზოროასტრიზმის მიმდევრები. არა სპარსული ეთნიკური უმცირესობა და განსაკუთრებით, არა შიიტური რელიგიური უმცირესობა ძალიან იშვიათად იკავებს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს და მათი წარმომადგენლობის ხარისხი კვლავ ძალიან დაბალია.

ირანის ისლამური რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობა სპარსული ეთნოსია და ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობა სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაციას აწყდება, მათ შორის საკუთარი ენების გამოყენების აკრძალვას. ზოგიერთი პროვინცია, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური უმცირესობაა, ნაკლებად განვითარებულია. აქტივისტები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების უფლებებისთვის და შესაბამისი რეგიონებისთვის მეტი ავტონომიისთვის იბრძვიან, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ობიექტები არიან; ზოგიერთი კი საპატიმროში იმყოფება.[4]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუციით ყველა ეთნიკური უმცირესობისთვის თანაბარი უფლებებია განსაზღვრული. კანონი მოქალაქეებს ანიჭებს უფლებას ისწავლონ, გამოიყენონ და ასწავლონ საკუთარი ენა და დიალექტები. რეალობაში, უმცირესობები ვერ სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და მთავრობა მუდმივად კრძალავს უმცირესობების ენების საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოყენებას.

მთავრობის მხრიდან ეთნიკური უმცირესობები, მათ შორის ქურთები, აჰვაზები, აზერები და ბალუჩები, თვითნებური დაკავების, ხანგრძლივი დაკავების, გაუჩინარებების და ფიზიკური ძალადობის ობიექტები არიან. აღნიშნული ეთნიკური უმცირესობა საუბრობს პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ დისკრიმინაციაზე, განსაკუთრებით, ეკონომიკურ დახმარებაზე, ბიზნეს საქმიანობის ლიცენზიებზე, უნივერსიტეტში ჩარიცხვაზე, დასაქმებაზე, წიგნების გამოცემის ნებართვებზე, განსახლებასა და მიწაზე უფლებებზე წვდომის კუთხით. ერთერთი ადგილობრივი ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს აზერბაიჯანელი-თურქი, ქურთი და აჰვაზი არაბი პოლიტიკური პატიმრებისა და სინდისის პატიმრების სიმრავლის გამო. კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს სუნიტი მუსლიმებისთვის, რომელთა შორის ბევრი, მათ შორის აჰვაზია, სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაციას და სხვადასხვა სფეროში დასაქმებას.

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ირანში დაახლოებით 2 მილიონი აჰვაზი არაბი ცხოვრობს; ისინი 110-მდე ტომს წარმოადგენენ და კვლავაც აწყდებიან ჩაგვრას და დისკრიმინაციას. აჰვაზების უფლებების დამცველი აქტივისტების ცნობით, ხელისუფლება განაგრძობს აჰვაზი არაბების ქონების კონფისკაციას და ჩამორთმეული ქონების სახელმწიფო პროექტებისთვის გამოყენებას. ხელისუფლება კვლავ არ აღიარებს რევოლუციამდე გაცემულ საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

არაბი უმცირესობის უფლებათა დამცველი აქტივისტი მოჰამედ ალი ამურინეჯადი და რამდენიმე სხვა პატიმარი, მათ შორის სინდისის პატიმრები, რომლებიც აჰვაზი არაბებისთვის საგანმანათლებლო და კულტურული უფლებებისთვის ბრძოლის გამო, „ღმერთის წინააღმდეგ მტრობის“ მსჯავრით სამუდამო პატიმრობაში იმყოფებიან, შაიბანის ციხიდან გაიყვანეს და გასაიდუმლოებულ ადგილას იმყოფებიან. ქურთები, აჰვაზები, აზერები და ბალუჩები მუდმივად საუბრობენ პოლიტიკურ და სოციო-ეკონოიკურ დისკრიმინაციაზე.[5]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 28 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 14 მარტს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 14 მარტს]

[3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოვეწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 14 მარტს]

[4] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წლი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 14 მარტს]

[5] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 14 მარტს]