ნიგერია. ქრისტიანების მიმართ არსებული დამოკიდებულება. მარტი, 2022

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ნიგერიის შესახებ წერს, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა, ზოგადად, აწესებს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის თანასწორობას ქვეყნის სხვადასხვა კულტურული, რელიგიური და ეთნიკური ჯგუფისთვის; თუმცა, პოლიტიკური ლიდერები და პარტიები ხშირად გათვლას აკეთებენ ამომრჩეველთა რაოდენობაზე, ამიტომ კონკრეტული ჯგუფის, რომელიც კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში უმცირესობას ქმნის, ინტერესები, შესაძლოა, უგულებელყოფილი იყოს.

რელიგიის თავისუფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული, მაგრამ უკანასკნელ წლებში ხელისუფლება უფრო ხშირად არბევს იმ რელიგიურ ჯგუფებს, ვინც მის ავტორიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, შტატის და ადგილობრივი ხელისუფლებები აწესებენ დე ფაქტო ოფიციალურ რელიგიებს თავიანთ ტერიტორიებზე და ზღუდავენ რელიგიურ აქტივობებს.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ნიგერიის შესახებ წერს, რომ ნიგერია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იბრძვის ტერორისტული ჯგუფის „ბოკო ჰარამის“ წინააღმდეგ, რომელიც თავის მხრივ ებრძვის არა ღრმადმორწმუნე მუსლიმებსა და ქრისტიანებს. ნიგერიელები, ზოგადად, თავისუფლად ერთვებიან დისკუსიაში პოლიტიკურ თუ სხვა საკითხებზე; თუმცა, კრიტიკული აზრის გამოთქმა ისეთ მგრძნობიარე საკითხებზე, როგორიცაა ჯარი, რელიგია და ეთნიკურობა, ზოგჯერ დაპატიმრებას ან ძალადობრივ რეპრესიებს იწვევს.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ფედერალურ და შტატის ხელისუფლებებს უკრძალავს სახელმწიფო რელიგიის დაწესებას და კრძალავს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას. ქვეყნის უზენაესი კანონი ადგენს პირთა თავისუფლებას აირჩიოს, აღასრულოს, იქადაგოს და შეიცვალოს თავისი რელიგია. კონსტიტუცია შტატებს უფლებას აძლევს დააფუძნონ შარიათის ან ჩვეულებითი სასამართლოები, ზოგადად მოქმედი სამოქალაქო სასამართლოების პარალელურად; ამასთან, სამოქალაქო სასამართლოები სარგებლობენ უპირატესი უფლებით – შარიათისა და ჩვეულებითი სასამართლოს გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სამოქალაქო სასამართლოებში. სამოქალაქო სასამართლოების პარალელურად, ჩრდილოეთის 12 შტატში და დედაქალაქის ფედერალურ ტერიტორიაზე მოქმედებს შარიათის სასამართლოები. ჩვეულებითი სასამართლოები ნიგერიის თითქმის ყველა შტატში ფუნქციონირებს.

ტერორისტული ჯგუფები, მათ შორის „ბოკო ჰარამი“ და „დასავლეთ აფრიკის ისლამური სახელმწიფო“ თავს ესხმიან დასახლებულ ცენტრებს და რელიგიურ სამიზნეებს და ახორციელებენ იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობის და სამხედროების წინააღმდეგ ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. აღნიშნული ჯგუფები განაგრძობენ იერიშებს ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობაზე, ეკლესიებსა და მეჩეთებზე.

ძალადობრივი კონფლიქტი ძირითადად მუსლიმ ფულანი მწყემსებსა და ძირითადად ქრისტიან ფერმერებს შორის გრძელდება და მოიცავს ნიგერიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ შტატებს, ძირითადად. ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კონფლიქტს რელიგიური საფუძველი აქვს, თუმცა წყაროთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კონფლიქტის განმაპირობებელი მაინც მიწისა და რესურსების გარშემო დავაა.

წყაროების ინფორმაციით, ნიგერიის მოსახლეობა დაახლოებით 214 მილიონია. რელიგიური დემოგრაფიის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა წყაროების მტკიცებით, მოსახლეობის ნახევარი ქრისტიანია, ხოლო ნახევარი მუსლიმი და მხოლოდ 2% მიაკუთვნებს თავს სხვა რელიგიურ მიმდინარეობას ან საერთოდ არ მიაკუთვნებს თავს არცერთ რელიგიურ მიმდინარეობას. ნიგერიელებისთვის დამახასიათებელია და ბევრი ნიგერიელი აღასრულებს როგორც ძირძველ, ტრადიციულ რელიგიას, ასევე ქრისტიანობას ან ისლამს.[3]

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA [ყოფილი EASO – ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი] 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ ქრისტიანებიც და მუსლიმებიც საუბრობენ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ისინი უმცირესობას წარმოადგენენ. ნიგერიის კონსტიტუცია ადგენს, რომ ქვეყანა სეკულარულია და რელიგიის თავისუფლება გარანტირებული. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 49-49 პროცენტი ქრისტიანები და მუსლიმები არიან; დანარჩენი 2 პროცენტი ან ტრადიციული რელიგიების მიმდევარია ან საერთოდ არცერთი რელიგიის მიმდევრად მიიჩნევს თავს. ზოგადად, ნიგერიის ჩრდილოეთი მეტწილად მუსლიმური, ხოლო სამხრეთი მეტწილად ქრისტიანული რეგიონია; თუმცა, ზოგიერთ ჩრდილოეთ შტატში არც თუ ისე მცირე ქრისტიანული უმცირესობა ცხოვრობს, ხოლო სამხრეთში, განსაკუთრებით სამხრეთ-დასავლეთში ასევე, არც თუ ისე მცირე მუსლიმი უმცირესობაა წარმოდგენილი.

ნიგერიის კონსტიტუცია აღიარებს სამოქალაქო პროცედურებისთვის, როგორიცაა ქორწინება, მემკვიდრეობა და სხვა საოჯახო საკითხი, შარიათის კანონის გამოყენების შესაძლებლობას, როდესაც საქმეში ჩართული ორივე მხარე მუსლიმია. 2000-2002 წლებში ჩრდილოეთის 12 შტატში შარიათი სისხლის სამართლის საქმეებზე გავრცელდა და რიგი საკონსტიტუციო საკითხებიც წამოიჭრა. გავრცელებული ცნობებით, შტატებში, სადაც შარიათია გამოცხადებული, რელიგიური უმცირესობები უჩივიან დისკრიმინაციას და მძიმე სასჯელებს, რაც არღვევს ნიგერიის საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ნიგერიის არა მუსლიმ მოქალაქეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ შარიათის სასამართლოს, როდესაც ისინი სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივ დავაში არიან მუსლიმებთან. მსგავსი რამ ხშირად ხდება, რადგან შარიათის სასამართლო, ზოგადად, მიიჩნევა, რომ უფრო იაფი და ეფექტურია სამოქალაქო სასამართლოსთან შედარებით. თუმცა, შარიათის სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება, არა მუსლიმს შარიათის სასამართლოში მონაწილეობა აიძულოს.

ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კონფლიქტი ძირითადად ხდება ჩრდილოეთში, შუა ქამრის რეგიონში და კადუნას შტატში, სადაც ფერმერები ძირითადად ქრისტიანები, ხოლო მწყემსები ძირითადად მუსლიმები არიან. მსგავს კონფლიქტებში რელიგიური ფაქტორი გადაჯაჭვულია სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებთან. ქრისტიანები განსაკუთრებულ სირთულეებს აწყდებიან ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში, სადაც ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამია“ აქტიური. აღნიშნული დაჯგუფება ასევე ემტერება არა ღრმადმორწმუნე მუსლიმებსაც. ამასთან, ქრისტიანები უჩივიან ხელისუფლების მხრიდან ეკლესიებისა და ქრისტიანული საზოგადოებების დაცვის ნაკლებობას, განსაკუთრებით ცენტრალურ და ჩრდილოეთ შტატებში (შარიათის შტატები). ასევე, ქრისტიანული თემი, აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში, უჩივის დაბრკოლებებს უნივერსიტეტში ჩაბარების და ეკლესიის მშენებლობისთვის მიწების გამოყოფის კუთხით. ანგარიშში ნათქვამია, რომ ქრისტიანების მსგავსად, მუსლიმებიც უჩივიან დისკრიმინაციულ მოპყრობას იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ისინი უმცირესობას წარმოადგენენ.[4]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ნიგერიაში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 28 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 31 მარტს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის შესახებ; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 18 თებერვალს]

[3] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ნიგერიაში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 18 თებერვალს]

[4] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო; ნიგერია: სახელმძღვანელო პრინციპები და ანალიზი; გამოქვეყნებულია 2019 წლის თებერვალში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 18 თებერვალს]