საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ყაზახეთის შესახებ წერს, რომ 2022 წლის 2 იანვარს, დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ ზანაოენში საპროტესტო აქციები დაიწყო. მშვიდობიანი დემონსტრანტები საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ. პროტესტი მალე მოედო სხვა ქალაქებს და ეკონომიკურ მოთხოვნებთან ერთად, გაჩნდა პოლიტიკური მოთხოვნები. 2022 წლის 5 იანვარს, სამართალდამცველებმა, დემონსტრაციების დასაშლელად, ცრემლსადენი აირი და სინათლისა და ხმაურის ყუმბარები [Stun Grenade] გამოიყენეს. ამავე დროს, დაუდგენელმა პირებმა [სამოქალაქო ტანსაცმელში] ქალაქ ალმატში პოლიციის ოფიცრებსა და საჯარო შენობებზე თავდასხმები და მაღაზიების ძარცვა დაიწყეს. ყაზახეთის პრეზიდენტმა გადააყენა მთავრობა, შეზღუდა ინტერნეტზე წვდომა, გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და სამხედრო დახმარება სთხოვა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უძღვება.[1]
საერთაშორისო ორგანიზაცია „Jamestown Foundation“ 2022 წლის 20 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში ყაზახეთის შესახებ წერს, რომ 2022 წლის 2 იანვარს, ყაზახეთში უპრეცედენტო არეულობები დაიწყო. მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაციები ყაზახეთის ქალაქ ზანაოენში, 2 იანვარს დაიწყო; მოსახლეობამ საწვავზე ფასის გაორმაგება (60-დან 120 ტენგემდე [0,14$ – 0,28$]) გააპროტესტა. ფასების ზრდა გამოიწვია ხელისუფლების გეგმამ, საწვავის მარკეტის სრული ლიბერალიზება მოეხდინა. ყაზახეთის პრეზიდენტმა რეგიონს, სადაც საპროტესტო მუხტმა იფეთქა, სუბსიდირებული ფასი [50 ტენგეს ოდენობით] შესთავაზა. მოსახლეობაში პროტესტმა არ იკლო და პირიქით, უფრო ძალადობივი ფორმა მიიღო, რამაც შედეგად სამართალდამცველებთან შეტაკებები გამოიწვია. პარალელურად, დემონსტრანტებმა სხვა მოთხოვნების გაჟღერებაც დაიწყეს, მათ შორის პოლიტიკური ხასიათის [მთავრობის გადადგომა, პარლამენტის დაშლა, გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევა და ა.შ.]. შეტაკებები პოლიციასთან განსაკუთრებით ძალადობრივ ხასიათს ატარებდა ქალაქ ალმატში, სადაც ხალხმა ქალაქის მთავრობის შენობა და პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია დაწვა.
2022 წლის 6 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა [კასიმ-ზომარტ ტოკაევი] სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ „ბანდიტებისა“ და „ტერორისტების“ მიმართ მკაცრად იმოქმედებდა. მან ასევე განაცხადა, რომ უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის პოსტს თავად დაიკავებდა [ნაზარბაევის ნაცვლად]. ტოკაევმა, ასევე, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“ [ორგანიზაციაში შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეთი] მოუწოდა, ვითარების დარეგულირების მიზნით, პროცესებში ჩარეულიყო.
ვითარება ყაზახეთში მეტწილად 11 იანვრისთვის დამშვიდდა, როდესაც ტოკაევმა პარლამენტს საჯაროდ მიმართა. სიტყვით გამოსვლაში, პრეზიდენტმა მთავრობის ახალი მეთაურის პოსტზე კანდიდატად ალიხან სმაილოვი [ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი] წარადგინა და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ნორმალიზების ღონისძიებები გამოაცხადა; მათ შორის, ყველა სახის საწვავზე ფასების რეგულაცია.[2]
საერთაშორისო ორგანიზაცია „Jamestown Foundation“ 2022 წლის 21 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში ყაზახეთის შესახებ წერს, რომ 2022 წლის იანვარში განვითარებულ მოვლენებს 225 ადამიანი ემსხვერპლა; მათ შორის უსაფრთხოების ძალების 19 წევრი. სტატიის მიხედვით, ქალაქი ალმატი ყველაზე საშინელი არეულობების მომსწრე გახდა. ადგილი ჰქონდა სამთავრობო და პოლიციის შენობებზე შეიარაღებულ თავდასხმებს, პოლიციის ოფიცრების ცემასა და მკვლელობებს, ბიზნესმენების ძარცვას, ფეთქებადი საშუალებების გამოყენებით თავდასხმებს და აეროპორტის აღებას. განვითარებული მოვლენების ფონზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას „უცხოელი ტერორისტები“ დაესხნენ თავს და უსაფრთხოების ძალებისთვის გასცა ბრძანება, „ესროლათ ლიკვიდაციის მიზნით“.[3]
მედია საშუალება BBC 2022 წლის 21 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ დემონსტრაციები ყაზახეთში მალე გადაიზარდა მასობრივ არეულობებში, რასაც ახლდა ძარცვა და საბოლოოდ, მოვლენები შეფასდა, როგორც ყველაზე სისხლიანი არეულობა ყაზახეთის დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში. ხელისუფლებას, წესრიგის აღდგენის პროცესში, გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. ოფიციალური მონაცემებით, 255 ადამიანი დაიღუპა და ბევრად მეტი დაშავდა. ხელისუფლების განცხადებით, განვითარებული მოვლენების შედეგად 10 ათასამდე პირი დააკავეს. აქტივისტების მტკიცებით კი, ბევრი, დემონსტრაციებში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავების შიშით ცხოვრობს. ყაზახეთის გენერალურმა პროკურატურამ 700-მდე სისხლის სამართლის საქმე აღძრა; მათ შორის, ტერორიზმის, მკვლელობის და ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებებით. უფლებადამცველი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება დევნის ყველას, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა, მათ შორის მშვიდობიან დემონსტრანტებს. აკავებენ მათაც, ვინც მხოლოდ სოციალური ქსელით გამოხატავდა დემონსტრანტების მხარდაჭერას. აქტივისტების მტკიცებით, დაკავებულებს ცემენ და აწამებენ. უფლებადამცველების ინფორმაციით, ხელისუფლება ყველას ტერორისტებად მიიჩნევს და არ აღიარებს უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებას. ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს რომელიმე დაკავებულის ცემას ან წამებას. ალმატის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით კი, მათ, ვინც „არ მონაწილეობდა ძალადობაში“, „სანერვიულო არაფერი აქვთ“.[4]
[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ყაზახეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 11 აპრილს][2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Jamestown Foundation“; სამოქალაქო დაუმორჩილებლობამ ყაზახეთში ძალადობრივი ხასიათი მიიღო; გამოქვეყნებულია 2022 წლის 20 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 11 აპრილს][3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Jamestown Foundation“; ყაზახეთის დაუმორჩილებლობის ორი სახე; გამოქვეყნებულია 2022 წლის 21 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 11 აპრილს][4] მედია საშუალება BBC; ყაზახეთის დაუმორჩილებლობა: „თუ კიდევ გააპროტესტებ, მოგკლავთ“; სტატიის ავტორი: აბდუჯალილ აბდურასულოვი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 21 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-asia-60058972 [ნანახია 2022 წლის 11 აპრილს]