ირანი. სექსუალური ძალადობა, გაუპატიურება და გათვალისწინებული სასჯელის ზომები. მაისი, 2022

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ გაუპატიურება უკანონო ქმედებაა და ირანის კანონმდებლობით ძალიან მკაცრად ისჯება; სასჯელის ზომა, შესაძლებელია, სიკვდილით დასჯაც იყოს. მიუხედავად ამისა, გაუპატიურება ირანში კვლავ პრობლემად რჩება. ქვეყნის კანონმდებლობით, ქორწინებაში მყოფი წყვილს შორის სექსუალური კავშირი ნებაყოფლობითადაა მიჩნეული, ამიტომ ირანის კანონმდებლობა, დაქორწინებულ წყვილს შორის, შესაძლო იძულებით სექსუალურ კავშირსაც არ ცნობს გაუპატიურებად, მათ შორის იძულებითი ქორწინების შემთხვევაშიც. გაუპატიურების მსხვერპლები, როგორც წესი, გაუპატიურების ფაქტის შესახებ დუმილს ამჯობინებენ, რადგან ეშინიათ, როგორც შურისძიების, ასევე საზოგადოების მხრიდან რეპრესიებისა და გარიყვის. წყაროების შეფასებით, გაუპატიურების შემთხვევების 80% შეუტყობინებლად რჩება. ირანის კანონმდებლობით, დანაშაულის გაუპატიურებად დაკვალიფიცირებისა და დანაშაულის დადასტურებისთვის საჭიროა 4 მუსლიმი მამაკაცის ჩვენება ან სამი მუსლიმი მამაკაცისა და ორი ქალის ან ორი მამაკაცისა და ოთხი ქალის ჩვენება. გაუპატიურების შესახებ ცრუ ჩვენებაში დადანაშაულებული ქალიც და კაციც 80 შოლტით ისჯება.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსი დანაშაულად მიიჩნევს ყველანაირ სექსუალურ კავშირს ქორწინების მიღმა.[2]

ირანის სისხლის სამართლის კოდექსით, გაუპატიურება მოხსენიებულია როგორც [zena-e ba onf va ekrah] „გარყვნილება ძალით და იძულებით“ და „ზენა“ დანაშაულთა [აღნიშნული კატეგორიის დანაშაულისთვის შეიძლება სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოყენება] კატეგორიას მიეკუთვნება. 82-ე მუხლის მიხედვით, ასაკისა და ოჯახური სტატუსის მიუხედავად, „ზენა“ დანაშულისთვის [სექსუალური კავშირი ქორწინების მიღმა] დამნაშავე სიკვდილით ისჯება შემდეგი გარემოებებისას: ზენა ინცესტის თანხლებით (სისხლით ნათესავები, რომელთა დაქორწინება რელიგიური კანონმდებლობით დაუშვებელია); ზენა დედინაცვალთან (ამ შემთხვევაში მამაკაცი ისჯება სიკვდილით, დედინაცვალი კი ჩაქოლვით); ზენა არა-მუსლიმ მამაკაცთან (მამაკაცი ისჯება სიკვდილით; ქალი 100 შოლტით თუ დასაქორწინებელია და სიკვდილით თუ დაქორწინებულია); [zena-e ba onf va ekrah] გარყვნილება ძალით და იძულებით [გაუპატიურება] ქორწინების მიღმა (გაუპატიურების ჩამდენი ისჯება სიკვდილით). ირანის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ქმედება გაუპატიურებად კვალიფიცირდება, როდესაც ჩადენილია ქორწინების მიღმა და ახლავს ძალისა და იძულების ელემენტი. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ირანის სისხლის სამართლის კოდექსით, ქორწინების მიღმა ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირიც დასჯადი ქმედებაა. მთავრობა ცდილობს სექსუალური ცხოვრების კონტროლს და სექსუალური კავშირს მხოლოდ დაქორწინებული წყვილის საქმედ მიიჩნევს; ამიტომ, მკაცრად სჯის ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ამ ნორმიდან გადახვევად ჩაითვლება.[3]

[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 2 მაისს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 28 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 2 მაისს]

[3] საერთაშორისო მიდგომები გაუპატიურების მიმართ; ავტორები: ნიკოლ ვესტმარლანდი და გიტანჯალი განგოლი; ბეჭდური ვერსია გამოცემულია 2011 წელს; ონლაინ გამოქვეყნებულია 2012 წლის მარტში „Policy Press Scholarship Online“ მიერ; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://policypress.universitypressscholarship.com/view/10.1332/policypress/9781847426208.001.0001/upso-9781847426208-chapter-7 [ნანახია 2022 წლის 2 მაისს]