ირანი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. სექტემბერი, 2022

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ წამება და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა კვლავ ფართოდ გავრცელებული და სისტემატურია, განსაკუთრებით დაკითხვების დროს. წამების გამოყენებით მიღებული აღიარებითი ჩვენებები ხშირად გადაიცემა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში და მუდმივად გამოიყენება სასამართლოს მიერ. პატიმრები იმყოფებიან მძიმე და არაადამიანურ პირობებში – გადატვირთულობა, მძიმე სანიტარული პირობები, არასათანადო საკვები და წყალმომარაგება, ლოგინების არასაკმარისი რაოდენობა, ცუდი ვენტილაცია და მწერები. ბევრი პატიმრისთვის ხელმისაწვდომი არაა სათანადო სამედიცინო მომსახურება, რაც მათ კოვიდ-19 ინფექციის რისკის წინაშე აყენებს.

2021 წლის აგვისტოში, მედიაში გაჟონა ფოტოებმა, რომლებიც თეირანის ევინის ციხეში იყო გადაღებული. ფოტოებზე აღბეჭდილი იყო ციხის პერსონალის მიერ პატიმრების ცემა, სექსუალური შევიწროვება და სხვა სახის წამება და არასათანადო მოპყრობა პატიმრების მიმართ. მინიმუმ 24 პატიმარი დაიღუპა საეჭვო გარემოებებში, სავარაუდოდ, წამების ან სხვა სახის არასათანადო მოპყრობის და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის გამო. სისხლის სამართლის კოდექსი კვლავ აწესებს ისეთი სახის სასჯელებს, რომლებიც არღვევს წამების აკრძალვის კანონმდებლობას; მათ შორისაა გაროზგვა, მხედველობის შეზღუდვა, ამპუტაცია, ჯვარზე გაკვრით სიკვდილით დასჯა და ჩაქოლვა. 2021 წლის თებერვალში, ურუმიეს ციხეში, ჰადი როსტამი 60-ჯერ გაროზგვით დასაჯეს შიმშილობის გამოცხადების გამო; ამასთან, მას გამუდმებით ემუქრებოდნენ ამპუტაციის სასჯელის სისრულეში მოყვანით. სექტემბერში კი, აჰარის ციხეში, ჰადი ატაზადე გაროზგვის შემდეგ გარდაიცვალა. ადგილობრივი აქტივისტების ინფორმაციით, მინიმუმ 152 პირს მიუსაჯეს გაროზგვა.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ყოფილი დაკავებულები საუბრობენ მათ მიმართ მოპყრობაზე. ყოფილი პატიმრების თქმით, მათ სცემდნენ და აწამებდნენ, ვიდრე არ აღიარებდნენ იმ დანაშაულს, რომლის აღიარებასაც მათგან გამომძიებლები ითხოვდნენ. ზოგიერთი დანაშაული, პატიმრობასა და ჯარიმასთან ერთად, ოფიციალურად ისჯება გაროზგვითაც. პოლიტიკური პატიმრები მუდმივად აწყობენ გაფიცვებს შიმშილობის გამოყენებით და აპროტესტებენ საპატიმროებში არსებულ არასათანადო პირობებსა და მოპყრობას. 2010 წლიდან 2021 წლის სექტემბრამდე მინიმუმ 72 პატიმარი დაიღუპა ციხეებში; უმეტეს შემთხვევაში, პატიმრების დაღუპვას წინ უსწრებდა მათ მიმართ წამების, არასათანადო მოპყრობისა თუ სხვადასხვა სპეციალური საშუალებების [ცრემლსადენი გაზი, იარაღი] გამოყენება.[2]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კანონმდებლობა კრძალავს ნებისმიერი ფორმით წამების გამოყენებას აღიარებითი ჩვენებისა და თუ ინფორმაციის მიღების მიზნით. მიუხედავად ამისა, ფიზიკური და მენტალური წამება ფართოდ გამოიყენება აღიარებითი ჩვენებების მისაღებად; განსაკუთრებით წინასწარი დაკავების ცენტრებში. 2021 წელსაც ვრცელდებოდა სარწმუნო ინფორმაცია პატიმრების მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ.

საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშია გადატვირთულობის, ფიზიკური ძალადობის და არასათანადო სანიტარიისა და სამედიცინო მომსახურების გამო. პატიმრები რეგულარულად იწყებენ შიმშილობას მათ მიმართ მოპყრობის გასაპროტესტებლად. საპატიმროებში არსებული ვითარება დამძიმდა კოვიდ პანდემიის დროს. საპატიმრობში არ იყო საკმარისი დამცავი საშუალებები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

საპატიმრო დაწესებულებებში ხშირია პატიმრების გარდაცვალება და პატიმრების მხრიდან პატიმრებზე ძალადობა, რასაც ციხის ადმინისტრაცია დრო და დრო ვერ აკონტროლებს. 2020 წელს მინიმუმ 35 პატიმარი მოკლეს და ათობით პატიმარმა მიიღო დაზიანებები ქვეყნის მასშტაბით რვა სხვადასხვა ციხეში. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ციხის აპერსონალი სცემს როგორც პოლიტიკური მოტივით, ასევე არაპოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებს; ახორციელებს შიშველი პატიმრების ჩხრეკას სხვა პატიმრების თანდასწრებით და ემუქრება პატიმრების ოჯახებს. ზოგიერთ ინსტანციაში, პოლიტიკური ნიშნით პატიმრების მიმართ მოპყრობა გაცილებით მძიმეა.

არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, სამედიცინო მომსახურების შეზღუდვას ციხის ადმინისტრაცია დასჯის მეთოდად იყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, არასათანადო სამედიცინო მომსახურების გამო, ორი პოლიტიკური ნიშნით პატიმარი ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ციხი ადმინისტრაცია პოლიტიკური ნიშნით პატიმრებს ხშირად ათავსებს იმ სექტორსა და საკნებში, სადაც საშიში და მოძალადე პატიმრები იხდიან სასჯელს. გავრცელებული ინფორმაციით, არასათანადო საპატიმრო პირობებისა და მოპყრობის გამო თვითმკვლელობის მცდელობები ხშირია.

ხელისუფლება თითქმის არასდროს იძიებს არაადამიანური მოპყრობისა და საპატიმროში გარდაცვალების შემთხვევებს. მთავრობა საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობების მონიტორინგის უფლებას არ აძლევს დამოუკიდებელ სადამკვირვებლო მისიებს.[3]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 29 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 10 ოქტომბერს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წლი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 10 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 10 ოქტომბერს]

[3] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 აპრილს; ხელმისაწვოდმია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 10 ოქტომბერს]