ლიბანი. ლიბანის სამხრეთის არმიის მებრძოლები და მათი შთამომავლები. ოქტომბერი, 2022

„ლიბანის სამხრეთის არმია“ [SLA] საად ჰადადის „ლიბანის თავისუფალი არმიის“ ნაწილი იყო. საად ჰადადი ბერძენი კათოლიკე იყო, რომელმაც თავისი არმია „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნა. ეს იყო, ძირითადად, ქრისტიანებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ლიბანის შეიარაღებულ ძალებს გამოეყო 1975 წელს ლიბანში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ. „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია“ სამხრეთ ლიბანში იყო გამაგრებული. „ლიბანის სამხრეთის არმიას“ მხარი დაუჭირა ისრაელმა, რომელმაც 1978 წელს დაიწყო სამხედრო ოპერაცია „ლიტანი“. ისრაელი ხელახლა შეიჭრა ლიბანში უკვე 1982 წელს და ამ დროს, ისრაელის არმიას თან ახლდა „ლიბანის სამხრეთის არმიაც“. ისრაელის მიერ ლიბანის ოკუპაცია, საბოლოოდ, 2000 წლის 24 მაისს დასრულდა. „ლიბანის სამხრეთის არმია“, რომლის ოფიცრები ისრაელს ღალატში ადანაშაულებდნენ, ისრაელის ჯარის გასვლისთანავე ჩამოიშალა და ტერიტორიაზე კონტროლი „ჰეზბოლამ“ დაამყარა. ქალაქ მარჯაიანში, საიდანაც იყო საად ჰადადი, „ჰეზბოლამ“ დაანგრია და ქუჩებში ათრია ჰადადის ძეგლი. ჰასან ნასრალამ [ჰეზბოლას ლიდერი] „ლიბანის სამხრეთის არმიის“ წევრების თავიანთ ლოგინებში ჩახოცვის ბრძანებაც კი გასცა. დაახლოებით, 2500 ჯარისკაცი ლიბანის არმიასა და ჰეზბოლას ჩაბარდა, დანარჩენები კი ისრაელში გაიქცნენ. ისრაელის მხარდაჭერილი დაჯგუფება, რომელიც 20 წლის განმავლობაში იყო აქტიური, რამდენიმე კვირაში განადგურდა.

„ლიბანის სამხრეთის არმიის“ წევრები, რომლებიც ლიბანში დარჩნენ [ძირითადად, დაბალი რანგის შიიტები და სუნიტები, ვინც არმიაში ეკონომიკური მიზეზებით გაწევრიანდა], გაასამართლეს, მაგრამ მსუბუქი საპატიმრო სასჯელები და ჯარიმები მიუსაჯეს. დაახლოებით 6 ათასი მაღალი რანგის ქრისტიანი ოფიცერი და მათი ოჯახები ისრაელში გაიქცნენ; იქამდე, რამდენიმემ სხვა ქვეყანაში მოახერხა წასვლა. მინიმუმ 15 პირს დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა ისრაელის ოკუპაციის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის. საბოლოოდ, „ლიბანის სამხრეთის არმიის“ მემკვიდრეობა, რომელიც ლიბანში ოკუპაციის, კონფლიქტისა და კოლაბორაციონიზმის სინონიმად მიიჩნევა, ლიბანის ისტორიის სადავო მონაკვეთად რჩება.

2006 წელს ქრისტიანებით დომინანტურ „თავისუფალი პატრიოტული მოძრაობასა“ და ჰეზბოლას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელმაც „ლიბანის სამხრეთის არმიის“ მებრძოლებისა და მათი ოჯახის წევრების ლიბანში დაბრუნება შესაძლებელი გახადა; თუმცა, ბევრისთვის ისინი კოლაბორაციონისტები იყვნენ. 2011 წელს, ლიბანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 2000 წელს გაქცეულ ლიბანელებს ქვეყანაში დაბრუნების უფლებას აძლევდა. 2014 წელს მარონიტული ეკლესიის ხელმძღვანელი, ისრაელში ვიზიტისას, „ლიბანის სამხრეთის არმიის“ გაქცეულ წევრებს შეხვდა, რამაც ლიბანში შემდგომი აზრთა სხვადასხვაობის პროვოცირება მოახდინა.

სამოქალაქო ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ აშკარაა პოლარიზაცია, რომელიც „ლიბანის სამხრეთის არმიის“, როგორც ისრაელის ოკუპაციის აღმსრულებლების, მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის საკითხის მიმართ არსებობს. ასევე, დღის წესრიგში დგას კიდევ უფრო ფართო საკითხი – როგორ აღსრულდეს სამართალი დეკადების გასვლის შემდეგ.[1]

ისრაელი და ლიბანი, ფორმალურად, ისრაელის შემქნის დღიდან ერთმანეთთან ომში არიან ჩაბმული. ლიბანის ტერიტორიის 22-წლიანი ოკუპაცია ამ ომის ერთერთი ეპიზოდია. ოკუპაციის დასრულების შემდეგ, „ლიბანის სამხრეთის არმიის“ ათასობით წევრი ისრაელში გაიქცა, რადგან მათ ლიბანელებისგან დევნის ეშინოდათ; მეტწილად იმ ბრუტალური ტაქტიკის გამო, რასაც შეიარაღებული დაჯგუფება სამხრეთ ლიბანში იყენებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ალ-ხაიმის ციხე, რომლის ადმინისტრირებასაც სწორედ „ლიბანის სამხრეთის არმია“ ახდენდა. აღნიშნული ციხე ათასობით ადამიანმა გაიარა და თითოეული მათგანი წლების განმავლობაში აღწერდა სასტიკი წამების მეთოდებს, რომლებსაც ციხის ადმინისტრაცია მიმართავდა. ბევრის მტკიცებით, დაკითხვებს, რომლის დროსაც ხდებოდა პატიმრების წამება, ისრაელის არმიის წევრებიც ესწრებოდნენ.[2] [3]

2020 წლის თებერვალში, ლიბანის სამხედრო სასამართლომ ამერ ფარუქი ლიბანელების მკვლელობასა და წამების ბრალდებით გასამართლება დაიწყო. ამერ ფარუქი [აშშ-ის მოქალაქე] „ლიბანის სამხრეთის არმიის“ მაღალი რანგის წევრი იყო, რომელსაც ალ-ხაიმის ციხეში ასევე მაღალი პოზიცია ეკავა. „ხაიმის ყასაბის“ სახელით ცნობილი ფარუქი, რომელსაც ისრაელის კოლაბორაციონისტად მიიჩნევენ, 2019 წლის სექტემბერში, ლიბანში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. ამერ ფარუქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა [მისი დაკითხვა არაერთხელ გადაიდო ქიმიოთერაპიის კურსის გამო] და საეჭვოა, რამდენად შეძლებს სასამართლო პროცესის ბოლომდე მიყვანას.[4]

„ლიბანის სამხრეთის არმიის“ წევრების ნაწილი და მათი ოჯახები ამ დრომდეც რჩებიან ისრაელში. 2022 წლის 26 ივნისს, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა ისრაელში მცხოვრები „ლიბანის სამხრეთის არმიის“ ვეტერანებისთვის სახლების შესაძენად გრანტის გადაცემის გადაწყვეტილებას. 400-მდე ვეტერანისთვის, დაახლოებით, 160 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობის გრანტი იქნება გამოყოფილი.[5]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ლიბანის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია აწესებს რწმენის აბსოლუტურ თავისუფლებას და ადგენს სახელმწიფოს პატივისცემას ყველა რელიგიური ჯგუფისა და დენომინაციის მიმართ, ისევე როგორც ნებისმიერი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლის პირად სტატუსსა და რელიგიურ ინტერესს. კონსტიტუცია, ასევე, აწესებს რელიგიური რიტუალების აღსრულების თავისუფლებას ერთადერთი პირობით – არ დაირღვეს საზოგადოებრივი წესრიგი. ქვეყნის უზენაესი კანონით, ასევე, განატირებულია ყველა მოქალაქის თანაბარი უფლებები განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა.

ლიბანში, სადაც დაახლოებითი მონაცემებით, 5.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ოფიციალურად აღიარებულია 18 რელიგიური ჯგუფი: 5 მუსლიმური [შიიტები, სუნიტები, დრუზები, ალავიტები და ისმაილები], 12 ქისტიანული [მარონიტები, ბერძნული მართლმადიდებლები, ბერძნული კათოლიკეები, სომხური კათოლიკეები, სომხური მართლმადიდებლები, სირიული მართლმადიდებლები, სირიული კათოლიკეები, ასირიები, ქალდეანები, კოპტები, ევანგელისტური პროტესტანტები და რომაული კათოლიკეები] და იუდეველები. რელიგიური ჯგუფები, რომელთაც მთავრობა არ აღიარებს, მოიცავს ბაჰაიზმის მიმდევრებს, ინდუისტებს, სხვადასხვა პროტესტანტულ მიმდინარეობას და იესო ქრისტეს ეკლესიის მიმდევრებს. თუმცა, არაღიარებულ რელიგიურ ჯგუფებსაც აქვთ უფლება ფლობდნენ ქონებას, თავისუფლად შეიკრიბონ სალოცავად და აღასრულონ რელიგიური რიტუალები. აღსანიშნავია ისიც, რომ ლიბანი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმების მხარეა.

ლიბანის ებრაული თემის საბჭოს ინფორმაციით, ლიბანში, დაახლოებით 70 იუდეველი ცხოვრობს. ისინი აწყდებიან სირთულეებს რელიგიური რიტუალებისთვის საჭირო მასალის იმპორტის კუთხით. საბჭო აწყდება სირთულეებს წევრებისთვის მანდატების გაგრძელების პროცესში, რაც სავალდებულო მოთხოვნაა მთავრობის მხრიდან აღიარებისთვის; საბჭოს მტკიცებით, სამთავრობო წარმომადგენლები მათ დოკუმენტაციაზე ხელმოწერებს აყოვნებენ. გარდა ამისა, საბჭოს ინფორმაციით, ლიბანის მთავრობა არ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნას სახელის ოფიციალურად შეცვლის შესახებ; საბჭო ითხოვს, რომ მათ ლიბანშიც ეწოდოთ საერთაშორისოდ აღიარებული სახელი – „ისრაელელთა სათემო საბჭო“. საბჭოს 2011 წლიდან სარჩელი აქვს სასამართლოში შეტანილი და ედავება პირებს, ვინც ტრიპოლიში ებრაული სასაფლაოს მიწაზე სხვადასხვა ტიპის შენობები ააშენა.[6]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შეწავლილ წყაროებზე არ მოიძებნა ინფორმაცია ისეთი პირთა მიმართ დამოკიდებულების შესახებ, რომლებიც ორმაგი, როგორც ლიბანის, ასევე ისრაელის, მოქალაქეები არიან.

ზოგადად, ლიბანის კანონმდებლობა არ კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას და თეორიულად, შესაძლებელია, პირი ფლობდეს როგორც ისრაელის, ასევე ლიბანის მოქალაქეობას. პრაქტიკაში, მსგავსი რამ, მასობრივად, თითქმის შეუძლებელია, რადგან ორი ქვეყანა ოფიციალურად ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება და პირდაპირი ოფიციალური ურთიერთობები არ აქვთ. უინდსორის ებრაელთა ფედერაციისა და სათემო საბჭოს მკვლევარი დან ბროტმანის თქმით, ისრაელის მოქალაქეებს საერთოდ ეკრძალებათ ლიბანში მოგზაურობა და პირიქით. ამის მიუხედავად, ორმაგი [ირაელისა და ლიბანის] მოქალაქეობის მქონე პირები მცირე რაოდენობით წარმოდგენილნი არიან სოფელ გაჯარში. აღნიშნული სოფელი ისრაელის მიერ ოკუპირებულ სირიის გოლანის სიმაღლეებზე მდებარეობს და მას ლიბანის საზღვარი კვეთს. 2022 წლის სექტემბერში, ისრაელმა პირველად დაუშვა სოფელში ვიზიტორები. სოფელში ძირითადად ალავიტები ცხოვრობენ და მათ აშენებული აქვთ კედელი, რომელიც სოფლის ლიბანურ ნაწილს დანარჩენ ტერიტორიაზე წვდომას უზღუდავს. სოფელი ისრაელის კონტროლის ქვეშაა 1967 წლის 6-დღიანი ომის შემდეგ, როდესაც ისრაელმა გოლანის სიმაღლეები დაიკავა. სოფლის მოსახლეობა დასახლების გაყოფას ეწინააღმდეგება და ისრაელის იურისდიქციის ქვეშ დარჩენის მომხრეა. გაჯარში 2500-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს; მათი უმეტესობა ალავიტია და ორმაგი [ისრაელისა და ლიბანის] მოქალაქეობით სარგებლობენ.[7] [8]

[1] ინტერნეტ რესურსი „The New Arab“; ლიბანის სამხრეთის არმია: ომის დროის „კოლაბორაციონისტის“ დაბრუნებამ სააშკარაოზე გამოიტანა ისრაელის ოკუპაციის ბრუტალური მემკვიდრეობა; ანალიტიკური სტატიის ავტორი: ჩარლი ჰოილი; გამოქვეყნებულია 2020 წლის 12 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://english.alaraby.co.uk/analysis/rise-and-fall-south-lebanon-army [ნანახია 2022 წლის 12 ოქტომბერს]

[2] მედია რესურსი „The Times of Israel“; მინისტრთა კაბინეტმა „ლიბანის სამხრეთის არმიის“ ისრაელშ მცხოვრები ვეტერანებისთვის სახლების საყიდლად გრანტის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო; სტატიის ავტორი: ემანუელ ფაბიანი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 26 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.timesofisrael.com/ministers-okay-housing-grants-for-south-lebanon-army-vets-living-in-israel/ [ნანახია 2022 წლის 12 ოქტომბერს]

[3] ინტერნეტ რესურსი „The New Arab“; ლიბანის სამხრეთის არმია: ომის დროის „კოლაბორაციონისტის“ დაბრუნებამ სააშკარაოზე გამოიტანა ისრაელის ოკუპაციის ბრუტალური მემკვიდრეობა; ანალიტიკური სტატიის ავტორი: ჩარლი ჰოილი; გამოქვეყნებულია 2020 წლის 12 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://english.alaraby.co.uk/analysis/rise-and-fall-south-lebanon-army [ნანახია 2022 წლის 12 ოქტომბერს]

[4] ინტერნეტ რესურსი „The New Arab“; „ხაიმის ყასაბი“: ლიბანმა „ისრაელის კოლაბორაციონისტს“ ბრალი წაუყენა; გამოქვეყნებულია 2020 წლის 4 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://english.alaraby.co.uk/news/lebanon-charges-israeli-collaborator-amer-fakhoury-murder [ნანახია 2022 წლის 12 ოქტომბერს]

[5] მედია რესურსი „The Times of Israel“; მინისტრთა კაბინეტმა „ლიბანის სამხრეთის არმიის“ ისრაელშ მცხოვრები ვეტერანებისთვის სახლების საყიდლად გრანტის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო; სტატიის ავტორი: ემანუელ ფაბიანი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 26 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.timesofisrael.com/ministers-okay-housing-grants-for-south-lebanon-army-vets-living-in-israel/ [ნანახია 2022 წლის 12 ოქტომბერს]

[6] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ ლიბანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 2 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 17 აგვისტოს]

[7] ინტერნეტ რესურსი „The Detroit Jewish News“; ესსე: ჩემი მოგზაურობა აკრძალულ ქვეყანაში; ავტორი: დან ბროტმანი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 10 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://thejewishnews.com/2021/10/12/essay-my-travel-to-a-forbidden-country/ [ნანახია 2022 წლის 12 ოქტომბერს]

[8] ინტერნეტ რესურსი „Haaretz“; პირველად, ისრაელმა ლიბანის საღვრით გაყოფილ სოფელში ვიზიტორები დაუშვა; გამოქვეყნებულია 2022 წლის 7 სექტემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.haaretz.com/news/middle-east/2022-09-07/ty-article/.premium/in-first-israel-to-allow-visitors-into-village-straddling-lebanon-border/00000183-1809-d721-a18b-78dd7e880000?v=1665557888147 [ნანახია 2022 წლის 12 ოქტომბერს]