წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის პორტალზე ატვირთული ინფორმაცია მომზადებულია წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დოკუმენტის და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად. ინფორმაცია მომზადებულია საჯარო ან/და განყოფილებისთვის მოცემულ მომენტში ხელმისაწვდომი ინფორმაციის გამოყენებით, დამუშავებულია მაქსიმალური ყურადღებით და შეზღუდულ დროში. წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის ამომწურავი ან შემაჯამებელი ან გადამწყვეტი საერთაშორისო დაცვაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის. თუ რაიმე მოვლენა, რომელიმე პიროვნება ან ორგანიზაცია არ არის ნახსენები წარმოდგენილ ინფორმაციაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოვლენას ადგილი არ ჰქონია ან პიროვნება ან ორგანიზაცია არ არსებობს. გამოყენებული ტერმინოლოგია არ უნდა იქნას მიჩნეული რაიმე სამართლებრივი პოზიციის განმსაზღვრელად. წარმოდგენილი ინფორმაცია არ წარმოადგენს წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მოსაზრებას ან პოლიტიკურ განცხადებას. ინფორმაციის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ სტატუსის დამდგენი სპეციალისტები, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევის სპეციალისტები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, იურისტები, მოსამართლეები და თავშესაფრის პროცედურაში ჩართული მხარეები.

განყოფილების შესახებ

2014 წელს საქართველოს თავშესაფრის სისტემაში ფუნდამენტური ცვლილება მოხდა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის განკარგულებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, სამინისტროს დებულების შესაბამისად, ახალი სტრუქტურული ერთეული – თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება შეიქმნა. ახალი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბებით გაიზარდა თავშესაფრის საკითხებზე მომუშავე ორგანოს ეფექტურობა და ეფექტიანობა და ასევე, სამინისტრომ შეასრულა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულება წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე პასუხისმგებელი ერთეულის შექმნასთან დაკავშირებით.

განყოფილების ძირითად მიზანს წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელი პირების წარმოშობის ქვეყნებზე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, სტატუსის დამდგენი სპეციალისტებისთვის მიწოდება და კონკრეტულ ქვეყნებზე ინფორმაციის პერიოდული განახლება. მოძიებული ინფორმაცია ეხმარება თავშესაფრის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ სპეციალისტებს თავშესაფრის მომთხოვნი პირის წარმოშობის ქვეყანაში ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების, პოლიტიკური, კულტურული, სოციალური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური მდგომარეობის, საკანონმდებლო ბაზის, მოვლენებისა და შემთხვევების შეფასებაში; თავშესაფრის მომთხოვნ პირთან გასაუბრებისთვის მომზადების პროცესში; თავშესაფრის მომთხოვნი პირის დევნის ან დევნის შიშის საფუძვლიანობის და მისი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, მომავალში შემდგომი დევნის რისკისა და ალბათობის შეფასებისას. ასევე, წარმოშობის ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობის შეფასებისას.

განყოფილება მოქმედებს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელო პრინციპებისა და დირექტივების შესაბამისად და მოპოვებულ ინფორმაციას იკვლევს და აფასებს მიუკერძოებლობის, რელევანტურობის, ობიექტურობის, სანდოობისა და დროულობის მიხედვით. განყოფილება ინფორმაციას მოიპოვებს ვებ-სივრცეში არსებული პუბლიკაციების გამოყენებით – მედია არქივები, სპეციალიზირებული წყაროები, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის სპეციფიკური მონაცემთა ბაზები, გლობალური ინტერნეტ საძიებო სისტემები, რუქები და ინტერნეტ წიგნები. მოძიებული ინფორმაციის სიზუსტე მოწმდება წყაროების სანდოობის შეფასებითა და ჯვარედინი გადამოწმების მეთოდით სხვადასხვა ხელმისაწვდომი წყაროს გამოყენებით.

2014 წლის ივნისში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თბილისის ოფისის მხარდაჭერით, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის და გერმანელი და პოლონელი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, მომზადდა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მუშაობის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დოკუმენტი, რომელიც განყოფილების მუშაობის განმსაზღვრელ დებულებას წარმოადგენს.

2018 წელს განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება საქმიანობას განაგრძობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს შემადგენლობაში.