დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 თებერვალი, 2019

ვითარება ავღანეთში – ჰელმანდის პროვინციის სამხრეთ ნაწილში ავია იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის და ქალები და ბავშვებიც. თავდამსხმელებმა იერიში მიიტანეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზეც, რის შემდეგაც ხელში ჩაიგდეს იარაღი და სატრანსპორტო საშუალებები.[1]

ავღანეთის პრეზიდენტმა „თალიბანს“ ოფისის გახსნა შესთავაზა. აშრაფ ღანის თქმით, ის მზადაა, მათ ოფისი ქაბულშიც კი გაუხსნას. მოძრაობამ შემოთავაზებაზე უარი თქვა. „თალიბანი“ ქაბულს დოჰას ამჯობინებს.[2]

სარი-პულის პროვინციაში „თალიბანის“ თავდასხმას 8 პოლიციელი ემსხვერპლა, 4 კი დაიჭრა. შემთხვევა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა.[3]

რუსეთში საპროტესტო აქციები დაკავებებით დასრულდა – საპროტესტო აქციები მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში აქტივისტების დაკავებებით დასრულდა. პოლიციამ დედაქალაქის ცენტრში რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. სამართალდამცველების თქმით, მანიფესტაცია მერიასთან შეთანხმებული არ იყო. მიტინგი ქალი პოლიტიკური პატიმრების მხარდასაჭერად გაიმართა. მანიფესტანტები ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ აქტივისტის ანასტასია შევჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით გავიდნენ ქუჩებში. მიტინგის მონაწილეები ამბობდნენ, რომ შევჩენკოს პატიმრობა რუსეთის მთავრობის წევრების მოთხოვნით შეეფარდა. უფლებადამცველების თქმით, ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ ხელმძღვანელის დისკრიმინაცია მისი პოლიტიკური პოზიციის გამო ხდება.[4]

თურქეთში გიულენთან დაკავშირებული 1 112 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა – გამოძიება 2010 წელს ინსპექტორების გამოცდის საქმეს უკავშირდება. ქვეყნის უსაფრთხოების ძალები ანტიტერორისტულ ოპერაციას თურქეთის 76 პროვინციაში ატარებენ.[5]

ირანში გუშაგთა კორპუსზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა – უკანასკნელი მონაცემებით 41 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. ავტობუსი, რომელშიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ჯარისკაცები ისხდნენ, თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა სუნიტურმა რადიკალურმა დაჯგუფებამ „ჯაიშ ალ-ადიმ“ (სამართლის არმია) აიღო.[6]

„ისლამური სახელმწიფო“ აღარ არსებობს – 13 თებერვალს, სირიის ქალაქ ბაგუზაში ამერიკულ ძალას „ისლამური სახელმწიფოს“ 200-მდე ტერორისტი დანებდა. კიდევ ასობით (ძირითადად უცხოელები) პირი ქალაქის ცენტრში ალყაშია მოქცეული. ისინი ქალაქის დაახლოებით ერთ კვადრატული კილომეტრზე არიან განლაგებულნი. ეს არის ის ტერიტორია, რაც „ისლამური სახელმწიფოსგან“ დარჩა. ორგანიზაციის აქტიურობის პიკში, 2015 წელს ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 8-10 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო მათი „არმია“ რამდენიმე ათასობით ტერორისტს ითვლიდა.

„ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაში მთავარი წვლილი აშშ-ის მეთაურობით მოქმედ კოალიციას მიუძღვის, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ერაყელები, სირიელი ქურთები, აშშ-ის ევროპელი და ახლოაღმოსავლელი პარტნიორები. ბრძოლაში მონაწილეობდნენ რეგიონში აშშ-ის კონკურენტებიც: სირიის არმია, რუსეთი და ირანი. სირიის ჩრდილოეთით იბრძოდა თურქეთი. მასშტაბური თავდასხმა ISIS-ის ბოლო ანკლავზე 2018 წლის შემოდგომაზე განახლდა. ოპერაცია დაჩქარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სირიიდან ამერიკული ჯარი გაჰყავდა.

გავრცელებული ცნობით, ბაგუზაში არაფერი დარჩა, ხოლო ვინც არ ნებდება, შიმშილობს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებათა ლიდერები თავებს კვეთენ მათ, ვინც დანებება გადაწყვიტა. 14 თებერვალს მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა  – ქალაქი 1200-მა ადამიანმა დატოვა.

ზოგიერთ ამერიკელ გენერალს მიაჩნია, რომ როგორც „სახელმწიფო“ ორგანიზაცია ვეღარ იარსებებს, თუმცა მათი იდეები არსებობას მსოფლიოს სხვადასხვა ადგილში განაგრძობს არსებობას. მაგალითად, ნიგერიაში არსებული „ბოკო ჰარამი“, „აშ-შაბაბი“ სომალიში და ევროპაში არსებული „მძინარე დაჯგუფებები“, სავარაუდოდ, მომავალშიც მოაწყობენ თავდასხმებს. გამარჯვების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში აპირებს საზეიმო განცხადების გაკეთებას.[7]

[1] Fox News; Afghan lawmaker says airstrikes kill 21 civilians; 10 February, 2019; available at: https://www.foxnews.com/world/afghan-lawmaker-says-airstrikes-kill-21-civilians?fbclid=IwAR1lZSuDNidvmJxmB4ZzCAGxQmfBOqYmclnbjFqmLvUP8bIfW5JUYQ6i2iA

[2] Reuters; Afghan president offers Taliban local office, but group wants Doha instead; By Abdul Qadir Sediqi; 10 february, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-politics/afghan-president-offers-taliban-local-office-but-group-wants-doha-instead-idUSKCN1PZ0G5?feedType=RSS&

[3] იმედის ახალი ამბები; ავღანეთში თალიბების თავდასხმას რვა სამართალდამცველი ემსხვერპლა; 10 თებერვალი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/96107/avganetshi-talibebis-tavdaskhmas-rva-samartaldamtsveli-emskhverpla

[4] იმედის ახალი ამბები; რუსეთში საპროტესტო აქციები დაკავებებით დასრულდა; 11 თებერვალი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/96115/rusetshi-saprotesto-aqtsiebi-dakavebebit-dasrulda

[5] Thomson Reuters Foundation News; Turkey orders 1,112 people arrested over Gulen links – CNN Turk; 12 February, 2019; available at: http://news.trust.org//item/20190212054317-szwm2/

[6] BBC; Iran suicide bombing kills 27 Revolutionary Guards; 13 February, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-47231959

[7] იმედის ახალი ამბები; ისლამური სახელმწიფო აღარ არსებობს; 14 თებერვალი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/96583/islamuri-sakhelmtsipo-agar-arsebobs

ერაყი. სუნიტების მიმართ არსებული დამოკიდებულება (ანბარის პროვინცია). თებერვალი, 2019

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ერაყის პარლამენტი 329 წევრისგან შედგება და მას ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ირჩევენ. 2018 წლის მაისში გამართული არჩევნები, საერთო ჯამში, მიუხედავად გაყალბების შესახებ ბრალდებებისა, სანდოდ შეფასდა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. პირველ ოთხ ადგილზე შიიტური პარტიების კოალიციები გავიდნენ; მათ ჯამში 169 მანდატი მოიპოვეს. ქურთულმა პარტიებმა 44 ადგილი მიიღეს. დანარჩენი ადგილები მცირე სუნიტურ პარტიებსა და დამოუკიდებელ სუბიექტებზე გადანაწილდა.

მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ნორმები იცავს სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის პოლიტიკურ უფლებებს, ეთნიკურ-კონფესიური პარტიების დომინანტური როლი და ძირითადი პოზიციების არაფორმალური რელიგიური და ეთნიკური კრიტერიუმებით დაკავება ამცირებს იმის შანსს, რომ პოლიტიკოსები მთელი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებენ. სუნიტი არაბები, რომლებიც ქვეყნის უმსხვილესი ეთნიკურ-კონფესიური უმცირესობა არიან, წარმოდგენილნი არიან პარლამენტში, თუმცა ისინი ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ შიიტი უმრავლესობა მათ რეალური ძალაუფლების მქონე პოზიციების მიღმა ტოვებს. როგორც წესი, ქვეყნის პრეზიდენტად ქურთი, ხოლო პრემიერად შიიტი ინიშნება. პარლამენტის სპიკერის პოზიცია კი სუნიტებისთვისაა განსაზღვრული. 2018 წლის სექტემბერში სპიკერად მუჰამად ალ-ჰალბუსი დაინიშნა.

2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, დაახლოებით 4 მილიონი ერაყელი, რომლებიც იძულებით გადაადგილდნენ ისლამური სახელმწიფოს ქმედებების გამო, დაბრუნდნენ თავიანთ რეგიონებში; თუმცა, კიდევ 2 მილიონამდე პირი რჩებოდა დევნილობაში. 2018 წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ სუნიტი არაბები შიიტური დაჯგუფებების გამო იძულებით ტოვებდნენ ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებულ ტერიტორიებს.

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციურად რელიგიის თავისუფლება გარანტირებულია, რეალობაში ბევრი ერაყელი გახდა ძალადობისა და იძულებითი გადაადგილების მსხვერპლი მისი რელიგიური კუთვნილების გამო. სალოცავი ადგილები კი ხშირად იყო ტერორისტული იერიშების სამიზნე. უმეტესობა პოლიტიკური ლიდერებისა გამოხატავდა რელიგიური პლურალიზმის მხარდაჭერას ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ. 2018 წლის განმავლობაში, სუნიტები, რომლებიც ცხოვრობენ ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, თავიანთ რელიგიურ მსახურებას აღასრულებდნენ თავისუფლებად.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2019 წლის ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის მოტივით, უსაფრთხოების ძალები თვითნებურად აკავებდნენ, აწამებდნენ, არა ადამიანურად ეპყრობოდნენ და აუჩინარებდნენ ძირითადად სუნიტებს იმ ტერიტორიებიდან, სადაც ისლამური სახელმწიფო იყო აქტიური. მათ მიმართ არ იყო დაცული სამართლიან სასამართლოსა და სათანადო პროცედურებზე წვდომის უფლებები. ერაყის უსაფრთხოების ძალები თვითნებურად აკავებდნენ, ხშირად თვეობით, ისლამური სახელმწიფოს წევრობაში ეჭვმიტანილებს, ძირითადად სუნიტებს. მოწმეებისა და ოჯახის წევრების ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალები რეგულარულად აკავებდნენ ეჭვმიტანილებს სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ორდერის გარეშე; ისინი ხშირად არ წარადგენდნენ არანაირ დოკუმენტაციას და არც განმარტავდნენ დაკავების მიზეზებს. ერაყის სამხედრო და უსაფრთხოების ძალები იძულებით აუჩინარებდნენ ძირითადად სუნიტ არაბ მამაკაცებს როგორც ანტი-ტერორისტული ოპერაციების, ასევე სხვა საქმეების ფარგლებში. გაუჩინარებები ხდებოდა როგორც საკონტროლო-გამშვები პუნქტებიდან, ასევე ეჭვმიტანილთა სახლებიდან. ოჯახის წევრების თხოვნის მიუხედავად, ერაყის ხელისუფლება არ გასცემდა არანაირ ინფორმაციას გაუჩინარებული პირების შესახებ.

მიუხედავად მთავრობისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ერთობლივი მცდელობისა, რომ ხელი შეეწყოთ იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებისთვის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ადრე ისლამური სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იყო, მათ შორის ანბარი, დიალა, ნინევა და სალაჰადინი, შიგა რეგულაციები და სხვა პრევენციული მექანიზმები ხელს უშლიდა იმ ოჯახებს დაბრუნებაში, ვისზეც ფიქრობდნენ, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან იყო ასოცირებული. რიგ შემთხვევებში ასეთ ოჯახებს ან იძულებით აბრუნებდნენ ბანაკებში, ან ისინი იძულებით ხდებოდნენ ხელმეორე გადაადგილების მსხვერპლნი.[2]

დანიის იმიგრაციის სამსახურის მიერ 2018 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერია, რომ სახალხო მობილიზაციის ძალები სხვადასხვა დაჯგუფებისგან შედგება, რომელთა უმრავლესობა შიიტური დაჯგუფებაა. ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს ასევე ჰყავთ თავიანთი დაჯგუფებები, მაგალითად თურქმენული, ქრისტიანული, იეზიდური და ა.შ. ასევე მოქმედებენ სუნიტური სახალხო მობილიზაციის ძალებიც, რომლებიც 17-დან 25 ათასამდე მებრძოლს აერთიანებენ. მათი უმრავლესობა 2014 წელს ერაყის მთავრობასთან ალიანსით, ისლამური სახელმწიფო წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა, ძირითადად სუნიტურ რეგიონებში, როგორიცაა მაგალითად ანბარი. როდესაც ტერიტორიების გათავისუფლება მოხდა, ერაყის მთავრობა ხელს უწყობდა ახალი ადგილობრივი სახალხო მობილიზაციის ძალების ფორმირებას უსაფრთოხების უზრუნველყოფის მიზნით. საბოლოოდ, ზოგიერთმა სახალხო მობილიზაციის ძალამ, მაგალითად ჰიზბოლას ბრიგადამ და ბადრის ორგანიზაციამ დაიწყო სუნიტი არაბების თავიანთ რიგებში რეკრუტირება. ზოგი მათგანი იყო ყოფილი სამხედრო სადამის არმიდან, რომლებმაც ამ პროცესში დასაქმების ახალი შესაძლებლობა დაინახეს. რეკრუტირება მხოლოდ ნებაყოფლობით ხასიათს ატარებდა. ბევრი უერთდებოდა სახალხო მობილიზაციის ძალებს ეკონომიკური მიზეზების გამო, რადგან ხელფასები აქ იყო უფრო მიმზიდველი, ვიდრე დანარჩენ ერაყში. სახალხო მობილიზაციის ძალები საკმაოდ გავლენიანი და პოპულარულია და ქვეყნის მოსახლეობაში, რაც ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაში მათი წვლილის დამსახურებაა. ისინი საკმაოდ აქტიურები არიან თავიანთი თავის რეკლამირებისა და პიარის მიმართულებით და აქვთ ახლო კავშირები მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტიებთან ბაღდადში.

სახალხო მობილიზაციის ძალების სამიზნეები არიან ისლამური სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილები ან მათი ოჯახის წევრები. ესენი ძირითადად სუნიტი არაბი ახალგაზრდები არიან; ასევე სხვა სუნიტი არაბები და სუნიტი თურქმენები ხდებიან კოლექტიური ძალადობის, მკვლელობებისა და დისკრიმინაციის ობიექტები. სახალხო მობილიზაციის ძალებს აქვთ იმის რესურსი, მიზანში ამოიღონ ის, ვინც უნდათ. მათ აქვთ ძალიან კარგი სადაზვერვო შესაძლებლობები, რომელიც წვდება ერაყის საზოგადოების უმეტეს ნაწილს. მათ ასევე შეუძლიათ მიზანში ამოიღონ პოლიტიკური და ეკონომიკური ოპონენტები, მიუხედავად მათი რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა.

ზოგადი ვითარება იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების კუთხით განსხვავებულია სხვადასხვა რეგიონში. 5 პროვინციაში – ნინევა, კირკუკი, ანბარი, სალაჰადინი და ბაღდადი – დაფუძნდა დაბრუნების საკითხთა კომისია, რომელიც განიხილავს და გეგმავს დევნილთა დაბრუნებას და ბანაკების დახურვას.

ანბარის ერთერთი სუნიტური რაიონი ჯურფ ალ საკჰარი 2014 წელს, ისლამური სახელმწიფოს მიერ ხელში ჩაგდებიდან ორ თვეში, გაათავისუფლა კატაიბ ჰიზბოლამ. 2014 წლის შემდეგ რაიონის მოსახლეობამ იძულებით დატოვა ტერიტორია და დევნილებს არა თუ დაბრუნების, რაიონის სტუმრობის უფლებასაც არ აძლევენ. იმ შემთხვევაშიც კი თუ ერაყის ხელისუფლება მოისურვებს დევნილთა სასარგებლოდ პროცესში ჩარევას, ის ვერ შეძლებს, რადგან დაჯგუფება სამთავრობო კონტროლის მიღმა მოქმედებს.

ამჟამად ძნელია ისლამური სახელმწიფოს შესაძლებლობების შეფასება. გავრცელებული ცნობებით ჩანს, რომ ჯგუფი წარმოდგენილია კირკუკსა და მოსულის დასავლეთ ნაწილში, სადაც სამიზნეები ხდებიან მუხთარები (სოფლის ლიდერები). განსაკუთრებით კირკუკში, ისლამური სახელმწიფო საფრთხეს წარმოადგენს უფრო მეტად უსაფრთხოების ძალებისა და ხელისუფლებისთვის, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, მაშინ როდესაც სიტუაცია პირიქითაა ნინევაში, დიალასა და ანბარში, სადაც ისლამური სახელმწიფო საფრთხეს წარმოადგენს ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

იძულებით გადაადგილებულ პირებს, ვიდრე ისინი თავიანთი წარმოშობის ადგილებზე დაბრუნდებიან, აქვთ გარკვეული წარმოდგენა თუ რა ვითარებაშია მათი სახლები. ამ ინფორმაციას ისინი სხვა ოჯახებისგან იღებენ. ოჯახები, რომლებიც ბრუნდებიან, ვალდებულნი არიან დაბრუნებისთანავე გამოცხადდნენ ადგილობრივ მუხთართან. მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია რეკომენდებულად არ მიიჩნევს დაბრუნებას ნინევაში, ანბარში, სალაჰადინსა და დიალაში, ოჯახებმა აღმოსავლეთ მოსულიდან და ანბარიდან დაიწყეს თავიანთ სახლებში დაბრუნება.[3]

[1] Freedom House: Freedom in the World 2019 – Iraq, 4 February 2019

 (accessed on 10 February 2019)

[2] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Iraq, 17 January 2019

 (accessed on 10 February 2019)

[3] DIS – Danish Immigration Service; Landinfo – Norwegian Country of Origin Information Center (Author), published by DIS – Danish Immigration Service: Northern Iraq: Security situation and the situation for internally displaced persons (IDPs) in the disputed areas, incl. possibility to enter and access the Kurdistan Region of Iraq (KRI), 5 November 2018

 (accessed on 10 February 2019)

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 თებერვალი, 2019

ირანის გუშაგთა კორპუსზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა – შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მოხდა, დაიღუპა 1 და დაშავდა 5 გუშაგი. ირანში ისლამური რევოლუციის 40 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა სუნიტურმა დაჯგუფებამ „ჯაიშ-ალ-ადლი“ აიღო.[1]

ტერაქტები სომალიში – დანაღმული ავტომობილის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა ეთიოპიელი სამხედროების ბაზასთან მოხდა. ინციდენტის შედეგად 16 ეთიოპიელი სამხედრო დაიღუპა. ადგილობრივების განცხადებით, შემთხვევას რიგითი მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ალ შაბაბი“ აიღო.[2] კიდევ ერთი აფეთქება მოგადიშოს სავაჭრო ცენტრთან, რესტორნის სიახლოვეს მოხდა. ტერაქტს 11 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ აფეთქებაზეც პასუხისმგებლობა „ალ შაბაბმა“ აიღო.[3]

ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ წევრებმა ორ კვირაში 60 ადამიანი მოკლეს – ძალადობა ქალაქ რანში მოხდა, საიდანაც დაჯგუფების წევრებმა ნიგერიელი სამხედროები განდევნეს და ტერიტორიაზე სრული კონტროლი დაამყარეს.[4]

თავდასხმას ნიგერიაში 26 ადამიანი ემსხვერპლა – ინციდენტი ზამფარის შტატში მოხდა. თავდამსხმელებმა ცეცხლი წაუკიდეს საცხოვრებელ სახლებს და მძევლები აიყვანეს.[5]

რუსეთში იეჰოვას მოწმეს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – დანიის მოქალაქეს, დენის კრისტენსენს ჟილეზნოდოროჟნის რაიონულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსეთში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა კანონითაა აკრძალული. 2016 წელს ორლოვის სასამართლომ იეჰოვას მოწმეები ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.[6]

[1] Reuters; One guard dead, five hurt in attack as Iran holds anniversary; 2 February, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-attack/one-guard-dead-five-hurt-in-attack-as-iran-holds-anniversary-idUSKCN1PR04H?il=0

[2] Reuters; Suicide car bomb explosion in Somalia leaves casualties: police; 2 February, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-somalia-blast/suicide-car-bomb-explosion-in-somalia-leaves-casualties-police-idUSKCN1PR0CM?il=0

[3] CBS News; Al-Shabab claims Mogadishu blast despite relentless U.S. air war in Somalia; 4 February, 2019; available at: https://www.cbsnews.com/news/al-shabab-mogadishu-attack-somalia-us-warns-americans-kenya-despite-airstrikes/

[4] Al Jazeera; Boko Haram killed dozens in Monday’s attack in Nigeria: Amnesty; 1 February, 2019; available at: https://www.aljazeera.com/news/2019/02/boko-haram-killed-dozens-monday-attack-nigeria-amnesty-190201163427289.html

[5] იმედის ახალი ამბები; ნიგერიაში თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა; 6 თებერვალი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/95601/nigeriashi-tavdaskhmas-26-adamiani-emskhverpla

[6] იმედის ახალი ამბები; რუსეთში იეჰოვას მოწმეს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს; 6 თებერვალი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/95638/rusetshi-iehovas-motsmes-6tsliani-patimroba-miusajes

სუდანი. განქორწინება და ბავშვზე მეურვეობის უფლება. თებერვალი, 2019

სუდანში ქალები აწყდებიან ფართომასშტაბიან დისკრიმინაციას. ისლამური კანონები კრძალავს თანაბარ უფლებებს ქალებისთვის ისეთ საკითხებში, როგორიცაა ქორწინება, მემკვიდრეობა და განქორწინება. ტრადიციული და რელიგიური კანონებით ქალებს ეზღუდებათ ქონების უფლება. მრუშობაში ბრალდებული ქალები, შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ. მამაკაცი მეურვის გარეშე ქალებს არ აქვთ უფლება იმოგზაურონ ან აიღონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები.[1]

სუდანის 1991 წლის ისლამური პირადი სტატუსის შესახებ კანონის თანახმად, განქორწინებულ ქალს უფლება აქვს მამრობითი სქესის შვილი მეურვეობაში დაიტოვოს, ვიდრე ვაჟს შეუსრულდება 7 წელი; ხოლო მდედრობითი სქესის შვილი, ვიდრე გოგონას შეუსრულდება 9 წელი. სასამართლომ შეიძლება აღნიშნული ვადა გაახანგრძლივოს თუ ამის საჭიროება დადგენილი იქნება ბავშვების ინტერესების გამომდინარე. ამ შემთხვევაში დედის მეურვეობის უფლება შეიძლება გახანგრძლივდეს ვაჟების შემთხვევაში მათ სქესობრივ სიმწიფემდე და გოგონების შემთხვევაში – სრულყოფილ ქორწილამდე. მამა ან სხვა მამაკაცი მეურვე სრულ კონტროლს და ზედამხედველობას უწევს ბავშვის დედის მეურვეობის ქვეშ აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

განქორწინების შემდეგ, ქალები კარგავენ მეურვეობის უფლებას თუ ხელახლა გათხოვდებიან. მოსამართლეს აქვს დისკრეციული უფლება, ხელახლა გათხოვილ ქალს, რომელიც გათხოვდა არა „მაჰრამზე“ (მაჰრამი – ვისთან ქორწინება ან სექსუალური კავშირი ისლამში აკრძალულია), შეუნარჩუნოს მეურვეობის უფლება თუ ამას ბავშვის ინტერესები მოითხოვს.

იმ შემთხვევაში, როდსაც დედის რელიგია მამის რელიგიისგან განსხვავებულია, დედის მეურვეობის უფლება სრულდება, როდესაც ბავშვი გახდება 5 წლის ან უფრო ადრე თუ არის შიში, რომ ბავშვის რწმენას ემუქრება საფრთხე. ბავშვების მხარდაჭერაზე მამის ვალდებულებაა იმ დრომდე, ვიდრე გოგონა გათხოვდება, ხოლო ვაჟი მიაღწევს იმ ასაკს, როდესაც დამოუკიდებლად შეუძლია შემოსავლის მიღება.[2]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Sudan, 27 August 2018, available at:

[accessed 19 December 2018]

[2] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Sudan: Child custody proceeding in regards to divorce in a Muslim family; whether permission is required of father before children can travel with their mother, 3 May 2001, SDN37084.E, available at:

[accessed 4 February 2019]

სუდანი. შეიარაღებული კონფლიქტი; იძულებითი რეკრუტირება. თებერვალი, 2019

უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება მძიმეა დარფურში, ლურჯი ნილოსისა და სამხრეთ კორდოფანის შტატებში, სადაც ადგილი აქვს საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის ნორმების დარღვევებს.[1]

აღნიშნულ შტატებში 2011 წლიდან სამოქალაქო დაპირისპირებაა. სამხრეთ კორდოფანისა და ლურჯი ნილოსის შტატების კონფლიქტს, რომელიც დარფურსაც მოედო, სუდანის მესამე სამოქალაქო ომსაც უწოდებენ. მიმდინარე კონფლიქტში ერთმანეთს სუდანის არმია და სუდანის სახალხო გამათავისუფლებელი მოძრაობა-ჩრდილოეთი უპირისპირდებიან ერთმანეთს. აღნიშნული მოძრაობა ასოცირებულია სამხრეთ სუდანის სახალხო გამათავისუფლებელ მოძრაობასთან.

2005 წლის შემდეგ, როდესაც სამშვიდობო შეთანხმებით სუდანის მეორე სამოქალაქო ომი დასრულდა, სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილური და უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება გამოსწორებული იყო. კონფლიქტის ახალი ტალღა 2011 წელს დაიწყო. 2011 წლის 9 ივლისს სუდანის ორ ქვეყნად – სუდანად და სამხრეთ სუდანად გაყოფის შემდეგ, სუდანის სახალხო გამათავისუფლებელი მოძრაობა-ჩრდილოეთმა დაიწყო შეიარაღებული წინააღმდეგობა – ისინი აპროტესტებდნენ სამხრეთ კორდოფანისა და ლურჯი ნილოსის შტატების სუდანისთვის მიკუთვნებას, რადგან მათი მტკიცებით, არანაირი კონსულტაცია მოსახლეობასთან არ გამართულა. კონფლიქტი გადაიზარდა „დარფურის ომში“ მას შემდეგ, რაც სახალხო მოძრაობამ ალიანსი შეკრა დარფურელ ამბოხებულებთან, რომლებიც თავს სუდანის რევოლუციურ ფრონტს უწოდებენ.

2003 წლიდან მოყოლებული, კონფლიქტის შედეგად, 2 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. სამოქალაქო დაპირისპირებას 100 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.[2]

ავსტრიის წითელი ჯვრის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი (ACCORD) 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში დარფურის შესახებ წერს, რომ 2016 წლის ივლისში შეიარაღებულმა პირმა მოკლა ახალგაზრდა კაცი, როდესაც ფასის რეგიონში (Fasi Area), რომელიც ჩრდილოეთ, ცენტრალურ და დასავლეთ დარფურს შორის მდებარეობს, პირთა ჯგუფმა უარი განაცხადა იძულებითი რეკრუტირების მიზნით ბანაკში გაწევრიანებაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა უარი თქვეს ერთერთი შეიარაღებული ჯგუფის მოწოდებაზე, შეერთებოდნენ მათ რიგებს, რის გამოც დაჯგუფების ზოგიერთი წევრი დაედევნა ახალგაზრდების ჯგუფს და გაუხსნა მათ ცეცხლი. ინციდენტის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა.

დამოუკიდებელი ექსპერტი 2016 წლის დეკემბერში გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ არა არაბი დარფურელების იძულებითი თუ ნებაყოფლობითი რეკრუტირება, რეგულარული ძალებისა თუ დაჯგუფებების მხრიდან, სავარაუდო იყო.

დამოუკიდებელი მკვლევარი ჯერომ ტუბიანა 2017 წლის ივლისში ამტკიცებდა, რომ იყო როგორც რეგულარული ძალების, ასევე დაჯგუფებების მხრიდან იძულებითი რეკრუტირების შემთხვევები. ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი ერიკ რივსი 2017 წლის აგვისტოში წერდა, რომ მისი აზრით, იძულებითი რეკრუტირების შემთხვევებს ადგილი ჰქონდა; თუმცა, მისი თქმით, ამბოხებულთა მოძრაობა უფრო მეტად განიცდიდა იარაღის, ვიდრე ადამიანური რესურსის ნაკლებობას.

„ACCORD“-ის წყარო ორგანიზაციიდან „პური მსოფლიოსთვის“ 2017 წლის აგვისტოში აცხადებდა, რომ მისი ვარაუდით, იძულებითი რეკრუტირების შემთხვევებს აღარ ჰქონდა ადგილი. ზოგადად, ისინი, ვინც უერთდებოდნენ ამბოხებულთა მოძრაობას, აკეთებდნენ ამას საკუთარი სურვილით, რადგან უკმაყოფილოები იყვნენ უსამართლობითა და უთანასწორობით. წყაროს მტკიცებით, ის, ვინც უერთდებოდა სამთავრობო პროფესიულ შეიარაღებულ ძალებს, აკეთებდა ამას ან საკუთარი სურვილით ან გაწვევით. მათი, ვინც უერთდებოდა მთავრობასთან ასოცირებულ „Janjaweed“ ძალებს, მოტივაცია იყო ფული და ძალაუფლება. იძულების ფაქტორი იყო მხოლოდ გაწვევის შემთხვევებში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წლის ანგარიშში ადამიანთა ვაჭრობის შესახებ წერს, რომ სუდანის კანონმდებლობა კრძალავს ბავშვთა სამხედროებად რეკრუტირებას და აწესებს სისხლის სამართლებრივ სასჯელებს დამრღვევებისთვის. მიუხედავად ამისა, ბავშვები კვლავ რჩებოდნენ მოწყვლად ჯგუფად რეკრუტირების მიმართ და მათი გამოყენება კვლავ ხდებოდა სუდანის არა სამთავრობო შეიარაღებული ჯგუფებისა და შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ.

გაეროს გენერალური მდივანი 2017 წლის ივნისში აცხადებდა, რომ ჩრდილოეთ დარფურში, მიუხედავად მთავრობასთან დადებული შეთანხმებისა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ამბოხებულთა ჯგუფი მაინც ახდენდნენ დევნილი ახალგაზრდების იძულებით რეკრუტირებას. 2011 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, დარფურში ბავშვთა რეკრუტირების დადასტურებული შეთხვევების რაოდენობა იყო 105; აქედან, 45 – 2011 წელს, 31 – 2012 წელს, 18 – 2013 წელს, 6 – 2014 წელს, 4 – 2015 წელს და 1 – 2016 წელს. აღნიშნული შემთხვევების ნახევარი ჩადენილი იყო მთავრობასთან ასოცირებული ძალების მიერ, საერთო ჯამში 63 შემთხვევა; აქედან, 21 – 2011 წელს, 17 – 2012 წელს, 18 – 2013 წელს, 3 – 2014 წელს, 4 – 2015 წელს. 2016 წელს მთავრობასთან ასოცირებული ძალების მიერ ბავშვთა რეკრუტირების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წლის ანგარიშში სუდანში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ წერს, რომ ბევრი ბავშვის ასაკის დადგენა შეუძლებელი იყო დოკუმენტების არ ქონის გამო, რის გამოყენებას და მათ რეკრუტირებასაც ცდილობდნენ ამბოხებულები. ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ წვდომასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, კონფლიქტის ზონებში, ბავშვი ჯარისკაცების შესახებ ცნობები იყო შეზღუდული და ხშირად ძნელი იყო ამ ცნობების დადასტურება.

2017 წლის თებერვალში რადიო „დაბანგას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამბოხებულთა დაჯგუფების „JEM“ ხელმძღვანელობამ გამოსცა განკარგულება ბავშვთა რეკრუტირების შეწყვეტის შესახებ. განკარგულება ავალებდა „JEM-ის წევრებს სრულად დაეცვათ ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ბავშვთა უფლებები და არ დაეშვათ მათი ჩართვა სამხედრო მოქმედებებში.[3]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Sudan, 22 February 2018, available at:

[accessed 18 December 2018]

[2] Uppsala Conflict Data Program; Department of Peace and Conflict Research; Uppsala University; Sudan; available at: http://ucdp.uu.se/#country/625 [accessed 18 January 2019]

Al Jazeera; Sudan rebels from alliance to oust president; 13 November, 2011; available at: https://www.aljazeera.com/news/africa/2011/11/2011111313442277256.html [accessed 18 January 2019]

[3] Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation (ACCORD), Darfur – COI Compilation, September 2017, available at:

[accessed 4 February 2019]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-31 იანვარი, 2019

2018 წელს ირანში 7 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს – „Amnesty International“ ამ მონაცემებს „სირცხვილის წელიწადსა“ და „რეპრესიის უსირცხვილო კამპანიას“ უწოდებს. დაკავებულთა შორის არიან სტუდენტები, ჟურნალისტები, გარემოს დაცვის აქტივისტები, მუშები და ადამიანის უფლებათა დამცველები. დაპატიმრებები ძირითადად პოლიტიკურადაა მოტივირებული.[1]

ქურთი დემონსტრანტები ერაყში თურქულ სამხედრო ბანაკს დაესხნენ თავს – ერაყელი ქურთების რეგიონში გაბრაზებულმა ხალხმა მანქანებსა და შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. ამით მათ რეგიონში თურქეთის ავია იერიშები გააპროტესტეს. მომხდარს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა.[2]

აშშ-მა და „თალიბანმა“ ავღანეთის სამშვიდობო ჩარჩო-შეთანხმებას მიაღწიეს – მხარეებს შორის 6-დღიანი მოლაპარაკებები ყატარში გასულ კვირას გაიმართა. მოლაპარაკებებში ჩართულმა მხარეებმა ავღანეთში 17-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად სამშვიდობო ჩარჩო-შეთანხმებას მიაღწიეს.[3]

იემენში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა – შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ელ-მოხას ბაზარში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ბაზრობასთან მდებარე პოპულარულ კაფესთან მდგარ მოტოციკლზე იყო დამონტაჟებული. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის 2 არაბი ჟურნალისტია.[4]

პაკისტანში პოლიციის განყოფილებას თავს დაესხნენ – ტერაქტი ქალაქ ლორალაიში მოხდა. ინციდენტის შედეგად 9 სამართალდამცველი დაიღუპა და 21 დაშავდა. 2 თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[5]

[1] Radio Free Europe / Radio Liberty; Amnesty blasts mass arrests in Iran’s “Year of Shame”; 24 January, 2019; available at: https://www.rferl.org/a/amnesty-blasts-iran-s-mass-arrests/29728248.html

[2] BBC; Kurdish protesters storm Turkish military camp in Iraq; 26 January, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-47015699

[3] BBC; Taliban talks: Draft framework for Afghanistan peace agreed; 28 January, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-47028177

[4] იმედის ახალი ამბები; იემენში აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა; 29 იანვარი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/94655/iemenshi-apetqebas-eqvsi-adamiani-emskhverpla

[5] Pakistan Today; Attack on Loralai police office claims nine clives; 30 January, 2019; available at: https://www.pakistantoday.com.pk/2019/01/29/two-dead-19-injured-in-attack-on-digs-office-in-loralai/

ერაყი. უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება ანბარის პროვინციაში. იანვარი, 2019

2018 წელს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა ინციდენტებმა, რომლებიც უმეტესად ისლამური სახელმწიფოს აქტივობებთან იყო დაკავშირებული, ერაყში ეტაპობრივად იკლო და წლის ბოლოს 60%-იანი კლება დაფიქსირდა. 2018 წლის ბოლო ორი თვის განმავლობაში რეკორდულად დაბალი რაოდენობის ინციდენტებს ჰქონდა ადგილი, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ისლამურმა სახელმწიფომ დიდწილად დატოვა ბრძოლის ველი. ნოემბერსა და დეკემბერში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 109 და 95 ინციდენტი დაფიქსირდა, შესაბამისად; მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში აღნიშნული მაჩვენებელი ორასს აჭარბებდა.

2018 წელს ამბოხებულებმა დიდწილად დატოვეს ანბარის პროვინცია. წლის განმავლობაში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 12 შეადგინა. იერიშები დაიწყო იანვარში და მათი რაოდენობა 25-მდე გაორმაგდა მარტში, რის შემდეგაც ინციდენტების რაოდენობამ კლება იწყო. თებერვალში დაიბომბა ქალაქი რამადი. მორიგი ზრდა დაფიქსირდა აგვისტო-სექტემბრის პერიოდში – თვეში 17 ინციდენტი. აღნიშნული ზრდა დაემთხვა ორი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებებს ჰადიტიასა და ქაიმში, პროვინციის დასავლეთით. ოქტომბერში, ანბარში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 16 ინციდენტი დაფიქსირდა, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტისა და დანაღმული ავტომობილის აფეთქების ფაქტები ამირია ფალუჯასა და ფალუჯაში, შესაბამისად. ნოემბერსა და დეკემბერში ანბარის პროვინციაში 6 და 8 ინციდენტს ჰქონდა ადგილი. 90% ანბარში მომხდარი შემთხვევებისა იყო მცირე მასშტაბის სროლები და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები. ანბარში ადგილი ჰქონდა ძალიან მცირე კონფრონტაციებს უსაფრთხოების ძალებთან და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან განხორციელებულ იერიშებს. 6 მუხთარი (სოფლის თავკაცი) გახდა თავდასხმების სამიზნე, რაც იმის მანიშნებელია, რომ იყო დასახლებებზე კონტროლის დამყარების მცდელობა. მიუხედავად ინციდენტების მცირე რაოდენობისა, ანბარში თვითმკვლელი ტერორისტისა და დანაღმული ავტომობილის აფეთქების 10 ფაქტი დაფიქსირდა, რაც ერაყის მასშტაბით მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ისლამური სახელმწიფოს ელემენტები იყვნენ ყველა დიდ ქალაქში და აქტიურად მოქმედებდნენ სირიის საზღვართან. დაჯგუფება თავის ძალებს აქტიურად ხევდა უკან. საზღვართან დაკავშირებული საკითხები კვლავ წარმოადგენდა შეშფოთების საგანს, თუმცა ისლამური სახელმწიფო კონცენტრაცია უფრო მეტად ერაყის სხვა ტერიტორიებისკენ იყო მიმართული.[1]

ზამთრის განმავლობაში ისლამური სახელმწიფო დიდწილად გავიდა ანბარიდან, თუმცა 2019 წლის პირველ კვირას მაინც დაფიქსირდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ექვსი ინციდენტი; მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქება და ორმხრივი სროლა და შეტაკება უსაფრთხოების ძალებთან. ინციდენტების შედეგად ანბარში 1 პირი დაიღუპა და 3 დაშავდა.[2] იანვრის მეორე კვირაში ინციდენტების რაოდენობა ანბარში 3-მდე შემცირდა, თუმცა გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა (4 მოკლული და 26 დაშავებული). ინციდენტებს შორის იყო დანაღმული ავტომობილის აფეთქება სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ ქაიმში, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა და 25 დაშავდა. ამასთან, ფალუჯას სამხრეთით მოკლეს მუხთარი. ეს იყო ზედიზედ მეოთხე თვე, როდესაც სოფლის ლიდერი იქნა მოკლული.[3] 15-21 იანვრის კვირაში ანბარში 2 ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.[4] იანვრის ბოლოს (22-28 იანვარი) ანბარში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ 4 ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. ყველა შემთხვევა ცენტრალურ ნაწილში, ფალუჯადან ჰადიტიამდე ტერიტორიაზე მოხდა. მოგვიანებით, ისლამურმა სახელმწიფომ სიკვდილით დასაჯა ორი ფერმერი. ისლამური სახელმწიფო გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული მეტ-ნაკლებად წყნარად იყო ანბარში, თუმცა შედარებით გააქტიურდა 2019 წლის იანვარში.[5]

[1] Musings on Iraq; Review of security trends in Iraq 2018; By Joel Wing; 15 January, 2019; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2019/01/review-of-security-trends-in-iraq-2018.html [accessed 28 January 2019]

[2] Musings on Iraq; Security in Iraq, Jan 1-7, 2019; By Joel Wing; 11 January, 2019; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2019/01/security-in-iraq-jan-1-7-2019.html [accessed 28 January 2019]

[3] Musings on Iraq; Security in Iraq, Jan 8-14, 2019; By Joel Wing; 16 January, 2019; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2019/01/security-in-iraq-jan-8-14-2019.html [accessed 28 January 2019]

[4] Musings on Iraq; Security in Iraq, Jan 15-21, 2019; By Joel Wing; 23 January, 2019; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2019/01/security-in-iraq-jan-15-21-2018.html [accessed 28 January 2019]

[5] Musings on Iraq; Security in Iraq, Jan 22-28, 2019; By Joel Wing; 30 January, 2019; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2019/01/security-in-iraq-jan-22-28-2019.html [accessed 30 January 2019]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 იანვარი, 2019

სირიის კრიზისი – სირიის ქალაქ ლატაკიაში, დანაღმული ავტომობილის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 1 და დაშავდა 14 ადამიანი. თავდასხმა, რომელზე პასუხისმგებლობაც არავის აუღია, მთავრობის მიერ კონტროლირებად ქალაქში მოხდა.[1]

4 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა სირიის აფრინში სამგზავრო ავტობუსის აფეთქების შედეგად. აფეთქება გუბერნატორის ოფისთან ახლოს მოხდა.[2]

ქურთების მიერ კონტროლირებად ქალაქ მანბიჯში ისლამურმა სახელმწიფომ ტერაქტი განახორციელა. თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა 3 ამერიკელი და 2 ადგილობრივი სამხედრო, ასევე, 13 მოქალაქე.[3]

თალიბანის თავდასხმას ავღანეთში 100-ზე მეტი სამხედრო ემსხვერპლა – ინციდენტი ცენტრალურ ავღანეთში, ვარდაკის პროვინციაში მოხდა, სადაც სამხედრო საწვრთნელ ცენტრში ჯერ აფეთქებას ჰქონდა ადგილი, შემდეგ კი იქ ორი თავდამსხმელი შევიდა და ჯარისკაცებზე იერიში მიიტანა. ინციდენტს 126 ჯარისკაცი ემსხვერპლა, მათ შორის 8 მეთაური. ბოლო წლებში ავღანეთის მთავრობა დაღუპული სამხედროების სტატისტიკას აღარ აქვეყნებს. მედია ვარაუდობს, რომ 2015 წლიდან დღემდე თავდასხმებს 28 ათასი პოლიციის ოფიცერი და სამხედრო ემსხვერპლა.[4]

საუდელ ქალებს მშობიარობის ფორმის არჩევის უფლება მისცეს – საუდელ ქალებს მშობიარობის საკითხებთან დაკავშირებით მეურვე მამაკაცის თანხმობა აღარ სჭირდებათ. ისინი თავად გადაწყვეტენ – ბუნებრივად იმშობიარონ თუ საკეისრო კვეთა გაიკეთონ. ამასთან, მათ მეურვის ხელმოწერის გარეშე შეეძლებათ შეიტყონ ექიმისგან ფეხმძიმობის, მშობიარობის დროის შესახებ და თავად გადაწყვიტონ, ვინ იქნება მათთან მშობიარობის დროს.[5]

ქრისტიანებს ყველაზე ხშირად ჩრდილოეთ კორეაში, ავღანეთსა და სომალიში დევნიან – საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „Open Doors“ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, სადაც ქრისტიანებს ყველაზე ხშირად დევნიან. სიის სათავეში მეთექვსმეტეჯერ მოხვდა ჩრდილოეთ კორეა. მეორე ადგილზე ავღანეთი, ხოლო მესამეზე სომალი გავიდა. აღსანიშნავია, რომ სიაში პირველად მოხვდა რუსეთის ფედერაცია. ექსპერტები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ხელისუფლება მხარს უჭერს ქრისტიანულ ეკლესიას, მოქალაქეები, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრები ქრისტიანები, განიცდიან შევიწროვებასა და დისკრიმინაციას.[6]

[1] Reuters; Car bomb kills one, injures 14 in Syria: state media; 22 January, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-syria-blast/car-bomb-kills-one-injures-14-in-syria-state-media-idUSKCN1PG1LW?il=0

[2] Daily Sabah; Syrian Crisis; Bomb blast kills at least 4 in Syria’s Afrin: reports; 20 January, 2019; available at: https://www.dailysabah.com/syrian-crisis/2019/01/20/bomb-blast-kills-at-least-4-in-syrias-afrin-reports

[3] BBC; Syria war: IS suicide bomber kills US troops in Manbij; 16 January, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-46892118

[4] Reuters; Taliban attack on Afghan security base kills over 100; By Rupam Jain, Abdul Qadir Sediqi; 21 January, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-attack/taliban-attack-kills-more-than-100-security-personnel-in-central-afghanistan-defense-ministry-source-idUSKCN1PF0FC?il=0

[5] The National; Saudi Arabia gives women full control over childbirth procedures; 17 January, 2019; available at: https://www.thenational.ae/world/mena/saudi-arabia-gives-women-full-control-over-childbirth-procedures-1.814840

[6] Open Doors; World Watch List; available at: https://www.opendoorsusa.org/christian-persecution/world-watch-list/

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 იანვარი, 2019

იემენის კრიზისი – ქვეყნის სამხრეთით მდებარე აბიანის პროვინციაში, ბაზრის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ინციდენტის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[1]

იემენში ამბოხებულმა ჰუსიტებმა სახელისუფლო ძალების სამხედრო ბაზაზე აღლუმის დროს საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებულ თავდასხმას 6 პირი ემსხვერპლა. დაშავებულია იემენის სახელისუფლებო არმიის რამდენიმე მაღალჩინოსანი.[2]

ვითარება ავღანეთში – ავღანეთის დასავლეთ ნაწილში ტერაქტს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ტერაქტის შედეგად დაშავებულთა შორის პოლიციის 4 თანამშრომელია. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტერორისტებმა იერიში პოლიციის საგუშაგოზე საღამოს 18:00 საათზე მიიტანეს. თავდამსხმელებსა და ძალოვნებს შორის დაპირისპირება ორ საათს გაგრძელდა. ორმხრივი სროლისას სამი პოლიციელი, ერთი ბავშვი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.[3]

ქაბულში ძლიერი აფეთქებისას დაიღუპა სულ მცირე 4 და დაშავდა 120-მდე ადამიანი. დაშავებულებს შორის 23 ქალი და 12 ბავშვია. ზოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ასაფეთქებელი მოწყობილობა საერთაშორისო კომპანიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებთან ახლოს ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.[4]

თურქი ჟურნალისტი ექსპრემიერზე დაწერილი სტატიის გამო გაასამართლეს – პელინ უნკერს 13-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჟურნალისტი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ექსპრემიერ ბიინალი ილდირიმზე სკანდალური სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში უნკერი ოფშორულ ჰოლდინგებთან ილდირიმის კავშირებზე წერდა. სასამართლომ მას თავისუფლების აღკვეთასთან ერთად ჯარიმის სახით 6800 ლირის გადახდა დააკისრა.[5]

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ოპოზიციის კანდიდატმა მოიგო – ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ფელიქს ჩისიკედიმ ხმათა უმრავლესობა მოიპოვა. არჩვენების შედეგებს არ იზიარებს ქვეყნის კათოლიკური თემის წარმომადგენელი ორგანიზაცია, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და მასში არა ჩისიკედიმ, არამედ ფაიულუმ გაიმარჯვა.[6]

აშშ-მა სირიიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა დაიწყო – ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის პირველმა პარტიამ სირია უკვე დატოვა. უსაფრთხოების მიზნით, არ საჯაროვდება, თუ რა ტექნიკაზეა საუბარი და რა გზით გაიტანეს. აშშ-ის პრეზიდენტმა სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ 19 დეკემბერს განაცხადა. მან ეს გადაწყვეტილება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვებით ახსნა; ორგანიზაციის ნარჩენების „მიხედვა“ კი თურქეთს შესთავაზა.[7]

სუდანში ანტისამთავრობო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა – გარდაცვლილთა რაოდენობა 24-ია. ზოგიერთი წყარო ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რიცხვი 40-მდეა ასული. აქციები სუდანში დეკემბერში დაიწყო; მოსახლეობა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებს. დეკემბრის შემდეგ საკვებზე ფასები გაძვირდა, ამასთან ქვეყანაში სავალუტო კრიზისია.[8]

ისლამურმა სახელმწიფომ ნიგერიის ქალაქი რანი დაიკავა – ქვეყნის თავდაცვის სამსახურის თანამშრომლის თქმით, ტერორისტების შემოსვლის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქი დატოვეს. ჯარი მოსახლეობასთან ერთად გაიქცა. ქალაქი მთლიანად გადავიდა ტერორისტების ხელში. ქალაქი ტერორისტულმა ჯგუფმა ISWA-მ აიღო. ეს დაჯგუფება ადრე „ბოკო ჰარამის“ შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა შემდეგ „ისლამურ სახელმწიფოს“ დაემორჩილა.[9]

[1] Urdu Point; Blast at market in southern Yemen claims lives of 2 people, injures 10; By Faizan Hashmi; 9 January, 2019; available at: https://www.urdupoint.com/en/world/blast-at-market-in-southern-yemen-claims-live-524656.html

[2] BBC; Yemen soldiers killed in Houthi drone attack on base; 10 January, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-46822429

[3] Radio Free Europe / Radio Liberty; Five killed in Taliban attack on Afghan police station; 13 January, 2019; available at: https://www.rferl.org/a/five-killed-in-taliban-attack-on-afghan-police-station/29706985.html?fbclid=IwAR2qCu8SWbGoAsI9-B4kzkJTtxXHjFVhfp8-dSK83Z9VWfKg4eoGd96MNJo

[4] Al Jazeera; Fatal blast rocks Afghan capital Kabul; 15 January, 2019; available at: https://www.aljazeera.com/news/2019/01/afghanistan-blast-rocks-eastern-kabul-district-reuters-190114144830784.html

[5] იმედის ახალი ამბები; თურქი ჟურნალისტი ექსპრემიერზე დაწერილი სტატიის გამო გაასამართლეს; 9 იანვარი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/92445/turqi-jurnalisti-eqspremierze-datserili-statiis-gamo-gaasamartles

[6] იმედის ახალი ამბები; კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა; 10 იანვარი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/92534/kongos-demokratiuli-respublikis-saprezidento-archevnebshi-opozitsiis-kandidatma-gaimarjva

[7] CNN; US begins withdrawing some military equipment from Syria; By Barbara Starr; 11 January, 2019; available at: https://edition.cnn.com/2019/01/10/politics/us-withdrawal-equipment-syria/index.html

[8] იმედის ახალი ამბები; სუდანში ანტისამთავრობო აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა; 13 იანვარი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/92825/sudanshi-antisamtavrobo-aqtsiebze-dagupulta-raodenoba-gaizarda

[9] Islamic State insurgents overrun northeast Nigerian town: security sources; By Paul Carsten, Ahmed Kingimi, Ola Lanre; 15 January, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-nigeria-security-insurgency/islamic-state-insurgents-overrun-northeast-nigerian-town-security-sources-idUSKCN1P82I1

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 იანვარი, 2019

ვითარება ავღანეთში – ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სარ-ე-პულის პროვინციაში თალიბმა ექსტრემისტებმა რამდენიმე ბლოკპოსტზე მიიტანეს იერიში. თავდასხმების შედეგად 27 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.[1]

26 ავღანელი პოლიციელი და სახალხო ლაშქრის წევრი დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთში უსაფრთხოების ძალების საგუშაგოებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად. ბაგდის პროვინციის ორ რაიონში თავდამსხმელებმა კოორდინირებული იერიშები წამოიწყეს 6 იანვარს. უსაფრთხოების ძალებმა 15-ზე მეტი თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.[2]

საახალწლო ზავის მიუხედავად აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარისკაცი მოკლეს – ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა დონბასში, უკრაინის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეპარატისტებმა 1-ელ იანვარს სამჯერ დაარღვიეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინის ჯარებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და მოკლეს ერთი და დაჭრეს ოთხი სეპარატისტი. თავის მხრივ, სეპარატისტებმა ზავის დარღვევაში კიევი დაადანაშაულეს.[3]

ნიგერის არმიამ „ბოკო ჰარამის“ 300-მდე მებრძოლი გაანადგურა – ექსტრემისტების პოზიციებზე არმიამ იერიში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნიგერიის საზღვართან მიიტანა. ნიგერიის თავდაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ სპეცოპერაციის დროს არმიას დანაკარგები არ აქვს. „ბოკო ჰარამი“ ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც ნიგერიის, ნიგერის, კამერუნისა და ჩადის ტერიტორიებზე მოქმედებს. 2015 წელს დაჯგუფებამ ერთგულება გამოუცხადა „ისლამურ სახელმწიფოს“.[4]

ბანგლადეშში ოპოზიციური პარტიისთვის ხმის მიცემის გამო ქალი ჯგუფურად გააუპატიურეს – ბანგლადეშის სასამართლომ 7 კაცი, მათ შორის მმართველი პარტიის ადგილობრივი ლიდერი, ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. 4 შვილის დედა ირწმუნება, რომ ის ჯგუფურად გააუპატიურეს, რადგან მან ხმა ოპოზიციურ პარტიას მისცა. ქალზე ძალადობას მიტინგები და სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა მოჰყვა. კაცებმა ბრალდება უარყვეს, პარტიის ლიდერი კი პარტიიდან გარიცხეს. ბანგლადეშში არჩევნები ქაოსის ფონზე ჩატარდა. ბოლო მონაცემებით დაპირისპირების დროს სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.[5]

საუდელი ქალები განქორწინების შესახებ ცნობას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ – საუდის არაბეთის ხელისუფლებამ სასამართლოებს დაავალა, რომ ქალებს გაყრის შესახებ ცნობა მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაუგზავნონ. ეს წესი ე.წ. საიდუმლო განქორწინებების პრაქტიკას დაუსვამს წერტილს, როცა კაცს ამ გადაწყვეტილების მიღება მეორე ნახევრის საქმის კურსში ჩაუყენებლად, ერთპიროვნულად შეეძლო. ამჯერად ქალები უკვე ინფორმირებულები იქნებიან და ალიმენტის უფლებით სარგებლობაც შეეძლებათ. ეს წესი პრინც მუჰამედ ბინ სალმანის რეფორმების ფარგლებში ამოქმედდება. ამავე რეფორმის ფარგლებში, გასულ წელს ქალებს ავტომობილის მართვის უფლება მისცეს. ამას გარდა, მათ ფეხბურთის მატჩებზე დასწრებაც უკვე შეუძლიათ. თუმცა, კიდევ ბევრი რამ არის ისეთი, რასაც სამეფოში ქალები მეურვე კაცის თანხმობის გარეშე ვერ აკეთებენ. მაგალითად, ვერ იღებენ პასპორტს, ვერ მიდიან საზღვარგარეთ, ვერ ხსნიან საბანკო ანგარიშს, ვერ იკეთებენ გეგმურ ოპერაციას, ვერ თხოვდებიან.[6]

ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა – ბომბი კაიროსთან ახლოს მდებარე ქრისტიანულ ტაძართან აფეთქდა. თავდასხმას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. დაღუპული პოლიციელი ბომბის გაუვნებელყოფას ცდილობდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[7]

ეგვიპტის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ქრისტიანული კათედრალი და მეჩეთი ერთდროულად გახსნა – აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ ტაძარი და მეჩეთი ახალ ადმინისტრაციულ დედაქალაქში შობის ღამეს გახსნა. ის ტრადიციულად დაესწრო საშობაო ლიტურგიას და სიტყვით გამოსვლისას თავის თავს ექსტრემისტების წინააღმდეგ ქრისტიანების დამცველი უწოდა. მისი თქმით, ტაძრისა და მეჩეთის ერთდროულად გახსნა ერთიანობის შესახებ გზავნილია. „ჩვენ ვართ და ვიქნებით ერთი“, – თქვა მან. ტაძრის გახსნას ქრისტიანული მრევლი და პატრიარქი ესწრებოდნენ.[8]

[1] New York Times; Taliban attacks in northern Afghanistan kill 27 security officers; By Najim Rahim and Fahim Abed; 1st January, 2019; available at: https://www.nytimes.com/2019/01/01/world/asia/afghanistan-attacks-taliban.html

[2] Radio Free Europe / Radio Liberty; At least 26 killed in Taliban attacks in western, eastern Afghanistan; 7 January, 2019; available at: https://www.rferl.org/a/taliban-attacks-security-posts-in-western-afghanistan-killing-21/29695327.html

[3] იმედის ახალი ამბები; საახალწლო ზავის მიუხედავად აღმოსავლეთ უკრაინაში ერთი ჯარისკაცი მოკლეს; 2 იანვარი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/91716/saakhaltslo-zavis-miukhedavad-agmosavlet-ukrainashi-jariskatsi-mokles

[4] Daily Nation; Niger army kills at least 280 Boko Haram militants: ministry; 3 January, 2019; available at: https://www.nation.co.ke/news/africa/Niger-army-kills-at-least-280-Boko-Haram-militants–ministry/1066-4919334-vs6ndkz/index.html

[5] BBC; Bangladesh election: Gang rape suspects detained; 6 January, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-46775833

[6] BBC; Saudi women to get divorce confirmation by text message; 5 January, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-46770612

[7] BBC; Egypt policeman killed defusing bomb near Coptic church; 6 January, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-46772729

[8] Reuters; Egypt’s Sisi opens mega-mosque and Middle East’s largest cathedral in New Capital; 6 January, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-egypt-religion/egypts-sisi-opens-mega-mosque-and-middle-easts-largest-cathedral-in-new-capital-idUSKCN1P00L9